"ბავშვს რომ ვეძებდით, ჩვენთან ერთად ტრიალებდა, ისიც ვითომ ეძებდა, არადა, უკვე მოკლული ჰყავდა"
გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული გოგონას ბაბუის ძმის თქმით, ბრალდებულმა გოგონა სახლში შეიტყუა.
"სავრაუდოდ პედოფილი იყო, ბავშვი უცხო ხალხთან არ შედიოდა კონტაქტში, ერთადერთი ცხოველები უყვარდა ძალიან და შეიძლება ამიტომ გაჰყოლოდა ვინმეს. შეიძლებოდა ეთქვათ, ძაღლს განახებო და ამით შეეტყუებინათ... ალბათ, სავარაუდოდ, ასე მოატყუა. სხვა მუშები წასულები იყვნენ, ეს ადამიანი დარჩა და ბავშვს რომ ვეძებდით, ჩვენთან ერთად ტრიალებდა, ისიც ვითომ ეძებდა, ინფორმაციებს იღებდა, არადა, უკვე მოკლული ჰყავდა. ჩვენ რომ ვეძებდით, სავარაუდოდ, ამ დროს გამოყვანა ურიკით და მერე ისევ უკან იმ სახლში აბრუნდა. ვიცი ვინც არის და ცოცხალს არ დავტოვებ, არც მაგას და არც მაგის ოჯახს. იმ სახლში აწი ვერავინ იცხოვრებს, ეს სახლი უნდა დავანგრევინო. მე ვარ თვითონ მკვლელობისთვის ნასამართლევი და ახლა მეორეჯერ წავალ მკვლელობაზე, შანსი არაა, მაგათ ცოცხალს არ დავტოვებ".
ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მკვლელობის დილას ბავშვს დედამისისთვის უთქვამს, ტელეფონი მათხოვე, ლამაზი ძაღლი ჰყავთ "ლაიკა" და ფოტოები უნდა გადავუღოო, მაგრამ დედამ ტელეფონი არ გაატანა".
სახლი, სადაც, სავარაუდოდ, საზარელი მკვლელობა მოხდა, იმ ქუჩის პარალელურ ქუჩაზე მდებარეობს, სადაც გარდაცვლილი ბავშვი ცხოვრობდა. შენობაში, რომელსაც ახალი მეპატრონე ჰყავს, რემონტი მიმდინარეობს, რაზეც რამდენიმე მუშა მუშაობდა, მათგან ერთი, რომელიც ბრალდებულია, მეზობლების თქმით, ღამითაც ამ სახლში რჩებოდა. მათივე განცხადებით, გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება და იმ ადგილას, სადაც გარდაცვლილი გოგონა იპოვეს, მოძალადემ, სავარაუდოდ, ურიკით მიიტანა ცხედარი.
„როგორც ამბობენ, სამართალდამცავებმა ურიკის კვალიც ნახე. იმ სახლის მეზობლად მცხოვრებთა თქმით კი, ადრეც შეუმჩნევიათ ეს ნაძირალა ურიკით, როდესაც სამშენებლო ნაგავს ყრიდა, იქვე ახლოს ნაგავსაყრელია. ვვარაუდობთ, რომ ბავშვის ცხედრის გადაგდება წყალში უნდოდა, მაგრამ ჩვენ ვეძებდით, ვეძახდით და ჩვენმა ხმაურმა შეუშალა ხელი. ბავშვი, სავარაუდოდ გაგუდა, რადგან გვითხრეს, რომ ყელზეც აქვს დაზიანებები. პატარა აწამა და მოკლა, განა ასეთი ადამიანი სასიცოცხლოა?!", - გვითხრა ერთ-ერთმა ახლობელმა.
(სპეციალურად საიტისთვის)
იხილეთ ვიდეო