"შურისძიებების ახალი ტალღის გვეშინია, შვილები მოკლულსაც ჰყავს და მკვლელსაც" - ჩვენი დროის კავკასიური ვენდეტა
სისხლიანი შურისძებას კასპის სოფელ ხიდისყურში, სადაც 65 წლის შახარ ჯემალ ოღლი მოკლეს, მისი მეუღლე კი მძიმედ დაჭრეს. მას მეზობელმა და ნათესავმა 40 წლის ნაზმირ კულბანოვმა 30 წლის წინანდელი დანაშაულის გამო ესროლა - სწორედ 30 წლის წინ მოუკლა ჯემალ ოღლმა ნაზმირს, ბიძა - მამის ძმა. ჯემალ ოღლიმ იმხანად გარდაცვლილს 12 ჭრილობა მიაყენა დანით, რისთვისაც ის 10 წელიწადი იხდიდა სასჯელს. გათავისუფლების შემდეგ ჯემალ ოღლიმ გარდაცვლილის ნათესავებთან ურთიერთობა აღიდგინა და ბოლო დრომდე ურთიერთობდა. ნაზმირ კულბანოვის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობას, რისთვისაც მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.
მომხდარის გამო ახალი შურისძიებების თავიდან ასაშორებლად სოფლის მუსლიმანი მოსახლეობის უხუცესებმა შახარ ჯემალ ოღლის დაკრძალვის შემდეგ, უხუცესთა შეკრება და გარდაცვლილისა და მკვლელის ნათესავების შეხვედრა დაგეგმეს. მომხდარის შესახებ გარდაცვლილის ნათესავი გვესაუბრება, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
- ცუდად ნუ გაგვიგებთ, მაგრამ დანაშაულის დეტალებზე როცა ვსაუბრობ, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ვინაობას არ გაამხელთ. სწორედ ამის გამო ვუთხარით უარი ყველა ტელევიზიას ამ დანაშაულის გაშუქებაზე, ვთხოვეთ, სოფელში არ შემოსულიყვნენ. გვეშინია, რომ თითოეული ჩვენი სიტყვა მორიგი დაპირისპირების საბაბად არ იქცეს. შურისძიება, კავკასიელებისთვის უცხო არ არის, მაგრამ უკვე რამდენი ხანია ჩვენს სოფელში ამის შემთხვევა არ ყოფილა. დღეს კი შურისძიებების ახალი ტალღის გვეშინია, შვილები და ძმისშვილები მოკლულსაც ჰყავს და მკვლელსაც.
- გავრცელებული ინფორმაციით, შურისძიება 30 წლის წინ მომხდარი დანაშაულის გამო მოხდა. 30 წელი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ ადამიანი შურისძების წამს ელოდოს. მით უფრო, რომ მკვლელობაში ბრალდებული ბიძის მკვლელობის დროს 10 წლისაც არ იქნებოდა. - როგორც ჩვენში ამბობენ, სისხლის სუნი ჰაერში სულ ტრიალებს. ჯემალი და ნაზმირის ბიძა სიძე-ცოლისძა იყვნენ. 30 წლის წინ, მკვლელობის ღამეს მარტო ეს ორი სვამდა ერთად, ანუ როცა ეს მკვლელობა მოხდა. ამიტომ ეგ ამბავი, რისთვისაც მოკლა, მარტო ჯემალმა იციოდა. მოკლა, წავიდა, იმის ცოლ-შვილს უთხრა, მოვკალი, მიხედეთო და ციხეში ჩაჯდა. 13 წელიწადი მიუსაჯეს, მაგრამ აქედან 10 წელი იჯდა ციხეში. გათავისუფლების შემდეგ მოკლულის ოჯახთან ურთიერთობა აღადგინა, მათ შორის ნაზმირის ოჯახთანაც. ჩვეულებრივად მიდიოდნენ და მოდიოდნენ ერთმანეთთან. ნაზიმირიც დადიოდა ჯემალის სახლში, მის შვილებთან ერთად ბევრჯერ სუფრასთანაც მჯდარა და უქეიფია. არავინ ელოდა რომ შურისძიება გულში ჰქონდა. მაგრამ გამოჩნდა რომ ჰქონია, - ოჯახში ამ თემაზე, ალბათ ხშირად ლაპარაკობდნენ. იმიტომაც დროს დაელოდა და მოკლა, - ეს მკვლელობა ღამის 11 საათზე მოხდა, როდესაც სოფელი მიწყნარდა. ნაზმირმა ჯემალსაც გულში ესროლა და მის ცოლსაც. თანაც ორი სხვადასხვა იარაღით, - მაკაროვის პისტოლეტით და თოფით. საბდენიეროდ, ცოლს გაუმართლა, ტყია გულს ასცდა.
- ორი იარაღიდან? უცნაურია... - საქმე ის არის, რომ ჯემალ ოღლის შვილები და შვილიშვილები ჰყავს, ისინიც რომ სახლში დახვედროდნენ, უსათუოდ წინააღმდეგობას გაუწევდნენ. ნაზმირს ორი იარაღი ალბათ ამის გათვალისწინებით სჭირდებოდა, საბედნიერეოდ, ისინი სახლში არ დახვდნენ, ფერმაში იყვნენ წასულები და გადარჩნენ.
- ამბობთ, რომ უხუცესებს შურისძიების ახალი ტალღის ეშინიათ, ეს მართლაც რეალურად არის მოსალოდნელი? რას ამბობენ გარდაცვლილის შვილები?
- ისინი არაფერს ამბობენ, ჩუმად არიან და სწორედ ეს სიჩუმე არის საშიში. უკვე ვთქვი, რომ რომ ნაზმირსა და ჯემალსაც შვილებიც ჰყავს და ძმისშვილებიც, ზოგადად ჩვენს სოფლებში ყველა ერთმანეთის ნათესავია და თუ ეს ამბავი მივუშვით, შეიძლება საშინელება დაიწყოს. ამიტომაც ნაზმირისა და ჯემალის ოჯახები ერთმანეთს ყოველგვარი ხმაურის გარეშე უნდა შევახვედროთ და შევარიგოთ.