"ჩემთვის რა აზრი აქვს მის დასჯას, შვილი აღარ მყავს, იმას ვთხოვ, მეტი აღარავინ იმსხვერპლოს" - როგორ მიმართავს დედა მძღოლს, რომელმაც მისი 8 წლის მარიამი იმსხვერპლა
ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საგანგაშოა - 2018 წელს უკვე 200-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, უამრავმა მგზავრმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
11 სექტემბერს კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა გლდანში, სადაც 27 წლის ქალს და 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, სამწუხაროდ, ორივე ადგილზე დაიღუპა. იმის ნაცვლად, რომ მძღოლს დაშავებულების გადარჩენაზე ეზრუნა, შემთხვევის ადგილი მიატოვა და გაიქცა, თუმცა სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს და ბრალი წაუყენეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა ბრალდებული, 26 წლის ახალგაზრდა. მას პატიმრობაც შეეფარდა. როგორც ირკვევა, ის არაერთხელ არის დაჯარიმებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, შემთხვევის დღესაც ავტომობილს მთვრალი მართავდა.
ამ ტრაგედიამ საზოგადოებას გასული წლის მარტში მომხდარი უბედური შემთხვევა გაახსენა, როცა აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობისას, გაჩერებასთან, ტროტუარზე მანქანა სისწრაფით ავარდა და იქ მდგარ დედა-შვილს დაეჯახა. ადგილზე დაიღუპა 8 წლის მარიამ ჯიქურაძე, ხოლო დედამისი, 44 წლის ნანა ოჩიგავა უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყანეს. ქალბატონი ნანა დიდ ხანს აპარატზე იყო შეერთებული, მას თავში დაზიანებასთან ერთად, ასევე უამრავი მოტეხილობა აღენიშნებოდა. ქალმა 3 თვეზე მეტი კლინიკაში გაატარა, ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია. სიკვდილს სასწაულად გადარჩენილმა დედამ 5 თვის შემდეგ გაიგო ქალიშვილის, მარიამის გარდაცვალების ამბავი. მანამდე ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი საავადმყოფოში იყო.
ძალოვნებმა მაშინ დააკავეს თორნიკე ტუღუში. ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, აღნიშნული იყო, რომ ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. საქმის მასალების მიხედვით, "2017 წლის 22 მარტს, თორნიკე ტუღუში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი "ბმვ"- ს მარკის ავტომობილით, რა დროსაც შეეჯახა მის წინ მოძრავ ავტომობილს. შეჯახების შედეგად, მეორე ავტომობილი გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ქვეითთა სავალ ტროტუარზე მყოფ დედა-შვილს დაეჯახა. მანვე, 2016 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 02:57 საათზე, თბილისში, პეკინისა და უსახელოს ქუჩების კვეთაზე, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონის მოთხოვნები და უკუსვლით დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ე.გ.-ს, რომელმაც შეჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
როგორც ჯიქურაძეები ამბობენ, ბრალდებულს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა მანქანის მართვა 3 წლით.
მარიამი ახლობლები ამბობენ, რომ 8 წლის მარიამი საოცრად თბილი, მოსიყვარულე და მგრძნობიარე გოგონა იყო. ჯიქურაძეების ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია და წლებია ვაშლიჯვარში, დევნილთა დასახლებაში, ერთ პატარა ოთახში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. რატომღაც სახელმწიფომ ამ წლების განმავლობაში მათთვის კუთვნილი ბინის გამოყოფა ვერ შეძლო. მარიამი ოჯახის ნაბოლარა შვილი იყო. მას 22 წლის ძმა ჰყავს. სწორედ ის ჩავიდა ტრაგედიის ადგილას და პირველმა ნახა გარდაცვლილი პატარა დაიკო.
მალე ორი წელი გავა ამ ტრაგედიიდან. დავინტერესდით როგორი იყო ქალბატონი ნანა ოჩიგავას ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისევ მივადექი მათ საცხოვრებელ სახლს, იმ პატარა ოთახის კედლები დღემდე მარიამის ხელით არის მოხატული, ოთახში სალოცავი კუთხე აქვთ, კედელზე ხატებია, ხატები, რომლის წინ პატარა გოგონა ყოველ დილით სკოლაში წასვლამდე ლოცულობდა. პატარა მაგიდაზე მარიამის ჩანთა დევს, რომელიც იმ საბედისწერო დღეს ხელში ეჭირა და სკოლაში მიიჩქაროდა.
სათუთად ეფერება დედა შვილის ნაწერებს და ახლა მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობს და ლოცულობს.
ნანა ოჩიგავა:
- მარიამი უშიშარი გოგო იყო, სიბნელეშიც თავისუფლად დადიოდა, მაგრამ ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე, ბავშვს შიში დასჩემდა, ღამით მეძახდა, - მეშინია, ვერ ვიძინებო. მიკვირდა რატომ ეშინია-მეთქი. მას მოძღვარი ჰყავდა, მამა თეოდორე, რომელიც ძალიან უყვარდა. ყოველ დილით ლოცულობდა. ამ ამბამდე ერთი კვირით ადრე წავედით დიდუბეში, ტაძარში. ბავშვი ღვთისმშობლის ხატის წინ დადგა, ლოცულობდა და ვხედავდი ტიროდა, ვკითხე, მარი, რატომ ტირიხარ-მეთქი, ხელით მანიშნა,- ჩუმად, ხელს ნუ მიშლიო, ბავშვი ცრემლად იღვრებოდა. ორი ხატია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი და იქ ილოცა, მერე მითხრა, გარდაცვლილებს სადაც უნთებენ სანთელს იქ მიმიყვანე და მერე დედა მატრონას ხატთანო, სანთლები დაანთო...
