"ჩემი გონება მოწამლულია!" - აზარტული თამაშებით შეპყრობილი პატიმრის წერილი
"გლდანის ციხეში 3000 პატიმრიდან 856-ს დანაშაულისკენ აზარტულმა თამაშებმა უბიძგა"
საქართველოს ციხეებში მყოფ პატიმართაგან რამდენმა ჩაიდინა დანაშაული აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო? - ოფიციალურ სამსახურებს ამ კითხვაზე პასუხი არა აქვთ და სტატისტიკის წარმოება ერთმა ლუდომანმა პატიმარმა სცადა. სანდრო ნიკოლეიშვილი ასევე გემბლინგის მსხვერპლ პატიმრებთან ერთად იკვლევდა, თუნდაც მხოლოდ ერთ, გლდანის ციხეში რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს იმის გამო, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ვერ დასძლია და დანაშაული ჩაიდინა. არასამთავრობო ორგანიზაციის "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ხელმძღვანელმა თამარ ჯაფარიძემ სანდროსა და მისი თანამოაზრეების საზოგადოებისა და სახელმწიფოსადმი მიმართვა მოგვაწოდა:
ჩვენი გონება მოწამლულია!
"სასჯელაღსრულების #8 გლდანის დაწესებულებაში საშუალოდ 3000 პატიმარია (ეს ციფრი 99%-ით ზუსტია, რადგან დაწესებულებას ყოველდღიურად აკლდება და ემატება ბრალდებული მსჯავრდადებულების რაოდენობა). ამ 3000-დან გამოიკითხა 2587 პატიმარი, დანარჩენთან ამა თუ იმ მიზეზით ვერ მოხერხდა გასაუბრება. გამოკითხულთაგან 2086 ადამიანს ერთხელ მაინც უთამაშია. 1759 ხშირად თამაშობს, ხოლო 856 პატიმარი აცხადებს, რომ სწორედ ლუდომანიით გამოწვეული პრობლემების ერთობლიობა გახდა მიზეზი, რამაც დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგა. სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებშიც უამრავი ასეთი ადამიანი იხდის სასჯელს და საერთოდ საქართველოს მასშტაბით გამოკითხულ პატიმართა 34% ამბობს, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და შესაბამისი თავისუფლების აღკვეთა ლუდომანიით იქნა პროვოცირებული.
პირადად მე გლდანის ციხეში ვიხდი სასჯელს. ახლა, ამ სიტყვების წერისას, აქა ვარ. მალე 26 წლის ვხდები და უკვე 11 წელია, რაც აზარტულ თამაშზე მთელი არსებით ვარ დამოკიდებული. ამ 11 წლის მანძილზე საერთო ჯამში 6 წელი ციხეში გატარება გამომდის, თუმცა თავისუფლებაზე ყოფნისასაც ერთი წამითაც არ ვყოფილვარ თავისუფალი, ჩემი გონება შეპყრობილია! დღეს ჩემთან ერთად არიან პატიმრები, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს და ამ წერილს ერთობლივად ვწერთ. სტატისტიკური კვლევაც ჩვენი რესურსითა და ენერგიით ჩავატარეთ.
გვინდა საზოგადოების ყურადღება ერთ საკითხზე გავამახვილოთ. თითოეულმა ჩვენგანმა თამაში სისტემაში არსებული ამა თუ იმ ხვრელის მეშვეობით, არასრულწლოვნების გაუცნობიერებელი ასაკიდან პატარა თანხებით დავიწყეთ, დღეს კი აღარაფერი გაგვაჩნია. არასასურველ და არასანდო ადამიანებად ვიქეცით, ჩვენი უნარები დაჩლუნგდა, რეპუტაცია შეილახა და ამ ჯოჯოხეთს თავს ვეღარ ვაღწევთ. ყველას ერთხელ და სამუდამოდ გვსურს ამ სენისგან გათავისუფლება, თუმცა, როგორ მოვახერხებთ, ეს არ ვიცი. ზოგი აქ პირველად ვართ, ზოგი მეორედ, მესამედ და მეოთხედ. მიზეზი კი ყოველთვის ერთია - ლუდომანია! ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ დანაშაულით დაკისრებულ პასუხისმგებლობას და არ ვითხოვთ ჩვენი ქმედების გამართლებას, არც სასჯელის შემცირებას და ვადაზე ადრე გათავისუფლებას, უბრალოდ გვინდა, რომ აზარტულ თამაშსა და დანაშაულს შორის პირდაპირი კავშირი დაგანახოთ. რთულია ჯანმრთელი ადამიანის ნეიტრალურმა გონებამ სრულფასოვნად აღიქვას ლუდომანის ფსიქიკური სიღრმე და ის სასოწარკვეთა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში დანაშაულამდე ან სულაც სუიციდამდე მივყავართ.
