"თითო მოთამაშე ონლაინსამორინეს ყოველწლიურად 11.000 ლარს "ჩუქნის"
"აზარტული თამაშების რეკლამა ჰეროინის გაპიარებას არაფრით ჩამოუვარდება. ეს აგრესიული სარეკლამო კამპანია სრულიად უკონტროლოა"
თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი მწვავე პრობლემა კვლავ აზარტული თამაშებია, სახელმწიფო კი ვერა და ვერ ახერხებს მის აღმოფხვრას. არადა, ლამის ყოველდღე ვისმენთ ტრაგიკულ ამბებს სუიციდის, დანგრეული ოჯახების, შერყეული ჯანმრთელობის შესახებ და რაც ყველაზე საგანგაშოა, ამ ჭაობში სულ უფრო მეტი მოზარდი ეფლობა. ერთმა ისიც კი მითხრა, ამ ჯოჯოხეთს მამამ მაზიარაო - 12 წლის ყოფილა, როცა მამას უთხოვია, იღბლიანი ხარ, კარგი ხელი გაქვს და ონლაინდეპოზიტზე თანხა დამიდეო...
არასამთავრობო ორგანიზაცია "აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის" ხელმძღვანელმა გუგა ბესელიამ გამოაქვეყნა საგანგაშო კვლევა, რომლის თანახმად, მოზარდების 48%-ს ონლაინთამაშებთან შეხება ჰქონია...
"თუ ამ კანონპროექტსაც ჩააგდებენ, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ქუჩაში გამოვიდეს"
- წელიწადზე მეტია, რაც ამ მიმართულებით ვმუშაობთ, ბოლოს მერიის მხარდაჭერით შედგა პროექტი, რომელიც პრევენციისთვის სკოლებში ლექცია-სემინარის ჩატარებას გულისხმობდა. გარდა ამისა, მოვიარეთ მთელი თბილისი, ყველა უბანი, და ჩავატარეთ კვლევა ანონიმურობის დაცვით. ვკითხეთ 14-დან 18 წლამდე მოზარდებს, უთამაშიათ თუ არა აზარტული თამაშები, რომელი სარეკლამო საშუალებით იღებენ ინფორმაციას კაზინოებისა თუ ონლაინსამორინეებისა და მათ მიერ დაანონსებული აქციების შესახებ...
კვლევის მიხედვით, სკოლის მოსწავლეების 48%-ს ონლაინთამაშებთან აქვს შეხება, ეს კი პირდაპირი გზაა ლუდომანიისკენ. როგორც კი მათ შემოსავალი გაუჩნდებათ, სისტემატურად ითამაშებენ.
- ამაში მათ ქართულ ბაზარზე არსებული რეალობაც ეხმარება...
- საქართველოში რეგისტრირებულია 500 000 ექაუნთი, რაც ჩვენი მოსახლეობის 20%-ია. 2017 წლის მონაცემებით, ბრუნვა 5,65 მილიარდი ლარია. თუ გამოვითვლით, როგორია ამ ბრუნვაში 500 000 კაცის წვლილი, დაახლოებით 11.000 ლარი გამოდის - ანუ თითო მოთამაშე ონლაინსამორინეს წლიურად ამ თანხას "ჩუქნის". თუ ამ რიცხვს 12-ზე გავყოფთ, ყოველთვიურად 916 ლარს მივიღებთ. ეს მაშინ, როდესაც "საქსტატის" მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 999 ლარია.
- ქუჩები აჭრელებულია რეკლამებით, ინტერნეტით თუ ტელევიზიით ინტენსიურად გადის რეკლამები, რომლებიც შეჭირვებულ ხალხს ამ გზით გამდიდრებას სთავაზობს... - ეს აგრესიული სარეკლამო კამპანია სრულიად უკონტროლოა. აზარტული თამაშების რეკლამა ჰეროინის გაპიარებას არაფრით ჩამოუვარდება. საგანგაშოა, რომ მულტფილმებისა და საბავშვო ფილმების სარეკლამო ჭრაშიც ტრიალებს აზარტული თამაშების რეკლამა. ამ ბიზნესის მესვეურები ყველა გზით ცდილობენ ყველა ასაკის მოქალაქის ჩათრევას თამაშებში. ჩვენს კვლევაში 14-დან 18 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ, მაგრამ ტენდენციის თანახმად, ასაკის მატებასთან ერთად თამაშდამოკიდებულთა რაოდენობა იზრდება. კანონის თანახმად, 18-წლამდე მოზარდს აზარტული თამაშის უფლება არა აქვს არათუ ონლაინსამორინეში, იმ სატელევიზიო შოუშიც კი არ შეუძლია მონაწილეობა, სადაც ჯილდო ფულია, მაგრამ ფაქტია, კანონი ირღვევა. ჩავატარეთ ექსპერიმენტი და ჩემი 5 წლის შვილმაც კი შეძლო ონლაინსამორინეში დარეგისტრირება.
- არავითარი შეზღუდვა არ არსებობს?
