გიდი თუ ექსპერტი? - ვინ არის გალინა კარმუშინა, რომელიც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთო
გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზაში, სამხარაულის ექსპერტებთან ერთად, ოჯახის მოწვევით, დამოუკიდებელ ექსპერტად გალინა კარმუშინა ჩაერთო, რომელიც "ემპათიას" წარმოადგენს. შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყესთან, საკუთარ ავტომობილში, გარდაცვლილი იპოვეს.
ცნობილია ისიც, რომ გოგონას ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, ამიტომაც გადაწყვიტეს საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა. თუმცა ამ საქმეში გალინა კარმუშინას გამოჩენამ კითხვები გააჩინა. ამ ქალბატონის სკანდალური განცხადება გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გაცემულ ექსპერტიზაზე საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. იგი "მთავარი არხისა" და "ფორმულას" მომზადებულ სიუჟეტებში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საკუთარ ვერსიაზე ლაპარაკობდა და აცხადებდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეული წყალში 4 დღე არ იყო. "მე ექსპერტიზის პასუხების და ფოტოების საფუძველზე გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ის 48 საათზე ნაკლები დროის გარდაცვლილია, რადგან წარმოუდგენელია გვამური გაშეშებები ცხედარს ჰქონდეს 84 საათის მანძილზე", - განუცხადა კარმუშინამ ტელევიზიებს.
მის გამოჩენას დიდი ხმაური მოყვა და სოციალურ ქსელში ანალიტიკოსმა ირაკლი ლატარიამ უკრაინელი "დამოუკიდებელი ექსპერტის" თაობაზე დაწერა, რომ გალინა კარმუშინა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივარია.
"ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო. ხომ გახსოვთ იოსებ კაკალაშვილი, ანუ იგივე ჯოზეფ ქეი? ადამიანი, რომელიც იყო ტაქსის მძღოლი აშშ-ში და გვარამიამ აქცია ყველაზე მდიდარ კაცად, ბიზნესმენად თავისივე გვარით - ქეი, რომელმაც ტაქსის მძღოლობით ,,იყიდა" ტელეკომპანია იმედი.
ახლაც იგივე გრძელდება.
ჯერ იყო და აშშ-ში თუ კი სადმე კლინიკაში დამლაგებლად ვინმე ქართველი იყო (დამლაგებლის პროფესიას არ ვეხები, უბრალოდ სამედიცინო კუთხით მუშაობის გამოცდილებაზე ვაპელირებ) ყველას აზრი გამოიყენეს როგორც ექსპერტის, ინფექციისა და ეპიდემიის დარგში და ლამის მსოფლიო დონის უმაღლესი ხარისხის ექიმებად გაგვაცნეს ეს ადამიანები.
დღეს კიდევ, გვარამიას ეთერში ყავდა ქალბატონი, რომელმაც ლამის ანგელოზი ბაშვის მკვლელობის საქმე კი არა, რამდენიმე გაუხსნელი საქმეც გახსნა მსოფლიო მასშტაბით, არადა გაინტერესებთ ეგ ქალბატონი ვინ იყო? ქალბატონი გახლავთ გიდი თბილისში, რომელიც უკრაინის კი არა, რუსეთის მოქალაქეა.
მოკლედ, ტაქსის მძღოლებით უვარდებოდნენ ადრე ტელევიზიებს და ახლა კიდევ, სტომატოლოგებითა და გიდებით აპირებენ კორონა და რამდენიმე გაუხსნელი საქმე დაამარცხონ!!!
აღარც კი მეცინება, ჩვეულებრივი მანიაკები არიან რომლებსაც არც ტვინი აქვთ და არც ნამუსი, რომ უბრალოდ გაქრნენ და საზოგადოება აღარ დაწამლონ!!!(იხილეთ პოსტი)
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გალინა კარმუშინა, როგორც ექსპერტი, ისე მონაწილეობს და ისიც ცნობილია, რომ მისი პროფესიული სერთიფიკატი საქართველოში აღიარებული არ არის. სოციალურ ქსელში, გალინა კარმუშინას პირად გვერდზე ინფორმაციის აღწერაში უწერია რომ ის არის გიდი, პროფესორი, ექიმი, მოგზაური, რომ ცხოვრობს საქართველოში და ატარებს ექსკურსიებს. (წყარო)
"ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანის თქმით, დღეს მიმართავენ ისინი სერთიფიკატის აღიარების მოთხოვნით, აღიარებს თუ არა მის სერთიფიკატს ჯანდაცვის სამინისტრო, ეს მალე გახდება ცნობილი. ვცადეთ მასთან დაკავშირება, თუმცა ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
რადგან დაისვა კითხვები ექსპერტ გალინა კარმუშინას პროფესიასთან დაკავშირებით, ამ ექსპერტის საქმიანობაზე განმარტება "ემპათიას" ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანს ვთხოვეთ.