ტაძრიდან მოწყენილი გამოვიდა... წინა დღეებში სიზმარიც ნახა, შევედი დილით და გაღვიძებული დამხვდა, სანთელი აენთო ოთახში და ლოცულობდა, დედა წუხელ ღვთისმშობელი ვნახე, თავზე ხელი დამადო და მითხრა, ნუ გეშინია, მარიამ, მე შენთან ვარო.
იმ დილითაც ილოცა, ოღონდ ჩქარობდა, რატომ ჩქარობდა, არ ვიცი, სხვა დროს სულ მე ვაჩქარებდი და ვეუბნებოდი არ დაგვაგვიანდეს-მეთქი. ჩემი დაც ჩემთან ერთად გამოდიოდა დილით, მაგრამ იმ დღეს არ დაველოდეთ და წავედით.
ფეხით ჩავედით გაჩერებამდე, მერე არაფერი მახსოვს. გონება დავკარგე ეტყობა, მარტიდან მოყოლებული 4 თვე საავადმყოფოში გავატარე. სერიოზული დაზიანებები მქონდა თავზე, სულ დამტვრეული ვიყავი. გონებით, თვალით, სულ მარიამ ვეძებდი, მის ამბავს ვკითხულობდი, მეუბნებოდნენ, სავადმყოფოში წევს, მძიმედ არისო.
ვცდილობდი ცუდზე არ მეფიქრა, მაგრამ ვხედავდი ახლობლები თვალს როგორ მარიდებდნენ როცა მარიამზე ვიწყებდი ლაპარაკს...
4 თვე კლინიკაში გავატარე, იქიდან გლდანში, ნაქირავებ ბინაში წამიყვანეს და იქ ვიყავი სექტემბრამდე, მომარიდეს ნერვიულობას. იქ გამიმხილა მეუღლემ, რა უბედურებაც მჭირდა, მარი აღარ მყავდა...
ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს ისევ, ხშირად ცუდად ვარ. ისევ საოპერაციო ვარ. მარის გარეშე საშინლად გადის დღეები, ვერ ვეჩვევი უმისობას...
ღმერთს სულ ვეკითხები, რა დავაშავე, ეს რატომ მოხდა? ან რატომ არ წამიყვანა მეც მასთან ერთად.
ახლახან გავიგე, რომ გლდანში ახალგაზრდა ქალი და ბავშვი გაიტანა მანქანამ, კიდევ უფრო ცუდად გავხდი...
"ჩემთვის რა აზრი აქვს მის დასჯას, შვილი აღარ მყავს..." ჩვენ ვისი მანქანაც დაგვეჯახა, ის ბიჭი გვარად მერაბიშვილია, მაგრამ ის არ დასჯილა, რადგან გაირკვა, რომ მას სხვა დაეჯახა. ვინც დაეჯახა, ის არის გასამართლებული. სასამართლო სხდომაზე ჩემი მეუღლე ერთხელ მივიდა, მაგრამ ვერ შეძლო პროცესზე ყოფნა... მას მერე არ მისულა. როგორც ვიცით, 2 წელი მიუსაჯეს. ჩემი უფროსი ვაჟის ტოლია, თავიდან ითქვა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყოო. მერე თქვეს არ ყოფილაო. გვითხრეს, ხატწერით იყო დაკავებულიო, მოვიდა პროკურორი და ხელი მოგვაწერინა, რომ არ გვაქვს პრეტენზია მის დასჯაზე.
ჩემთვის რა აზრი აქვს მის დასჯას, შვილი აღარ მყავს... თუ უნდათ გამოუშვან, მალე ორი წელი გახდება და გამოვა ალბათ საცაა. დედისერთა ყოფილა. მხოლოდ ამას ვეტყოდი, ასე მეტად აღარ მოიქცეს, მეტი აღარავინ იმსხვერპლოს...
- რას ეტყოდით ზოგადად მძღოლებს?
- რატომ ჩქარობთ, რატომ უქმნით საფრთხეს სხვის სიცოცხლესაც და საკუთარსაც?! გემუდარებით, იარეთ ფრთხილად, ნუ დაჯდებიან საჭესთან ნასვამები და ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ნუ გაანადგურებთ სხვის თუ საკუთარ ოჯახებს.
- ბრალდებულის ახლობლები ხომ არ მოსულან თქვენთან სამძიმარზე?
- აქ არავინ მოსულა. არანაირი შეხება მასთან და მისი ოჯახის წარმომადგენელთან არ გვქონია. პირადად ვინც დაგვეჯახა იმ მანქანის მძღოლის მამა იყო თურმე მოსული საავადმყოფოში, როცა იქ ვიწექი და თურმე იმას მისტიროდა, მანქანა რომ დაუმტვრიეს...
ჩემი მარიამი 19 სექტემბერს 10 წლის გახდებოდა, ამბობდა ხოლმე, 21-ში ღვთისმშობლობაა და რა კარგი იქნებოდა იმ დღეს დავბადებულიყავიო. პატარაობიდან ხატავდა. სულ მთხოვდა, ფანქრები, საღებავები და პლასტელინი მაჩუქეო. თავის რვეულში წინა დღეს ჩაუწერია, მე მიყვარს მომღერალი ანრი ჯოხაძე და მისი სიმღერა "მე მაინც მოვალ"...
ის უფლისგან მოვლენილი ანგელოზი იყო, რომელიც უფალმა წაიყვანა...
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)
იხილეთ ვიდეო