"ზურაბ დადეშელის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მისი შვილის ნათლიაა"
რუსთავის საქალაქო სასამართლო ახლა იხილავს სადისტურად მოკლულ ზურაბ დადეშელის მკვლელობაში ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმეს. პროკურატურა ხუთივე დაკავებული პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ჩვენი ინფორმაციით, უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულებსაც, ისევე როგორც მსხვერპლს, გვარები გამოცვლილი აქვთ, გიორგი ასათიანი რეალურად გიორგი შონიაა, ხოლო ზურაბ ჯღარკავას გვარი ბარბაქაძეა.
გამოძიებით დადგინდა, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა 37 წლის გიორგი ასათიანმა (გიორგი შონიამ) და მისმა თანამზრახველმა - 1983 წელს დაბადებულმა ზურაბ ჯღარკავამ, (ზურაბ ბარბაქაძემ) წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, პირადობის მოწმობის ამჟამინდელი მონაცემებით, 35 წლის დავით მუმლაძის, რეალურად კი ზურაბ დადეშელის მკვლელობა დაგეგმეს. მსხვერპლის ქალაქიდან გაყვანაში მათ პოლიციელები დაეხმარნენ, დავით მიროტაძე, რომლის დის ქმარიცაა ბარბაქაძე და მისი მეგობრები, გიორგი ღუბიანური და ყოფილი პოლიციელი დიტო დუღაშვილი. ისიც ცნობილია, რომ სახლიდან მხვერპლი მეგობარმა დავით ოქრუაშვილმა, იგივე გიორგი გეთაშვილმა მოტყუებით გამოიყვანა და პოლიციელებს ჩაუგდო ხელში, პოლიციელებმა კი ისინი შონიას და ბარბაქაძეს გადასცეს. გამოძიების მტკიცებით, სწორედ ამ ორმა ადამიანმა მიაყენა დანით 30 ჭრილობა მოკლულს და მიზეზად მათ შორის დაპირისპირება სახელდება.
როგორც ცნობილია, დაკავებული პოლიციელები ადამიანის გატაცებას ადასტურებენ და ამბობენ, რომ სწორედ ამ ორ ადამიანს გადასცეს ისინი, თუმცა ირწმუნებიან, რომ არ იცოდნენ მის მოკვლას რომ აპირებდნენ და ეგონათ, რომ დააშინებდნენ და ქვეყნიდან წასვლას აიძულებდნენ დადეშელს. პოლიციელები არც იმას უარყოფენ, რომ ამაში მათ თითოეულმა თანხა 4000 დოლარი აიღეს. როგორც ცნობილია, მკვლელობაში ბრალდებული ბარბაქაძე ამ დრომდე იძებნება, დაკავებული გიორგი შონია კი დანაშაულს არ აღიარებს. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ არსებობს და რომ მათ ეს მკვლელობა არ ჩაუდენიათ.
შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რაც დღეს ადვოკატისგან შევიტყვეთ, როგორც გაირკვა, მკვლელობაში ბრალდებული შონია დადეშელის შვილის ნათლიაა. ადვოკატი იოსებ ხარატიშვილი როგორც შონიას, ასევე ბარბაქაძის ინტერესებს იცავს. ის აცხადებს, რომ სასამართლოს შონიას, იგივე ასათიანის განთავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ მოითხოვს. ასათიანი, იგივე შონია დუმილის უფლებას იტოვებს, თუმცა წარდგენილ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
იოსებ ხარატიშვილი:
- ჩვენ მოვითხოვთ გირაო შეეფარდოს. არც ასათიანი და არც ჯღარკავა ამ საქმეში არ არიან გარეული. ასათიანი მოკლულის შვილის ნათლიაა. სულ სხვა ადგილას იყვნენ ისინი დანაშაულის დროს და ამას ჩვენ დავამტკიცებთ. ქაოსია ამ საქმეში, ჩვენ დავდებთ ფაქტებს ვინ სად იყო, ასე არ შეიძლება საქმის გამოძიება, ჩვენ დავდებთ მასალებს.
- პოლიციელები პირდაპირ ამხელენ მკვლელობაში ბრალდებულებს და იმასაც ამბობენ, ასათიანი საჭესთან იჯდა, როცა ზურა დადეშელი ჩავსვით მანქანაშიო...
- ეს არ არის სიმართლე, მხოლოდ 4 ბრალდებულის ჩვენებით არის ასათიანი დაკავებული, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში. როგორ შეძლება ხალხის ჩაყრა ასე ციხეში. ასათიანი, იგივე შონია, დასავლეთში იყო, კერძოდ ქორწილში და იქ გააგებინეს ეს ამბავი. დაჯდა მაშინვე მანქანაში, ჩაისვა მეუღლე და თბილისში ჩამოვიდა, ვერ მივიდა თავისი მეგობრის - ზურას სახლამდე, გზაში დააკავეს. საზღვარგარეთ კი არ გაიქცა, აქეთ მოდიოდა.
- რა ურთიერთობა იყო მათ შორის? - გიორგი და ზურა ბავშვობის მეგობრები არიან. ბარბაქაძეც მათი დიდი ხნის მეგობარია. გეთაშვილსაც იცნობდნენ. ჩვეულებრივი მეგობრული ურთიერთობა იყო მათ შორის, არანაირი დაპირისპირება, რომ ერთმანეთი დაეხოცათ. დეტალებს მალე გაიგებთ, სამივე ერთმანეთის მეგობარია. სიცრუეა, რომ ისინი კრიმინალური სამყაროს წევრები არიან. ასე რომ ყოფილიყო, ციხეში იქნებოდნენ შეყრილები. "ობშიაკის" ვერსია აბსურდია. სიმართლე გაირკვევა.
ადვოკატის მტკიცების მიუხედავად, პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათი ბრალეულობის დასამტკიცებლად ყველანაირი მტკიცებულება საქმეში არსებობს. როგორც ცნობილია, დავით ოქრუაშვილი, იგივე გიორგი გეთაშვილი ზურას მეგობარი იყო. დადგენილია, რომ სწორედ მან გამოიტყუა სახლიდან მოკლული, ამის შემდეგ, როცა ოჯახი დაკარგულ ახალგაზრდას ეძებდა, ის თურმე მათ სახლში ჩვეულებრივ მიდიოდა და ეუბნებოდა, გამოჩდება ზურა, აბა, სად წავაო. დანაშაული, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. როგორც ახლობლები ამბობენ, ზურა პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობდა და კრიმინალურ სამყაროსთან შეხება არ ჰქონია. რა დაპირისპირება იყო მათ შორის, რატომ გაწირა შვილის ნათლიამ და მეგობრებმა ზურაბ დადეშელი, ეს გამოძიებით უნდა გაირკვეს.
(სპეციალურად საიტისთვის)