"ბიჭების მამაც სახლში ყოფილა, მაგრამ სხვა ოთახში ეძინა და მერე ეს საშინელება ნახა" - თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

"ბიჭების მამაც სახლში ყოფილა, მაგრამ სხვა ოთახში ეძინა და მერე ეს საშინელება ნახა" - თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

21 წლის გიორგი ალხოურს, რომელსაც ძმის, 19 წლის ფეხბურთელის, მიშო ალხოურის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ, პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იმსჯელებს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხის, პატიმრობის შეფარდებაზე. პროკურატურა ბრალდებულის დაპატიმრებას ითხოვს. შემზარავი დანაშაული 5 იანვრის ღამეს, ქეთევან წამებულის გამზირზე, ნაქირავებ ბინაში მოხდა. იმ საბედისწერო დღეს ძმებს შორის უმნიშვნელო მიზეზით დაწყებული კამათი დიდი ტრაგედიით დასრულდა. ოფიციალური ინფორმაციით, ძმებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. ახლოურების მთელი საახლობლო დარწმუნებულია, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა და ვერ წარმოუდგენიათ გიორგი ახლოურს ძმის მოკვლა რომ სურდა. სამართალდამცავებმა ბინიდან აიყვანეს ძმის მკვლელობაში ბრალდებული ძმა, მას შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია, პოლიციას თავად ჩაბარდა. ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ ძმას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თავად ბრალდებული განზრახ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მის ინტერესს საზოგადოებრივი ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე იცავს, რომლის თქმითაც, მომხდარი უბედური შემთხვევაა და არა განზრახ მკვლელობა.

- გიორგის წარედგინა ბრალდება, ის ძმის განზრახ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქმის მასალებიც უკვე გადმომეცა. ძალიან მძიმეა ბრალდებულის ემოციური და სულიერი მდგომარეობა ამ ტრაგედიის შემდეგ და ამიტომ თვითონ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მერწმუნეთ, არანაირი განზრახვა მას ძმის მკვლელობის არ ჰქონდა, ეს იყო უბედური შემთხვევა. მომხდარი დიდი ტრაგედიაა და არა დანაშაული.

- ჩვენთან საუბარში ახლობლები ამბობენ, რომ გიორგიმ დანა ძაღლს ესროლა და მიშო აეფარა ძაღლს და დანა მას მოხვდაო, ამ ინფორმაციას დამიდასტურებთ? - დაახლოებით ასეთი მომენტი იყო, მაგრამ რადგან დუმილის უფლება აქვს არჩეული, დავიცვათ მისი უფლებები და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით ცალსახად, რომ ძმის მოკვლის განზრახვა ნამდვილად არ ყოფილა, ეს იყო შემთხვევით მოხვედრილი დანა. ვინაიდან დუმილის უფლებას ვიყენებთ, მეტს ვერაფერს გეტყვით. სასწრაფო თავად გიორგიმ გამოიძახა, 4-ჯერ დარეკა სასწრაფოში, რადგან სასწრაფო მოსვლას აგვიანებდა. სთხოვდა დროზე მოსულიყვნენ და თან იმასაც ეკითხებოდა ოპერატორს, მასწავლეთ, რითი შეიძლებოდა ჩემს დაჭრილ ძმას დავეხმარო სასწრაფოს მოსვლამდეო. რა მკვლელობის განზრახვაზეა საუბარი, პირიქით მის გადარჩენას ცდილობდა, ცდილობდა გადარჩენის გზები მოეძებნა. ვფიქრობ დროული სამედიცინო დახმარება რომ აღმოეჩინათ, შეიძლება ბიჭი გადარჩენილიყო.

სასწრაფომაც დააგვიანა და ეტყობა სისხლისგან დაიცალა. მძიმეა ბრალდებულის ემოციური მდგომარეობა საუბარიც კი უჭირს, განიცდის მომხდარს. გარდაცვლილი ფეხბურთელი იყო. თვითონ ბრალდებულიც ძალიან წარმატებული ახალგაზრდაა, მას სკოლა გერმანიაში აქვს დამთავრებული. ბოლო სამი წელი გერმანიაში სწავლობდა. არაჩვეულებრივად ფლობს ენებს. მუშაობს ამჟამად გაყიდვების აგენტად და რეალიზებული, წარმატებული ახალგაზრდა იყო. არანაირი კრიმინალური წარსული მას არ აქვს. ძმებს შორის არასოდეს სერიოზული კონფლიქტი არ ყოფილა, კამათი კი გვქონდა, მაგრამ სერიოზული კონფლიქტი, დაპირისპირება და ჩხუბი მსგავსი არ გვქონიაო. ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია. საქმის ირგვლივ ოჯახის წევრებიც არიან დაკიხთულები, თუმცა ისეთს არაფერს ამბობენ ძმების ურთიერთობაზე. ეს არ არის განზრახ მკვლელობა.

