პატარკაციშვილის მოგებული არჩევნები და ყალბი პასპორტები - პოლიციელის შოკისმომგვრელი ნაამბობი
"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ, სადაც მიშას უსმენდნენ და ელდა მეცა"
ყოფილი პოლიციელი, რომელიც წლების განმავლობაში სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობდა, აგრძელებს ჩვენთან სკანდალური ამბების მოყოლას, იმისი, რისი მომსწრე და მონაწილეც თავად გახდა.
- როცა ნარკოტიკს უდებდით ვინმეს და იცოდით, რომ შეიძლებოდა, 20 წელი მიესაჯათ მისთვის, არ განიცდიდით? - ვინ გითხრათ, რომ ციხეში წავიდოდა? წამალს რომ ვუდებდი, ვიცოდი, ფული უნდა მოეტანა. უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილის დროს კოლოსალურ თანხებზე იყო ლაპარაკი - 300 000-ზე, 400 000-ზე ან კიდევ მეტზე. ზოგისგან ბიზნესი იყო წამოსაღები და იმისთვის სჭირდებოდათ წამლის ჩადება, ზოგიერთი არჩევნებში ხელს უშლიდათ, ან ვიღაც მისი ახლობელი უშლიდა ხელს და ის იყო გასაჩუმებელი, ზოგს ფული ჰქონდა და ამ გზით აწერდნენ. 20-წლიანი სასჯელის ნაცვლად ფულს მოიტანდნენ და მესამე დღეს ბევრი საპროცესო შეთანხმებით გარეთ გადიოდა.
- საპროცესო შეთანხმების დროს აუცილებელია იმაზე მძიმე დანაშაულზე მისცე ინფორმაცია, ვიდრე ბრალს გიყენებენ. ასეთი ინფორმაცია საიდან უნდა მოეტანა დაკავებულს? - თვითონ ჰქონდათ ასეთი საქმეები და რომელიმეს მიაბამდნენ მის საქმეს - ვითომ დაკავებულმა მისცა ინფორმაცია, სინამდვილეში კი არაფერიც არ უთქვამს. შენ ხარ ჟურნალისტი და მე, ხელისუფლებას რომ მერჩი, ვიცი, შენი ბიძაშვილი ძალიან გიყვარს. შენ ხელს მიშლი, მაგრამ შენ რომ ვერაფერს გეუბნები, ამიტომ შენს ბიძაშვილს ჩავუდებ წამალს და მაინც თუ არ გაჩუმდები, გეტყვი, ეს 20 წელი იჯდება ციხეში-მეთქი. ამის მერე შენც მიდიხარ დათმობაზე და ჩუმდები, რადგან იცი, შენი საყვარელი ადამიანი შენ გამო ჰყავთ დაჭერილი. ასეთი ფაქტიც მრავლად ხდებოდა.
"ვარდების რევოლუციის" მერე ტოტალური მოსმენებიც დაიწყო. ერთხელ შემთხვევით აღმოვჩნდი იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილს უსმენდნენ და ელდა მეცა, მივხვდი, ამის გამო სერიოზული პრობლემები შემექნებოდა. ჩემი ფიქრით, ციხისთვისაც მოვემზადე, რომ თბილად ჩამეცვა, რადგან საკნებში ცემენტის იატაკია და ცივა, ამ ინფორმაციის გაგებას არავინ მაპატიებს-მეთქი. დამიძახეს კიდეც, სადმე იტყვი და იცოდე, შენს თავს დააბრალე, ეს მისი უსაფრთხოებისთვის კეთდებაო. არაფერი მომისმენია, არაფერი მინახავს-მეთქი, ვუთხარი. მეორეჯერ სახლთან დამხვდნენ და იქაც იგივე შემახსენეს. ხმის ამომღები ვიყავი? ბევრჯერ ჩემს კაბინეტშიც მომისმენია ადამიანისთვის - კომპიუტერში გვქონდა სპეციალური პროგრამა და ბევრი საინტერესო ამბავი გამიგია.
