"თავდამსხმელის ზუგდიდის ცენტრში დემონსტრაციული შეღწევის ეპიზოდი ყურადღებას იმსახურებს"
"ძალიან თავხედური, გამომწვევი ოპერაცია იყო, თითქოს ხელთათმანი ესროლა სამართალდამცავ უწყებასა და სპეცსამსახურებს, მეორე მხრივ ყველაზე მაღალი ღირებულება - ადამიანის სიცოცხლე რომ პირველ პლანზე იქნა დაყენებული, მისასალმებელია. საშური საქმეა, დამნაშავე სწრაფად უნდა დააკავონ, მისი იდენტიფიცირების გარეშე ოპერაცია შედეგიანად ვერ ჩაითვლება", - ამბობს ყოფილი შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი:
- თქვენი მინისტრობისას იყო მსგავსი საქმეები, როცა მძევლების დახსნამ მოგიწიათ. რა პარალელს გაავლებდით ზუგდიდისა და მცხეთის ხიდზე ჩატარებულ სპეცოპერაციებთან?
- რთულია ორ სხვადასხვა საქმესთან პარალელის გავლება, მაგრამ ერთი საქმე იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ იმ თავდამსხმელსაც მძევლები ჰყავდა, ისიც გახსნილი ხელყუმბარით იმუქრებოდა. მასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება და იმის გამო, რომ ძალიან აგრესიული იყო და მძევლების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, სპეცოპერაციის ჩატარება გადავწყვიტეთ...
2002 წლის აგვისტოში "ოქროს ბირჟაზე" შეიჭრა შეიარაღებული მძარცველი, ორი ჩანთა ოქროულით გაავსო, მერე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი და ბირჟის 3-4 თანამშრომელი მძევლად აიყვანა და მცხეთისკენ წავიდა. ვეცადეთ ისეთ სივრცეში გაგვეყვანა, სადაც ნაკლებად სახიფათო იქნებოდა. ნატახტართან ავტომანქანა უკან შემობრუნდა და ისევ ქალაქისკენ წამოვიდა... გადავწყვიტეთ ხიდზე გაგვეჩერებინა. მანქანა ალყაში მოვაქციეთ და დავიწყეთ მასთან მოლაპარაკება. მისი მოთხოვნა იყო, მიგვეცა გზა, ვერტმფრენი, ავტომანქანა და დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გაგვეშვა. მოლაპარაკება დიდხანს გაგრძელდა, პარალელურად კი სპეცოპერაციის რამდენიმე გეგმას განვიხილავდით. ვცდილობდით დაგვედგინა მისი ვინაობა, რათა იქნებ ახლობლებით მოგვეხდინა ზეგავლენა... ეს არ მოხერხდა, დამნაშავე ჩვენს პირობებს არ თანხმდებოდა... ვინ არ ჩავრთეთ საქმეში - სასულიერო პირი, ფსიქოლოგი და სხვა ავტორიტეტები, მე სულ ხაზზე ვიყავი, მაგრამ მძარცველი ძალიან აგრესიული იყო... სადაზვერვო ჯგუფისგან გვქონდა ინფორმაცია, რომ დიდი ალბათობით მძევლების სიცოცხლეს საფრთხე ელოდა და ის ხელყუმბარას გამოიყენებდა, როცა ამაში დავრწმუნდით, სპეცოპერაცია დავიწყეთ, მის სალიკვიდაციოდ სნაიპერი ჩავრთეთ საქმეში... ოპერაცია დილის 5 საათზე დასრულდა. გაირკვა, რომ თავდამსხმელი აფხაზეთიდან ლტოლვილი ყოფილა...
იმავე შემოდგომაზე რუსთავში დამნაშავემ დასაკავებლად მისულ პოლიციას თავი დააღწია და მძევალი აიყვანა. ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის იმჟამინდელი უფროსი ალეკო ბუკია, ავთანდილ გალდავას მსგავსად, მძევალს ჩაენაცვლა. დამნაშავე მანქანით მოძრაობდა და სამართალდამცავები დიდხანს ვერტმფრენით მიჰყვებოდნენ. საბოლოოდ, დამნაშავე ჩაგვბარდა. სპეცოპერაცია უსისხლოდ დასრულდა.
- იმის პრეცედენტი თუ დაგიშვიათ, ფული მიგეცათ და გაგეშვათ თავდამსხმელი? - ჩემს დროს ასეთი რამ არ ყოფილა.
სტერეოტიპი, რომ მაშინ ბნელი იყო საქართველო და არც პროფესიონალები გვყავდა და არც პატრიოტები, "ნაციონალების" დისკურსია... ოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის თუ გჭირდება, რატომ არ შეიძლება ფულის გადახდა? მთავარია, რა გაქვს მიზნად. ეს ოპერაცია შედეგიანად მაშინ ჩაითვლება, როცა თავდამსხმელი იდენტიფიცირებული იქნება და დააკავებენ, თანხა კი დაბრუნდება.
- ყაჩაღს, როგორც წესი, ასე ლოიალურად არ ექცევიან. არის თუ არა ეს პრეცედენტის დაშვება? - დამნაშავემ უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლება, სპეცსამსახურები, სამართალდამცავები იქნებიან უკომპრომისო, ეს უნდა იყოს მისთვის შემაფერხებელი. დიდი მნიშვნელობა აქვს მძევლების რაოდენობასაც.
- სამართალდამცველების რა შეცდომები დაინახეთ და თქვენ როგორ მოიქცეოდით? - ამაზე პრინციპულად არ ვლაპარაკობ.
