"ბავშვი მოკუნტული­ იწვა, ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, პოლიციელმა ახლოს არ მიმიშვა, ცოცხალი აღარ არისო" - კვირის პალიტრა

"ბავშვი მოკუნტული­ იწვა, ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, პოლიციელმა ახლოს არ მიმიშვა, ცოცხალი აღარ არისო"

როგორ ჩაირთო შემზარავი მკვლელობის წამმზომი...

9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ციხიდან 9 თვის წინ გამოვიდა - 2016 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნებიერიძეს სასჯელის ვადა გაუნახევრა

გორში საზარელი მკვლელობით შეძრული ხალხი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. პოლიციამ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა და 34 წლის იაგო ნებიერიძე ციხეში უკვე გამოკეტა. მას არასრულწლოვნის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი და ამ უმძიმესი ბრალდებით წარდგება სასამართლოს წინაშე. ცნობილია, რომ ნებიერიძე დანაშაულს არ აღიარებს. ის ბავშვის მკვლელობის ღამეს გორში, მისი საცხოვრებელი ბინიდან აიყვანეს.

9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ოჯახში განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც ცეკვაზე წასულმა ბავშვმა შინ მისვლა დააგვიანა. გაირკვა, რომ ცეკვის გაკვეთილზე არ ყოფილა. ოჯახმა მომხდარი პოლიციას აცნობა. ატყდა განგაში, მთელი სამეზობლო ჩაერთო ძებნაში, თუმცა გოგონას ვერსად მიაგნეს, საღამოს კი მდინარე ლიახვის ნაპირზე მისი ცხედარი იპოვეს. სულისშემძვრელი ტრაგედიის თვითმხილველები ამბობენ, რომ პატარას თავზე ცელოფანის პარკი ჰქონდა შემოხვეული, ხელ-ფეხი მავთულით შეკრული და მიწაზე მოკუნტული ეგდო. ამ საზარელი სანახაობით გაგიჟებული ხალხი ცხედართან მიახლოებას ცდილობდა, ძალოვანები კი მათ აკავებდნენ. ამის გამო ხალხსა და პოლიციას შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. შემთხვევის ადგილზე შს მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე ჩავიდა და ოჯახს პირობა მისცა, რომ დანაშაულს ოპერატიულად გახსნიდა. ]მეორე დილით მკვლელობაში ბრალდებული მართლაც დააკავეს. ძალოვანებმა მკვლელობის ადგილსაც მიაგნეს. გოგონა თავისი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. იატაკსა და კედელზე ბავშვის სისხლის კვალიც აღმოჩნდა. სწორედ იმ სახლში მუშაობდა მუშად ბრალდებული იაგო ნებიერიძე.

ამ დრომდე უცნობია ბავშვის მკვლელობის რეალური მოტივი. გოგონას ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში 7 საათი უტარდებოდა. უნდა გაირკვეს, ხომ არ სცადა მკვლელმა სექსუალური ძალადობა.

"თურმე მკვლელი ჩვენ შორის ტრიალებდა და ინფორმაციას ისმენდა"

სამძიმარზე მისულებს ენით აუწერელი სურათი დაგვხვდა... გოგონა სასახლეშიც კი არ იყო ჩასვენებული, დივანზე იწვა და მის ცხედარს ბებია და დედა ეფერებოდნენ...

იმ საბედისწერო დილას დედამ წაიყვანა ნანიკო სკოლაში, გაკვეთილების შემდეგ ბავშვი შინ დაბრუნდა, ისადილა და ისევ გავიდა სახლიდან, ისევ სკოლისკენ მიიჩქაროდა, მაგრამ ამჯერად ცეკვის გაკვეთილზე. შენობამდე მისასვლელად ბავშვს პარალელური ქუჩა უნდა გაევლო. როგორც ირკვევა, სწორედ იმ ქუჩაზე მუშად მუშაობდა იაგო ნებიერიძე და გოგონას ხშირად ხედავდა.

"გულს ამოვგლეჯ შენს მკვლელს, ბებო. ყველა გამომყვება, არ ვაცოცხლებ! რა უნდოდა იმ მხეცს შენგან, თურმე ჩემი ნანიკოს სურათი უპოვეს ტელეფონში, ჩუმად გადაუღია", - მოთქვამდა ბებია.