მოთამაშე ვეღარ ხედავს აზრს სიცოცხლესა და იმ უმწვავეს პრობლემას შორის, რომელიც თამაშზე დამოკიდებულებით თვითონვე გამოიწვია, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იჭედება და თავის გადასარჩენად ყველაფერზეა წამსვლელი. პასუხისმგებლობით ვალდებულების შესრულებისა და პრობლემების მოგვარებისთვის დანაშაულზეც მიდის, თუნდაც მანამდე, მთელი ცხოვრების მანძილზე, მაღალი სამოქალაქო შეგნებითა და კანონმორჩილად ეცხოვროს. ასეთ დროს ჩვენი თავი არ გვეკუთვნის. ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვერ ვაკონტროლებთ მოქმედებებს და ვერ ვაფასებთ შედეგებს. აღარ გვახსოვს პასუხისმგებლობა. აღარც ის, თუ ვინ ვართ ჩვენ და საერთოდ არაფერი. გვესმის, რომ ნეიტრალური საზოგადოებისთვის ჩვენი ჯიუტი ქმედება და თამაშებზე დამოკიდებულება გამაღიზიანებელია, მაგრამ ეს ჩვენი ბრალი აღარ არის, ეს ავადმყოფობაა! ეს არის დისტანციური მართვა იმ დაწყევლილი ძალის მიერ, რომელმაც ჩვენი არსება და ადამიანური სისუსტე კაზინოში პირველი შესვლისთანავე დაიპყრო. ჩვენი გონება შეუვალი რწმენით არის მოწამლული, სულ გვგონია, რომ მოვიგებთ და არაფერი დაშავდება, ვერ ვაკონტროლებთ განცდებს და ჩვენი იმედგაცრუებული გონება მხოლოდ უკვე დამდგარ შედეგს აღიქვამს, რომელიც თავისი სიმწვავით გვანადგურებს, გვწვავს სირცხვილის გრძნობით და ჩვენც თავის გადარჩენის მიზნით დანაშაულამდე ან თვითმკვლელობამდე მივყავართ. ლუდომანია 21-ე საუკუნეში კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერია, ეს მოჯადოებული წრეა. ისტორიები უსასრულოდ მეორდება, ერთი და იმავე ხასიათის დანაშაულები, დრო კი არ ჩერდება და ჩვენ გისოსებს მიღმა ვაგრძელებთ ცხოვრებას, გვიყვარს, გვენატრება, ვოცნებობთ და ველოდებით, ჩვენ ცხოვრება გვინდა, ბედნიერება გვწყურია!
მივმართავთ სახელმწიფოზე პასუხისმგებელ პირებს - ნასამართლობიდან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან რთულია დასაქმება, თითქმის წარმოუდგენელი, მთელი არსებით გვინდა ციხიდან გათავისუფლების შემდგომ საკუთარი თავი და ცხოვრება დავიბრუნოთ. აღარ გვინდა იგივე განმეორდეს და ელემენტარული სურვილების დასაკმაყოფილებლად კაზინოში მოგვიწიოს წასვლამ. ეს ძალიან არ გვინდა! იქნებ რამე ჭკვიანური ალტერნატივა შემოგვთავაზოთ - პროგრამა, რომელშიც ჩავერთვებით და ცხოვრებას რაციონალურად აღვიქვამთ. ან იქნებ მივბაძოთ სხვა განვითარებულ ქვეყნებს და ავკრძალოთ კაზინოები. მივიღოთ მკაცრი რეგულაციები და სათამაშო სივრცეების ქალაქიდან გატანა მკვეთრად შეამცირებს დანაშაულთა რიცხვს და პატიმრების რაოდენობას, რაც გამოთავისუფლებულ თანხებს ნიშნავს ქვეყნისთვის. ასევე შემცირდება ოჯახთა ნგრევისა და მატერიალური გაკოტრების სტატისტიკური ციფრი, შემცირდება თვითმკვლელობის ფაქტები და უკვე ყოფილ აზარტულ მოთამაშეთა გამოჯანმრთელებული ფსიქიკა, აღდგენილი უნარები, განწმენდილი გონება და თავისუფალი სული სახელმწიფოებრივ განვითარებას და სასიკეთო საქმეს მოხმარდება. გვესმის, შეიძლება ვინმემ გვითხრას, რომ ადამიანის თავისუფალი ნება არ უნდა შეიზღუდოსო და როგორც თქვენ არ გინდათ კაზინო, ისე ვიღაცას უნდა და არჩევანის უფლება ყველას უნდა ჰქონდესო. გეთანხმებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ერი იღუპება, ეს გენოციდია! სადაც იმას გვიკანონებთ, რა მოვწიოთ, როდის და სად მოვწიოთ, რამდენი მოვწიოთ და ა.შ. მაშინ აზარტულ თამაშებსაც მიხედეთ! სხვა სახელმწიფოების მთავრობა, სადაც თამაში აკრძალულია, ჩვენზე მეტად ზრუნავს თავიანთ მოქალაქეებზე, თუ ნაკლებად უნდათ კაზინოებით გამდიდრებული ბიუჯეტი?"
