"ქორწილი რესტორანში გადაიხადეს და იქიდან ბრუნდებოდნენ სიძის სახლში, როცა ეს უბედურება მოხდა"
"ქორწილამდე ლუკა სიხარულისგან ფრინავდა, - ბიძაჩემის ქორწილში წავალ და სულ მათთან დავრჩებიო"
1-ელ ნოემბერს ტრაგედია დატრიალდა ქედაში, სადაც ავარიას ახალგაზრდა ქალისა და ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, მამაკაცი კი მძიმედ დაშავდა. თვითმხილველების თქმით, "მერსედესის" მარკის ავტომობილი მოცურდა, ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი მილს შეეჯახა. ავარიისას გარდაცვლილ 28 წლის იამზე ჯუმუშაძეს წინა დღეს ქორწილი ჰქონდა, მასთან ერთად დაიღუპა მისი მულიშვილი 15 წლის ლუკა წულუკიძე, გოგონას მეუღლე, 32 წლის ალეკო თავდგირიძე მძიმედ დაშავდა.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც მოძრაობის წესების დარღვევისას ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
როგორც ავტოკატასტროფისას გარდაცვლილი ქალის ბიძაშვილი, ემზარ ჯუმუშაძე ამბობს, იამზე სამი ძმის ერთადერთი და იყო:
- ჩვენში გარდაცვლილ ადამიანს არასოდეს არავინ იხსენებს ცუდად, მაგრამ რა ვქნა, რომ იამზე მართლაც საოცრება იყო: მოსიყვარულე, ნაზი და ჭკვიანი. ოჯახი ჩაქვში ცხოვრობდა. ისინი აქ შუახევის სოფელ შუბანიდან წლების წინ გადმოვიდნენ. ოჯახში ოთხი შვილი იყო და მშობლებს ძალიან უნდოდათ მათი წინსვლისთვის შეეწყოთ ხელი. იამზე გაჭირვებას არ შეშინებია, - მიზნად დაისახა და განათლება მაინც მიიღო. კარგი ფარმაცევტი იყო, ბათუმის ერთ-ერთ აფთიაქში მუშაობდა. ალეკო 2 წლის წინ გაიცნო. ქორწილი რესტორანში გადაიხადეს და სწორედ იქედან ბრუნდებოდნენ სიძის სახლში, როცა ეს ებედურება მოხდა.
- ავტოკატასტროფა როგორ მოხდა…
- დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ სიძე-პატარძლის მანქანა იმ დონეზე მოცურდა, რომ ერთხანს კატასტროფული სიჩქარით იტრიალა, რის შემდეგაც ბორდიურს შეეჯახა, ამ დარტყმის ძალით კი გზაზე დამონტაჟებულ რომელიღაც მილს. მანქანა ისე დაილეწა, მისი ცნობა აღარც შეიძლება. რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, ორი ადამიანის, ორი ახალგაზრდას სიცოცხლე დასრულდა. მათ შორის 15 წლის ბავშვის… ამაზე მეტი უბედურება ამ ქვეყნად არ არსებობს…
15 წლის ლუკა წულუკიძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთიდანაა. სოფლის ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, სიძე-პატარძლის მანქანის ავტოკატასტროფაში მოხვედრისას მაყრიონში იყო ლუკას დედ-მამის მანქანაც.
- ისეთი რამ მოხდა, ჩვენი სოფელი ალბათ კარგა ხანს ვერ მოვა გონზე. ლუკას მშობლები საოცარი ხალხია, - მთელი ჩვენი სოფლის იმედი და განმკითხავი. ცოლ-ქმარი ტბეთის სკოლაში მუშაობდა და შვილებით ხარობდა. ლუკას გარდა, კიდევ უმცროსი გოგონა ჰყავთ. ლუკას ყველას მოფერება და მოსიყვარულება უყვარდა. იმიტომაც აღმოჩნდა ალბათ სიძე-პატარძლის მანქანაში ქორწილის დღეს, რადგან ბიძამისზე გიჟდებოდა და მის გვერდით ყოფნა უნდოდა. თურმე ქორწილამდე ერთი კვირის განმავლობაში სიხარულისგან დაფრინავდა, - ახლა ბიძაჩემის ქორწილში წავალ და სულ მათთან დავრჩებიო… ამ სიტუაციაში ადამიანმა რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს, აღარ ვიცი… ხალხი იმას ვერ მიეჩვია, რომ ერთმანეთის სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ…
(სპეციალურად საიტისთვის)