ბავშვს რამდენიმე დაზიანება ეტყობა ცხვირზე, თავსა და ყელზე, სხეულზე აქვს სისხლჩაქცევები, ფეხებსა და ხელზე კი მავთულით შებოჭვის კვალი.

გოგონას ბაბუის ძმა ხვიჩა ბერიაშვილი ამბობს, რომ ბავშვი ნაცემიცაა:

"ნანიკო ძალიან ჭკვიანი, ნიჭიერი და მოწესრიგებული ბავშვი იყო, უცხო ადამიანს არსად შეჰყვებოდა, ეს გამორიცხულია! ცხოველები ძალიან უყვარდა და ერთადერთი, თუ ეტყოდი, ძაღლს გაჩვენებო, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შეჰყოლოდა ვინმეს... ფაქტია, ბავშვი ნაცემია. ეტყობა, ისე დაარტყა, რომ მოკლა. ყველგან ვეძებდით და თურმე მკვლელი ამ ხალხს შორის ტრიალებდა და ინფორმაციას ისმენდა. ძაღლი მოიყვანეს, ძაღლმა კვალი ერთ მხარეს აიღო და მთელი ხალხი იქით წავიდა. მან ამ მომენტით ისარგებლა და ბავშვი გვერდით ქუჩაზე ურიკით ჩამოატარა. სამშენებლო ნარჩენები ადრეც გაუტანია და ამას ყურადღება არავინ მიაქცია. ალბათ, წყალში აპირებდა გადაგდებას, მაგრამ ჩოჩქოლი რომ ატყდა, მიაგდო და წავიდა. გამაპატიოსნებინეთ ჩემი პატარა და მერე სახალხოდ უნდა დავწვა! მკვლელობისთვის უნდა გავსამართლდე, მაგრამ ჯიშჯილაგიანად ამოვწყვეტ. დაგვდევდა ყველას და ისმენდა, რა ხდებოდა. ჩვენ რომ მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე არ ჩაგვერია, ეს საქმე ასე ოპერატიულად არ გაიხსნებოდა. კახა გორელია და კაცური სიტყვა მომცა, 24 საათი არ დამჭირდება, საქმე თითქმის გახსნილი მაქვს, გათენდება და გეცოდინება, ვინ არის მკვლელიო, მითხრა ღამის 4 საათზე. მადლობა მას. იმ სახლს მე დავანგრევ, სადაც ეს დანაშაული მოხდა, იქ ვერ იცხოვრებს ვერავინ. ამ ბავშვის სიკვდილს ვის შევარჩენ?!

ბერიაშვილების მეზობელი: - ნანიკო ძალიან საყვარელი ბავშვი იყო, ჩვენთან დაჯდებოდა და თანატოლივით გველაპარაკებოდა... მეზობლებმა ნახეს, ბავშვმა როგორ ჩაიარა, შემდეგ პარალელური ქუჩა უნდა გაევლო... იქამდე რომ არ იყო მისული, მაღაზიის სათვალთვალო კამერებზე ჩანდა. ამიტომ, ძირითადად, ამ პატარა ქუჩებში ვეძებდით. კინოლოგებმა ძაღლი რომ მოიყვანეს, სუნი აიღო და ყველა ერთი მიმართულებით წავედით... უცებ ყვირილი ატყდა. ქალებიდან მე ვიყავი პირველი, იქ რომ მივედი... პოლიციელი ახლოს არ მიშვებდა, მაგრამ დავინახე, ბავშვი მოკუნტული იწვა, ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული. მანამდე თურმე მეზობელმა ნახა ცხედარი და ცელოფანის პარკი მას გადაუხდია. ვყვიროდი, მიმიშვით, დახმარებას აღმოვუჩენ-მეთქი, მაგრამ პოლიციელმა მითხრა, ცოცხალი აღარ არისო. ურიკის ბორბლის ნაკვალევიც ეტყობოდა იმ ტერიტორიას...

