"გაგნიძეს უთქვამს, ცემის დროს ბიჭი გაგვექცა მდინარისკენო, უკან მიყოლიან ყველანი და..." - რას ჰყვება შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილის თანამესაკნე ჩვენებაში
მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს და ბრალდების მოწმეები იკითხებიან. ბრალდებულები დანაშაულს ისევ არ აღიარებენ. განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, საქმეში უკვე დევს ჩანთის ექსპერტიზის პასუხები და მასზე არ აღმოჩნდა არჩილ გაგნიძის დნმ-ის კვალი.
"გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად შერეული ტიპის დნმ ამოვიდა. კითხვა იყო დასმული, იყო თუ არა აღნიშნულ ჩანთაზე არჩილ გაგნიძის დნმ და აღნიშნული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ჩანთაზე გაგნიძის დნმ არ ამოსულა. თუ ვის ეკუთვნის იქ ამოსული დნმ, ეს უცნობია. შერეული დნმ ნიშნავს, რომ სხვისი დნმ ამოვიდა, მაგრამ დადგენილი არ არის, ვისი", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ. ადვოკატები იმასაც აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლა მიმდინარეობს, თუმცა გენერალური პროკურატურა ამბობს, რომ ეს არის სიცრუე.
"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ ბრალდებულმა არჩილ გაგნიძემ მისი საქმის პროკურორთან, მოკლე დროში შეხვედრა მოითხოვა და შესაბამისი განცხადებით პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას წერილობით მიმართა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე პროკურორი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, თუმცა მასსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაცია არ შედგა, რადგან არჩილ გაგნიძემ იმ მოტივით, რომ შეხვედრას მისი ადვოკატები არ ესწრებოდნენ, უარი განაცხადა პროკურორთან გასაუბრებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადება - მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ზეწოლაზე, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა", - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს ასევე სკანდალური ჩვენება გაასაჯაროვა "კურიერმა". როგორც ამ ჩვენებიდან ირკვევა, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნემ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრა ითხოვა და მის მოსანახულებლად მისულ სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუმარტა, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება სურდა შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის.
ამის შემდეგ დაიკითხა თურმე ბრალდებული ნიკა ჩიტიძე და მან სკანდალური ჩვენება მისცა. პატიმარი ნიკა ჩიტიძე, ირწმუნება, რომ რევაზიშვილმა მას უამბო მომხდარის დეტალები. ჩვენება 14 აგვისტოთი თარიღდება, ნიკა ჩიტიძე, რომელიც რევაზიშვილის თანამესაკნეა, ჰყვება 18 ივნისის ღამის დეტალებს, რომლის შესახებ მას რევაზიშვილმა უამბო.
"ავედით ცენტრალურ გზაზე, არაგვის ხიდთან დავინახეთ 3-4 ბიჭიო. მათ დანახვაზე ვახტანგ ჩიქოვანმა იყვირა, ესენი არიან ამათი დედა ****. მძღოლის გარდა ყველანი გადავედით მანქანიდან და გავიქეცით იმ ბიჭების მიმართულებითო. ისინი ჩვენ დანახვაზე გაიქცნენ, გადაჭრეს გზა და ხიდის ქვემო ჩასასვლელისკენ გაიქცნენო. ჩვენც იმ ადგილას რომ მივუახლოვდით, შევამჩნიე, რომ ერთ-ერთი ბიჭი იქვე ბუჩქებში იმალებოდა და მე ამ ბიჭთან დავრჩი. დევნის დროს ერთი ბიჭი არაგვის ხიდის ქვეშ გამავალი გზისკენ გაიქცა, მას მიყვნენ აჩო გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ და ა.ქ დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ ისინი უკან დაბრუნდნენ და თქვეს დედა მო... ამის შემდეგ ჩვენ ჩავსხედით მანქანაში, მანქანაში ძალით ჩავსვით ამირხანაშვილი, თუმცა არ გვიცემია, აჩო გაგნიძე მას სიტყვიერად ეჩხუბა და გინება დაუწყო, რაზეც ამირხანაშვილმა უთხრა, მე არაფერ შუაში ვარო. ამირხანაშვილი შეშინებული იყო, გზაზე რამდენჯერმე პირჯვარი გადაიწერა. გაგნიძე შემდეგ მანქანაში მოყვა, რომ დავეწიეთ იმ ბიჭს ჯერ ხელის გულები დავარტყი ორივე თვალის მიდამოში და თავი ჩავარტყი სახეში, შემდეგ მუშტი ჩავარტყი და ტუჩი გაუსკდაო. ამის შემდეგ ბიჭი წაიქცა და ვახტანგ ჩიქოვანმა, ზხ- მ და ა.ქ. და მე წიხლები ვურტყითო. აჩო გაგნიძეს უთქვამს, ცემის დროს ბიჭი გაგვექცა მდინარისკენო, უკან მიყოლიან ყველანი და ამ დროს მდინარეში გადაგვივარდა ეს ბიჭი დედა მო**** და დაიხრჩოო", - ნათქვამია ნიკა ჩიტიძის ჩვენებაში.
იქ ასევე საუბარია ჩანთაზე, რომლის ექსპერტიზის პასუხსაც დღემდე ყველა ელოდება. თუ ამ ჩვენებას დავეყრდნობით, გამოდის რომ ჩანთაზე ა.ქ. - ს დნმ-ის კვალი ამოვა. გაგრძელება