- ქალბატონო მარიამ, ცნობილია, რომ "ემპათიას" დახმარებისთვის მიმართა ბაჩალიაშვილის ადვოკატმა და ექსპერტიზაში უკვე მონაწილეობა მიიღო გალინა კარმუშინამ. ამ ექსპერტის მისამართით ამ დღეებში ბევრი კრიტიკა ისმოდა, იქნებ გვიამბოთ, რატომ გადაწყვიტეთ მისი ჩართვა ამ საქმეში?
- მას შემდეგ, რაც შაქარაშვილის საქმეში გამოჩნდა ექსპერტი გალინა კარმუშინა, იმდენი აგრესია წამოვიდა, რომ ყველაფერზე პასუხს ვერ გაგცემთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ის არის ძალიან კვალიფიციური, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი დონეცკიდან, უკრაინის მოქალაქე, იცით, რომ დონეცკი რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ამიტომ ვერ ბრუნდება თავის ქალაქში. ცხოვრობს საქართველოში, ქართველ მეუღლესთან ერთად. ცენტრ "ემპათიასთან" ის აქამდეც თანამშრომლობდა. გარდა იმისა, რომ არის დონეცკის სამედიცინო უნივერსიტეტის დოცენტი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, ასევე აქვს იურიდიული განათლება და 2017 წლამდე ტექნიკურ უნივერსიტეტში კრიმინალისტიკას ასწავლიდა. დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს, ვინაიდან ენა არ იცის, უჭირს და ადეკვატური სისტემა რომ იყოს ქვეყანაში შექმნილი, ამ ადამიანს ადაპტაციაში დაეხმარებოდა. ცენტრმა "ემპათიამ" გადაწყვიტა, მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ჩვენთან მოგვეწვია. ისე კი, კარგა ხანია ვიცნობთ, როგორც გითხარით, ტრენინგებში მონაწილეობდა. 2017 წლამდე უფრო კრიმინალისტიკაში მუშაობდა და ამიტომ არ გვიფიქრია მისი ლიცენზიის აღიარება, ახლა კი გვინდა, რომ აღიარონ მისი ლიცენზია. ის უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული ექსპერტია, შესაბამისი დოკუმენტით, ამის აღიარება საქართველოში ძალიან მარტივად ხდება. ზოგადად ცენტრ "ემპათიას" დიდი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის, ევროპიდან და ამერიკიდანაც რომ ჩამოიყვანოთ ექსპერტი, მასაც დასჭირდება ფორმალურად ლიცენზიის აღიარება.
- როგორც ცნობილია, ამ დროისთვის მისი ლიცენზია არ არის აღიარებული, ასეთი ექსპერტის ჩართვა საქმეში ხომ არ გააჩენს კითხვებს შემდგომში მის გაცემულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით?
- ვერ გააჩენს. უპრობლემოდ მოხდება მისი სერთიფიკატის აღიარება. ჩვენი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი სექტემბრამდე არ იმყოფება თბილისში და შესაბამისად, მოვიწვიეთ ქალბატონი გალინა.
- აღნიშნეთ, რომ მოიწვიეთ ქალბატონი გალინა, ის თქვენთან ოფიციალურად არ მუშაობს?
- ხელშეკრულებით მუშაობს "ემპათიაში", რომელსაც 24 კონსულტანტ-ექსპერტი ყავს.
- როგორც ბრძანეთ, პირადად თქვენც აპირებთ კომპლექსურ ექსპერტიზაში მონაწილეობას? - კომპლექსურ ექსპერტიზაში ხშირად ვმონაწილეობ, რადგან ექსპერტ-ფსიქიატრი გახლავართ და მივიღებ აქაც მონაწილეობას როცა დაინიშნება კომპლექსური ექსპერტიზა.
