"ბავშვმა უცებ "რუგზაკი მოიხსნა", თქვა, უნდა ვიბანაოო და გადახტა წყალში. სულ წამებში გაუჩინარდა" - რა მოხდა ნინოსხევის ჩანჩქერზე?
26 მაისს, უბედური შემთხვევა მოხდა ლაგოდეხის ნაკრძალში, სადაც ექსკურსიაზე - ნინოსხევის ჩანჩქერზე მყოფი 16 წლის გოგონა წყალმა წაიღო. გვიან ღამემდე რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველები დაკარგულ მოზარდს ეძებდნენ. დილიდან ისევ განახლდა სამაშველო სამუშაოები, თბილისიდან დამატებით ჩავიდნენ მყვინთავებიც, სამწუხაროდ, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა, მაშველებმა ცხედარი ახლახან იპოვეს.
როგორც გაირკვა დაკარგული გოგონა კერძო სკოლა "ალბიონის" მეთერმეტე კლასის მოსწავლეა. ის და მისი თანაკლასელები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე წავიდნენ, რა დროსაც მოხდა ეს ტრაგედია. ექსკურსიაზე მყოფი ფაქტის თვითმხილველი მოსწავლეები და მასწავლებლები ლაგოდეხის პოლიციამ წუხელვე დაკითხა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ დრომდე კახეთში რჩებიან გოგონას ოჯახის წევრები და პედაგოგები. ფაქტის თვითმხილველი ბავშვები მომხდარით შოკირებულები არიან და მომხდარზე საუბარი უჭირთ.
ჩვენ გავესაუბრეთ სკოლა ალბიონის დირექტორის მოადგილეს, ქალბატონ მარიკა ილურიძეს, რომელიც ძალიან განიცდის მომხდარს:
- ჩვენი სკოლის მეთერთმეტე (მეორე )კლასის ექსკურსია იყო და ეს საშინელი ამბავი მოხდა. წუხელვე წავედით კახეთში ყველანი, დირექტორი, სხვა პედაგოგები, გამომძიებელსაც ველაპარაკეთ. უკვე დაკითხეს ბავშვები, ვინც უშუალოდ ამას უყურა, ის პედაგოგებიც, ვინც ახლდა ბავშვებს. როგორც ამბობენ, ბავშვმა უცებ "რუგზაკი მოიხსნა", თქვა, უნდა ვიბანაოო და გადახტა წყალში. სულ წამებში ბავშვი უკვე გაუჩინარდა. ეს არ იყო ჩანჩქერთან, ცოტა ქვემოთ იყო, სადაც თურმე უფრო დაგუბებული წყალია. ბავშვები ამბობენ, დავინახეთ მისი ორი ხელის გასმა წყალში და მერე გაქრაო. ამის შემდეგ მაშინათვე დარეკეს 112-ში ბავშვებმა და პედაგოგმა, მაშველები მოვიდნენ, ის ადგილი არის თურმე ძალიან ღრმა და ვერ იპოვეს. მერე უცებ სეტყვა და წვიმა წამოვიდა, რთული პირობების მიუხედავად ეძებდნენ გვიანობამდე, მაგრამ რომ დაღამდა ხილვადობა გაუარესდა და ძებნა ვერ გააგრძელეს. ძებნა ამ დილით განაახლეს. პოლიციამ წუხელ, 3 საათზე გვითხრა, რომ თბილისდან ჩამოიყვანეს მყვინათავები.
- წყალში რომ შევიდა ბავშვი იმ დროსაც წვიმდა?
- არა, წვიმა მერე დაიწყო. კარგი ამინდი იყო, უცებ გადახტა ბავშვი საბანაოდ. ვიღაცეები იყვნენ იქ ქვევით და ბანაობდნენო, იქ პატარა წყალი ყოფილა, მაგრამ ეს სადაც ჩახტა, იქ დიდი ყოფილა წყალი. დედამისმა თქვა, ცურვა კარგად იცოდაო, ეტყობა ამიტომ გათამამდა. სახლშიც უთქვამს დილით, უნდა ვიბანავოო. ორი ხელის მოსმაც დაინახეს ბავშვებმა, მერე უკვე არავინ არაფერი იცის, იქ ქვის ლოდია და გამომძიებელი ამბობს იმ ქვის ლოდის ქვეშ გაუჩინარდებოდაო. სიღრმე ძალიან დიდი აქვს და იქ შეიძლებოდა ჩაეთრია ბავშვი წყალს. ისეთი ადგილია, აღჭურვილობის გარეშე მაშველებიც ვერ ჩავიდნენ. ჩვენ არ ვკარგავდით იმედს და ვკითხეთ შეიძლებოდა ბავშვი წყალს სხვა მხარეს გამოერიყა, მაგრამ გვითხრეს ეს შეუძლებელიაო... ენით ვერ აღვწერ, იმასაც რასაც განვიცდით. ძალიან კარგი ბავშვი იყო - ნიჭიერი, კონტაქტური, ცელქი.
- მშობელებიც იყვნენ ექსკურსიაზე? - არა მშობლები არ ყოფილან. მერე ჩამოვიდნენ სხვა მშობლებიც და სოფოს მშობლებიც. ექსკურსია როგორც იყო დაგეგმილი, ისე წარიმართა, 3 მასწავლებელი იყო, ექსურსიას ახლდა სკოლის ექიმი, სპორტის მასწავლებელი, იმიტომ რომ მაღალზეა ლაგოდეხის ნაკრძალი და ლაშქრობადაც ითვლება. თვითონ ბავშვები სამ ნაწილად დაიყვნენ, ზოგიერთი ჩამორჩა წინა ნაკადს. სოფო ძალიან ყოჩაღ ნაწილში იყო, სულ წინ მიდიოდა და სწრაფად ავიდა.
- სამწუხაროდ, ყოველ წელს ხდება ტრაგედიები ექსკურსიების დროს, უსაფრთხოების რაიმე წესი ჰქონდა შემუშავებული სკოლას? ან რაიმე რეკომენდაცია ხომ არ მიგიღიათ განათლების სამინისტროდან?
- რეკომენდაციები არის შედგენილი. იცით, ეს კანონი უნდა მოეღოთ, მაგრამ ჯერ ისევ პროქტის სახით არის, თუმცა დაცული იყო, რაც იქ წერია ყველა პუნქტი. ჩვენ ექსკურსიას ისეთი სიფრთხლით ვეკიდებით, ეს არ უნდა დაგვმართნოდა. თვითონ ის ფაქტი, რომ ექიმიც ახლდა და სპორტის მასწავლებელიც ეს უბედურება მაინც მოხდა. მერე სპორტის მასწავლებელი თოკით ჩავიდა, მაგრამ ვერ დაეხმარა, მასწავლებელი თოკით ამოათრიეს... ბავშები დაზაფრულები არიან, ვინც უშუალოდ ამას, ლაპარაკიც არ შეუძლიათ.
(სპეციალურად საიტისთვის)