"ნიკოლოზ აბულაძე ქურდული ტრადიციების მიმდევარია. ის აქ შურის საძიებლად მოვიდა”
თბილისის საქალაქო სასამართლომ წავკისში მომხდარ შემზარავ მკვლელობაში ბრალ-დებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მამა-შვილს, ნიკოლოზ და გიორგი აბულაძეებს, შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი, ნიკოლოზ აბულაძეს - 13-დან 17 წლამდე, გიორგი აბულაძეს კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება, ხოლო მათ მეგობარს, ანრი ყურაშვილს, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ამხელენ... მომხდარი ტრაგედიის, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი - დაიჭრა, გაუხმაურებულ დეტალებზე სტატიას გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:
ზურაბ როსტიაშვილი, აბულაძეების ადვოკატი: "აბულაძეები ფულის მისაცემად ჩავიდნენ წავკისში და რატომ უნდა აეტეხათ ჩხუბი? ნიკოლოზი ნაცემია, მაგრამ ეს არ უხსენებია პროკურორს. ან როგორ ადასტურებს პროკურატურა, რომ ნიკოლოზმა დაიწყო ჩხუბი? ადრინდელ დანაშაულს რაც შეეხება, მან სასჯელი მოიხადა".
საქმეში დევს მოწმის სტატუსით დაკითხული გიორგი აბულაძის ჩვენება, სადაც ის აღიარებს ჩადენილს, ადვოკატი კი ამბობს, რომ მას ჩვენება უკანონოდ ჩამოართვეს, რადგან ის არ ესწ-რებოდა დაკითხვას. ჩვენი ინფორმაციით, გიორგი აბულაძე ჩვენებაში ამბობს, დავინახე, მამაჩემს რომ ურტყამდნენ, ძირს ეგდო და ამის შემდეგ დავარტყი დანა ფეიქრიშვილს და შემდეგ სხვებსო...
"ოთხი კაცი დაჩეხეს და ერთი მუშტი თუ მოხვდა აბულაძეს, ეს უკვირს ვინმეს?" - ამბობენ დაღუპულების მეზობლები.
"ნიკოლოზ აბულაძე ქურდული ტრადიციების მიმდევარია. ის აქ შურის საძიებლად მოვიდა. როგორ გაუბედეს და მოსთხოვეს სარკის შეკეთება! ბიჭები ამბობენ, როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა, მაშინვე დაარტყა ხელი ლექსოსო. უმოწყალოდ ამოხოცეს ბიჭები. ჩემი თვალით ვნახე, იმხელა ორლესული დანა ეგდო ძირს, მითხარით, თუ ფულის გადახდა სურდათ, ამხელა დანით რატომ მოვიდნენ?!" - ამბობს ფეიქრიშვილების მეზობელი.
დაღუპულებსა და დაჭრილებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ, მალე გაირკვევა, ყველას ერთი და იმავე დანით აქვს თუ არა ჭრილობა მიყენებული.
ჩვენი ინფორმაციით, ნიკოლოზ აბულაძე სატელეფონო ზარს გაუღიზიანებია. მართალია, ფეიქრიშვილებს ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა, მაგრამ მეორე დღეს არ გამოჩნდა და საღამოს დაურეკეს, ის კი განაწყენდა, ფულს როგორ სთხოვდნენ და შვილებთან ერთად საქმის გასარჩევად წავკისში ჩავიდა.
ნინო ფეიქრიშვილი, დათო ფეიქრიშვილის ბიძაშვილი: "იმ დღეს დათო და მისი მეგობარი რუსლან ზანთარია სამძიმარზე მიდიოდნენ. ეს ტრაგედია ცოტა მოშორებით, ამავე ქუჩაზე მოხდა. დათუნა და რუსლანი სახლთან გაჩერებაზე იდგნენ, როცა დათუნას ვიღაცამ დაურეკა და მისვლა სთხოვა. ცარიელი ხელებით მივიდნენ გასაშველებლად... დათუნა საშინლად აჩეხილია".