რატომ არ დაესწრო პრესკონფერენციას ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე?
ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი (ნეკა) დოროყაშვილის ადვოკატებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. როგორც დილიდან ცნობილი იყო, პრესკონფერენციას უნდა დასწრებოდა თავად ნეკა დოროყაშვილი, თუმცა ის არ გამოცხადდა და ამის მიზეზი მისმა უფლებადამცველებმა განმარტეს.
"თავად ქალბატონი ნელი იმის გათვალისწინებით, რომ ნამდვილად არ არის ადვილი, რაც დღეს ხდება, ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, მან ვერ შეძლო დღეს ჩვენთან ერთად ყოფნა, ალბათ ეს გასაგებიც არის, მაგრამ ჩვენ გადმოვცემთ ყველა მის მოსაზრებას და ყველა ეს მოსაზრება შეთახმებულია მასთან... ნელი დოროყაშვილის, როგორც დედის მთავარი პრიორიტეტია არასრულწლოვანი შვილის ინტერესების დაცვა და სწორედაც ამიტომ მან თავი შეიკავა დღეს პირდაპირ მედიასთან ესაუბრა. ის ერთი მხრივ არის დაზარალებული ქალი, მაგრამ ამასთანავე ის არის პრაქტიკულად ერთადერთი აღმზრდელი შვილის და ამ წუთებშიც მის შვილთან დაკავშირებულ წუხილებზე ზრუნავს, ამიტომ დღეს უმჯობესია მისი ბავშვთან ყოფნა და ბავშვის ფსიქო-ემოციურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა", - განაცხადა ადვოკატმა ანა აბაშიძემ.