რა მიზნით შემოვიდნენ ბათუმში შეიარაღებული თურქები - კვირის პალიტრა

რა მიზნით შემოვიდნენ ბათუმში შეიარაღებული თურქები

"თუ დადასტურდა, რომ ისინი სუს-ის თანამშრომლის ბინაში ცხოვრობდნენ, ეს ბევრ კითხვას გააჩენს"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად ბათუმში თურქეთის 9 მოქალაქე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებულებს არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში... გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.

დაკავებულმა არალეგალებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ სამშობლოდან ტერორისტულ ორგანიზაციას გამოექცნენ და საქართველოში თავშესაფრის მიღება სურდათ. მათ აღიარეს, რომ საქართველო-თურქეთის საზღვარი უკანონოდ, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადმოკვეთეს, შემდეგ ბათუმში დასახლდნენ და იქირავეს ბინები. სასამართლომ რეალურად მიიჩნია მათგან მოსალოდნელი საფრთხე და ცხრავეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც პროკურატურა განმარტავს, იარაღზე დანიშნულია ექსპერტიზა და გამოძიება გრძელდება მათი წარმომავლობა-კუთვნილების დასადგენად. გარდა ამისა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ, რა გზით და რა მიზნით შემოვიდნენ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე, ჰქონდათ თუ არა იმის საფუძველი, რომ დაეტოვებინათ სამშობლო, მალულად შემოსულიყვნენ საქართველოში და არსებობს თუ არა რაიმე საფრთხე მათი აქ ყოფნის შემთხვევაში. არ გამორიცხავენ, რომ თურქეთის მოქალაქეების საქმე ტერორიზმს დაუკავშირდეს.

ბადრი ნაჭყებია, ტერორიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი:

- თურქულ მედიაში ითქვა, რომ ბრალდებულები თურქული კრიმინალური დაჯგუფება "ბინ დაეზის" წევრები არიან. იზიარებთ თუ არა ამ ინფორმაციას და რა მიზანი უნდა ჰქონოდათ მათ საქართველოში? - ჯერჯერობით ამ თემაზე თურქულ პრესაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ვიცი, ისინი მართლაც შეიარაღებული დაჯგუფების წევრები არიან და მათ შორის ერთ-ერთი ლიდერია. ისინი თურქეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა თურქულ მაფიოზურ ბიზნესში იყვნენ ჩართული - ტრეფიკინგში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში... არის ინფორმაციაც, რომ ამ დაჯგუფების კისერზე ათეულობით მკვლელობაა - ეს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებაა. თურქეთში ბევრი დაჯგუფება, დაახლოებით 7-8 კლანია. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, დაკავებულები რომელი კლანის წევრები არიან.

"ბინ დაეზი" კრიმინალური შეიარაღებული დაჯგუფებაა და ის დაკავებულია ტრეფიკინგით, იარაღით ვაჭრობით, ძარცვით და ა.შ. პრესაში იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ თურქული პრესა, როგორც წესი, პირველად ბევრ ინფორმაციას ყრის და მერე ალაგებს. დაახლოებით 2-3 კვირაში უფრო ჩამოყალიბებული ინფორმაცია გავრცელდება იზმირიდან.

ის ამბავი, რომ დაკავებულებმა თავშესაფრის ძებნა საქართველოში დაიწყეს, ძალიან ცუდი ფაქტია, რადგან პოსტსაბჭოური ქვეყნების კრიმინალები ძალიან ხშირად თავშესაფარს თურქეთში პოულობენ. მაგალითად, გავლენიანი აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდი" "გული" (ნადირ სალიფოვი) თურქეთში დაფუძნდა და მასზე ერთ-ერთმა კლანმა თავდასხმაც სცადა. ასევე იყო ლავას-ოღლი - ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი. როგორც წესი, ორ ქვეყანაზე კეთდებოდა აქცენტი - საბერძნეთსა და თურქეთზე, სადაც ქართველი კრიმინალები იკრიბებოდნენ. ეს კლანები ხშირად თანამშრომლობენ ტერორისტებთან. მაგალითად, ლაპარაკობენ ერთ-ერთ ეთნიკურ ჯგუფზე, "ზაზა კლანზე", რომელიც თურქეთის ქურთ მუშათა პარტიასთან თანამშრომლობს. თურქეთი ამ პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის. ჩვენმა დაზვერვამ და კონტრდაზვერვამ კარგად იმუშავეს, სავარაუდოდ, კარგად შეისწავლეს მათი საქმე და მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ ეს საეჭვო პირები აიყვანეს.