- როგორც თქვით, ქალბატონმა იცის რუსული და უჭირს ქართულად კომუნიკაცია, ეს ხომ არ შეუშლიდა ხელს ექსპერტიზის პროცესში?
- გამოძიებამ გამოყო თარჯიმანი და მასთან ერთად თარჯიმანიც ესწრებოდა ამ პროცესს.
- უკვე დასრულდა პირველადი ექსპერტიზა, მართალია დასკვნა ჯერჯერობით არ იქნება, მაგრამ იქნებ გვითხრათ, ცხედარს ვიზუალურად ხომ არ ეტყობოდა ძალადობის ნიშნები - სისხლჩაქცევები, ჭრილობა და ა.შ.? - საერთოდ ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხები კონფიდენციალურია, საერთაშორისო ეთიკის სტანდარტი და ჩვენი კანონმდებლობა უნდა დავიცვათ. გავითვალისწინებთ ამ შემთხვევაში ოჯახის სურვილს, გავივლით კონსულტაციას ოჯახთან და მის ადვოკატთან, თუ იქნება მათი თანხმობა, იმ მოცულობით გავასაჯაროვებთ ინფორმაციას, რაზეც შევთანხმდებით.
- ქალბატონო მარიამ, საზოგადოების ინტერესი დიდია ამ საქმისადმი, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, ჰქონდა თუ არა მას სხეულზე რაიმე სახის დაზიანება, ამის დადასტურება ან უარყოფა შეგიძლიათ? მნიშვნელოვანია გაირკვეს, ეს მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა? - საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე შეუძლია გამოძიებას გაასაჯაროვოს გარკვეული ინფორმაცია, მესმის თქვენი, მაგრამ ჩვენ გვაქვს პროფესიული პასუხისმგებლობა და შეთანხმების გარეშე ვერაფერს გეტყვით.
რაც შეეხება იმას, მკვლელობა იყო თუ არა, ამაზე პასუხი ჯერ ვერ გაიცემა. ჯერ ჩატარდა მხოლოდ პირველადი დათვალიერებით ექსპერტიზა. მერე უნდა ჩატარდეს კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა, გამოძიების მასალები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ექსპერტებისთვის და მერე დაიდება სრულყოფილი დასკვნა.
- 5 დღე გოგონა დაკარგული იყო და მისი ცხედარი მანქანაში იპოვეს, ამ დღეებში მაღალი ტემპერატურებიც დაფიქსირდა. გუშინ იმასაც ამბობდნენ, რომ გვამის ფერი შეცვლილი იყო, ცნობილია ისიც, რომ ცხედარს ლპობის ნიშნები აღენიშნებოდა. ეს ხომ არ შეუშლის ექსპერტიზას ხელს ჭეშმარიტების დადგენაში? ითქვა, რომ ეს ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება იმისთვის, რომ დასკვნა იყოს კატეგორიული - მინდა გითხრათ, საბჭოთა კავშირის გადმონაშთი ექსპერტებისგან განსხვავებით, დღესდღეობით ტექნოლოგიები იმდენად განვითარებულია ექსპერტიზაში, საუკუნის წინ რითი გარდაიცვალა ადამიანი იმასაც კი ადგენენ 21-ე საუკუნეში. უხერხულია ამაზე ლაპარაკი.
- განიხილება თვითმკვლელობის ვერსია და რომ გოგონა შესაძლოა ინტოქსიკაციით გარდაიცვალა, ქიმიური ექსპერტიზა ამას ცალსახად დაადგენს? - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება ალბათ ჯერ. ერთი კვირა ამას დასჭირდება და ამაზე ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. ჩვენი ექსპერტი გვიან ღამემდე მონაწილეობდა ექსპერტიზაში, ამიტომ დაისვენებს და გვიან მოვა სამსახურში, მერე ადვოკატთან ერთად დავსხდებით და ვისაუბრებთ, ამის შემდეგ გარკვეული მოცულობის განცხადებას საზოგადოებისთვის გავაკეთებთ.
(სპეციალურად საიტისთვის)