მარტო ამით არ იყვნენ დაკავებულები: ფარული თვალთვალი, მიყურადება, მოსმენა, ყველაფერს იყენებდნენ, ყველას უყურებდნენ. ფარული ჩანაწერები რომ გაგეკეთებინა, სახლში შესვლა არავის სჭირდებოდა, პროგრამა ისეთი იყო, გარედანაც, ქუჩიდან შეგეძლო დაგემონტაჟებინა და საძინებელი ჩაგერთო მოსმენაზე.
ძალიან დიდი რაოდენობით შემოიტანეს მოსასმენი ტექნიკა - ჰალსტუხები, სათვალეები, მიკროფონები, ნაყინის ფორმის ნივთები, კალმები, ბოთლები - აბსოლუტურად ყველაფერი იწერდა და ყველა ორგანიზაციას უსმენდნენ. რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვებას, ასეთიც მრავლად ხდებოდა. მისი მოპოვება არ იყო პრობლემა. პირადად ჩემთვისაც დაუვალებიათ ერთ-ერთ დეპუტატზე ასეთი ჩანაწერის გაკეთება. მამაკაცია, მის სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ, ახლა არ არის პარლამენტში. ერთი სიტყვით, ვუსმენდი და გადამიღია კიდეც მისი პირადი ცხოვრება. კაფეში მოვიდა და სულ ქალები იყვნენ მის ირგვლივ. სპეციალურად გვყავდა იქ შეყვანილი. ის ქალები მანამდე არ მოეშვნენ, ვიდრე არ დაიყოლიეს და სასტუმროში არ წაიყვანეს. სასტუმროში კი კამერები იყო დამონტაჟებული. იმ დეპუტატის ბადრი პატარკაციშვილისთვის ჩამოცილება უნდოდათ და იმ კომპრომატით ჩამოიცილეს კიდეც.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირებით ბევრ ვინმეს აშანტაჟებდნენ. მაგალითად, თუ გაიგებდი, რომ გისმენდი, პრეტენზია რომ გაგჩენოდა, ვერაფერსაც ვერ იზამდი, რადგან კანცელარიას ჟურნალში მუდამ ჰქონდა დატოვებული თავისუფალი ადგილი, იქ ჩაიწერებოდა ძველი რიცხვით, მერე დავწერდი მოსამართლის სახელზე განცხადებას, რომ მქონდა ოპერატიული ინფორმაცია და მჭირდებოდა შენი მოსმენა, მივიღებდი ნებართვის საბუთს და თუ გამიპროტესტებდი, ნებართვას აგაფარებდი სახეზე და რამდენიც გინდოდა, გეყვირა.
ამ ყველაფრის სათავეში ზურაბ ადეიშვილი იყო. ეგ ადეიშვილი კი არა, მეორე ბერიაა. შესახედავადაც რომ ჰგავს?! ძალიან საშიში ადამიანია. შევარდნაძის პერიოდში ვინმეს მოსმენას თუ გადაწყვეტდი, ხელსაწყოს დამონტაჟება გჭირდებოდა, სააკაშვილის დროს კი - ავტომატურად უსმენდნენ ყველას და ყველაფერს. ერთმანეთზეც ჰქონდათ გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირები. სოდ-ი კუდ-ს უღებდა, კუდ-ი - სოდ-ს და ორივე - მიშას. სულ სამი უძლიერესი მოქმედი დეპარტამენტი იყო: სოდ-ი, კუდ-ი და გენინსპექცია. სამივეს ხელმძღვანელები - კოდუა, ახალაია და სანოძე ერთმანეთს დააპირისპირეს, ვანო მერაბიშვილი კი ყველასთან ძმაკაცობდა და ყველაზე ჰქონდა ინფორმაცია.
მერაბიშვილი თანამშრომლებისთვის კარგი მინისტრი იყო. ჩახედული იყო თითოეული პოლიციელის ოჯახის ცხოვრებაში და ვისაც უჭირდა, ყველას ეხმარებოდა. ამიტომ თანამშრომლებს უყვარდათ. ცუდი მინისტრი იყო გიორგი ბარამიძე, როგორც ვირი და მუსიკა, ისე იყო მისთვის ეს სისტემა. გახსოვთ, ალბათ, ბანკირი მაღლაკელიძე რომ გაიტაცეს, დაკავებულ ვაშაკიძეს პირადად ბარამიძემ სცემა და აწამა. არ მახსოვს, ასეთი ბრიყვი შს მინისტრი ჰყოლოდა სისტემას.
