"ბავშვი, სავარაუდოდ, გაგუდა, ყელზეც აქვს დაზიანებები... მოძალადეს გოგონას ფოტოები ტელეფონში უპოვეს"
გორში 25 ოქტომბერს, შუადღისით გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ნახეს. გოგონა მე-5 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. სკოლაში აცხადებენ, რომ ის გაკვეთილებს დაესწრო, შემდგომ სახლში წავიდა, შუადღისით კი სახლიდან ისევ სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სკოლაში აღარ მისულა.
მეზობლების თქმით, ბავშვი სკოლისკენ მიმავალი ნახეს, რის მერეც გაუჩინარდა. როგორც ოჯახის ახლობელმა გვითხრა, დილაობით 8 წლის გოგონას დედა მიაცილებდა სკოლაში, შუადღისით ცეკვაზე კი უკვე დამოუკიდებლად მიდიოდა.
სახლი, სადაც, სავარაუდოდ, საზარელი მკვლელობა მოხდა, იმ ქუჩის პარალელურ ქუჩაზე მდებარეობს, სადაც გარდაცვლილი ბავშვი ცხოვრობდა. შენობაში, რომელსაც ახალი მეპატრონე ჰყავს, რემონტი მიმდინარეობს, რაზეც რამდენიმე მუშა მუშაობდა, მათგან ერთი, რომელიც ბრალდებულია, მეზობლების თქმით, ღამითაც ამ სახლში რჩებოდა. მათივე განცხადებით, გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება და იმ ადგილას, სადაც გარდაცვლილი გოგონა იპოვეს, მოძალადემ, სავარაუდოდ, ურიკით მიიტანა ცხედარი.
„როგორც ამბობენ, სამართალდამცავებმა ურიკის კვალიც ნახე. იმ სახლის მეზობლად მცხოვრებთა თქმით კი, ადრეც შეუმჩნევიათ ეს ნაძირალა ურიკით, როდესაც სამშენებლო ნაგავს ყრიდა, იქვე ახლოს ნაგავსაყრელია. ვვარაუდობთ, რომ ბავშვის ცხედრის გადაგდება წყალში უნდოდა, მაგრამ ჩვენ ვეძებდით, ვეძახდით და ჩვენმა ხმაურმა შეუშალა ხელი. ბავშვი, სავარაუდოდ გაგუდა, რადგან გვითხრეს, რომ ყელზეც აქვს დაზიანებები. პატარა აწამა და მოკლა, განა ასეთი ადამიანი სასიცოცხლოა?!", - გვითხრა ერთ-ერთმა ახლობელმა.
შეგახსენებთ, შსს-მ დანაშაულში ბრალდებული დააკავა, ის 1984 წელს დაბადებული და წარსულში ნასამართლევი მამაკაცია.
ჩვენი ინფორმაციით, ამ საზარელი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებად მოძალადის კუთვნილი მობილური ტელეფონია, რომელშიც მოკლული 8 წლის გოგონას სურათები იპოვეს, მოძალადე, სავარუდოდ, ბავშვს უთვალთვალებდა.
(სპეციალურად საიტისთვის)