რუსი გენერალი დოდო გუგეშაშვილის მკვლელობას უკვეთდა?!
მე ვარ გრიგოლ გუგეშაშვილის დედა, დოდო გუგეშაშვილი და მე უნდა გავცე მათ სათანადო პასუხი. ყველაზე დიდი საშიშროება, რაც უნდა მომხდარიყო, მოხდა. უკან დასახევი არ მაქვს, ძალიან ბევრ სიურპრიზს მოვუწყობ იმ ქვეყნის საოკუპაციო ჯარს, რომელიც ჩემს სამშობლოშია. ერთადერთი ვაჟი მომიკლეს, ძალიან მაგარი ბიჭი მოუკლეს სამშობლოს, ამიტომ არ ვაპატიებ, არ შევარჩენ...
5 თვე გავიდა იმ სისხლიანი დანაშაულიდან - 7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილის ვაჟი გრიგოლ გუგეშაშვილი საკუთარ სახლში მოკლეს, დოდო გუგეშაშვილს კი ესროლეს, მაგრამ დაჭრილმა ბინიდან გამოსვლა მოასწრო. ქალის ყვირილზე მეზობლები გამოცვივდნენ და სწორედ ამ დროს ჩაირბინა კიბეზე დამნაშავემ. დაჭრილმა მაშინვე იყვირა, ეს არის მკვლელიო, მაგრამ მკვლელი გაიქცა.
როგორც დოდო გუგეშაშვილი ამბობს, მკვლელი რამდენიმე თვით ადრე გაეცნო. დარწმუნებულია, რომ ის კილერი იყო და ვიღაცის დაკვეთა შეასრულა. "მხედრიონის" ლიდერის თქმით, გაჩნდა ახალი ვერსია, რომელიც მას ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნია - თავდასხმის ობიექტი თავად იყო და მომხდარში რუსული სპეცსამსახურების კვალს ხედავს. სკანდალურ ინფორმაციას ახმაურებს მისი ადვოკატიც. გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, მას ერთ-ერთმა პატიმარმა უთხრა, რომ რუსი გენერალი გუგეშაშვილის მკვლელობას უკვეთდა: "ერთი პატიმრისგან მივიღე ძალიან საინტერესო ინფორმაცია. მასთან მივიდა პირი, რომლის ვინაობასაც ასახელებს, და შესთავაზა, ან თვითონ აეღო საკუთარ თავზე ეს მისია, ან მოეძებნა პირები, რომლებიც დოდო გუგეშაშვილს მოკლავდნენ. სიაში დოდო გუგეშაშვილთან ერთად ყოფილა კიდევ ოთხი პირი. პატიმარი ამბობს, მე ვინც შემიკვეთა ეს, ერთ-ერთი რუსი გენერლისგან გამოგზავნილი ემისარი იყოო".
ამ დღეებში იგეგმება ამ პატიმრის დაკითხვა და, ალბათ, გამოძიება დაადგენს, რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია. "კვირის პალიტრა" დოდო გუგეშაშვილს ესაუბრა:
- ეს ინფორმაცია დაახლოებით ერთი კვირის წინ მომაწოდა გელა ნიკოლაიშვილმა. პატიმარი ამბობს, რომ მას უკვეთდნენ ჩემს მკვლელობას. თურმე სტამბოლში ყოფნისას მასთან მივიდა მისი ნაცნობი უცხო ქვეყნის მოქალაქე და უთხრა, რომ ის ერთ-ერთი რუსი გენერლის ემისარია და საზღაურის სანაცვლოდ სურდა ჩემი ლიკვიდაცია. ამ ადამიანმა უარი უთხრა, მაშინ მან სთხოვა, იქნებ საქართველოში მოეძებნა შემსრულებელი ან შემსრულებლები. როგორც პატიმარი ამბობს, ამაზეც უარი განუცხადა, მაგრამ როცა ჩემს ოჯახზე თავდასხმის ამბავი შეიტყო, ძალიან ინანა, რომ არ გამაფრთხილა. ამბობს, ციხის ადმინისტრაციას შევატყობინე ამ მკვლელობის დაგეგმვასა და ავტორებზე, მაგრამ ყურადღება არ მომაქციესო. ის მზად არის დეტალური ჩვენებისთვის, მაგრამ ახლა მისი პროცესები მიმდინარეობს და დრო ითხოვა.
