"არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ვამართლებ იმას, რაც ბუსამ გააკეთა, მაგრამ..." - რას ამბობს ხათუნა ხოფერია ჟვანია-თოფაძის საქმეზე?
"ბუსა მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოში გაიზარდა... რთული ასაკი ჰქონდა მაშინ, როცა მამა გარდაეცვალა"
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე 7 აგვისტოს ხეჩინაშვილის კლინიკიდან გაწერეს. სამართალდამცავებს ის ჯერ არ დაუკითხავთ, მაგრამ ალბათ მალე მოუწევს იმის ახსნა, რატომ დაჭრა ბუსა ჟვანიამ. მის ჩვენებაზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამჟამად ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი და მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თავდაპირველად პოლიციამ საქმე სხეულის დაზიანების მუხლით აღძრა, თუმცა პროკურატურამ დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და მისი დაპატიმრება მოითხოვა.
ერთ-ერთი ვერსიით, 2 აგვისტოს ბუსა ჟვანიამ თავისი შეყვარებული, რომელსაც ორი თვის წინ დაშორდა, გვიან ღამით ლევან თოფაძესა და მის ორ მეგობართან ერთად მთაწმინდაზე, ფესტივალ "მზესუმზირაზე" ნახა და ამან გააღიზიანა. იმასაც ამბობენ, მცირე შელაპარაკება მთაწმინდაზეც მოხდაო, მაგრამ თოფაძე და მისი მეგობრები იქიდან მალე წამოსულან ჭავჭავაძის გამზირზე, თოფაძეების სახლში. მოგვიანებით სწორედ იქ მიაკითხა მათ ბუსა ჟვანიამ და სისხლიანი დაპირისპირებაც მოხდა - 22 წლის ლევან თოფაძეს დანით ოთხი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილს ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. ამავე კლინიკაში იწვა 24 წლის ბესარიონ ჟვანიაც. მას ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ის ვინ დაჭრა.
გავრცელებული ვერსია, რომ დანაშაული გოგონას გამო მოხდა, მთავარ ვერსიად განიხილება. გამოძიებამ ის უკვე დაჰკითხა. ჟვანიების ახლობლები ირწმუნებიან, რომ გოგონა ინციდენტის დროს თოფაძეების სახლში არ ყოფილა.
ხათუნა ხოფერია, ზურაბ ჟვანიას მეგობარი:
- ბუსა ჟვანია კარგი ბიჭია, კარგი შვილია, ძალიან ყურადღებიანი და თბილი, ძალიან უყვარს მამის მეგობრებთან ურთიერთობა. განსაკუთრებით სიამოვნებს, როცა მამამისზე ვსაუბრობთ. მე დავწერე პოსტი, სადაც ბოდიში მოვუხადე ბუსას იმის გამო, რომ ჩვენ, ზურას მეგობრებმა, ვერ შევძელით ყველაზე რთულ პერიოდში ნათელი მოგვეფინა მამამისის საქმისთვის. ის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოში გაიზარდა, იმის მიუხედავად, რომ უცხოეთში სწავლობდა. ძალიან რთული ასაკი ჰქონდა ბუსას მაშინ, როცა მამა გარდაეცვალა. ტრაგედიის დღეს ზურას მეგობრები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ელოდნენ ექსპერტიზის პასუხს. როცა წყნეთში, მათ სახლში მივედი, იქ იყვნენ ბავშვები, ნინო და ნინოს დედა. 15 წელია გასული ამ ამბიდან და დღემდე მახსოვს ბავშვების თვალები. სხვა ოთახში გავდიოდით დასალაპარაკებლად და მათი გაშეშებული მზერა ყველგან მოგვყვებოდა, განსაკუთრებით - ბუსასი. მაშინ 9 წლის იყო, ეს ისეთი ასაკია, ვერც აუხსნიდი რამეს... მერე თვითონ მოუწია ყველაფერში გარკვევამ. მისთვის მამა უსაყვარლესი ადამიანი იყო, ძალიან მზრუნველი და ახლობელი. იმ ასაკში, როცა ყველაზე ძალიან სჭირდებოდა, მამა გვერდით აღარ ჰყავდა. გახსოვთ, ალბათ, როგორ ძალადობდნენ ამ ოჯახზე, ვფიქრობ, ეს მასზე მძიმედ აისახა. ბავშვების მეხსიერებაში ყველაფერი ილექება, მერე კი ინდივიდუალურად და თან მტკივნეულად ვითარდება. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ვამართლებ იმას, რაც ბუსამ გააკეთა, მაგრამ მისი დახასიათებისას არ შეიძლება არ თქვა, რომ ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა. ძალიან ნიჭიერია, ძალიან კარგად სწავლობდა, აქვს ღრმა და საფუძვლიანი განათლება. ოთხი წელია, ბუსა საქართველოში დაბრუნდა. განათლება ამერიკაში მიიღო. მისი და ლიზიც ამერიკაში სწავლობდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ნინომ საოცრად კარგი შვილები გაზარდა.
- თუ გეკითხებოდათ მამის მეგობრებს რამეს ამ საკითხზე?