მიშო ახლოურის მეგობრებს მკვლელობის დეტალებზე საუბარი უჭირთ. ყველა მათგანი ამბობს, რომ მომხდარი სრული შოკია მათთვის და წარმოუდგენელია, ძმამ ძმა სასიკვდილოდ რომ გაიმეტა.

ფეხბურთელი გიორგი ჟვანია, მიშოს მეგობარი: - მიშოსთან და თანაგუნდელებთან ერთად 2019 წლის 21 თებერვალს თურქეთში ზბორებზე წავედით. მაშინ არ ვიცოდი მიშო როგორი ადამიანი იყო, რადგან ჩვენს გუნდში ახალი მოსული იყო და კარგად არც კი ვიცნობდით. მაშინ გერმანიიდან ახალი ჩამოსული იყო და მოვიდა "საბურთალოს გუნდში". თურქეთში 10 დღეში ისე კარგად გავიცანი, მივხვდი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო. ჩემი ოთახის გვერდით ოთახში გიორგი შაქარაშვილთან ერთად ცხოვრობდა. ძალიან მიხაროდა მას მერე მისი დანახვა და მასთან ურთიერთობა, დიალოგი. ვისხედით ბიჭები ერთად და ვლაპრაკობდით ჩვენს სამომავლო გეგმებზე. ისევ გერმანიაში აპირებდა დაბრუნებას და ფიქრობდა დიდი მომავლის შექმნაზე, მაგრამ მოხდა ეს უმძიმესი ტრაგედია და ასე მარტივად წავიდა ჩვენი ცხოვრებიდან. ძალიან მტკივა გული.

ძალიან კარგი ადამიანი იყო მიშო, ძალიან ალალი და მაგარი ბიჭი, რომელსაც დიდი გეგმები განუხორციელებელი დარჩა. ცუდს ვერასოდეს გაიგებდი მისი მხრიდან, ისევე როგორც ჩვენ მეგობარ შაქარასგან. ჩემი ოჯახი იყვნენ ფაქტობრივად ისინი, ნახევარ დღეს ერთად ვატარებდით გუნდში. მერე სხვადასხვა გუნდში გადაგვანაწილეს, მაგრამ კომუნიკაცია მაინც გვქონდა ერთმანეთთან. თამაშებზეც ერთმანეთს ვხვდებოდით და კარგი ძმობა გვქონდა. კონფლიქტური არ იყო. ხომ არის თამაშის დროს ფეხს მოგარტყამენ და ამის გამო შელაპარაკება ხდება ფეხბურთელებს შორის, მაგრამ მსგავსი რამ მიშოს მხრიდან არასოდეს გამიგია. რამდენი ხანი ერთად ვიყავით გუნდში. გიორგი შაქარაშვილთან ძალიან მეგობრობდა, გუნდის მერეც ჰქონდათ ურთიერთობა, რადგან ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობდნენ. გიორგის ამბავს ყველა განვიცდიდით, მაგრამ მიშო განსაკუთრებულად განიცდიდა. სულ უძღვნიდა სტატუსებს, სულ წერდა მენატრები, მენატრებიო.

მომხდარ ტრაგედიაზე არაფერი ვიცი. სავარჯიშოდ ვიყავი ჩასული და ერთმა ჩემმა ახლობელმა დაწერა მიშო მოკლესო, არ დავიჯერე, ვერც დავუშვებდი რომ ეს მოხდებოდა. შოკში ვარ, თან ძმა არის ბრალდებული. ძმას და მის ოჯახს არ ვიცნობდი. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ ახლა, ძალიან განვიცდი. მოტივზე არაფერი ვიცით მეგობრებმა.