- იცნობთ ამ პატიმარს? - არა... ჩემი სახლის კარი, სადაც ქირით ვიყავი, ყოველთვის ღია იყო, ბევრი ვეტერანი მოდიოდა დახმარებისა და თანადგომისთვის. Eრომ მცოდნოდა, უფრო ყურადღებით ვიქნებოდი იმ ვიღაცა ზურასთან, რომელიც ისედაც უცნაურად იქცეოდა, მაგრამ არ ველოდი საქართველოში საფრთხეს.
- ალბათ, ახლა აანალიზებთ მკვლელის ქცევას. - დღევანდელი გადასახედიდან ბევრი რამ იყო საეჭვო. 3-4 თვეში ერთხელ ჩნდებოდა, სულ ხელთათმანებით, მაგრამ იმდენი გაუბედურებული ადამიანი მყავს ნანახი, განსაკუთრებით ნაომარი, მის უცნაურობებს ყურადღებას არ ვაქცევდი. ახლა ვხვდები, რომ კილერი იყო.
6 თებერვალს, ანუ მკვლელობის წინადღეს მოვიდა. ჩემს ვაჟს ჩემს ოთახში ეძინა, ღამით ტელევიზორს ერთად ვუყურებდით. ჩემი ვაჟის საძინებლისკენ რომ გაიხედავდა, დაინახავდა, რომ არ იყო საძინებელში. ჩემი საძინებელი კი არ ჩანდა, თუ იქ სპეციალურად არ შევიდოდა, ვერ დაინახავდა ვერაფერს. მე ქვემოთ მანქანა მელოდებოდა, ჩემი თანამშრომელი უნდა დაგვეწვინა ჩაფიძის კლინიკაში და ვჩქარობდი. ერთად ჩავედით ლიფტით, მაგრამ შუა გზაზე ლიფტი გააჩერა, ხელთათმანი დამრჩაო, ვფიქრობ, არც აბრუნებულა ზევით, უბრალოდ, დაელოდა, როდის ჩავიდოდი ქვევით. ეტყობა, არ უნდოდა ვინმეს ჩემთან ერთად დაენახა. უფრო ადრე სელფის გადაღება მთხოვა და უარი ვუთხარი, ალბათ, ვიღაცისთვის უნდოდა გაგზავნა.
- ტრაგედიის დღე გაიხსენეთ. - პირველად მე მესროლა, ნამძინარევი ჩემი შვილი ყვირილისა და სროლის ხმაზე წამოხტა. რომ მესროლა, არ წავქცეულვარ, თვალებზე რაღაც გადამეფარა და როდესაც გონება დამიბრუნდა, დავინახე, რომ ჩემი შვილი სამზარეულოში ეგდო. ეტყობა, წააქცია, თავზე ედგა და იარაღმა "ასეჩკა" მისცა, ვერ მოკლა იმ მომენტში. ეს რომ დავინახე, გამოვვარდი, რომ მე გამომყოლოდა, მაგრამ არ გამომყვა, სანამ არ მოკლა. არც ფიქრობდა, რომ მე გადავრჩებოდი, რადგან ტყვია გულში მესროლა. როდესაც ქვემოთ ჩავირბინე და დავინახე, რომ არ მომყვებოდა, ისევ ზევით ასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ვეღარ შევძელი. ამასობაში შუქიც ჩაქრა. ესეც საეჭვო გარემოებად მიმაჩნია. ეტყობა, მძიმედ დაჭრილი ჩემი შვილი შეეცადა, შესულიყო თავის ოთახში, სადაც გაფორმებული ვინჩესტერი ჰქონდა, მაგრამ ვერ მოასწრო, იქვე დალია სული.
თურმე მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი მოკლა, კარს რომ ხურავდა ფრთხილად, მეზობელმა სიბნელეში დაინახა, ზურგით მდგარა და ვიღაცას ელაპარაკებოდა. ეტყობა, მოახსენა შემკვეთს ორივე დავხოცეო. ჩანს, ჩემმა შვილმა იარაღიც დაუჭირა ერთ მომენტში, რადგან ერთი ტყვია სასტუმრო ოთახის იატაკშია გასული.
