ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმის სკანდალური დეტალები
ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ 17 წლის წინ ჩადენილი დანაშაული - როგორ გაატაცებინა ყოფილმა პოლიციელმა კრიმინალებს საკუთარი მამა
სამართალდამცველებმა თბილისსა და წყალტუბოში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ანგარებით მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებულმა პირებმა ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის 23 წლის ვაჟი გიორგი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გაიტაცეს. გამტაცებლებმა ბიზნესმენს გამოსასყიდად 3 მილიონი ლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილის მოკვლით დაემუქრნენ. ამირან დეკანოიძე რესტორნების, სასტუმროსა და ბენზინგასამართი სადგურის მფლობელია. სამართალდამცველებმა მძევალს სოფელ მაღლაკში, ერთ-ერთ სახლში მიაგნეს. დაკავებულია სახლის პატრონი გოჩა ჩეჩელაშვილიც. ის ქუთაისში ცხოვრობს, მაღლაკში სახლი დაკეტილი ჰქონდა და იქ იშვიათად ჩადიოდა. ჯერჯერობით უცნობია, რა კავშირი ჰქონდა მას კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან. სამართალდამცველებმა ჩეჩელაშვილის სახლიდან ნიღბები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაჯგუფება გატაცებული ახალგაზრდის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანას ცდილობდა.
საქალაქო სასამართლომ ათიდან ხუთს: მამუკა ესაძეს, კალისტრატე ერქვაიას, მამუკა მარგველაშვილს, გოჩა ჩეჩელაშვილსა და თემურ კენჭაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ცნობით, გიორგი დეკანოიძის გატაცება რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა. ორგანიზატორებად ცოლ-ქმარი მარინა და მამუკა ესაძეები მიიჩნეოდნენ, რომლებიც გატაცებამდე ერთი კვირით ადრე მოსკოვიდან ჩამოვიდნენ. მამუკა ესაძე ადამიანის გატაცების მუხლით ადრეც იყო გასამართლებული, მისი სახელი უკავშირდება როსტევან ბ.-ს გატაცების საქმეს. ეს იყო შეკვეთილი დანაშაული - ყოფილმა პოლიციელმა პაატა ბ.-მ, რომელიც მანამდე სხეულის დაზიანებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის იყო ნასამართლევი, კრიმინალებს მამა, როსტევან ბ. გაატაცებინა, რომელიც ასევე ყოფილი პოლიციელი გახლდათ."2001 წლის 1-ლ ივლისს სახლიდან გასული როსტევანი უკან არ დაბრუნებულა. გამტაცებლებმა მის ოჯახში დარეკეს და 100 ათასი დოლარი მოითხოვეს. ოჯახმა მათ 80 ათასი დოლარი გადასცა, თუმცა მათ მძევალი არ გაუთავისუფლებიათ. ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ, სამართალდამცველებისთვის მიემართათ. პაატა ბ.-ს მოწმის სახით დაკითხვისას გამოძიება მისი მონათხრობით დაინტერესდა და როგორც ეჭვმიტანილი, სამი თვით დააკავა. პაატა ბ.-ს მამასთან კონფლიქტი ბავშვობიდან ჰქონდა, ბოლოს კი ოჯახის უფროსმა ის სახლიდან გააგდო. უფულოდ დარჩენილმა შეძლებული მამის შვილმა ფულის გამოძალვის მიზნით მამის გატაცება დაგეგმა და იმ პირებს დაუკავშირდა, ვინც დაეხმარებოდა. მას შემდეგ, რაც პაატა ბ.-მ გამტაცებლებს 80 ათასი დოლარი გადასცა, მას გამტაცებლები აღარ უნახავს და თავისი წილი ფულიც არ მიუღია. გატაცებული როსტევან ბ. სავარაუდოდ მოკლეს, მაგრამ გვამი ვერ იპოვეს. დაკავებულები ამის შესახებ არაფერს ამბობდნენ...