ბავშვი დილით სკოლაში ხან მამას, ხან დედას, ხან ბიძას მიჰყავდა. კიდევ 3 თვის ჩვილი ჰყავთ და ცეკვაზე გოგონა მარტო მიდიოდა. ის ტერიტორია ყოველდღე უნდა გაევლო, ეტყობა, მკვლელს შემჩნეული ჰყავდა, სურათებიც გადაუღია მალულად... ეტყობა, იმ არაკაცმა რაღაცით შეიტყუა. ლიახვის ტერიტორია იმ დღეს მეზობლებმა რამდენჯერმე შემოვიარეთ და საეჭვო ვერაფერი ვნახეთ. ცხედარი შებინდებისას არის მიტანილი... მკვლელობის მიზეზი არ ვიცით. გაუპატიურებული არ არისო, ეტყობა, მცდელობა ჰქონდა. რატომ გაიმეტა ასე სადისტურად ჩვენი საყვარელი გოგო? იმ მხეცმა როგორ გააუბედურა ახალგაზრდა მშობლები, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს!..

ჭირისუფალთან სამძიმრის სათქმელად უამრავი ადამიანი მივიდა. სამძიმარზე გორის ეპარქიის სამღვდელოება - მეუფე ანდრია, მღვდლები და მონაზვნებიც მივიდნენ, პატარას წესი აუგეს და პარაკლისიც გადაუხადეს. დაზაფრულები იყვნენ გორის მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგებიც და დამნაშავის დასჯას ითხოვდნენ. პარასკევს გოგონას კლასში გაკვეთილი არ ჩატარებულა. ამ დღეებში სკოლაში წარჩინებული მოსწავლეების ხუთეული უნდა გამოვლენილიყო და თურმე ნანიკო ამ ხუთეულის კაპიტანი იყო.

"მუშებთან ერთად ვხედავდით ერთ ბიჭს, რომელიც ხშირად იდგა და უცნაურად იყურებოდა..."

ბერიაშვილების სახლიდან მკვლელობის ადგილისკენ გადავინაცვლე. შესასვლელთან პოლიციის მანქანები იდგა და შენობაში არავის უშვებდნენ. ამ ქუჩის მობინადრენი კარგად იცნობდნენ გოგონას. იქ ნანას ორი თანაკლასელიც ცხოვრობს და სათამაშოდ ხშირად დადიოდა მათთან.

"ჩემს სახლსა და იმ შენობას, სადაც დანაშაული მოხდა, ერთი კედელი ყოფს. მეპატრონეს სახლი ახალი ნაყიდი აქვს და არემონტებს. 3-4 მუშა ყოველდღე მუშაობდა. ორი პატარა მყავს და შინ სულ ხმაურია. იმ დღესაც არანაირი ხმა არ გამიგონია, ღამე რომ მომხდარიყო ეს საშინელება, ალბათ, უფრო გავიგებდი... წინადღეებში ღამის 2 საათამდე მუშაობდნენ მუშები და ძალიან შეწუხებული ვიყავით. მეპატრონეც ხშირად ტრიალებდა აქ... მუშები სულ გვესალმებოდნენ, ჩემს ბიჭს ეთამაშებოდნენ კიდეც. მინახავს, სხვა ბავშვებსაც რომ ელაპარაკებოდნენ, ჭიშკარიც სულ ღია ჰქონდათ და ხშირად გარეთ გამოდიოდნენ. მათთან ერთად ვხედავდით ერთ ბიჭს, რომელიც ხშირად იდგა და უცნაურად იყურებოდა... იმ დღეს ცუდი ამინდი იყო და გარეთ არ გავსულვართ, თორემ თითქმის მთელი დღე ბავშვები აქ ტრიალებენ. უბანში შვილის გაშვების როგორ უნდა გეშინოდეს?" - გვიყვება ამ ქუჩაზე მცხოვრები ქალი.

14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის საქმეშიც ნებიერიძე ფიგურირებს

არსებული ინფორმაციით, იაგო ნებიერიძისგან ამოღებულ ჩიპში სხვა ბავშვების ფოტოებიც აღმოჩნდა. რატომ ინახავდა მათ ფოტოებს და რატომ უღებდა ის ბავშვებს სურათებს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. რაც შეეხება დანაშაულის გახსნას, ამბობენ, რომ გამოძიებას ერთი მუშა დაეხმარა და საეჭვო გარემოებებზე მიუთითა. როგორც ირკვევა, იმ დღეს მუშები სახლში ადრე წავიდნენ და ნებიერიძე იქ მარტო ტრიალებდა.