- თქვენი აზრით, ვის და რისთვის სჭირდებოდა თქვენი ლიკვიდაცია? - ყველა ვერსიას განიხილავს მკვლელობის განყოფილება, მაგრამ ვერსია, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირდება, ყველაზე სარწმუნოდ მიმაჩნია. ადრეც ვიცოდი, რომ 1994 წლიდან რუსეთის სპეცსამსახურების სალიკვიდაციო პირთა სიის თავში ვიყავი. როდესაც უკრაინაში დაიწყო საომარი მოქმედებები, მაშინვე გადავწყვიტე თანამებრძოლებთან ჩასვლა, მაგრამ კატეგორიულად გამაფრთხილეს, არ ჩავსულიყავი, რადგან კიევის აეროპორტს რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ. მითხრეს, სურათიანად აქვთ შენი მონაცემები და ადგილზე ლიკვიდაციის ბრძანებაა გაცემულიო. მე მას შემდეგ ჩავფრინდი, რაც კიევის აეროპორტის სრულად კონტროლი უკრაინულმა მხარემ აიღო.
ჩემმა მეგობრებმა ძალოვანი უწყებებიდან მაჩვენეს თბილისში ერთ-ერთი დაცული საიტი, სადაც ჩემი თვალით ვნახე, რომ სალიკვიდაციო ხალხის სიაში ვარ.
იქ პირდაპირ ეწერა, დოდო გუგეშაშვილი არის ნაციონალისტური ორგანიზაცია "მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერი, ასევე ნაციონალისტური ორგანიზაცია "უნა-უნსოს" საბჭოს წევრი, უკრაინაში იბრძვის, არის ინსტრუქტორი და ამზადებს ჯგუფებსო. ეს ვიცოდი, მაგრამ საქართველოში არ ველოდებოდი საფრთხეს, საფრთხეს უკრაინაში ველოდი. 2015-2017 წლებში გადავკვეთე უკრაინის საზღვარი, ხოლო სამშობლოში დაბრუნება დამიფიქსირდა ისე, თითქოს რუსეთიდან დავბრუნდი. არადა, ორივეჯერ ბორისპოლის აეროპორტიდან გამოვფრინდი. ეს ფაქტიც ჩემმა მეგობარმა მითხრა (აეროპორტში მუშაობდა) - თურმე ერთი ფრენა ჩანს სანქტ-პეტერბურგიდან, ხოლო მეორე მოსკოვიდან. მივმართე შს სამინისტროს და მითხრეს, ტექნიკური შეცდომააო. ოფიციალურად მოვითხოვე დოკუმენტები და გასწორებული პირები მომცეს. მაგრამ დარჩა ერთი გაურკვეველი ფაქტი - 2017 წლის 29 ოქტომბერს, როცა უკრაინიდან ჩამოვფრინდი საქართველოში, 4 საათ-ნახევარი აეროპორტში დამაყოვნეს. რამდენჯერმე მივმართე შს სამინისტროს, ველოდებოდი, რომ გაარკვევდნენ ვითარებას და უცნაური პასუხი გამცეს, ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო. ჩემმა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა მინისტრს მიმართა, რომ ოფიციალურად გაეცათ პასუხი, მაგრამ ჯერ არაფერი ვიცით. ბევრი რამ საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს. ამას დაემატა პატიმრის ნაამბობიც და
გამიძლიერდა ეჭვი, ხომ არ არის საქართველოს სამსახურებში, თუნდაც აეროპორტში, ჩვენი მტერი სახელმწიფოს მიერ ჩანერგილი რომელიღაც ჯგუფი. ორი ტექნიკური შეცდომა გაასწორეს, მაგრამ საინტერესოა, მაინცდამაინც რუსეთი რატომ დაფიქსირდა და არა სხვა ქვეყანა, იქნებ ამ ორი წლის განმავლობაში ამზადებდა რუსეთი ნიადაგს, რომ გაეყალბებინა დოკუმენტები. მეგობარს რომ არ ეთქვა, ვერც გავიგებდი, ორი შემოფრენა რუსეთიდან შემოსვლად რომ მქონდა დაფიქსირებული.
