"მოკლული ვანოს არ იცნობდა, გუშინ ჩემს სახლში შეხვდნენ პირველად ერთმანეთს" - თელავში მომხდარი მკვლელობის დეტალები
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მკვლელობა მოხდა. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. როგორც ირკვევა, ამ უმძიმეს დანაშაულს წინ მათ შორის შელაპარაკება უძღვოდა. ასევე დაჭრილია თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენაშვილი, რომელსაც ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს და ამის შემდეგ სახლში გაწერეს. როგორ ადგილობრივები ამბობენ, დაპირისპირება ერთერთი ადგილობრივის, დავით ლაჩაშვილის, სახლში, დაბადების დღის წვეულებაზე, კომენდანტის საათის დროს მოხდა. თავად ლაჩაშვილი კი მის სახლში კონფლიქტს კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ მეგობრები ისე გააცილა, სახლში არანაირი კონფლიქტი არ მოსვლიათ.
დავით ლაჩაშვილი: - ჩემს სახლში, ჩემს დაბადების დღეზე იყვნენ მოსულები. ემოციურად ძალიან მძიმეა ჩემთვის რაც მოხდა, ეს დიდი ტრაგედიაა. სახლში სუფრა გავშალეთ, სულ 5 ადამიანი ვიყავით. თავიდან სამი ჩემი მეგობარი მოვიდა, ვანო ზანდარაშვილი მერე შემოგვიერთდა, ალბათ რომელიმე ბიჭმა დაურეკა და უთხრა, რომ ჩემთან იყვნენ. ჩვეულებრივ მივიღეთ სახლში, მასთანაც ვმეგობრობ. ვიქეიფეთ, როგორც ბევრჯერ შევხვედრილვართ და გვიქეიფია, მერე ყველანი ერთად გავაცილე, 11 საათი იქნებოდა სახლიდან რომ წავიდნენ. ვანოს მანქანაში ჩასხდნენ ერთად ყველანი, მას უნდა წაეყვანა ბიჭები თელავში და სახლებში მიეყვანა. წავიდნენ ერთად, მე შემოვედი სახლში, მერე რა მოხდა და გზაში რაზე იკამათეს არ ვიცი.
- თქვენ სახლში კონფლიქტი არ მომხდარა? - არა, შიგნით არანაირი კონფლიქტი არ იყო. ზურა მე მეჯდა გვერდით და ვლაპარაკობდით. ვანოს პირადად არ იცნობდა, პირველად შეხვდნენ ჩემთან ერთმანეთს, ამიტომ მათ შორის ადრე რაიმე კონფლიქტი რომ ყოფილიყო, ეს გამორიცხულია. ამიტომ გაოგნებული ვარ მომხდარით. ახლო ურთიერთობა არ ჰქონდათ ერთმანეთთან. მოკლულიც და ბრალდებულიც ორივე ჩემი მეგობარია, ოღონდ სხვადასხვა მხრიდან. არანაირი საფუძველი კონფლიქტის სუფრაზე არ იყო, ძალიან კარგად ერთობოდნენ და მხიარულობდნენ, მერე წავიდნენ და რა მოხდა მართლა არ ვიცი. ვანომ წაიყვანა ყველანი თელავში, ვანოს მანქანაში ზურასთან ერთად კიდევ ორი ჩემი მეგობარი იჯდა, მათ ვანო იცნობდა და მეგობრობს, მარტო ზურას არ იცნობდა. პირველი შეხვედრა იყო ზურასთან.
- რას ამბობენ ისინი, ვინც მანქანაში ისხდნენ, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? - ბიჭები ჯერ არ მინახავს. ისინი დაკითხვაზე არიან და მართლა უცნობია ჩემთვის ამ ტრაგედიის მიზეზი.
- კონფლიქტური ადამიანები იყვნენ? - ზურა ჩემი დიდი ხნის მეგობარია, უმაღლესი პიროვნება იყო, კარგი ადამიანი, მეგობრული, წესიერი და პატიოსანი. არასოდეს მინახავს სადმე ვინმესთან კონფლიქტი მოსვლოდა, გამორჩეული ადამიანი აღარ არის და ძალიან განვიცდი. მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ვანოც წესიერი ბიჭია. ისიც ჩემი მეგობარია, მაგრამ ვანოსთან დიდი ხნის მეგობრობა არ მაკავშირებს, თუმცა არ მინახავს მასაც ვინმესთან კონფლიქტი მოსვლოდა და რა მოხდა მართლა არ ვიცი. რაზე იკამათეს არ ვიცი. ბევრჯერ გვიქეიფია მე და ვანოსაც, მაგრამ არასოდეს მომხდარა კონფლიქტი.
- მაშინ რა მოხდა ამაზე პასუხი არ გაქვთ? - მართლა გაოგნებული ვარ, რაზე უნდა მოსვლოდათ კამათი მართლა ვერ გეტყვით. ვანო დიდი ხანია პოლიციაში მუშაობს და თანამდებობის პირი იყო. პირადადაც არ იცნობდნენ ერთმანეთს, ამიტომ ძველი წყენაც გამორიცხულია. სხვები ვინც იყვნენ მანქანაში იმათ ეცოდინებათ რა მოხდა და გამოძიება დაადგენს. ვანოც ნასვამი იყო, მაგრამ ძალიან მთვრალი არ ყოფილა, რადგან გვიან შემოგვიერთდა. დაპატიჟებით არ დამიპატიჟია, ესენი რომ მოვიდნენ, მერე მოვიდა ვანოც.
პროკურატურამ ბრალდებულის სახით შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილი დააკავა. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
"მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ. საქმეზე ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
(სპეციალურად საიტისთვის)