კვირაიათი და თარგამაძით დაწყებული, ყველა მინისტრის დროს მომიწია მუშაობამ და ორივეს დროს სისტემა მთლიანად გახრწნილი იყო. "ნაციონალების" პერიოდში ყველა უბედურების დირიჟორი ზურაბ ადეიშვილი გახლდათ, იგი აკონტროლებდა ძალოვან სტრუქტურებს. ახალაია, კოდუა და სანოძეც ბობოქრობდნენ. გიგა ბოკერიაც სულ შს სამინისტროში იჯდა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, ზურაბ ადეიშვილსაც აუცილებლად მოუსმენდა დათა ახალაია, რადგან დაპირისპირებულები იყვნენ ერთმანეთთან. ადეიშვილი ფეხებზე ეკიდა ახალაიას. კუდ-ი თუ უსმენდა, ამას სოდ-ი ვერ გაიგებდა. "ნაცმოძრაობის" ერთი წევრი, დ. საყვარელიძე, რომელიც შს სამინისტროს კურატორი იყო და საშინელებებს სჩადიოდა, ახლა გამოდის და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ამბობს, მაგარი ვინმე ვარო. არადა, კაცი ფეხში დაჭრეს, ეს კი იმ დაჭრილს კალამს უტარებდა დაჭრილ ფეხში და ისე აწამებდა. ახლა ჩამოიკიდეს ჰალსტუხები, თორემ მაშინ ყველანი სპორტულებში დადიოდნენ და საშინელებებს სჩადიოდნენ. ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა, რომ ამას სიამოვნებითაც აკეთებდნენ, ნახეთ, ჩვენ რა მაგრები ვართო. სად ყოფილა შევარდნაძის დროს პატიმრის გვამზე მიბმა. ასეთი აზრი ადამიანის გონებაში როგორ დაიბადებოდა?! სააკაშვილის პერიოდში კი ეს ნამდვილად ხდებოდა. ვიცი ადამიანი, რომელსაც ციხეში რკინის სკამზე ფეხი დაადებინეს, ზევიდან დაახტნენ, მოტეხეს და ისე დაუზიანდა წელი თუ ფეხი, დიდხანს ტუალეტში ვეღარ შედიოდა. ასეთი რამ შევარდნაძის დროს არ გამიგონია.
ახლა, ამ ხალხს რომ ვუყურებ, ამათი დაბრუნება უკან წარმოუდგენელია. ეს ხალხი თავის ადგილზე რომ დაეყენებინა "ქართულ ოცნებას", ასე ომახიან განცხადებებს დღეს ვერ გააკეთებდნენ. ეს ხალხი ახლა სხვების კორუფციაზე ლაპარაკობს და დაავიწყდათ, 4 მილიონი ევროთი რომ დაიჭირეს "ნაციონალების" ერთი აქტიური წევრი კიევის საზღვარზე, კიდევ მათი მეორე ცნობილი წევრი ქალი კი - 2 მილიონით. მაგრამ, ეტყობა, შეთანხმებული იყო იქაურ შს სამინისტროსთან და რეფორმის ფული "გაიტეხეს" ერთმანეთში, მეორემ კი - საფრანგეთში წაიღო ის ფული. გამოდიან ტელევიზორში ეს დეპუტატები და სხვებს აკრიტიკებენ, ამ დროს კი ძალიან ბევრს ჩემს ხელში გაუვლია. სხვათა შორის, "ქართულ ოცნებაშიც" არიან ნარკომანები, "ნაციონალურ მოძრაობაშიც" და "ლელოშიც", ყველა პარტიაში. წამლისგან გამოსწორებული ადამიანი ჯერ არ მინახავს. ფულს იხდიდნენ და ვუშვებდით.
- დღეს მოქმედი დეპუტატებისთვის რა თანხა გამოგირთმევიათ? - ნარკოტიკების გამო გამომირთმევია 10.000, 15.000-20.000 დოლარი, ვისთვის - როგორ... ასე რომ, თუ ძალოვანი სისტემა არ შეიცვალა, არაფერი გამოვა, მუდმივად ასე იქნება. სააკაშვილის დროს ხალხი მედიაშიც ჰყავდათ ჩანერგილი. პოლიციელები ჟურნალისტების შეკერვაზეც მიდიოდნენ. ეს დავალებული ჰქონდათ. რომელიმე ჟურნალისტ გოგოს ეგონა, რომ უყვარდა იმ პოლიციელს, არადა, ის შეგზავნილი იყო და ინფორმაცია შიგნიდან ამ გზითაც გამოდიოდა.
- ამ სისტემის გამოსწორება როგორ წარმოგიდგენიათ? - სისტემა თავიდან ბოლომდე უნდა გაიწმინდოს. არავინ უნდა დარჩეს ისეთი, ვისაც ერთხელ მაინც შეხება ჰქონია სისტემასთან. ახალგაზრდები უნდა შემოიყვანონ, დაე, დაუშვან შეცდომები, ისწავლიან და პროფესიონალები დადგებიან. მხოლოდ ამ გზით გაიწმინდება სისტემა. ვინ არის ამისგან დაზღვეული?! ამიტომ სისტემაში უნდა მუშაობდნენ ისინი, ვისაც წარმოდგენა არა აქვს იმაზე, რაც იქ ხდება. სააკაშვილმა შემოიყვანა "კმარელები", რომლებიც ყველა სიბინძურეზე მიდიოდნენ.
პროკურატურაშიც დარჩნენ ძველი კადრები. პროკურატურაც ახალი კადრებით უნდა დაკომპლექტდეს და მერე ეშველება ყველაფერს. იქაც იგივე ხდებოდა, იქაურობაც კორუფციაში იყო ჩაფლული. როცა ვინმეს დაჭრიდნენ, პროკურორი ხელს არ გაანძრევდა, რადგან ფული ჰქონდა აღებული.
ნარკობიზნესი, როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის დროსაც "იკრიშებოდა". შევარდნაძის დროს საქართველო, ფაქტობრივად, ტრანზიტი იყო. ამან ძალიან ფართო მასშტაბი მიიღო სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. ერთხელ ჩემს უფროსს დაუპირისპირდნენ იმის გამო, რომ მთელ ქალაქში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წამალი იყიდებოდა და ეს ჩემმა უფროსმა გააპროტესტა. უთხრეს, დაგიჭერთო, აქეთ დაემუქრნენ. ბევრი ცნობილი პირი ნარკობარიგა იყო, მაგრამ მათაც "კრიშავდა" სააკაშვილის ხელისუფლება. მათთვის გზა ხსნილი იყო.
ეს პრობლემა საქართველოში ყოველთვის იდგა. იმასაც ვადასტურებ, რომ კახა თარგამაძის დროს პანკისში ნარკოტიკის ქარხანა იყო და ამას მაშინდელი შს მინისტრის მოადგილე ლობირებდა. მიშას დროსაც უპრობლემოდ ატარებდნენ ტრანზიტს და თვითონ იღებდნენ წილს. გადახედეთ ქვემო ფონიჭალას, ვერ ხედავთ, რა სასახლეები დგას? საიდან იშოვა ამ ხალხმა ფული? - სწორედ წამლით, ნარკოტიკებით იშოვეს. ვერავინ იტყვის ჩემზე, რომ ნარკოტიკი გამისინჯავს ან ნარკობარიგა "დამიკრიშავს". მათ ვერ ვიტანდი. ბევრ რამეში შეიძლება მამხილონ, მაგრამ ამაში ვერავინ დამადანაშაულებს. ამ ბიზნესს თავისი ზედამხდველები ჰყავდა.
