"იმაზეც გვიფიქრია, შესაძლოა ტრასაზე ვიღაც დაეჯახა და მერე ბავშვის კვალი გააქრო" - რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება გაუჩინარებული მოზარდის საქმეში
ინტერპოლმა სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის ყვითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. მოზარდი სოფელ ლენჯერში ბებიას სტუმრობდა. 18 ივლისს შინიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ძებნა მთელ ქვეყანაში რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. ოჯახი ილიას მპოვნელს ან ინფორმაციის მიმწოდებელს ჯილდოდ 50.000 ლარს გადასცემს. "გვსურს გამოვაცხადოთ ჯილდო ჩვენი შვილის მპოვნელისთვის. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, სად იმყოფება ჩვენი შვილი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, მზად ვართ გადავიხადოთ 50.000 ლარი... გაძლევთ ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის სრულ გარანტიას. თუ ერთი პროცენტი მაინც არსებობს, რომ ილია საზღვარგარეთაა, გვინდა ეს შესაძლებლობაც გამოვიყენოთ", - აცხადებს ილიას დედა ქსენია ფილფანი.ვ
"გვითხრა, ერთ ლარსაც არ ავიღებ, ასეთი ბიჭი სანაპიროზე ვნახეო"
"კვირის პალიტრა" გაუჩინარებული მოზარდის მამას დავით ფილფანს დაუკავშირდა.
- ილიას გაუჩინარების რა ვერსია გაქვთ?
- არავის უნახავს არც ბავშვისა და არც ველოსიპედის კვალი. ამიტომაც მივმართეთ ინტერპოლს. გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავს და გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.
- გაუჩინარების დღეს ილია არავის დაუნახავს ან გამოლაპარაკებია? - ნათესავებმა დაინახეს, როგორ გავიდა ბავშვი სახლიდან ველოსიპედით. მერე საით წავიდა, არავინ იცის.
- მტრები ხომ არ გყავდათ სვანეთში ან ყაზახეთში? - არა, მე თუ მთვლის ვინმე მტრად, არ ვიცი, მაგრამ კონფლიქტი არავისთან მქონია.
- ოჯახში ხომ არ ყოფილა უთანხმოება, რაც მოზარდისთვის შესაძლოა შინიდან გაქცევის საბაბი გამხდარიყო? - როგორც ყველა ოჯახში, ჩვენც გვიკამათია, შენიშვნებიც მიგვიცია ბავშვისთვის, როცა რაღაცას ცუდად აკეთებდა, თუმცა სერიოზული არაფერი, არც დეპრესია შემინიშნავს მისთვის. მე და ილია ზამთარში სულ ერთად ვიყავით, ძაღლებთან ერთად ვატარებდით დროს... ზაფხულის დასაწყისში ჩემი დისშვილი ჩამოვიდა, თანატოლები არიან და ერთად თამაშობდნენ, ველოსიპედით სეირნობდნენ. გასაოცარია, მაგრამ ილიას გაქრობისთანავე არანაირი კვალი არ გამოკვეთილა.
- ითქვა, ბავშვი "ლურჯ ვეშაპს" ხომ არ თამაშობდაო... - პოლიციამ ექსპერტიზაზე წაიღო ილიას პლანშეტი, ნოუთბუკი და ტელეფონი. შეისწავლეს, რით იყო დაინტერესებული და ეს ვერსია თითქმის გამოირიცხა.
- ალმა-ათაში რას საქმიანობდით და რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა? - ალმა-ათაში ლანდშაფტის დიზაინერად ვმუშაობდი და ახლაც ვმუშაობ. იმიტომ ჩამოვედით, რომ ლენჯერში დედაჩემი მარტო ცხოვრობს და ვერ მივატოვებდით.
- ილიას ვინმეს დახმარებით შეეძლო ალმა-ათაში ან სხვა ქალაქში წასვლა?
- შეუძლებელია, ვინაიდან დოკუმენტები არ ჰქონდა. ტურისტებთან თუ ჰქონდა ურთიერთობა, მხოლოდ ჩემი თანდასწრებით. თუ ვინმეს ტელეფონს ჩავიწერდით, მხოლოდ ჩემს ტელეფონში...