- დეტალებზე ჩვენთან არასოდეს ულაპარაკია. ვხედავთ, ახლაც კი რა დრო სჭირდება ექსპერტიზას და მაშინ 40 წუთში გამოაცხადეს, რომ ზურა გაზით გაიგუდა. ამ ვერსიის სჯეროდა მხოლოდ იმას, ვინც ამ ვერსიებით აიწყო ცხოვრება, ამ ადამიანებს, წლების განმავლობაში ზურას მეგობრებად რომ ასაღებდნენ თავს. ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ ზურა იყო მოკლული, რომ ამერიკიდან ელოდებოდნენ ექსპერტიზის დასკვნებს. ზურას დედა, დეიდა რიმა და ბავშვები პარლამენტში ძიების შედეგებს ელოდებოდნენ, ეგონათ, მკვლელობასთან დაკავშირებული ფაქტები გამოაშკარავდებოდა, მაგრამ... ზურას უახლოესი გარემოცვა, რომელიც გარდაცვალებამდეც და გარდაცვალების შემდეგაც ამ ბავშვის გარშემო ტრიალებდა, საბოლოოდ ამ ოჯახის მტერი აღმოჩნდა.
- როცა თოფაძის დაჭრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ისევ გაიხსენეს ბუსას ადრე ჩადენილი ქმედება, როცა მან გიორგი ბარამიძეს სცემა. ამაზე რას იტყვით?
- არასოდეს მიკითხავს ბუსასთვის, სცემა თუ არა ბარამიძე. მაშინაც, როცა ეს ამბავი გავრცელდა, გავაკეთე კომენტარი. ძალიან ცუდია ამის გაკეთება რომ მოუწია ბუსას, ეს უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ, ზურას მეგობრებს. ის სილა, რომელიც გააწნა ბუსამ მამამისის მოღალატე მეგობარს, ჩვენ უნდა გაგვეწნა მისთვის. ხომ ხედავთ ამაზეც კი ბავშვს მოუწია პასუხის გაცემა თუ რათ ქმა უნდა იყო ეს ინციდენტი მომხდარი. ნებისმიერი ჩვენგანი ასე მოექცეოდა იმ ადამიანს, რომელსაც უცხადებ უნდობლობას და ბრალს სდებ ღალატში. ადამიანს რომელიც ამხელა სიბინძურეს ამბობს შენს მამაზე, მერე მოდის ურცხვად და გეუბნება რომ ძალიან უყვარხარ და მას მამაშენისთვის არ უღალატია მას თქვენ ფიზიკურად არ შეეხებოდით? რა უნდა უთხრა ასეთ ადამიანს, უსინდისო ხარო უნდა ეთქვა? შენი ღირსება რომ დაიცვა ერთადერთი ფიზიკურად შეიძლება ატკინო იმის გამო, რასაც ის გტკენს. მე ასე ვთვლი.
- ბევრმა ამ დღეებში ისიც თქვა, იმ ინციდენტის გამო ბევრმა რომ წახალისა ბუსა და მოუწონეს მაშინ ის საქციელი, ერთგვარად წაახალისა ახალგაზრდა კაცი და ამჯერად უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინაო.
- სრულიად სხვადასხვა სიტუაციებია, განსხვავებული ამბებია. აქ თანატოლებს შორის მოხდა ფაქტი და მოიქცა ცუდად. იმ ადამიანმა მაშინ რაც იკადრა, ამასთან არაფერ შეხებაში არ არის. იმან ჩათვალა რომ ამ ყველაფრის შემდეგ შეეძლო ჩვეულებრივ მისულიყო მასთან და ბავშვის ღირსება შეურაცხყო. უთხრა, მე მამაშენის მეგობარი ვარო და რას მოელოდა ადგებოდა და ჩაეხუტებოდა? მაგის გამო უნდა დაესაჯათ. სულ სხვადასხვა ამბავია, სხვადასხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობაა.
- ლევან თოფაძის და ბუსა ჟვანიას ურთიერთობაზე რას იტყვით?
- პირველი, რაც დამამახსოვრდა, ლევანის მამის ძალიან გაწონასწორებული და ვაჟკაცური პოზიცია იყო, როცა მან თქვა, არ ვიცი, რა მოხდა, მიდის გამოძიება და ვერავის ვერაფერს დავაბრალებო. მადლობა ამ ოჯახს, რომ ადეკვატურად მოიქცნენ, თუმცა ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ბუსასთვის თავზე ხელის გადასმას აპირებს.
ლევანი და ბუსა ერთ სამეგობრო წრეში ტრიალებენ, ვფიქრობ, ორივე მხარე შეძლებს სიტუაციის ისე განმუხტვას, რომ კონფლიქტი აღარ მოხდეს. დასასჯელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ ეს არ მიიღებს ანგარიშსწორების სახეს.
- ცნობილია, რომ ეს ინციდენტი გოგონას გამო მოხდა. იცოდით, ბუსას შეყვარებული რომ ჰყავდა?
- ერთი წლის წინ ვკითხე ნინოს და მითხრა, შეყვარებული ჰყავსო. ახლა აღარაფერი მიკითხავს. ნინო შედარებით დამშვიდდა მას შემდეგ, რაც ლევან თოფაძე კლინიკიდან გამოწერეს. ნინოს რომ ელაპარაკები, ვერაფერს შეატყობ, მის ემოციებს ვერ დაინახავ, თუ ტირილი არ აუვარდა. ძალიან ძლიერი ქალია. დარწმუნებული ვარ, ბუსა განიცდის იმას, რაც მოხდა, სხვანაირად წარმოუდგენელია. ნასვამი ყოფილა, სიტუაციაც აფექტური იყო, თანაც სიყვარული ადამიანის ეიფორიულ მდგომარეობას იწვევს... რომ დაფიქრდება, ბევრ რაღაცას გადააფასებს. (იხილეთ სრულად)