ამ გახმაურებული საქმის ორგანიზატორმა, ამჟამად დეკანოიძის საქმის მთავარმა ფიგურანტმა მამუკა ესაძემ, ამ დანაშაულისთვის 14-წლიანი სასჯელი მოიხადა.
კახა ჩიხლაძე, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ყოფილი უფროსი: - 90-იანი წლებიდან მოყოლებული, 2004 წლამდე, ლამის ლეკიანობა იყო საქართველოში. ერთ მძევალს რომ გამოვიხსნიდით, იმავე დღეს მეორის გამოხსნაზე ვიწყებდით მუშაობას. ბევრი დანაშაულებრივი ჯგუფი გავანეიტრალეთ... ბოლო წლებში უფრო სასაზღვრო ზონებში გვხვდებოდა ასეთი დანაშაული. ისინი, ვინც იმ წლებში დავიჭირეთ, ახლა გამოდიან ციხეებიდან. მათ, ალბათ, ისევ ის დრო ჰგონიათ და ამიტომ მიდიან ასეთ საქმეზე. ადამიანის გატაცება უფრო ადვილია, ვიდრე ფულის აღება... გატაცების ორგანიზატორები ქურდებიც ყოფილან, ჩვეულებრივი კრიმინალებიც, თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიციელებიც კი. მახსოვს შემთხვევა, როცა გამტაცებლებმა რუსთავში, თავიდან მოშორების მიზნით, ხელ-ფეხშეკრული მძევალი მტკვარში გადააგდეს, მან კი ასეთ მდგომარეობაში გამოცურა და გადარჩა. მძევალიც ვიპოვეთ და გამტაცებლებიც დავიჭირეთ.
მახსოვს ერთი საქმე, როცა პოლიციელიც გაიტაცეს. ტაქსის მძღოლად იყო ჩანერგილი, დამნაშავეებმა არ იცოდნენ, გაიტაცეს და პოლიციის კაპიტანი შერჩათ ხელში. საბედნიეროდ, თანამშრომელი იმავე საღამოს გამოვიხსენით.
ყველაზე მეტი გატაცების საქმე 2003 წელს მქონდა. ყოფილა შემთხვევა, როცა მძევალი გამოგვიხსნია ერთ დღეში, ექვსი თვის, ერთი წლის შემდეგ, ან გვიძებნია და ოთხი წლის შემდეგ დაგვიჭერია დამნაშავე. მთაAვარია, მძევალი რაც შეიძლება მალე და უვნებლად გამოიხსნა.
- როგორც ირკვევა, დაკავებულ ესაძეს წარსულში შეკვეთილი დანაშაულის ორგანიზება ედებოდა ბრალად... - თვითგატაცებები თუ შეკვეთილი გატაცებები მეც შემხვედრია, თუმცა მეეჭვება, დეკანოიძეს გატაცება თვითონ შეეკვეთა. როდესაც საქმეს ვიწყებდით, თავდაპირველად ვმუშაობდით ვერსიაზე, ხომ არ იყო გატაცება მისივე დაკვეთილი. გამოცდილი ოპერატიული მუშაკიც და გამომძიებელიც ამას ერთ საათში ხვდებიან. როცა საკუთარ გატაცებას გეგმავ, იქ რა უნდა ათ, ან შვიდკაციან ჯგუფს? ათასი გათვლაა საჭირო. ეს ინტელექტის ბრძოლაა. იბრძვის როგორც დამნაშავე, ისე - გამომძიებელი და ვისაც მეტი ინტელექტი აქვს, ის იმარჯვებს. დამნაშავე ან თვითონ დაუშვებს შეცდომას, ან შენ უნდა დააშვებინო, სხვაგვარად საქმეს ვერ გახსნი...
პ.ს. გიორგი დეკანოიძის საქმის გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველები დანაშაულებრივი დაჯგუფების სხვა წევრებს ეძებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა.