"დათო ეკლესიური იყო, ხშირად იყო მონასტერში, მეოთხე ადამიანი, რომელიც დაჭრეს, მორჩილია ერთ-ერთი მონასტრიდან"
23 დეკემბერს, გვიან საღამოს მკვლელობა მოხდა წავკისში. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ცივი იარაღით მოკლეს ორი მამაკაცი ლექსო და დავით ფეიქრიშვილები, კიდევ ორი მამაკაცი კი დაჭრეს, მათგან ერთ-ერთი 30-წელზე მეტი ასაკის სოსო დორეულია, ხოლო მეორე პიროვნება მორჩილია სახელად რუსლანი. სოსო დორეულს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ორივე გარდაცვლილი ახალგაზრდა და დაჭრილი სოსო დორეულიც წავკისელები არიან, მე-4 პირი, როგორც მეზობლები ამბობენ, დათო ფეიქრიშვილთან იმყოფებოდა სტუმრად.
მომხდარის თვითმხილველი გიორგი ქოროღლიშვილი გვიყვება, რომ როცა ხმაური გაიგო და გარეთ გამოვიდა, ახალგაზრდები უკვე დაჭრილები იყვნენ.
- მე რომ გამოვედი ბიჭები უკვე დაჭრილები იყვნენ, ერთი, მგონი, უკვე გარდაცვლილიც იყო. დავინახე სისიხლის გუბე და დიდი დანა, პურის საჭრელად რომ ვიყენებთ ისეთი, რომელიც ძირს, ტალახში ეგდო, პოლიცია ჯერ არ იყო მოსული, სასწრაფოს გამოვიძახეთ, მაგრამ აღარ დაველოდეთ, მეზობლის მანქანით გადაიყვანეს ბიჭები. ყველა ერთი დანით არის დაჭრილი პოლიცია რომ მოვიდა ისინიც არ კიდებდნენ ხელს ექპსერტიზამდე.
- სხვა რავინ დაგინახავთ დანაშაულის ადგილზე? - არა, მხოლოდ შავ მანქანას მოვკარი თვალი, რომელიც დიდი სიჩქარით მიდიოდა. ეს უბედურება ერთ-ერთი დაჭრილი ბიჭის სოსოს სახლთან ახლოს მოხდა. აქ იყრიან ხოლმე აქაური ბიჭები თავს და საუბრობენ. ისე, სამივე ერთი უბნელები არიან, მეგობრობდნენ, სულ ერთად ვხედავდი, ერთად მუშობდნენ, თუ არ ვცდები, თბილისის გამწვანების სამსახურში, თუმცა რეგულარული სამუშაო არ ჰქონდათ, სეზონურად უწევდათ მუშაობა. სამივეზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. მათგან დათო ძალიან ეკლესიური იყო, ხშირად იყო მონასტერში, როგორც ახლობლები ამბობენ, მეოთხე ადამიანი, რომელიც ბიჭებთან ერთად დაჭრეს, მორჩილია ერთ-ერთი მონასტრიდან, დათოსთან იყო სტუმრად და იმავე დღეს აპირებდნენ მონასტერში დაბრუნებას, როგორც ჩანს, ხმაურზე მივიდნენ და ნახეს, რომ ლექსო და სოსო ჩხუბობდნენ. ლექსოს ცოლი და პატარა ქალიშვილი დარჩა, დათოს ცოლ-შვილი არ ჰყოლია. სოსოს ოპერაცია ახლახან დასრულდა, იმედია, კარგად იქნება.
(სპეციალურად საიტისთვის)