საქართველოში მიმდინარე საქმეები, რომლებშიც FBI ჩაერთო
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, სხვადასხვა ექსპერტიზაში FBI-ს ჩართვასა და ამ საქმის კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვს. ამის მიზეზი უპასუხო კითხვებია.
გამოძიების ფედერალური ბიურო (Federal Bureau of Investigation, FBI) აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს უწყებაა. ექვემდებარება გენერალურ პროკურორს. დაარსდა 1908 წელს და შედის ამერიკის სადაზვერვო სამმართველოს შემადგენლობაში. მას აქვს უფლება გამოიძიოს ფედერალური კანონის დარღვევები, პასუხს აგებს ქვეყნის, ერისა და პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე.
2013 წლის 22 აგვისტოს მონაცემებით, FBI-ში მუშაობს 35 902 ადამიანი. მათგან 13 785 სპეციალური აგენტია, 22 117 - მომსახურე პერსონალი: ანალიტიკოსები, ლინგვისტები, Iთ-სპეციალისტები და სხვ. მისი პირველი დირექტორი იყო ედგარ ჰუვერი. FBI-ს ამჟამინდელი დირექტორია ქრისტოფერ რეი.
ფრედ ვუდროფის საქმე
1993 წელს საქართველოში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA-ის) ჯაშუში ფრედ ვუდროფი მოკლეს. გამოძიების თანახმად, ვუდროფი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, თუმცა მისი ოჯახის ადვოკატი თავის წიგნში ამბობს, რომ ადამიანი, ვინც ვუდროფის მკვლელობისთვის გაასამართლეს, უდანაშაულოა, მკვლელობის უკან კი რუსეთის სპეცსამსახურები დგანან. ვუდროფი 1992-93 წლების მიჯნაზე ჩამოვიდა საქართველოში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების გასაწვრთნელად. მისი მეთვალყურეობით იწვრთნებოდა სახელმწიფოს მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის დაცვა და პირველი ქართული განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფი "ომეგა". ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ვუდროფი თბილისში შეხვდა თავის ძველ მეგობარს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მაღალი რანგის ოფიცერს, ოლდრიჩ ეიმსს, რომელიც მალე გაიშიფრა, როგორც რუსეთის აგენტი და აშშ-ის სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამერიკულმა მხარემ გამოძიება დამოუკიდებლად ჩაატარა, თუმცა გამოძიების მასალების დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია. ამერიკული გამოძიება უარყოფს ვუდროფის მკვლელობასთან ანზორ შარმაიძის კავშირს. 2008 წლის ოქტომბერში შარმაიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ზურაბ ჟვანიას საქმე
ბინაში, სადაც ოფიციალური ვერსიით ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ცხედრები იპოვეს, საგამოძიებო მოქმედებები FBI-ს აგენტებმაც ჩაატარეს. ექსპერიმენტის მიზანი იყო, გარკვეულიყო, გამართულად მუშაობდა თუ არა გაზის გამათბობელი, ასევე უნდა გაეზომათ გამათბობლის მუშაობის დროს ბინაში ნახშირბადის მონოქსიდისა და ჟანგბადის დონეები. ტესტირებით დადგინდა, რომ ჟანგბადის პროცენტული რაოდენობა - 18,4% არ გამოიწვევდა სიკვდილს. რაც შეეხება CO-ს, ექსპერიმენტის საბოლოო მაჩვენებლით, ის 200-ჯერ ნაკლები იყო სიცოცხლისთვის სახიფათო მაჩვენებელზე.
FBI-ს კვლევის შედეგებით სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდა და დასკვნა ორაზროვანი იყო. ერთი მხრივ, დასკვნაში ჩამოყალიბებული იყო გამოძიების მხარდამჭერი მოსაზრებები: "ექსპერტიზის მონაცემების ანალიზის დროს არაფერი შეიმჩნეოდა ისეთი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის წინასწარ დასკვნას, რომ სიკვდილის მიზეზი ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა იყო, რაც არასწორად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია". მეორე მხრივ, იმავე დოკუმენტში ვკითხულობთ: "გამოძიების ფედერალური ბიურო აღნიშნავს, რომ თბილისში ჩატარებული ექსპერტიზის დროს CO-ს კონცენტრაციას არ მიუღწევია და არ გადაუჭარბებია სიცოცხლისათვის სახიფათო სტანდარტისთვის".
ნიკა ლომინაძის საქმე
2006 წლის 6 იანვარს აშშ-ის ფედერალური ბიუროს საექსპერტო დაწესებულებაში ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გაიგზავნა ნიკა ლომინაძის მკვლელობის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდები, სიგარეტის ორი ნამწვი, ლომინაძის ტანსაცმელი და ბრალდებულების - ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილისა და ნოდარ გვიჩიანის ნერწყვის, თმისა და თითის ანაბეჭდების ნიმუშები. 2006 წლის 4 აპრილს საქართველოს მთავარ პროკურატურაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროდან შემოსული დასკვნით გამოირიცხა სიგარეტის ნამწვებზე ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილისა და ნოდარ გვიჩიანის დნმ-ის არსებობა, თუმცა ეს დასკვნა სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულებად არ დაერთო. გარდა ამისა, პროკურატურაში შემოვიდა ფედერალური ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვით, მკვლელობის ადგილიდან ამოღებული თითის ორი ანაბეჭდი არ არის მკვლელობის შემსრულებლების - ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილისა და ნოდარ გვიჩიანის, მაგრამ არც ეს დასკვნა დაერთო საქმეს და არ წარდგენილა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა... ეს დასკვნები ამყარებს ვარაუდს, რომ მკვლელობაში მსჯავრდადებულ პირებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე
2017 წლის 21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა, რომ სპეცოპერაციის გამოძიებაში ქართულ მხარეს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალისტები ეხმარებოდნენ...