გარედან უყურო ამბავს და ილაპარაკო შეცდომებზე, არც ადამიანურად, არც პროფესიულად არ მიმაჩნია სწორად. ამაზე ლაპარაკის უფლება მაშინ გაქვს, როცა შეგიძლია საქმე შეისწავლო.
ძალიან რთულია დასკვნის გაკეთება. სასწორზე 43 კაცის სიცოცხლე იდო.
დახურულ სივრცეში ხელყუმბარის აფეთქებისას დიდი შანსი იყო 6-7 კაცი დაღუპულიყო და რამდენიმე დაშავებულიყო. ამიტომ უნდა ვეცადოთ ამ რთულ სიტუაციაში პოლიტიკური კომპონენტი არ შევიტანოთ, ისედაც დამძიმდება პროცესი. აქ მარტო ხელისუფლების პრობლემები არ გამოჩენილა, გამოჩნდა ოპოზიციის, მედიისა და სხვა ბევრი პრობლემაც. რესურსი რომ ჰქონოდათ, ალბათ, გამოიყენებდნენ. როცა ადამიანების სიცოცხლეზეა ლაპარაკი და გარანტიები გჭირდება, ათას ხერხს მიმართავ. თუმცა არის არაერთი სისტემური პრობლემა, რომელთა გამოც ხელისუფლებასთან პრეტენზია მაქვს. ვგულისხმობ სამართლებრივი სისტემის ორგანიზაციას, გამოძიების ორგანიზაციას და ა.შ.
- თქვენი აზრით, კოორდინირებულად მოქმედებდნენ შსს და უშიშროება? - სხვანაირად შეუძლებელი იყო. რაც მე დავინახე, მთელი ოპერაციის მიმდინარეობის პერიოდში ხელისუფლებას არ ჰყოლია სპიკერი, მაღალი თანამდებობის პირი, ვინც დეზინფორმაციულ ბურუსს გაფანტავდა. ასეთ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებას ელაპარაკოს ის პირი, ვინც კონკრეტული უფლებებით არის აღჭურვილი. უფლებამოსილი საჯარო პირის გარდა, იმ დღეს ყველა ლაპარაკობდა.
- იარაღასხმულმა კაცმა გაიარა ზუგდიდის ცენტრი, დანიშნულების ადგილამდე კი, როგორც გაირკვა, "112"-ის თანამშრომლის მანქანით მივიდა. - ამ ადამიანის ბანკის შენობაში შეღწევა ბევრ კითხვას ბადებს. თუ მას უნდოდა ამ ფორმით ფულის წაღება, ნებისმიერი ფილიალიდან წაიღებდა, რომელიც ტყესთან უფრო ახლოს იყო და უფრო ადვილი იყო მისი გაძარცვა. თვალში საცემია სწორედ მისი დემონსტრაციული შეღწევა ზუგდიდის ცენტრში. ეს არის საინტერესო მონაკვეთი, რომელიც ყურადღებას იმსახურებს...
- უშვებთ ვერსიას, რომ თავდამსხმელი ჯგუფთან ერთად მოქმედებდა? - სავსებით შესაძლებელია. თუმცა, მაინც ვფიქრობ, ის მარტო მოქმედებდა. ბევრი თანამონაწილის შემთხვევაში სამართალდამცავები უფრო იოლად ახდენენ ჯგუფის იდენტიფიცირებას. იმის გათვალისწინებით, რომ ამ პირის დადგენა გაჭიანურდა, ჩემი ვარაუდით, ის მარტო მოქმედებდა.
- ლამის ყაჩაღის იდეალიზაცია მოხდა... - მისი იდეალიზება დაუშვებელია. ვიღაც მას დათა თუთაშხიასაც ადარებს, ვიღაც გმირს უწოდებს, რა კაი ბიჭი იყო, ვიღაცას ხაჭაპური აჭამა, ვიღაცას კონდიციონერი ჩაურთოო. ეს ყოვლად დაუშვებელია. ის ჩვეულებრივი მძარცველია. იარაღი პროფესიონალურად ეჭირაო. სათანადო ინსტრუქტაჟის წყალობით ერთ კვირაში შეიძლება იარაღის კარგად მოხმარება. ის საშუალოდ მომზადებულს ჰგავდა, ჰქონდა რაღაც უნარები, მაგრამ საოცრება იყოო, ვერ იტყვი. შეიძლება ის იყოს და არც იყოს სპეცსამსახურებიდან, შეიძლება ძალოვანი დანაყოფიდან ან თავდაცვიდან...
- ითქვა, რატომ არ ჩაასაფრეს სპეცრაზმი ტყეში ან გასასვლელებთანო... - რომელ და რამდენ ადგილას უნდა ჩასაფრებულიყვნენ? ხომ წარმოგიდგენიათ, ზუგდიდის გარშემო რამდენი ტყე, სოფელი, ბილიკი და გასასვლელია და როცა არ იცი, სად წავა, გადაადგილება როგორ უნდა განსაზღვრო?
- გაჭირდება საქმის გახსნა? იმ შემთხვევაში, თუ ძებნილმა ბუფერულ ზონაში მოახერხა გადასვლა, აფხაზეთის ოფიციოზი მისი გადმოცემის პირობას შეასრულებს? - ჩემი აზრით, მისი ვინაობა უკვე დადგენილია. ახლა მთავარია დაკავება. ხომ ვიცით, რაც ხდება აფხაზეთში - კრიმინალი, უკონტროლობა და ვიღაც ამხელა ფულით რომც გადავიდეს, ალბათ, გააქრობენ...