"კანონიერი ქურდები" და არჩევნები
- ქურდების როლი დიდი იყო არჩევნებში. შევარდნაძის პრეზიდენტობისას ქურდები თავისუფლად დადიოდნენ ქალაქში, სააკაშვილმა კანონი შეცვალა და "კანონიერი ქურდობა" დასჯადი გახდა, მაგრამ მათაც სჭირდებოდათ არჩევნებში ქურდების დახმარება და ამხელა ხმაურისა და იმის მიუხედავად, რომ ყოველდღე ნულოვან ტოლერანტობას აცხადებდნენ, მათ მაინც იყენებდნენ. ისინი ქვეყნიდან ჰყავდათ გაშვებული და ყველაფერზე ხომ ვერ ირბენდნენ ევროპაში, ამიტომ ძალიან მარტივად აგვარებდნენ ამ საკითხს - ხმაური რომ არ ატეხილიყო, გადადიოდნენ სომხეთის ან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, იქ ყიდულობდნენ სიმ-ბარათს და ევროპაში ქურდებს იქიდან ელაპარაკებოდნენ, დავალებას აძლევდნენ და მათაც იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. სააკაშვილისგან, ადეიშვილისა და შს მინისტრისგან მიდიოდა მათთან დაკვეთები. 5 იანვარს, არჩევნები რომ დაინიშნა, მაშინ სააკაშვილმა პირწმინდად წააგო და სუფთად მოიგო ბადრი პატარკაციშვილმა, მაგრამ მონაცემები გაყალბდა. 6 საათის შემდეგ კომისიის თავმჯდომარეებს კონკრეტული თანხები დაურიგდათ. ახლა ერთ-ერთი ოპოზიციის ლიდერი რომ ყვირის და არწმუნებს საზოგადოებას, თითქოს პატიოსანი კაცია, ის იყო მაშინ „საპასპორტოს“ უფროსი და 5 იანვრის არჩევნებისთვის ღამის 3 საათამდე რომ იბეჭდებოდა პასპორტები ბუდაპეშტის ქუჩაზე, არ იცოდა? რაიონებიდან ჩამოყვანილი ჰყავდათ ხალხი და იცოდნენ, რომელ საარჩევნო უბანში გაეგზავნათ. დაურიგებდნენ ყალბ პასპორტებს და თბილისის რამდენიმე უბანში ხმის მიცემის შემდეგ ისინი ისევ ბრუნდებოდნენ თავიანთ რეგიონებში და იქაც აძლევდნენ ხმას. თითოეულს 4-5 პასპორტი ჰქონდა. პოლიციელებს კი ღიად უნდა შემოგვეხაზა, ვის ვაძლევდით ხმას. ვიტყოდით საარჩევნო უბანში, მორიგე ჯგუფია, აქ უნდა მისცეს ხმაო და, შევდიოდით და ვხაზავდით, მერე ცოტა ხანში ახალი ჯგუფი მიდიოდა და ისევ ამბობდნენ, ცვლა შეიცვალა და ახლა ამათმა უნდა მისცენ ხმაო.
როცა მარტო რჩები საკუთარ თავთან, ეს ყველაფერი გახსენდება. ამ ხალხს რომ ვუყურებ ხოლმე ტელევიზორში, ბევრჯერ ცუდ აზრამდე მივსულვარ. კიდევ ერთხელ ვთხოვ ახალ თაობას, რომელიც ძალოვან სისტემაში მივა სამუშაოდ, არასდროს გაიმეორონ ის, რასაც მე ვყვები. ჯობია, სისტემიდან წავიდნენ და მუშად იმუშაონ, ვიდრე ამის შესრულება მოუხდეთ. ეს საშინელებაა! წლების მატებასთან ერთად ადამიანს მთელი ცხოვრება სინდისი გქენჯნის, მოსვენებას გაკარგვინებს. 20 წლის ვიყავი, სისტემაში რომ მივედი, მაშინ არ ვფიქრობდი ამაზე, თან უცებ გავიკვალე გზა, კარიერული სვლა ელვის სისწრაფით წავიდა. ვერც იმას მოგატყუებთ, რომ არავინ დამხმარებია. მერე იყო ურთულესი წლები, რაზეც უკვე გესაუბრეთ, და დღეს ძალიან ცუდ დღეში ვარ. გინდ დამიჯერეთ, გინდ არა, გულწრფელად გეუბნებით ყველაფერს. ახლა ვცდილობ, შინიდანაც იშვიათად გავიდე. ძალიან განვიცდი ჩემს განვლილ ცხოვრებას.
- როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებით და აანალიზებთ თქვენს ცხოვრებას, ყველაზე ცუდად რა მომენტები გახსენდებათ? - ასეთი ძალიან ბევრია. ის მინდა მხოლოდ, მომავალმა თაობებმა მაინც იცხოვრონ ნორმალურ საქართველოში და არ გაიმეორონ ჩვენი შეცდომები.
- თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, ჩაგიდიათ ნარკოტიკი ადამიანისთვის და დაკავებული მერე შეგცოდებიათ? - კი, მქონდა ასეთი შემთხვევა და დიდი პრობლემებიც შემხვდა. ჩავუდეთ ერთს წამალი და მოვიდა მისი მეუღლე, 9 თვის ფეხმძიმე ქალი. კიდევ კარგი, ექსპერტიზაზე გაგზავნილი არ მქონდა, ის წამალი "ანალგინით" შევცვალე და ასე ვიხსენი დაკავებული პატიმრობისგან. ერთხელაც ერთ-ერთი სერიოზული კრიმინალი დავაკავეთ. ხომ გითხარით, ყველამ იცოდა, რომ მე მკვლელობას ვერ დამავალებდნენ. იმ კრიმინალს იარაღიც თან ჰქონდა და დამატებით - ნარკოტიკიც ჩავუდეთ. მითხრეს, გაქცევის საშუალება მიეცი და მერე ფეხებში ესროლეო. ვიუარე, რამდენ ხანსაც გინდათ, იმდენ ხანს მეყოლება მიწაზე გართხმული, მაგრამ არ ვესვრი. თქვენ ესროლეთ, თუ გინდათ, მე მაგის გამკეთებელი არა ვარ. ცოლი ადგას თავზე იმხელა მუცლით, არ არსებობს, არ ვესვრი-მეთქი. მაშინ ასე გყავდეს იატაკზე გართხმული, მოვა ჯგუფი და ისინი შეასრულებენ ამ დავალებასო. ტელეფონი გავთიშე, მაშინვე დავადე ხელბორკილი და გადავიყვანე "კაპეზეში". არ მინდოდა, მისი ფეხმძიმე ცოლის თვალწინ ეს საშინელება დატრიალებულიყო და ადამიანი დაეჭრათ. ასეთი ხუშტურებიც ჩამიდენია და პრობლემებიც მექმნებოდა, მაგრამ მაინც მივდიოდი ამაზე. დღეს თავის შვილებთან იქნება ის ადამიანი, ციხიდან გამოვიდოდა. ადამიანს ტყუილუბრალოდ ტყვიას ვერ ვესროდი, თან - ფეხმძიმე ცოლის თვალწინ, ან ვინ იცოდა, ის ტყვია სად მოხვდებოდა და ვინ იყო დაზღვეული, რომ უბედურებით არ დასრულდებოდა ეს ამბავი. თანამშრომლები გაფრთხილებული მყავდა, რომ გავიგო, ოჯახში შეხვედით და იქ ქალს სხვანაირად შეხედეთ ან უდიერად მოექეცით, არ გაპატიებთ-მეთქი. ეს პატარა ბიჭები, ოჯახებში რომ მიდიოდნენ, მერე დაკავებულის ცოლების “შეკერვასაც“ ცდილობდნენ, მაგრამ ამას ჩემს დანაყოფში ვერავინ გაბედავდა.
ერთხანს ნარკოტიკების შემოტანა ქალებმა ორგანოებით დაიწყეს და ასეთი ფაქტების გამოვლენაც ხშირად ხდებოდა. ერთხელ დედამ თავის 7 წლის ბავშვს ჩაულაგა ჩანთაში ნარკოტიკი და გამოუშვა. თვითონ შორიდან უყურებდა, რა მოხდებოდა. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ წამალი შემოდიოდა. დედასაც ვაცალეთ საზღვარზე გადმოსვლა და დავაკავეთ. თორემ დიდი ეჭვი მაქვს, ბავშვისთვის ხელი რომ მოგვეკიდა, ქალი საზღვარზე არ გადმოვიდოდა.
ბარიგებზე იოლად გავდიოდით - ნარკომანთან უნდა დაგეწყო მუშაობა და ძალიან ადვილად დაადგენდი რეალიზატორებს, ასევე - მოსმენებითაც. სააკაშვილის დროს პრივილეგირებული ხალხისთვის არ იყო პრობლემა: წადი საფრანგეთში, იყიდე "სუბუტექსი", ჩამოფრინდი და გაყიდე. შს სამინისტრო იყო შენი "კრიშა" და პრობლემას ვინ შეგიქმნიდა!
