"ზურგიდან ესროლეს ავტომატით და ტყვიებმა გულში გაუარა" - ვინ არის ფონიჭალაში მოკლული მამაკაცი
სოფელ ფონიჭალაში 39 წლის რასიმ ისაევი მოკლეს. მას ზურგში რამდენჯერმე ესროლეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით არის აღძრული, რაც მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მომხდარზე ვესაუბრეთ გარდაცვლილის ახლობელს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
- ცუდი, საშინელი ამბავი დაგვატყდა თავს. ახალგაზრდა, მშრომელი კაცი მოკლეს, 3 მცირეწლოვანი შვილის მამა, რომელიც 39 წლისაც არ იყო. კაცი საღამოს 5 საათზე გამოვიდა შინიდან, 50 მეტრის დაშორებით მდებარე მაღაზიაში პროდუქტი რომ ეყიდა და სახლში 10 წუთში უნდა დაბრუნებულიყო, ის კი საავადმყოფოდან გარდაცვლილი მიუყვანეს ოჯახს. გამვლელებმა ნახეს, როდესაც ქუჩაში სისხლისაგან იცლებოდა და მათ წაიყვანეს საავადმყოფოში.
- ასე ახლო მანძილზე ოჯახს გასროლის ხმა არ გაუგია?
- არა, არ გაუგიათ. ირგვლივ უამრავი მანქანა დადის. ხმაურია. ოჯახს კიდეც რომ გაეგო გასროლა, რას იფიქრებდა, რომ რასიმი მოკლეს. ამას ვერავინ იფიქრებდა, იმიტომ, რომ რასიმის ჩხუბი არავის ახსოვს. მაგას და მის ცოლს ნავთლუღის ბაზარზე ჰქონდათ ადგილი აღებული და იქ ვაჭრობდნენ მწვანილით. არავინ იცის, რატომ უნდა ესროლათ მისთვის. როგორც ჩანს, ზურგიდან ესროლეს ავტომატით და ტყვიებმა გულში გაუარა. თავდამსხმელებმა დაჭრილი დატოვეს და მიიმალნენ. კაცი უკვე სისხლისაგან დაცლილი იყო, საავადმყოფოში რომ წაიყვანეს და იქ რაღას უშველიდნენ. ტყვიები გულში ჰქონდა გავლილი.
- სამწუხაროდ, სოფელ ფონიჭალაში პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ადამიანებს ავტომანქანებიდან ხოცავენ. გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი ფაქტები აქ ნარკოტიკებთან და მის გამო შურისძიებასთან არის დაკავშირებული... - რასიმი რუსეთში არ ვაჭრობდა, რომ ნარკოტიკების საქმეში ყოფილიყო ჩაბმული. ის მდიდარი არ იყო, პირიქით, დედა ეხმარებოდა ოჯახის შენახვაში. ადამიანი სულ სამგორში იდგა და მწვანილს ყიდდა. მას რა ნარკოტიკი უნდა ჰქონოდა?! თუ არადა, ამას გამოძიება ხომ დაადგენს! საერთოდ, ძალიან უკონფლიქტო კაცი იყო. არ ვიცით, რა მოხდა, ვისი რა მართებდა ამ საცოდავს, მაგრამ ავტომატით შეიარაღებულმა ხალხმა საშინლად მოკლა. ველოდებით, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მაგრამ რამდენად მალე, - ეჭვი გვეპარება. სამწუხაროდ, ვიდეოთვალი მკვლელობის ადგილთან ახალომახლო არ არის. ეს შემთხვევა კი ძალიან საშიშია ყველასთვის. ხალხი იარაღს შინ ინახავს. დღეს თუ მათ რასიმი მოკლეს, ხვალ შეიძლება სხვებიც ასე დახოცონ ქუჩაში.
(სპეციალურად საიტისთვის)