"დამნაშავეც რომ ვყოფილიყავი, ვანო ზარდიაშვილი რა შუაშია"? - რას ამბობდა აბრალავა ერთი წლის წინ ნორვეგიაში დაკავების თაობაზე?
"დაკავებულებს პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან"
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულ გრიგოლ აბრალავასა და ნუგზარ თალაკვაძეს პატიმრობა შეუფარდა. გრიგოლ აბრალავა საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, ანზორ აბრალავას ვაჟია. ის 1999-2004 წლებში ბლოკ "საქართველოს აღორძინების" წევრი იყო. აბრალავების სიძეა ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი, რომლის გავლენაზე საზოგადოებაში ბევრს ლაპარაკობენ.
ფაქტი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მოხდა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის პატრულ-ინსპექტორებმა იმ ავტომანქანის შეჩერება სცადეს, რომელშიც აბრალავა და თალაკვაძე ისხდნენ. ისინი მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, თუმცა პოლიციელებმა დევნის შედეგად ავტომანქანა მაინც შეაჩერეს.
უწყების ინფორმაციით, ავტომანქანიდან გადმოსულმა გრიგოლ აბრალავამ და ნუგზარ თალაკვაძემ პატრულ-ინსპექტორებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს. ბრალდებულებს ჯერ გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუციათ. იყვნენ თუ არა დაკავებულები ნასვამები, ჯერ უცნობია.
აბრალავას ადვოკატი იოსებ ხარატიშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და სააპელაციო სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ (2.000-დან 5.000 ლარამდე) გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.
იოსებ ხარატიშვილი: - არ შეიძლება აბრალავაზე ვილაპარაკოთ, როგორც კრიმინალზე, რადგან ის ნასამართლევი არ არის. გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაც მოვითხოვეთ, მაგრამ ამ შუამდგომლობას მოსამართლე არ დაეთანხმა. ასევე მზად ვიყავით, ბრალდებულს ჩაებარებინა საზღვარგარეთის პასპორტი, პოლიციაში გამოცხადებულიყო კვირაში ერთხელ და მისი მიმოსვლა ეკონტროლებინა შესაბამის უწყებას, თუმცა ამაზეც უარი გვითხრეს, რაც, ალბათ, გამოიწვია წაყენებულმა მუხლმა. დაკავებულებს პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
- აბრალავა ბრალს აღიარებს? - ჯერ მას მხოლოდ წინასწარი დაკავების იზოლატორში შევხვდი. დეტალებზე არ გვილაპარაკია, ამიტომ დუმილის უფლება აირჩია. ეს არც აღიარებას ნიშნავს და არც - უარყოფას. ყველაფერს ერთად რომ გავაანალიზებთ, ამის შემდეგ მისცემს ჩვენებას.
- მას პოლიციელებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან... - სანამ ჩემი დასაცავი ჩვენებას არ მისცემს, რამის თქმის უფლება არ მაქვს. ის ჩვეულებრივი თბილისელი კაცია, აქვს კერძო ბიზნესი, ჰყავს მეუღლე, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არასდროს ჰქონია, ნასამართლევი არ არის...
მერწმუნეთ, ცნობილი ოჯახი რომ არ ეხსენებინათ, აბრალავა ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმა რომ არ ყოფილიყო, ეს საქმე არც გახმაურდებოდა, ვერც გაიგებდით, რა მოხდა იმ დღეს.
- არც თალაკვაძე აღიარებს დანაშაულს?
- თალაკვაძეს სასამართლოზე ადვოკატი არ ჰყავდა, თვითონ იცავდა თავს...
ზარდიაშვილის ცოლისძმა სკანდალში ერთი წლის წინაც გაეხვია...
2019 წლის თებერვალში გრიგოლ აბრალავა ნორვეგიაში დააკავეს. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებულსა და მის მეგობრებს ქურდობას ედავებოდნენ, თუმცა ეს ინფორმაცია გრიგოლის მამამ, ანზორ აბრალავამ კატეგორიულად უარყო. სამი თვის შემდეგ, გრიგოლ აბრალავა საქართველოში დაბრუნდა. ანზორ აბრალავა მაშინ ამბობდა, რომ შემოწმების ხანგრძლივი პროცედურის შემდეგ მისი შვილი და კიდევ ორი დაკავებული ნორვეგიელმა სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს... ნორვეგიაში მათი დაკავების ფაქტს შსს-ც ადასტურებდა. მაშინ გრიგოლ აბრალავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელი იყო. მასთან ერთად ნორვეგიაში დაკავებული იყვნენ თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ისნის განყოფილების უფროსი გიორგი კიკნაძე და ბიზნესმენი გრიშა მარღანია. მაშინ ვანო ზარდიაშვილი მოქმედი დეპუტატი იყო.
სამშობლოში დაბრუნებული გრიგოლ აბრალავა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ვერ ხსნიდა, რატომ დაუკავშირეს მისი სახელი ვანო ზარდიაშვილს.
"ვანო ზარდიაშვილი საჯარო პერსონა, პარლამენტის წევრია. თუნდაც დამნაშავე ვყოფილიყავი, მას რა უნდა გაეკეთებინა? ან ვანო ზარდიაშვილმა რომ ჩაიდინოს დანაშაული, ამაზე პასუხი მე უნდა ვაგო? ადამიანები ჩვენს დანაშაულზე ვაგებთ პასუხს. ჩემი აზრით, ეს თემა ზარდიაშვილს იმის გამო დაუკავშირეს, რომ აქტუალური და საზოგადოებისთვის საინტერესო გამხდარიყო. არა მგონია, საზოგადოებას ჩემი დაკავება მაინცდამაინც აინტერესებდეს".
მაშინ აბრალავა ამტკიცებდა, რომ ის და მისი მეგობრები ნორვეგიაში საბუთების შემოწმების მიზნით გააჩერეს, მერე კი დააკავეს და სამართალდამცავებმა კრიმინალურ დაჯგუფებებთან მათი შესაძლო კავშირები შეამოწმეს.
"ჩემი ადვოკატი მეხვეწებოდა, დარჩი, ცოტა მოითმინე, მალე კომპენსაციასაც აიღებ და საქართველოში ისე დაბრუნდებიო, მაგრამ ეს არ გავაკეთე, რადგან იქ ყოფნა არანაირ ფულად არ მიღირდა. კომპენსაცია ყოველთვე 3.000 ევროს ითვალისწინებდა, მაგრამ მეც და ჩემმა მეგობრებმაც ჩემს ქვეყანაში დაბრუნება გადავწყვიტეთ. მარღანიას იქ ყოფნისას შვილი შეეძინა. რაც შეეხება კიკნაძეს, ის თბილისის მერიის ერთ-ერთ სსიპ-ში მუშაობდა. მასზეც აგორდა შავი პიარი, ამიტომ საქართველოში დროულად ჩამოსვლა გადავწყვიტეთ. როცა წავედი, ერთკვირიანი შვებულება ავიღე, იქ ყოფნისას კი შვებულება გავაგრძელე".