- ითქვა, რომ თურქეთიდან დევნილები საქართველოში იანვარში შემოვიდნენ და რაც მთავარია, არალეგალურად... - ამ საქმეში სწორედ ეს მომენტია საინტერესო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა ვართ ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომ ვაკონტროლებდეთ ქართულ-თურქულ საზღვარს. საბჭოთა დროს ეს ყველაზე დაცული საზღვარი იყო, თუმცა დღეს საქართველოს სახელმწიფოს რესურსებით ძალიან ძნელია ამ რეგიონის საფუძვლიანად გაკონტროლება. მისასალმებელია, რომ ქართული და თურქული ძალოვანი სტრუქტურები თანამშრომლობენ. ეს კარგის ნიშანია და იმედია, ასეთი ამბები იშვიათად მოხდება. დაველოდოთ გამოძიებას და მალე გაირკვევა, აქვთ თუ არა მათ კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებთან.

იქიდან გამომდინარე, რომ მაფიოზური კლანი "ისლამურ სახელმწიფოშიც" მოქმედებს, არ არის გამორიცხული, მათ ამ რადიკალებთან კავშირი ჰქონდეთ. მას შემდეგ, რაც სირიიდან ლტოლვილების დიდი ნაკადი წამოვიდა, მათ არალეგალურ გადაყვანას ევროპაში თურქული მაფია ხელმძღვანელობდა. ამიტომ თურქული მაფია რომ გადაჯაჭვულია ტერორისტულ ორგანიზაციებთან და მათთან თანამშრომლობს, რეალობაა. ვფიქრობ, ამ შემთხვევას შესაბამისმა უწყებებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ.

- ითქვა, რომ მათ გარშემო საეჭვო მოძრაობები საქართველოშიც გაგრძელდა. რა საფრთხის შემცველი იყო მათი აჭარაში ყოფნა? - საფრთხე ის არის, რომ რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას შეეძლო ამ დაჯგუფების გამოყენება ჩვენს ტერიტორიაზე.

ჩვენ გვქონდა ჩატაევთან დაკავშირებული სავალალო შემთხვევა ბერი სალოსის ქუჩაზე და, რასაკვირველია, ამჯერადაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. მოგეხსენებათ, თურქული რადიკალური ორგანიზაციები და "ისლამური სახელმწიფო" დასაყრდენს ახლომდებარე რეგიონებში ეძებენ, იქ, სადაც მუსლიმანი მოსახლეობაა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს აჭარასთან, სადაც თურქული რელიგიური ექსპანსია საკმაოდ სერიოზული იყო და რომელიც, სამწუხაროდ, რადიკალური იდეებით შემოვიდა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი ქვეყნის იმ ახალგაზრდების არცთუ ისე პატარა სია, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდნენ. ვერსიას, რომ ისინი ტერორისტული აქტების მოსაწყობად შემოვიდნენ, აქვს არსებობის უფლება.

მე ვაკვირდებოდი თურქული მაფიის ძებნილთა ტრაექტორიას - როცა მათ პოლიციასთან პრობლემები აქვთ, ხშირად ისეთ ქვეყნებში იმალებიან, როგორიცაა, მაგალითად, ბულგარეთი - თურქული მაფია ინტენსიურად თანამშრომლობს ბულგარულ მაფიასთან. დიდი ჯგუფები მუშაობენ ბოსნია-ჰერცეგოვინაშიც. ბულგარეთში დაახლოებით 12% თურქი მოსახლეობაა. მათ მჭიდრო კავშირი აქვთ ისტორიულ სამშობლოსთან. ეს პირველი შემთხვევაა, როცა თურქმა კრიმინალებმა თავშესაფრად საქართველო აირჩიეს, ამიტომ ამ პრეცედენტს უნდა მივცეთ სერიოზული შეფასება და ეს საქმე ძირფესვიანად გამოვიძიოთ.

- მაინც რა შეიძლება ყოფილიყო მათი მიზანი და ვინ შეიძლება იდგეს მათ უკან? - აჭარის რეგიონი საინტერესო ანკლავი გახდა. ეს უკვე საერთაშორისო ზონაა, სადაც თურქული ბიზნესები, კაზინოებია... აქ ბევრი ბიზნესმენი ჩამოდის შავი ზღვის რეგიონებიდან, სადაც ასეთი დონის კაზინოები არ არის. სამწუხაროდ, რეგიონში არის პროსტიტუცია, რაშიც ჩართული არიან ემიგრანტები შუა აზიიდან და რომელთაც, როგორც ვიცი, თურქული და აზერბაიჯანული მაფია აკონტროლებდნენ. განვითარების დონითა და გასართობი ინდუსტრიით აჭარა თავისუფალი ზონაა და არ გამოვრიცხავ იმ ვერსიასაც, რომ ეს იყო ცდა აეთვისებინათ და ფეხი მოეკიდებინათ რეგიონში.

თურქულ მაფიას მყარად აქვს ფეხი მოკიდებული რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ასევე საფრანგეთის სამხრეთში, გერმანიაში, სადაც ჯერ კიდევ ემიგრაციის პირველი ტალღიდან, 50-იან წლებში დაიწყეს პოზიციების გამყარება. თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომ თურქი მოქალაქეები მართლაც სუს-ის თანამშრომლის ბინაში ცხოვრობდნენ, ეს ძალიან ბევრ კითხვას გააჩენს და შესაბამის სტრუქტურებს მოუწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.