"მაფიის ბოსი" მოკლეს? - რა მოხდა ანტალიაში და ვინ დააკავეს ნადირ სალიფოვის მკვლელობის ბრალდებით?
რუსული და თურქული საინფორმაციო სააგენტოების, მათ შორის, Прайм Крайм-ის ცნობით, საქართველოში დაბადებული, ეთნიკურად აზერბაიჯანელი "კრიმინალური ავტორიტეტი" ნადირ სალიფოვი, იგივე "გული" შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შემდეგ, 47 წლის "კანონიერი ქურდი" საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაპირისპირება თურქეთში, ანტალიაში მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, "კრიმინალური სამყაროს" ნომერ პირველ "კანონიერ ქურდს" აზერბაიჯანელმა კრიმინალმა, მეტსახელად "ხანმა" ესროლა. ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.
რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს მომხდარის შესახებ სამართალდამცავებმა აცნობეს, მათი განცხადებით, სალიფოვი საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს.
"გულის", ანტალიაში იმ კაცმა ესროლა, რომელთან ერთადაც ანტალიის ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა. ის თავში გასროლით გარდაიცვალა. კრიმინალური ავტორიტეტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია "ხან აჰმედილინსკი", რომელიც "კრიმინალური სამყაროს" წევრია და სალიფოვის უახლოესი წრის წარმომადგენელი იყო", - განაცხადა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა რუსულ მედიასთან. (წყარო)
ცნობისთვის, ნადირ სალიფოვი, მერაბ ჯანგველაძესთან ("სოხუმსკი") და ლაშა შუშანაშვილთან ("რუსთავსკი") ერთად ყველაზე გავლენიან "კანონიერ ქურდებად" მიიჩნეოდა. სწორედ მათ აქვთ პრეტენზია რუსული "კრიმინალური სამყაროს" სათავეში მოექცნენ.
მათ, სხვა რეალური კონკურენტი ჯერჯერობით არ ჰყავთ, რადგან "კრიმინალურ ავტორიტეტი" შაქრო კალაშოვი პატიმრობაშია.
ნადირ სალიფოვი საქართველოში, დმანისის რაიონში დაიბადა. 90-იან წლებში ის რამდენიმე გასაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის გაასამართლეს. აღსანიშნავია, რომ სალიფოვი 22 წელი იყო დაკავებული მკვლელობის, იარაღის უკანონო შენახვის, თაღლითობისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ვაჭრობის ბრალდებით.
2018 წელს გაათავისუფლეს და აზერბაიჯანიდან თურქეთში გადავიდა.
მოამზადა ნიკა გულუამ