- არა. უფრო მეტიც, თბილისის რამდენიმე სკოლის ტერიტორიაზე, მაგალითად, ყაზბეგის პროსპექტზე, 52-ე საჯარო სკოლასთან, ონლაინსამორინეს რეკლამაა, ამას ემატება სმს-შეტყობინებებიც.
- წლებია ეს პრობლემა არსებობს და საკანონმდებლო ორგანომ რატომღაც ვერ შეძლო საჭირო ღონისძიებების გატარება. რატომ? - ჩვენს კვლევას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა - ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სწრაფად უნდა მივიღოთ ზომები მოზარდების დასაცავად. რაც შეეხება 5 აპრილს წარდგენილ კანონპროექტს, მის დამტკიცებაზე პარლამენტმა უარი განაცხადა. ზუსტად არ ვიცი, რომელი პუნქტები არ მოეწონათ, მაგრამ ვიცი, რომ რეკლამის შეზღუდვასა და მოთამაშეთა ერთიანი ბაზის შექმნას უკავშირდებოდა. რაღაცებს მეც არ ვემხრობი, რადგან იმ კანონპროექტში რეგულაციები ძალიან ხისტია. სათამაშო ბიზნესის აკრძალვის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ რა ვუყოთ მათ, ვინც თამაშზე ფსიქიკურად არის დამოკიდებული? მათ სარეაბილიტაციო ცენტრი სჭირდებათ, თორემ სამორინეების დახურვით თამაშები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს. გახსოვთ, ალბათ, 90-იანი წლები, როდესაც "ხელზე თამაშობდნენ". ამ ეტაპზე სამორინეების დახურვა შედეგს არ მოგვცემს.
ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომელიც ეფუძნება ორ ძირითად თემას: - აგრესიული მარკეტინგული კამპანიის ჩახშობას და რეგისტრაციის გამკაცრებას...
ახლა სახელმწიფო გვეუბნება, რომ ქმედითი ზომების მიღება სურს და ეს არის კიდევ ერთი შანსი, რომელსაც ვაძლევთ. თუმცა მაქვს გონივრული ეჭვი, რომ აზარტული თამაშების ბიზნესს გარკვეული პოლიტიკური ძალები ლობირებენ. ონლაინსამორინეების 2017 წლის ბრუნვა, 5,65 მილიარდი, ბიუჯეტის ნახევარზე მეტია, ეს ბადებს ეჭვს, რომ მათ პარლამენტში მფარველები ჰყავთ.
- თუ თქვენი კანონპროექტიც ჩავარდება?.. - მაშინ დანამდვილებით ვიტყვი, რომ მას ვიღაცები ლობირებენ. ჩვენ ვითხოვთ, რომ მოზარდებს თამაში აეკრძალოთ, რეგულაცია კი მხოლოდ რეკლამის შეზღუდვას ეხება. თუ ამ მინიმალურ მოთხოვნაზეც უარს მივიღებთ, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ქუჩაში გამოვიდეს, რადგან სხვა გზა აღარ გვრჩება.
"სახელმწიფო გაცილებით მეტს კარგავს, ვიდრე ამ ბიზნესიდან ბიუჯეტში შესული თანხაა"
ლევან გოგიჩაიშვილი, დეპუტატი: - უპირველესად სახელმწიფომ უნდა გამიჯნოს, ამ ბიზნესით რას იღებს და რას კარგავს. დღევანდელ რეალობაში გაცილებით მეტს კარგავს, ვიდრე ამ ბიზნესიდან ბიუჯეტში შესული თანხაა. მაგალითად, თამაშის ასეთი თავაშვებულობის შედეგად ვიღებთ გაღარიბებულ მოსახლეობას, მძიმე ემოციურ ფონს, დაუსრულებელ კონფლიქტებს ოჯახის წევრებს შორის და ოჯახის დანგრევას, ფსიქიკაშერყეულ მშობლებს, სუიციდის შემთხვევებს... საგანგაშო ტენდენციაა მოზარდებშიც, ბევრი სკოლის მერხიდან იწყებს თამაშს. ასე რომ, ვინც უნდა იყოს კანონპროექტის ავტორი, აუცილებელია რეგულაცია და რაც შეიძლება სწრაფად, არც ერთი დღე არა გვაქვს დასაკარგი. უნდა შეიზღუდოს ონლაინთამაშების რეკლამა. როდესაც პარლამენტში შევიტანე კანონპროექტი, უმრავლესობამ თავისი დამოკიდებულება ასე გამოხატა, ავტორი გოგიჩაიშვილია, პროექტი უნდა იმან ჩავარდეს და ჩვენ შემოვიტანთო. ვინც უნდა შემოიტანოს, ოღონდ რეგულაციები დაწესდეს. მაინც მაქვს იმედი, რომ რაღაც შეიცვლება, რადგან პრემიერმა ბახტაძემ სიტყვა მოგვცა, რომ ამ პროექტს თავად გაიტანს. 5 აპრილს კი ჩავარდა, მაგრამ შემობრუნება მარტივია და თუ ის არ შემოიტანს, ისევ დავიწყებ ამ თემის ადვოკატირებას.