"უნამუსოდ გამინადგურა ოჯახი, ასეთი შვილი მიწაში ჩამიწვინა და მე უნდა გავჩერდე? ეს გამორიცხულია!"
30 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი უდანაშულოდ ცნო. მას პროკურატურა ბრალად სდებდა ტრანსპორტის მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ორი, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 21 ივლისს სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაიღუპნენ NISSAN TIDA-ში მსხდომი გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და ნუცას მეგობარი ანი ჩხაიძე. BMW X5-ში მორაგბეები - მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად ისხდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ მძიმედ დაშავებული კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეც გარდაიცვალა.
kvirispalitra.ge გიორგის მამას, მალხაზ პაპასკირს დაუკავშირდა, რომელმაც აღშფოთება ვერ დამალა სასამართლოს გადაწყვეტილების გამო და როგორც გვითხრა, სიმართლისთვის ბრძოლას გაათმაგებული ძალებით გააგრძელებს.
მალხაზ პაპასკირი:
- ამ განაჩენით ერთხელ კიდევ გამოჩნდა, რომ ეს ქვეყანა არ არის. ეს არის უნამუსო ქვეყანა, სადაც სამართალი არ არსებობს! მე პირადად, ამიერიდან, ამათი მტერი ვარ. პროცესზე არ ვყოფილვარ, ამათი გამძლები არ ვიყავი. აქამდე თუ ამ ხელისუფლების მხარდამჭერი ვიყავი, ამიერიდან ესენი ჩემთვის აღარ არსებობენ! ასე უნამუსოდ გააკეთო და მოაგვარო ყველაფერი, არ მინახავს. მე, მალხაზ პაპასკირს ამათი სახელის გაგონებაც არ მინდა და ყოველთვის ამათ წინააღმდეგ წავალ. ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს.
- ბატონო მალხაზ, სავარაუდოდ, ელოდით ასეთ განაჩენს... ახლა რას აპირებთ, ბრძოლა გაგრძელდება?
- ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და საქმე აუცილებლად გადავა სააპელაციოში. თვითონ პრეცედენტია საშინელი. აქ მატო ჩემს შვილზე აღარაა საუბარი. მე არასდროს მითქვამს, რომ მკვლელი უნდა დასჯილიყო, მაგრამ ასეთი უნამუსობა, ადამიანებისთვის თვალში ნაცრის შეყრა შეიძლება? მერე რატომ უკვირთ, რომ ესენი არავის აღარ უნდა?! ქვეყანას, სადაც ასეთი ფარისევლობები ხდება, მე პირადად არასდროს დავუჭერ მხარს. ან იმას, კვირიკაშვილს რა ნამუსი აქვს? ნათქვამი მაქვს, როგოც კი მის უდანაშაულობას ბეჭედი დაესმება, მაშინ დაიწყება მისი უბედურება-მეთქი. ამათ ჰგონიათ, ასე იოლად გამოძვრებიან. ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას ღმერთი იოლად არავის პატიობს. რაც ახლა მოხდა და რაც ამათ გააკეთეს, ამის შემდეგ რომელ მორალზე, რომელ კანონზე და რომელ წესიერებაზე უნდა ილაპარაკო?
ბოდიში და, ეს არის გათახსირებულების ქვეყანა. ეს ყველას არ ეხება, მაგრამ პროცესებს გათახსირებულები მართავენ. ოჯახი განადგურდა, 5 წლის ბავშვი დარჩა უპატრონოდ და რა ნამუსით უნდა იაროს ამ მამაცხონებულმა ქუჩაში?!
ელემენტარული, ნამუსის ძარღვიც ხომ არსებობს? პირობით სასჯელს მაინც ველოდი, ბოლომდე არ მჯეროდა ასე სუფთად რომ გამოვიდოდა ეს თავხედი! ესენი არიან ბინძური ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის სიკვდილს ასეთი თვალით შეხედონ. აბსოლუტურად არაფრად გთვლიან და მე რატომ უნდა ჩავთვალო რამედ? ვერ წარმომიდგენია, ასეთი უსამართლო და მახინჯი სასამართლო სად შეიძლება კიდევ იყოს? სამი წელი გვაწამეს და შედეგი? - გაამართლეს, ბიჭი დამნაშავე არ ყოფილა...
ზემოქმედება კანონის ძალით გაგრძელდება. ესენი დიდხანს არ დარჩებიან, მოვა სხვა მთავრობა და 10 წელიც რომ გავიდეს, ბრძოლას თავს არ დავანებებ. ამ თავხედმა და გაურკვეველმა პიროვნებამ უნამუსოდ გამინადგურა ოჯახი, ასეთი შვილი მიწაში ჩამიწვინა და მე უნდა გავჩერდე? ეს გამორიცხულია! ელემენტარულად რომ ეთქვათ, ეს კაცი ამის და ამის გამო იყო დამნაშავეო, ვინ იყო ხმის ამომღები? ყველას შვილს ჯვარი სწერია, მაგრამ მსგავს შემთხვევაში ვერავინ იპოვის სამართალს და ვისი და რისი იმედი უნდა ჰქონდეთ ადამიანებს? ეს არის საშინელი პრეცედენტი. აი, მაგალითად თქვენ, ამის მერე არ გაქვთ უსუსურობის შეგრძნება? ამ სამართლით ეს ქვეყანა ვერ შედგება, ამათი გაგონებაც არ მინდა! ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და თანაც, გაათმაგებულად, თავს და ოჯახს აბუჩად არავის ავაგდებინებ!
(სპეციალურად საიტისთვის)
იხილეთ ასევე: "მეკო კვირიკაშვილს ყველა "აპრავებს" და ეს ტრაგედია უკვე ცირკად გადაიქცა"