მართალია მკვლელობის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ და ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, საქმეში უკვე დევს გამოკითხვის ოქმი, სადაც გიორგი მომხდარის დეტალებზე საუბრობს. როგორც შევიტყვეთ, იმ ღამით ძმებს შორის კამათი ტელევიზორის ხმის აწევა-დაწევას მოყვა. გიორგი თურმე მიშოს სთხოვდა ტელევიზორისთვის ხმა დაეწია, მიშომ ერთხელ დაუწია, მაგრამ მალევე ისევ აუწია ხმას და ამის გამო თურმე წაკამათდნენ.

"გიორგი თურმე ამბობს, სამჯერ ვთხოვე ჩემს ძმას ტელევიზორისთვის დაეწია, დაუწევდა, მაგრამ ისევ მაღლა უწევდა, უკვე მესამედ რომ აუწია, მივედი და ტელევიზორს ანტენა მოვაძვრე, ამის გამო წავკამათდითო. ძმების კამათი მიშოს ძაღლმა გაიგონა, რადგან ძმები ჩხუბობდნენ, ძაღლმა მიშოს დაცვა სცადა და გიორგის უყეფდა და მისკენ მიიწევდა, ძაღლის ყეფამ ეტყობა გააღიზიანა გიორგი, გაბრაზებულმა გიორგიმ ძაღლს მოუქნია დანა, სიბნელე იყო დერეფანში ვერ დაინახა მიშო და ძაღლისთვის ძლიერად მოქნეული დანა შემთხვევით მიშოს მოხვდა და დაიჭრა, ტრაგიკულად დასრულდა ყველაფერი, აქ რა განზრახვაზეა საუბარი, ვერ დავიჯერებ, რომ მიშოს მოკვლა უნდოდა. მერე თურმე ყველაფერს აკეთებდა ძმას რომ დახმარებოდა. ბიჭების მამაც სახლში იყო ამ დროს, მაგრამ მას სხვა ოთახში ეძინა, მას არაფერი დაუნახავს და მერე დადგა ამ მძიმე ფაქტის წინაშე. განადგურებულია ოჯახი. 5 შვილი ჰყავთ, მშობლები ახალი გაშორებულები არიან და მიშოს დედა სამ შვილთან ერთად თავის სახლში იყო. ამ ბინაში კი მიშო და გიორგი მამასთან ერთად იყვნენ", - ამბობს ოჯახის ახლობელი.

კიდევ ერთი ახლობელი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა შემთხვევით მოხდა.

"შოკისმომგვრელი ტრაგედიაა რაც მოხდა. თქვენ არ იცით როგორი კარგი ძმობა ჰქონდათ მიშოს და გიორგის. ძალიან კარგი, წარმატებული ახალგაზრდები იყვნენ ორივენი. მიშო ფეხბურთელი იყო, გიორგი მასზე უფროსია, ისიც სპორტს მისდევს. ძალიან კარგი მშობლები ჰყავთ. ოჯახმა ბინა გაყიდა, ყველანი ერთად საფრანგეთში წავიდნენ, რომ იქ ემუშავათ, ამიტომ ახლა სამწუხაროდ ნაქირავებში იყვნენ. მომხდარზე მხოლოდ ეს მითხრეს, რომ თურმე დანა ძაღლს ესროლა გიორგიმ, მიშიკო მოულოდნელად გადაეფარა ძაღლს და მუცლის ქვემოთ მოხვდა დანა. რაც შეეხება ტელევიზიებს, ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ თითქოს მიშოს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ძმამ, ეს ტყუილია, ზუსტად ვიცი, მარტო ერთი ჭრილობა ჰქონდა საწყალ ბავშვს, მეტის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია", - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

"ძალიან წარმატებული და ნიჭიერი იყო გიორგი, აეროპორტში მუშაობდა და ისეთი თანამშრომელი იყო, ახლა შემცირება რომ იყო, ის არ გამოუშვეს, პირიქით ხელფასი მოუმატეს. გიორგის საქართველოში სწავლის გაგრძელება უნდოდა, სკოლა გერმანიაში დაამთავრა და იქიდან ატესტატი ვერ გამოუგზავნეს, თორემ იქ ფრიადზე აქვს დამთავრებული სკოლა. ძალიან კარგი დედმამიშვილობა ჰქონდათ ძმებს და ყველა გაოგნებულია. გიორგი სულ იმას იძახდა დრო მოვა და მაინც წავალ გერმანიაში, ძლიერი ვარ და მსოფლიოს უნდა დავუმტკიცოვო",- ამბობს ახლოურების ნათესავი.

(სპეციალურად საიტისთვის)