როგორც ირკვევა, იაგო ნებიერიძემ ციხე 9 თვის წინ დატოვა. პირველად ციხეში 20 წლის ასაკში მოხვდა. გორში ეს ფაქტი საკმაოდ გახმაურებული იყო.

2004 წელს ბერძნიშვილების ოჯახის უფროსი ავტოფარეხს აშენებდა და თურმე სამშენებლო საქმეებში ერთი ახალგაზრდა ეხმარებოდა... ბერძნიშვილებს სახლის პირველ სართულზე დიდი მაღაზია ჰქონდათ... მოულოდნელად ბერძნიშვილების 11 წლის ბიჭი დაიკარგა და კვალს ვერსად მიაგნეს. მოგვიანებით, ოჯახს დაუკავშირდნენ და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 20.000 ლარი მოსთხოვეს, საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ და გაირკვა, რომ ოჯახს სწორედ 20 წლის მუშა, იაგო ნებიერიძე სძალავდა ფულს. ის მაშინ გამოძალვის ბრალდებით დააკავეს და ასევე ადამიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაც წაუყენეს, მაგრამ არც მაშინ გატყდა, არ აღიარა ბავშვის გატაცება. ეტყობა, პროკურატურას საქმის მტკიცებულებებით გამყარებაც გაუჭირდა, რადგან ბიჭი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება... ეჭვი მაშინ ნებიერიძეზე მიიტანეს, მაგრამ სასამართლომ ამ ბრალდებაში გაამართლა და მხოლოდ გამოძალვის ბრალდებით 4 წელი მიუსაჯეს. "

"ჩემი შვილი 14 წლის წინ გაუჩინარდა. მაშინ 11 წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. სწორედ ნებიერიძე ფიგურირებდა ჩემი შვილის გატაცების საქმეში. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში, თქვენი შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 20.000 ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი ნებიერიძეზე მივიტანეთ, რადგან ჩვენს ავტოფარეხში მუშაობდა და ჩემს შვილთან ძალიან დაახლოებული იყო... მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა, თუმცა სასჯელი მოიხადა გამოძალვაზე.

ძალიან ბევრი ვიარეთ სხვადასხვა ინსტანციაში, მაგრამ გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობდა. დღეს კი საერთოდ არ ვიცით, ამ საქმეს რა ბედი ეწია. ჩემი შვილი არ ჩანს. 20 სექტემბერს 25 წლის უნდა გამხდარიყო", - ასეთი კომენტარი გააკეთა დაკარგული ბიჭის დედამ ხათუნა ბერძნიშვილმა. როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, ხათუნას უნდა ამ საქმეზე საუბარი, მაგრამ ქმარმა ჟურნალისტებთან კონტაქტი აუკრძალა. მაღაზიაც დაკეტეს და ტელეფონიც გამორთეს, რომ ჟურნალისტებს არიდებოდნენ...

აღსანიშნავია, რომ 2004 წელს იაგო ნებიერიძეს იცავდა ადვოკატი ზურაბ ნეფარიძე, რომელიც შემდეგ საკრებულოს წევრი გახდა და ახლა თავადაც გამოძალვის ბრალდებით იხდის სასჯელს... ეტყობა, მაშინ ადვოკატმა ნებიერიძეს ხმაურის ატეხა ურჩია და 2004 წელს მისი საჩივარი სახალხო დამცველის ოფისშიც მოხვდა - ირწმუნებოდა, რომ პოლიციელებმა სცემეს, მეტიც, მაშინდელი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის ანგარიშშიც კი მოხვდა ნებიერიძის საქმე...