როგორც გითხარით, საფრთხეს უკრაინაში ველოდებოდი, იქ ტელეეთერშიც ვჩანდი, მქონდა გამოსვლები ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემმა გამოჩენამ ხელახლა გაააქტიურა რუსეთის სპეცსამსახურები. იმ სიაში არიან ისეთებიც, რომელთა უმრავლესობა დაღუპულია. ძველი სიაა, შემდეგ განახლებული.
- ანუ დარწმუნებული ხართ, რომ კილერის სამიზნე თქვენ იყავით? - შესაძლოა, ორივეს მოკვლა იყო მიზანი. ის კილერი რამდენჯერმე მოვიდა, ცალკე ჩემი ვაჟიც უნახავს და მარტო მისი მოკვლა რომ ნდომოდა, მოკლავდა. ცალკე მეც შევხვდი და მანქანაშიც ვეჯექი, საკმაოდ გვიანი იყო და თავისუფლად შეეძლო ჩემი მოკვლა, მაგრამ ეს არ გააკეთა. მუდმივად ფეხით დავდიოდი, ღამის 2-3 საათზეც ვყოფილვარ ლიფტთან და თავისუფლად შეეძლო ჩემი მოკვლა, მაგრამ არა, ორივეს მოკვლა სურდა.
- გაქვთ საქმის გახსნის იმედი? - გამოძიებით უკმაყოფილო არა ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვიქნები მაშინ, როცა ერთობლივად ვიპოვით მკვლელს. მე დამოუკიდებლადაც ვატარებ გამოძიებას და როდესაც რამე ინფორმაციას ვაწვდი, ოპერატიულად იღებენ გადაწყვეტილებებს და იმავე დღესვე ამოწმებენ ინფორმაციას. შვილის საფლავზე ხშირად დავდივარ, მისი მკვლელი მართლმსაჯულების წინაშე რომ წარდგება, მაშინ უფრო გამართული მივალ.
მე ვარ გრიგოლ გუგეშაშვილის დედა, დოდო გუგეშაშვილი და მე უნდა გავცე მათ სათანადო პასუხი. ყველაზე დიდი საშიშროება, რაც უნდა მომხდარიყო, მოხდა. უკან დასახევი არ მაქვს, ძალიან ბევრ სიურპრიზს მოვუწყობ იმ ქვეყნის საოკუპაციო ჯარს, რომელიც ჩემს სამშობლოშია. ერთადერთი ვაჟი მომიკლეს, ძალიან მაგარი ბიჭი მოუკლეს სამშობლოს, ამიტომ არ ვაპატიებ, არ შევარჩენ მათ, ვინც ჩემი შვილი მოკლა. თითოეულ ტყვიას ჩემი შვილის სახელი დაერქმევა.
არასოდეს მქონია ვარდებით მოფენილი გზა, დანის პირზე ვიარე მთელი ცხოვრება. ჩემი ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემი ვაჟი და ჩემი სამშობლო იყო. ახლა ერთადერთი საფიქრალი მაქვს, გავიგო, ვინ გაუსწორდა ჩემს ოჯახს.
- თქვენს დედაშვილურ ურთიერთობაზეც გვიამბეთ. - ყველაზე ახლო მეგობარი, გვერდში მდგომი იყო ჩემი ვაჟი, ჩვენ განსაკუთრებული, გამორჩეული ურთიერთობა გვქონდა, თუმცა მე შინაგანად მქონდა სინანული იმის გამო, რომ ძალიან ცოტა დრო გავატარეთ ერთად. ისეთი ცხოვრება მქონდა, ეს ჩემი არჩევანი იყო და არა ვინმეს დაძალებული. წლების განმავლობაში ვიბრძოდი, მერე ციხეში მოვხვდი, მერე ისევ ომი უკრაინაში. სულ გვენატრებოდა ერთმანეთი. ჩემს შვილს ბევრჯერ უთქვამს, შენ რომ აღარ მყავდე, ვერ გადავიტან და იქ დამთავრდება ჩემი ცხოვრებაო. ეტყობა, მე დავრჩი იმიტომ, რომ ჩემი შვილის მკვლელები ვიპოვო და მათ პასუხი ვაგებინო.
თეა ხურცილავა