- განაცხადეთ, მპოვნელს 50.000 ლარით დავასაჩუქრებთო. ვინმე შეგეხმიანათ? - ერთი თვის წინ ერთი ადამიანი დაგვიკავშირდა, გვითხრა, ფული არ მაინტერესებს, ლარსაც არ ავიღებ, ასეთი ბიჭი აჭარაში, სანაპიროზე ვნახეო. არ ვიცი, მართალია თუ არა, ახლა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
- ვინაიდან ჯილდო დააწესეთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ იცით, ბავშვი ცოცხალია. იქნებ რაიმეს მალავთ? - არაფერი ვიცით. ვფიქრობთ, დაწესებული ჯილდო დაგვეხმარება ბავშვის პოვნაში, ამით ხალხის ყურადღებას მივიპყრობთ. მაგალითად, ბავშვი შევიდა მაღაზიაში, მას არავინ აკვირდება, ჯილდოს მიღებით წახალისებული გამყიდველი კი უფრო ყურადღებით იქნება. თუ ვინმე ინფორმაციას მოგვაწვდის, მათ ვინაობას არ გავამხელთ.
"იმედს მაინც არ ვკარგავთ, რომ ბავშვი ცოცხალია"
ილია ფილფანის ბიძა ვახტანგ ფილფანი რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს:
- ჯერ სიახლე არაფერია, ბავშვს ისევ ეძებენ. ილიას გაუჩინარების დროს დედამისი მესტიაში არ იყო (ალმა-ათიდან დუბაიში გაგზავნეს სამსახურიდან), მამა ამბობს, ვერ ვამჩნევდი, მაგრამ იქნებ ინტერნეტით "ლურჯ ვეშაპსაც" თამაშობდა, გაკვეთილებს არ ამზადებდა, ზარმაცობდა და სხვა რამეზე იყო გადართულიო. მათთვის გამაოგნებელია, რომ ბავშვი ადგა და წავიდა... სად წავიდა? ერთი თვის განმავლობაში ბავშვს 80 მაშველი ეძებდა, რაც შეიძლებოდა, ყველა საშუალება გამოიყენეს. ერთი ვერსიით, ბავშვი მდინარეში გადავარდა, თუმცა მყვინთავებმა ვერ იპოვეს. მაგრამ პირველი შემთხვევა ხომ არ არის, რომ ენგურში ჩავარდნილი ადამიანი ვერ იპოვეს? ენგური შმაგი მდინარეა და არ არის გამორიცხული, ვერ მოენახათ. იმ ვერსიასაც განვიხილავთ, რომ მდინარეში შეგნებულად გადახტა, მაგრამ რა მიზეზით? ილიას ბებია ამბობს, მამა კი გაუწყრა შვილს, მაგრამ მის გაუჩინარებამდე ერთი კვირით ადრე, თან ისე მკაცრადაც არა, რომ ბავშვს თავისთვის რამე აეტეხა, წინა დღეებში ისეთი არაფერი მომხდარაო. ბავშვს, რომელსაც თავის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, როგორ შეიძლება მშობელმა ვერაფერი შეატყოს? ამას სულ ვეკითხები მამას, მაგრამ ვერაფერს ამბობს, ერთადერთი, გაკვეთილებს რომ არ სწავლობდა, ვტუქსავდი, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილაო.
არის კიდევ ერთი ვერსია: ილოსა და მის 12 წლის მამიდაშვილს ველოსიპედები უყიდეს და ყოველდღე დასეირნობდნენ, ხან მესტიაში მხვდებოდნენ, ხან ლატალში. მესტია სავსე იყო რუსი ტურისტებით და იქნებ ვინმე გაიცნო, ვინმეს გადაეყარა. ილია გონებაგახსნილი ბავშვი იყო. გულში თუ ჰქონდა, რა მინდა აქ, მოდი, გავიქცევი აქედანო და, იქნებ ვიღაცამ შეუწყო ხელი. იქნებ პირი შეკრეს, შეთანხმდნენ და მათ გაჰყვა ბავშვი.