- ექსპერტიზებსაც აყალბებდნენ?
- ესეც სისტემის ნაწილი იყო, იქაც იყო კორუფცია. ყველაფერი ადეიშვილის ხელში იყო - ნოტარიუსიც, სოდ-იც, ექსპერტიზაც, სასამართლოც.
კრიმინალური ამბები
- ბევრი საქმე მქონია ისეთი, არასოდეს დამავიწყდება. მახსოვს, დიღმის მასივში მამაკაცმა საყვარელი მოკლა, მერე ცხედარი დაანაწევრა, დივანში შეინახა, დაკეტა ბინა და მიიმალა. ეს დანაშაული მალევე გაიხსნა. ყველაზე შემაშფოთებელი ის იყო, რომ ქალის მკვლელი ჩვენი კოლეგის, პოლიციის უფროსის შვილი აღმოჩნდა. გაირკვა მკვლელობის მოტივიც - ეს შემზარავი დანაშაული მან ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა, ულამაზესი გოგონა სადისტურად გამოასალმა სიცოცხლეს. დანაშაულის ადგილი, ბინა დამნაშავის სახელზე აღმოჩნდა ნაქირავები. ეტყობა, იფიქრა, პოლიციელი მამა დამიცავსო. მამამ მართლა სცადა შვილის დაცვა, მაგრამ ის ბიჭი დავაკავეთ და სასჯელიც მიესაჯა. ალბათ, ახლა ციხიდან გამოსულიც იქნება და ივლის თავისუფლად, მაგრამ იმ გოგოს რაღა ეშველება?!
ერთხელ, ღამით, ქავთარაძის ქუჩაზე მოვდიოდი მანქანით და ვხედავ, ქუჩაში ადამიანის თავი გდია. გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და თავი ავიღე – ქალის იყო. იმ დილით ტანი "დელისის" მეტროსთან, თაღში იპოვეს, იქვე ეგდო ფეხსაცმელებიც და მივხვდით, რომ იმ ქალის თავი იყო. იმ ტერიტორიაზე ერთი სპორტსმენი ცხოვრობდა, მოკრივე გ. დ. და გაირკვა, რომ თავისი საყვარელი მოუკლავს, თავი მოუჭრია, ტანი „დელისზე“ დაუგდია, თავი კი - ქავთარაძეზე. ქალი ნაჯახით მოუკლავს, მის ბინაში უამრავი ნივთმტკიცება აღმოჩნდა - ყველგან სისხლის კვალი იყო. რა თქმა უნდა, ეს დანაშაული გაიხსნა - მოკრივე დავაკავეთ. დანაშაული გაუხსნელი არ დარჩება, თუ მოინდომებ. უმეტესად იხსნება, მთავარია, ოპერატიულად იმოქმედო. დამნაშავე თითქმის ყოველთვის ტოვებს კვალს.
მოკლული ქალის ტანი ექსპერტიზაზე უკვე გაგზავნილი მქონდა, როცა თავი აღმოვაჩინე და ჩემს თანამშრომელს ვუთხარი, მოდი, თავიც წაიღე ექსპერტიზაზე-მეთქი. სამი დღის მერე ექსპერტი მირეკავს, ადამიანის ტანი რომ მოიტანეთ, ამას თავი არა აქვსო? გადავირიე, ვურეკავ ჩემს თანამშრომელს და ვეუბნები, სად წაიღე, არ მიგიტანია ექსპერტიზაზე-მეთქი და, უი, დამავიწყდაო. თურმე, ადამიანის თავი სამი დღის განმავლობაში დაჰქონდა მანქანით.
კიდევ ერთ შემზარავ ამბავს გავიხსენებ: შევარდნაძის პერიოდია. სისხლის გადასხმის ინსტიტუტის მიმდებარედ ორი გოგონა სამეცადინოდ რეპეტიტორთან დადიოდა. მათი გვარებიც კი მახსოვს. გოგონები გამოვიდნენ მასწავლებლიდან, გზა მეორე მხარეს გადაჭრეს და ამ დროს მათ წინ "ჟიგული" გაჩერდა. ჩატენეს გოგონები მანქანაში და გაიტაცეს. იმ გარეწრებმა ის გოგონები გააუპატიურეს და შემდეგ დახოცეს. ორივე საშინლად ნაწამები იყო. გაუპატიურება არ აკმარეს, წამებით მოკლეს - მკერდი მოაჭრეს, მერე ძაღლს გადაუგდეს და ძაღლი არ გაეკარა. დილით დარაჯმა იპოვა გოგონების ცხედრები და პოლიციას აცნობა. ის დარაჯი მოვკალით ცემით, გვეგონა, ის იყო გარეული, მაგრამ მან დაასახელა მანქანა, რომელიც დაინახა, და ასე გავედით დამნაშავეების კვალზე. ერთ-ერთს მივადექით იმ სახლში, სადაც საყვარელთან ერთად იყო, ჩავისვი მანქანაში და მიმყავს განყოფილებაში. ჩემი შვილი მაშინ პატარა იყო და მანქანის წინა სავარძელზე მისთვის ნაყიდი დასაბანი პატარა ჯამი მედგა.
დაკავებულმა ეს რომ დაინახა, ეტყობა, იფიქრა, წამალს ჩამიდებენო და მითხრა, უკვე აღარ ვიკეთებო. მოვცხე სახეში, ნარკომანიც იყო. პოლიციაში რომ მივიყვანეთ დამნაშავეები, ამ დროს ხალხს გადაკეტილი ჰქონდა ტერიტორია, მათ ჩაქოლვასა და ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდა. ოთხივე უკანა მხრიდან შევიყვანეთ პოლიციაში და თავდასხმა რომ აგვეცილებინა, „კაპეზეში“ გადავიყვანეთ. ერთმა მოიგიჟიანა თავი, გაითამაშა, ვითომ გიჟი იყო, ამოვიღე იარაღი და მივეცი, აიღე და თუ გინდა, თავი მოიკალი-მეთქი. ერთი სიტყვით, ისე მოიქცნენ, ოთხივე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ექსპერტიზაზე უნდა გადაგვეყვანა. უამრავი მტკიცებულება იყო მათ წინააღმდეგ. ექსპერტიზაზე რომ გადაჰყავდათ, თანამშრომლები გავაფრთხილე, ნახევარი საათის განმავლობაში რამდენი ზარიც უნდა შემოვიდეს პოლიციაში, არანაირ შემთხვევაზე არ გახვიდეთ-მეთქი. ერთ-ერთი მოკლული გოგოს ძმას დავურეკე და ვუთხარი, ახლა მიჰყავს სპეცრაზმს დამნაშავეები ექსპერტიზაზე, შენ არავინ გაგიწევს წინააღმდეგობას და რაც გინდა, ის გააკეთე-მეთქი. დახვდა მოკლულის ძმა გზაზე დამნაშავეების მანქანას, სპეცრაზმს წაართვა პატიმრები და ოთხივე იქ მოკლა, სადაც მისი და და დაქალი გააუპატიურეს. ერთ-ერთს ორგანოც მოაჭრა და მარილი მოაყარა. დავიჭირეთ მერე ის ძმა, აღიარა დანაშაული, სამი წელი პირობითი და ერთი წელი პატიმრობა მიესაჯა. არ ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში კანონს გადავაბიჯე. თქვენ არ იცით, როგორი ნაწამები ჰყავდათ 16-17 წლის გოგონები, ათასი სიბინძურე უქნეს და შემდეგ ნაწამები აჩეხეს. 4 კაცი ასე მოექცა ორ გოგონას. მახსოვს, ერთ-ერთი ბრალდებულის, ჩ.-ს სახლში რომ მივედით და დავაკავეთ, მისი ცოლი აკივლდა. მას უხეშად ვუთხარი, ნუ ყვირი, ხმა გაკმინდე-მეთქი და არც მომრიდებია, ისე უცებ აიწია ტანსაცმელი და შიშველი სხეული მაჩვენა - მისი საცოდაობით დავიწვი, მთელი სხეული დანით ჰქონდა დასერილი. თურმე, მასაც აწამებდა. მანიაკი იყო. ცოლმა მითხრა, მინდოდა, ეს მენახვებინაო. ხმა ვერ ამოვიღე.
ნაწყვეტი წიგნიდან, რომელიც გამოსაცემად მზადდება