"ვიფიქრე, ეტყობა, ძალიან გაამწარეს-მეთქი..." - რას ჰყვება ბადრი ესებუას მეგობარი
"იმდენ ვინმეს მიედ-მოედვნენ და ტროლებიც ისე გააქტიურდნენ, ჯარისკაცი სადამდე მიიყვანესო, მივხვდი, შეიარაღებულ ძალებზე მიზანმიმართული შეტევაა"
"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაზე არსებული არაერთი კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია. გრძელდება ღონისძიებები 32 წლის ყოფილი სამხედროს ბადრი ესებუას დასაკავებლადაც, თუმცა საზოგადოების ნაწილს არ სჯერა, რომ დანაშაულის ჩამდენი ნამდვილად ის არის. "კვირის პალიტრა" მის მეგობარს ესაუბრა:
ირაკლი, ყოფილი სამხედრო: - როგორც კი ვიდეოფირი ვნახე, მივხვდი, რომ ბანკში შეჭრილი პირი მოქმედი ან ყოფილი სამხედრო იყო.
ჩვენ მაშინვე ვცნობთ ერთმანეთს მანერებით, საუბრით, იარაღის ჭერით... ერთადერთი, რამაც გამაკვირვა, აგრესია იყო, ფეხს რომ უქნევს მძევალს. ვიფიქრე, ეტყობა, ძალიან გაამწარეს-მეთქი... ფორმაც ვიცანი - ნასხვისარი არ იყო, ეტყობოდა, დიდხანს ჰქონდა ნატარები.
რამდენიმე წლის წინ წამოვედი ჯარიდან და არ ვიცი, შიგნით რა ხდება. ბიჭები ამბობენ, კვება, ტანსაცმელი და საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდაო. იმედია, დამოკიდებულებაც შეიცვალა.
ვიცოდი, ესებუა ჯანმრთელობის გამო წავიდა შეიარაღებული ძალებიდან, ფილტვები აწუხებდა და გამიკვირდა, იმ მძევალმა რომ თქვა, მითხრა, შენი სამსახური სამსახური გგონიაო? შემდეგ მძევლებმა გაავრცელეს ინფორმაცია შიდა ვითარებაზე და ვიფიქრე, ხელყუმბარას არ გახსნიდა-მეთქი. ახლაც ასე მგონია.
- რატომ?
- არ გაიმეტებდა ხალხს, აღარ სჭირდებოდა სისხლის ღვრა. ორჯერაც შესაშინებლად გაისროლა. სამხედროებს სიკვდილი ყელში გვაქვს ამოსული და მცირე მიზეზი საკმარისია, რომ სისხლი არ დავღვაროთ, თანაც, სახელმწიფო მის მოთხოვნებს დაეთანხმა. ისიც იცოდა, რომ გახსნილი ხელყუმბარით ხელში არავინ ესროდა, ამიტომაც არ იშორებდა ხელიდან.
როცა მისი გვარ-სახელი გამოცხადდა, ყურებს არ დავუჯერე. ალბათ, ბევრს უთქვამს, მისგან წარმოუდგენელიაო და, მეც ვამბობ - საკუთარ თავზე უფრო დავიჯერებდი ასეთ რამეს, ვიდრე ესებუაზე. ერთ-ერთი მედიის ცნობით, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სხვა სამხედროებზეც მიიტანეს ეჭვი, თემურ ხვიბლიანზე, რომელიც მართლა არაფერ შუაშია, თითქმის დავრწმუნდი, რომ ესებუაში შეეშალათ.
ისე, იმდენ ვინმეს მიედ-მოედვნენ და ტროლებიც ისე გააქტიურდნენ, ჯარისკაცი სადამდე მიიყვანესო, მივხვდი, შეიარაღებულ ძალებზე მიზანმიმართული შეტევაა. სხვა თუ არაფერი, ხვიბლიანი სიმაღლეში 1,95-ია, ეჭვმიტანილი ესებუა კი აშკარად დაბალი, თუმცა ჩანაწერში ბევრად მაღალი ჩანს, რადგან ტანზე მომდგარი ფორმა აცვია, ველოდი, გამოვიდოდა და აყვირდებოდა, მე რა შუაში ვარო, მაგრამ შუაში რომ არ იყოს, მის უბედურ მშობლებს ასეთ მდგომარეობაში არ ჩააყენებდა.
არადა, ძალზე მზრუნველი შვილი იყო. არავითარ შრომას არ თაკილობდა, რომ მამისთვის საქმე შეემსუბუქებინა. ხანდახან ვფიქრობ, თავს ხომ არაფერი აუტეხა-მეთქი. უმძიმესი იყო მამამისის მოსმენა, შვილს პოლიციაში ჩაბარებისკენ რომ მოუწოდა. სახლში თუ მეგობრებში ყველა სხვანაირია, ჯარში კი ადამიანი ისეთია, როგორიც ნამდვილად არის, ესებუას აგრესია კი არა, ზედმეტი ემოცია არავის ახსოვს.
- იპოვეთ მსგავსება ბანკში მყოფ პირსა და თქვენს მეგობარს შორის? - ხმით მივამსგავსე... თვალებით - ნამდვილად ვერა... ვერ წარმომიდგენია, როგორ მოემზადა ასე, როგორ დაგეგმა ასე ზუსტად ყველაფერი, როგორ გარისკა. მაღალტექნოლოგიური ლინზები ეკეთაო... არის დეტალები, რასაც მის ტიპაჟთან ვერ ვაკავშირებ. მგონი, მარტო არ მოქმედებდა, ვიღაცამ კარგად მოამზადა. სავარაუდოდ, ჰყავს თანამზრახველები, შესაძლოა ორი ან მეტიც... თუმცა ეს მას არ ამართლებს. მთავარია, რის გამო წავიდა ამაზე. არ მჯერა, რომ მან ეს ფულის გამო გააკეთა და თან მარტომ.
ითქვა, მოთამაშე იყოო. ეს პრობლემა ნამდვილად დგას შეიარაღებულ ძალებში. უამრავმა სამხედრომ სწორედ ამიტომ დაანება თავი ჯარს, ხელფასი დაუყადაღეს და ბაზაში მოსასვლელი ფული არ ჰქონდათ.
- უამრავი ვერსია გახმაურდა, ისიც, რომ შესაძლოა უკვე არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა. - გამორიცხულია, ყოფილი სამხედრო, თანაც 2008 წელს ნაბრძოლი, აფხაზეთში არ გადავიდოდა. ნახევარი კი არა, რამდენიმე მილიონიც რომ ჰქონდეს, მას იქ უსაფრთხოების გარანტია არა აქვს. მე მის თანამზრახველობას უფრო დავიჯერებ, ვიდრე იმას, რომ თავად შეიჭრა ბანკში.