მესტიაში ყოველდღე უამრავი მანქანა ამოდის და შეიძლება მძღოლსაც გაჰყოლოდა. მძღოლი, რომელიც გაიგებს, რომ ბავშვი დაიკარგა, არასდროს იტყვის, მე წავიყვანეო, რადგან გამოდის, დიდ შარში ეხვევა. შეიძლება გაჰყვა ვინმეს და მერე აფხაზეთში ან სხვაგან გადავიდა... ბავშვს მსხვილი თანხა ხელში არ ჩავარდნია, თუმცა შეიძლება აგროვებდა... ისე, ძვირად ღირებული, გერმანული ველოსიპედი უყიდეს. რომ გაეყიდა, შეიძლება ვიღაცას 300-400 ლარი მაშინვე მიეცა.
- გამოძიებას თუ აქვს ხელჩასაჭიდი ვერსია?
- გამოძიება ჩიხშია. მთელი სოფელი არაერთგზის დაგვკითხეს, მაგრამ კაცი არ არის მნახველი და რაიმეს მთქმელი. ეს ბავშვი 13 წლამდე დედ-მამასთან იზრდებოდა. დავითი და ილია ეპიდემიამდე ჩამოვიდნენ ლენჯერში დედასთან და დარჩნენ. ილიამ ბებია, ფაქტობრივად, ახლა გაიცნო. ბავშვს მეგობრები სვანეთში არ ჰყავდა. მამა ხელმარჯვე კაცია, სათბურს აკეთებდა, სულ შრომაში იყო. იმის გამო, რომ სოფელში რუსული არავინ იცოდა, ილიას კი ქართული და ინგლისური არ ესმოდა, მეგობრები ვერ გაიჩინა და, რა თქმა უნდა, გაუცხოებული იყო. ბავშვი დიდ სიცარიელეში აღმოჩნდა. მათ არც მტერი ჰყოლიათ სვანეთში, არავისთან ყოფილან დაპირისპირებული, არ არიან კონფლიქტურები.
ყველა ვერსია განიხილება. იმაზეც გვიფიქრია, შესაძლოა ტრასაზე ვიღაც დაეჯახა და მერე ბავშვის კვალი გააქრო, ან ბავშვი ველოსიპედიანად გადააგდო ენგურში. გვეგონა, ილია დიდ ქალაქებში აღმოჩნდებოდა, განსაკუთრებით, თბილისში. თავდაპირველად იყო ზარები, ბავშვის ადგილსამყოფელს ასახელებდნენ, მაგრამ ბოლო ორი თვეა არავის დაურეკავს. იმედს მაინც არ ვკარგავთ, რომ ილია ცოცხალია.
რა ვითარებაში გაუჩინარდა ილიას ბაბუა
"კვირის პალიტრას" წყარომ უამბო, რომ წლების წინ უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდა ილიას ბაბუა.
"ისიც უგზო-უკვლოდ გაქრა. დის ქორწილში წავიდა სოფელ ჯვარში და მას მერე არავის უნახავს. ნათესავები ამბობენ, რომ ამნეზია დაემართა, მეხსიერების პრობლემები ჰქონდა. ჯვარში რომ წავიდნენ, უკან ვეღარ დაბრუნდა. ვისაც გაჰყვა, ისინი მანქანით ელოდნენ და რომ აღარ გამოჩნდა, ლენჯერში დაბრუნდნენ. მისი კვალი ჯვრამდე მიდიოდა და მერე იმ ხალხმა, ვინც იქ ნახა, პირი შეკრა. თავიდან წამოსცდათ ყველაფერი, მაგრამ მერე გადათქვეს. მგონი, იქ რაღაც დამართეს... სად აღარ ეძებდნენ, მაგრამ ვერსად მიაკვლიეს. ილიას ბაბუა კბილის ტექნიკოსი იყო, ძალიან კეთილი კაცი, ყველა გაჭირვებულს ხელს უმართავდა. საერთოდ, ფილფანების გვარი კარგი ხალხია "."