"ორი­ვემ სა­კუ­თა­რი ჩან­თა და მო­ბი­ლუ­რი ბარ­ში და­ტო­ვა" - ახალი დეტალები დაკარგული ახალგაზრდების საქმეზე - კვირის პალიტრა

"ორი­ვემ სა­კუ­თა­რი ჩან­თა და მო­ბი­ლუ­რი ბარ­ში და­ტო­ვა" - ახალი დეტალები დაკარგული ახალგაზრდების საქმეზე

შაბათ გამთენიისას, "დედაენის ბაღში" მდებარე "ბაუჰაუს ბარის" ორი თანამშრომელი - გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი გაუჩინარდა. მათი კვალი იუსტიციის სახლთან იკარგება. შსს-ს განცხადებით: "ბაუჰაუს ბარიდან" 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციმ ახალგაზრდების ძებნა აქტიურად დაიწყო. გამოძიება კი 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. მომხდარზე დაკავშირებით დეტალებზე არ ლაპარაკობენ არც გაუჩინარებული ახალგაზრდების ოჯახები და არც სამსახურის თანამშრომლები. Ambebi.ge ბაია ბერუაშვილის მეგობარს დაუკავშირდა:

"ბაია, ქუთაისში გაიზარდა, შემდეგ თბილისში გადმოვიდა დედასთან ერთად და ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა. ჩემი მეგობარი 28 წლისაა, ძალიან სერიოზული და კარგი გოგოა, სიმშვიდისა და სითბოს განსახიერება, ამდენ ხანს ახლობლებს არ ანერვიულებდა. როგორც ვიცი, მათ შორის არანაირი სიყვარული და არაფერი ყოფილა, ჩვეულებრივი თანამშრომლები არიან. გამთენიისას ბარიდან ორივე ერთად გასულა მაღზიაში, ვერცხლის ქუჩაზე, მაგრამ გამყიდველი არ ადასტურებს, რომ ნახა ისინი. 21-ე საუკუნეა, აქამდე ხომ უნდა ამოეღოთ ვიდეოთვალის ფირები? კანონით, 48 საათის მერე იწყებენ ძებნასო და იქნებ როგორ უჭირთ? იქნებ ვინმემ რაღაც დაალევინათ, გათიშულები არიან და სასწრაფო სჭირდებათ? საინტერესო ისაა, რომ ორივემ საკუთარი ჩანთა და მობილური ბარში დატოვა. ეს რას ნიშნავს, ვერ ამიხსნია. ბაია უმშვიდესი, უწყნარესი გოგოა, ისეთი, საუბრით რომ მოგარჩენს. მანამდე "ბორმენტალში" მუშაობდა ფსიქოლოგად, იქედან წამოვიდა და მას შემდეგ "ბაუჰაუსში" მუშაობს. იმ ბიჭზე, გიორგიზე ბევრი არაფერი ვიცი, უბრალოდ ის, რომ თანამშრომელი იყო. მასაც კარგად ახასიათებენ, მშვიდი, წყნარი ბიჭიაო - ამბობენ. თანამშრომლები გატაცებას გამორიცხავენ... რა გითხრათ, არანაირი ვერსია არ მაქვს. სხვაზე და სხვა სიტუაციაში ვიფიქრებდი, სადმე ხომ არ წავიდნენ, დალიეს, ან მოწიეს და ხომ არაფერმა აწყინათ და გაითიშნენ-თქო. ახალგაზრდებზე სხვა რა უნდა იფიქრო?".

იხილეთ ასევე: ბარ "ბაუჰაუსის" ორ თანამშრომელს მტკვარში ეძებენ

Ambebi.ge