მეორედ ნებიერიძე ყაჩაღობისთვის 2008 წელს გაასამართლეს. სასამართლომ სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით 18 წელი მიუსაჯა, თუმცა მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ ერთი წელი ჩამოაკლო. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ამ საქმეში 17-მდე დაზარალებული იყო. ნებიერიძემ ზოგს ტელეფონი წაართვა, ზოგს სამკაული. 2013 წლის საყოველთაო ამნისტიისა და შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შემდეგ, ნებიერიძეს მოსახდელი წლები მნიშვნელოვნად შეუმცირდა. 2016 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნებიერიძეს დარჩენილი სასჯელის ვადა გაუნახევრა და 2018 წლის თებერვალში ციხიდან გათავისუფლდა, რამდენიმე თვეში კი ეს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა.

"რომ წარმოვიდგინე, ჩვენს კორპუსში ცივსისხლიანი მკვლელი ცხოვრობს, ცუდად გავხდი"

იაგო ნებიერიძე დედისერთაა, მისი მშობლები გორში, რუსთაველის ქუჩაზე ოროთახიან ბინაში ცხოვრობენ. ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობდა, მაგრამ დახმარება მოუხსნეს. მამა ავადმყოფია და ამჟამად ხაშურის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.

ნებიერიძეების მეზობლებიც დამნაშავის დასჯას ითხოვენ: - რომ წარმოვიდგინე, ჩვენს კორპუსში ცივსისხლიანი მკვლელი ცხოვრობს, ცუდად გავხდი. იაგო ახლახან გამოვიდა ციხიდან და კიდევ ეს საშინელება ჩაუდენია...

შალვა ბალაშვილი, ნებიერიძეების მეზობელი: - იაგოს ვიცნობ. ციხიდან ახალი გამოსულია და მესალმებოდა ხოლმე. დედამისთან მეგობრობდა ჩემი მეუღლე. ნუნუ დამლაგებლად მუშაობს მაღაზიებში. დიდი ხანია, ეს ოჯახი აქ ცხოვრობს, ისე ხაშურის რაიონიდან არიან. ადრე ჩემი მეუღლე ეხმარებოდა, ძალიან გაუბედურებული სახლი ჰქონდათ, ღუმელი ედგათ და გაჭვარტლულ სახლში ცხოვრობდნენ, სოციალურ დახმარებას იღებდნენ და იმით ირჩენდნენ თავს, მერე ისიც მოუხსნეს...

ბრალდებულის დედა ნუნუ ნებიერიძე შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია: - ვიწექი, პოლიცია რომ მოვიდა, და წაიყვანეს. ეს შეკერილი საქმეა - რა სურათები, რას ამბობთ, ჩიპი ციხიდან იყო წამოღებული. იაგო ამბობს, ცარიელი ჩიპი ვათხოვე ვიღაცას და იმას აქვს გადმოწერილი ფოტოებიო. 9 თვის წინ გამოვიდა ციხიდან. ტელეფონის წართმევაზე იყო დაჭერილი, ჯაჯგურისას ძალადობა გამოუვიდა...

ბრალდებულის უფლებებს ადვოკატი მაია გრიგოლაშვილი იცავს:

- ბრალდებული ამბობს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. როგორც მითხრა, ადრე ყაჩაღობის თუ გამოძალვის მუხლით ვიყავი გასამართლებული, ზუსტად არ მახსოვსო. რაც შეეხება გოგონას საქმეს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს.

P.S. ცხადია, იაგო ნებიერიძე სასამართლოს წინაშე წარდგება. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა და გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ერთი რამ ცალსახაა - ციხიდან შეწყალებით და ამნისტიით გამოსულმა არაერთმა პირმა ჩაიდინა მორიგი უმძიმესი დანაშაული და, ალბათ, ჯობს შეწყალების კომისიის წევრები უფრო მეტი გულისყურით გაეცნონ ბრალდებულების საქმეებს და ისე მიიღონ მათთვის სასჯელების შემცირებისა და შეწყალების გადაწყვეტილება.

გოგონა გორში დაკრძალეს. ჩვენც ვუსამძიმრებთ მისი ოჯახის წევრებს.

იხილეთ ასევე: ძარცვა-ყაჩაღობის 17-მდე ეპიზოდი და 9-წელში მოხდილი 18-წლიანი პატიმრობა - რის საფუძველზე გაათავისუფლეს ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული?