"ქალმა ისტერიკული კივილი დაიწყო. დათომ უთხრა, თავი არ მომჭრა, არ დარეკო 112-ში, თორემ ყოფას გიტირებო..."
"ქალმა ისტერიკული კივილი დაიწყო. დათომ უთხრა, თავი არ მომჭრა, არ დარეკო 112-ში, თორემ ყოფას გიტირებო. სწორედ დათოს ეს სიტყვები დაკვალიფიცირდა მუქარად"
საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე გლდანის ციხეშია გამოკეტილი. პროკურატურის მტკიცებით, 27 აპრილს, ღამით, ნასვამმა მეუღლეს, მანანა ბოლოთაშვილს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლით დაემუქრა, რა დროსაც ერთხელ ისროლა. დავით ცინარიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამბობს, რომ მეუღლეზე არ უძალადია. ადასტურებს, რომ მცირე კონფლიქტი მოხდა და ისიც კარანტინით გაღიზიანების გამო...
ვანო ოქროპირიძე, პროკურორი: "საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება დ.ც.-ს მხრიდან მეუღლის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის მცდელობის ფაქტი, ეს არ დაადასტურა თავად დაზარალებულმაც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იარაღის მჭიდში 13 ვაზნა იყო, რაც ცინარიძეს შესაძლებლობას აძლევდა მკვლელობის განზრახვა სისრულეში მოეყვანა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, ახლა ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს. სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა".
კახა ხვისტანი, ბრალდებულის ადვოკატი: - სიცოცხლის ხელყოფის მუქარა აბსოლუტური ტყუილია. "ყოფას გიტირებ" - ეს იყო ნათქვამი. საზოგადოება მალე ნახავს, რომ ცინარიძე ამ ბრალდებაში აბსოლუტურად გამართლდება.
დათოს იარაღი შემთხვევით რომ გაუვარდა, მისი მეუღლეც ადასტურებს. დიახ, ნასვამი იყო, რამდენიმე ჭიქა ჰქონდა დალეული მეგობრის დაბადების დღეზე. სასამართლოს ობიექტურად რომ შეეფასებინა მდგომარეობა, თავიდანვე გამორიცხავდა ამ დანაშაულის შემადგენლობას.
ამ თემის ანგაჟირება მოხდა, მოსამართლემ კი საზოგადოებრივ ინტერესს ვერ გაუძლო. დასჯის მიზნით აღკვეთის ღონისძიების გამოყენება დაუშვებელია, მას იმისთვის იყენებენ, რომ ბრალდებულმა ახალი დანაშაული არ ჩაიდინოს, არ მიიმალოს, მტკიცებულებები არ გაანადგუროს. შემთხვევას ერთადერთი თვითმხილველი ჰყავს, რომელიც ორჯერ დაჰკითხეს, დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და მასრა. სასამართლოს ალტერნატივად გირაო და ყველა უფლების აღკვეთა შევთავაზეთ - სახლიდან გამოსვლა გარდაუვალი საჭიროების გარდა, ცოლთან მიახლოების უფლების აკრძალვა, პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩამორთმევა, ყოველდღე გამოცხადდებოდა პოლიციაში, თუმცა მაინც პატიმრობა შეეფარდა, არადა, ბრალი დაუსაბუთებელია.
- იქნებ უფრო დეტალურად გვითხრათ, რა მოხდა იმ დღეს?
- იმ საღამოს დათო შინ ნასვამი დაბრუნდა. მეუღლე დივანზე ეძინა, დათომ გააღვიძა, წამოდი, საწოლში დაწექიო. ამ გაღვიძების გამო წაკამათდნენ. შემდეგ დათომ ბალიში აიღო და დასაძინებლად წავიდა ეზოში მდებარე მარანში, სახლიდან 100 მეტრის მოშორებით. მას ცოლიც მიჰყვა, დათომ უთხრა, თავი დამანებეო, ცოლი კი სახლში შესვლას სთხოვდა. ამის გამო ისევ წაკამათდნენ და ამ დროს ცოლს შეაგინა. ამაზე ქალი გაბრაზდა. უთხრა, თუ არ წამოხვალ, პატრულში დავრეკავო. დათო ცოლს შეეწინააღმდეგა, უნდოდა ტელეფონი წაერთმია, ცდილობდა ხელიდან გამოეგლიჯა და ამ ძიძგილაობისას საქამრიდან დათოს იარაღი ამოუვარდა და ძირს დაუვარდა. მან ყურადღება იარაღზე გადაიტანა, ამასობაში ცოლმა ხელი გაითავისუფლა, წიხლი ჰკრა ქმარს და სწორედ ამ დროს გავარდა იარაღი. ერთი ტყვია კედელს მოხვდა. ქალმა ისტერიკული კივილი დაიწყო. დათომ უთხრა, თავი არ მომჭრა, არ დარეკო 112-ში, თორემ ყოფას გიტირებო. სწორედ დათოს ეს სიტყვები დაკვალიფიცირდა მუქარად. ამასობაში ცოლმა 112-ში დარეკა. ამის შემდეგ დათო ადის სახლში, აღვიძებს მეუღლის შვილს პირველი ქორწინებიდან და ეუბნება, წადი, დედაშენს მიხედე, დაამშვიდეო.
მანანა ბოლოთაშვილს პირველი ქორწინებიდან 21 წლის გოგო ჰყავს. ის ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. წყვილმა 2003 წელს იქორწინა. დათო მოქმედი პოლიციელი არ არის, 2 წელია სისტემიდან წამოსულია. მისი ცოლიც ყოფილი პოლიციელია. წყვილს 2 შვილი ჰყავს. მათ კონფლიქტი არასოდეს ჰქონიათ. ცინარიძეს ჩვენება ჯერ არ მიუცია. არ უნდა დეტალებზე საუბარი, რადგან საქმე ოჯახს ეხება, მისთვის კი ოჯახი წმინდაა. ის ტყუილად ზის ციხეში.
- თუ მოქმედი პოლიციელი არ არის, შეიარაღებული რატომ დადიოდა? - მაიორს იარაღის შენახვა-ტარების უფლება აქვს. რეგისტრირებული იარაღი იყო, "გლოკის" სისტემის პისტოლეტი.
- ოჯახში ძალადობაზე გამკაცრებულია კანონმდებლობა, არაერთი პირია პასუხისგებაში მიცემული და რატომ გაგიკვირდათ ცინარიძის დაკავება, თანაც საქმეში იარაღიც ფიგურირებს? - მე მყავს კლიენტები, რომლებსაც უფრო მძიმე ქმედებისთვის პირობითი მსჯავრი აქვთ, დათოს კი წარსული არა აქვს შებღალული, არ არის ნასამართლევი, არასოდეს ჰქონია ადმინისტრაციული სახდელი. პატიოსანი მოქალაქეა...
- მომხდარს ნანობს? - ნანობ, როცა განზრახ დანაშაულს სჩადიხარ, მას კი იარაღი შემთხვევით გაუვარდა და ამას ძალიან განიცდის. კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე, მათ შორის დაზარალებული, უარყოფს ფიზიკურ ძალადობას, ოჯახური ძალადობის მაკვალიფიცირებელი ნიშანი კი არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. რაზე დაყრდნობით ამბობს ამას პროკურატურა, როცა ერთი ირიბი მტკიცებულებაც კი არ არსებობს.
P.S. მანანა ბოლოთაშვილს დაზარალებულის სტატუსი პროკურატურამ უკვე მიანიჭა. მისი თქმით, ფიზიკური დაზიანება არ მიუღია... თავის ფეისბუკგვერდზე 1-ელ აპრილს დაწერა: "არავინ გაგიხსენებს, რამდენი მოითმინე, მაგრამ იმას ყოველთვის გაგახსენებენ, რაც ვერ მოითმინე". იყო თუ არა სხვა დროსაც ის ძალადობის მსხვერპლი, გამოძიება დაადგენს.