"ეს სტატისტიკა რომ ყველა ციხეში დაზუსტდეს, საგანგაშო სურათს მივიღებთ"
გიორგი ბახტურიძე, "ჯანმრთელობის ხელშეწყობის ალიანსის" ხელმძღვანელი: "არ არსებობს გემბლინგის მსხვერპლ პატიმართა სტატისტიკა, არც აზარტული თამაშებით დაკავებულთა ზუსტი რიცხვია ცნობილი. ჩვენი გათვლით, ნახევარი მილიონი კაცი იქნება.
როდესაც ადამიანი დანაშაულს სჩადის, მას ასამართლებენ კონკრეტული ქმედების შესაბამისი მუხლით. რა იყო დანაშაულის ჩადენის მოტივი, ეს გამოძიების საქმეა. ამიტომაც არავინ იცის, რამდენმა კაცმა იქურდა აზარტულ თამაშებში წაგებული ფულის გადასახდელად ან სათამაშოდ.
გლდანის პატიმართა ინფორმაციით, მხოლოდ ერთ ციხეში მსჯავრდადებულთა მესამედი სწორედ ლუდომანიის გამო იხდის სასჯელს. ეს სტატისტიკა რომ ყველა ციხეში დაზუსტდეს, საგანგაშო სურათს მივიღებთ და სახელმწიფო იძულებული გახდება დაარეგულიროს სათამაშო ბიზნესი.
2013 წლიდან ველოდებით, რომ სახელმწიფო პოლიტიკას შეცვლის, მაგრამ ამაოდ. თამაშში ჩართულია უამრავი არასრულწლოვანი, რასაც სახელმწიფო ხელს არ უშლის. ამიტომაც გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიღებას სათამაშო ბიზნესის მფარველები მართავენ.
"ლუდომანია საბოლოოდ სახელმწიფოსაც კლავს!"
თამარ ჯაფარიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ": - სანდრო საოცარი ახალგაზრდაა, იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვების გადასარჩენადაც. მუდმივად გამოსავლის ძიებაშია, მაგრამ სახელმწიფოსგან არანაირი ხელშეწყობა არა აქვს და ისევ საზოგადოების მხარდაჭერა აიმედებს. რომანიც დაწერა, სადაც ზედმიწევნით ასახა ლუდომანიის დამანგრეველი თვისებები, რომ ის, არა მხოლოდ ცალკეულ პირებს, ოჯახებს და საბოლოოდ სახელმწიფოს კლავს, რადგან სახელმწიფოს, რომლის ეკონომიკაც ლატარიებითა და აზარტული თამაშებით აშენებას აპირებს, მომავალი არა აქვს. სანდროს ოცნებაა, თვეში ერთხელ გამოდიოდეს რაიმე გამოცემა ან ჩანართი, სადაც ლუდომანიის მსხვერპლთა შესახებ მოგვითხრობენ. ასევე, ყველა ჩანართში იყოს ინტერვიუ ცნობილ ადამიანთან, რომელიც ლუდომანიის მსხვერპლთ უამბობს, როგორ შეიძლება მიაღწიო წარმატებას თამაშზე დამოკიდებულების გარეშე და ამავე დროს იმსჯელებს, როგორ შეიძლება ლუდომანიის მსხვერპლის სრულფასოვან პიროვნებად საზოგადოებაში დაბრუნება.
სანდრო და მისი თანამოაზრეები მუდმივად საჭიროებენ ფსიქოლოგს, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შედის ჯგუფი და მუშაობს მათYთან, მაგრამ ეს არ კმარა. ისინი მუდმივად საჭიროებენ ამ ტიპის დამხმარეს, რათა ციხიდან გამოსვლამდე მოემზადონ რესოციალიზაციისთვის.
P.S. "კვირის პალიტრამ" პენიტენციარულ სისტემას მიმართა კითხვით, არსებობს თუ არა სამსახური ან სერვისი, რომელიც ლუდომანიის მსხვერპლ პატიმრებთან მუშაობს და მათ რესოციალიზაციისთვის ამზადებს. გვიპასუხეს, რომ არ არსებობს.