ვინ არის პროფესიით ქირურგი, ღირსების ორდენის კავალერი გია თვალავაძე, რომელიც სუს - მა დააკავა?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია, თავის მხრივ კი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას "ცხელ ხაზზე" შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას.
სუს-ის ინფორმაციით, ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად 20 პირის, მათ შორის გია თვალავაძის მიერ მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში 4 094 709 ლარი შეადგინა. (იხილეთ განცხადება სრულად)
ვინ არის გია თვალავაძე 55 წლის გია თვალავაძემ ლანჩხუთში სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა. დამთავრებული აქვს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. ქირურგად მუშაობდა ჯერ ლანჩხუთის რაიონულ საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
1998 წელს ის დაინიშნა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის დირექტორად. 2001-2003 წლებში მუშაობდა ლანჩხუთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსად. ასევე იყო ლანჩხუთის, მიხეილ ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი.
გია თვალავაძე სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში, საქვეუწყებო დაწესებულების უფროსად დაინიშნა 2006 წლის პირველ ინავარს, ხოლო იმავე სააგენტოს როგორც სსიპ-ის უფროსად - 2012 წელს.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, გია თვალავაძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მან 2011 წელს მიიღო ღირსების ორდენი.
რაც შეეხება თვალავაძის ქონებას, ქონებრივი დეკლარაცია მან ბოლოს 2018 წლის 4 მაისს შეავსო. ის ფლობს 100 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, რომელიც მას 1986 წელს აჩუქეს და ასევე ფლობს 150კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, რომელიც 2010 წელს ააშენა და 80000 ლარი დაუჯდა.
გია თვალავძის ქალიშვილი ფლობს მსუბუქ ავტომანქანას, mazda cx7-ს, რომელიც 2016 წელს 6000 აშშ დოლარად შეიძინეს.
დეკლარაციის შევსების მომენტში, გია თვალავაძეს "თიბისი" ბანკის სახელფასოზე ერიცხებოდა 2004 ლარი, მის მეუღლეს ირმა ჩხარტიშვილს "თიბისი" ბანკის ანაბარზე ერიცხებოდა 20 000 აშშ დოლარი, ხოლო იმავე ბანკის სახელფასოზე 200 ლარი.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების უფროსის თანამდებობაზე 2017 წლის განმავლობაში თვალავაძემ 58 400 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის თანამდებობაზე 2017 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით აიღო 14 345 ლარი, ხოლო ქალიშვილმა შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში" სპეციალისტად მუშაობის დროს 2017 წელს შვიდ თვეში აიღო 5 250 ლარი.
2017 წელს გია თვალავაძის შვილების სწავლის გადასახადმა 7000 ლარი შეადგინა.
იხილეთ ვიდეო