რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა მსხვილი ნარკორეალიზატორი, რომელსაც უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი?
27 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა და 111 მსჯავრდადებული შეიწყალა.
შეწყალებულ პირთაგან 42-მა იმავე დღეს დატოვა საპატიმრო დაწესებულება, რომელთაგან 3 ქალი და 1 არასრულწლოვანი იყო.
ვადიანი, ან უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი 69 პირს შეუმცირდა, მათ შორის 4 ქალი და 6 არასრულწლოვანია.
შეწყალების კომისიამ სულ 866 საქმე განიხილა, მათ შორის იყო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ დეკანოზის საქმე განსაკუთრებული წესით განიხილეს, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, აუცილებელი იყო რომ სხდომას კომისიის წევრთა 3/4 დასწრებოდა და ყველა მათგანი ერთ პოზიციაზე შეთანხმებულიყო, თუმცა კონსენსუსი ვერ შედგა.
11 სექტემბერს გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს კომისია უკვე განიხილავდა. მანამდე გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს. შეწყალების კომისიას არ განუხილავს ივანე მერაბიშვილის საქმე, რადგან მსჯავრდებულს შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს.
როგორც kvirispalitra.ge-სთვის გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართა შორის არის უვადო პატიმარი, 52 წლის მარნეულელი საიათ ისმაილოვი, რომელსაც 2007 წელს უვადო პატიმრობა მიესაჯა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას გულისხმობს. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ისმაილოვს გათავისულების ვადად 2025 წელი დაუდგინა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა მისი პრეზიდენტად მოღვაწეობის განმავლობაში რვა უვადო პატიმარი შეიწყალა - მათ გათავისუფლების ვადა განუსაზღვრა.
იმის გასარკვევად, თუ რა მოტივით მოხდა სულეიმანოვის შეწყალება, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დავუკავშირდით. მათ შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან გადაგვამისამართეს.ზვიად ქორიძემ ლაკონურად განმარტა, რომ "ისმაილოვს ჰქონდა შემოტანილი განცხადება, რომელიც განვიხილეთ, ვიმსჯელეთ და პრეზიდენტს შევთავაზეთ რეკომენდაცია, მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და პატიმარს დაუდგინა გათავისუფლების თარიღი".
(სპეციალურად საიტისთვის)