"დროზე ჩამოდი, შენც გაგისწორდებით" - ორმაგი მკვლელობა გარდაბანში და კედელზე დაწერილი მუქარის გზავნილი
7 ივნისის გვიან ღამით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სასტიკი მკვლელობა მოხდა. თავდამსხმელებმა ოჯახში შეაღწიეს და შუახნის აზერბაიჯანელი ცოლ-ქმარი მოკლეს. როგორც გარდაბნის მაცხოვრებლები ამბობენ, ცოლ-ქმარს თავში ბლაგვი საგანი ურტყეს, რის შედეგადაც სახე ისე ჰქონდათ დაზიანებული, ახლობლებს მათი ამოცნობაც კი გაუჭირდათ. ამბობენ იმასაც, რომ გარდაცვლილების ვაჟი რუსეთში ცხოვრობს, ოჯახი შეძლებულია, ცოლ-ქმარს გარდაბანში თავისი პატარა ბიზნესი აქვს, თუმცა თავდამსხმელებს სახლში ხელი არაფრისთვის უხლიათ.
ახლობლები ერთ-ერთ ვერსიად შურისძიებას განიხილავენ. ამბობენ იმასაც, რომ მკვლელებმა კედლებზე წარწერები დატოვეს, სადაც მოკლულების ვაჟს უხმობენ: "დროზე ჩამოდი, შენც გაგისწორდებით", - ამ შინაარსის რუსულენოვანი წარწერები დატოვეს მკვლელებმა გარდაცვლილების კერძო სახლის კედლებზე.
ფაქტის გადამოწმება შსს-ში ვცადეთ. უწყების პრესსამსახურში დაგვიდასტურეს მკვლელობის ფაქტი და გვითხრეს, რომ, საქმე 109-ე მუხლითაა აღძრული (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში), გამოძიებას ამ ეტაპზე არც დაკავებული ჰყავს და არც ეჭვმიტანილი და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
(სპეციალურად საიტისთვის)