რატომ არ იყენებდა მელაშვილი მოლაპარაკებისას 1938 წლის რუკას და რატომ ადარებს მას ყალბ 100-ლარიანს - ვისთან ათანხმებდნენ გადაწყვეტილებებს კარტოგრაფები?!
"რეალურად დამნაშავე პირების აღმოჩენას არ ველოდები, რადგან ბრალდება უაზრო და დაუსაბუთებელია" 28 იანვარს პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლების საკითხი სასამართლო პროცესზე დააყენა. თითოეულ ბრალდებულს 20-20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. ბრალდების მტკიცებით, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების - დაახლოებით 3 500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა. მათი თავისუფლება ჯერჯერობით დროებითია, რადგან მრავალტომიანი საქმე სასამართლომ უნდა განიხილოს და ვერდიქტი გამოიტანოს...
პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ივერი მელაშვილმა "ტვ პირველის" ეთერით სკანდალური განცხადება გააკეთა: "როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა, ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაც ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი... არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერ ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას". მელაშვილის ამ განცხადებამ საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა კი ბრალის აღიარებად მიიჩნია და დასძინა: "არავის გაუჩნდეს განცდა, რომ პროკურატურამ პოზიციები შეარბილა. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო! სასამართლოზე ფაქტების წინაშე დადგებიან ბრალდებულები და კონკრეტული პასუხების გაცემაც მოუწევთ. ნურავის ექნება ილუზია, რომ წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლა მათ უდანაშაულობაზე მიანიშნებს - ბრალდებულებს 15 წლამდე სასჯელი ემუქრებათ". მელაშვილის სკანდალური განცხადება შეაფასა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმაც: "საზოგადოება შოკშია მელაშვილის განცხადებებით... უკვე მეორე დღეა, ივერი მელაშვილი ისე მუშაობს საკუთარი თავის წინააღმდეგ, რომ პროკურატურას სამუშაო აღარ დარჩა"."საქართველოს საპატრიარქო კი ხელისუფლებას მოუწოდებს, სიტყვა საქმედ აქციოს და გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს!
ჩვენ ივერი მელაშვილს შინ ვესტუმრეთ და დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ.
- ბატონო ივერი, თქვენს სატელევიზიო განცხადებას საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. პროკურატურა ამბობს, რომ ეს, ფაქტობრივად, ბრალის აღიარებაა. ამტკიცებთ, რომ დავითგარეჯის ტერიტორია საქართველოსი არ არის?
- რაც ჩემთვის გასაგებია, იმას ვამბობ მოკლედ და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც - აზრი არ დავასრულე და არ მიფიქრია, რომ ამას ვიღაც კუდს სხვანაირად გამოაბამდა. ალბათ, უფრო მკაფიოდ და ზუსტად უნდა განმემარტა. იცით, რა? ერთია, რა გვინდა ქართველებს, საქართველოს, რა არის საქართველოს ინტერესი და ცხადია, ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. ამას ვაკეთებთ კიდეც მოლაპარაკების გზით, რადგან სხვანაირად ვერაფერს მიაღწევ. რაც ბოლო დროს პროკურატურამ განაცხადა, ეს საქმეს აზარალებს. პროკურატურა ამბობს, რომ ეყრდნობა რაღაც 200 000-იანი მასშტაბის რუკას და ორ ადამიანს გვადანაშაულებს. ჩვენს იქით კიდევ ვის რა ბრალდებას წაუყენებს, კაცმა არ იცის! თურმე საქართველოს კუთვნილი ტერიტორიები აღმოჩენილა მის საზღვრებს გარეთ. ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები, მსგავსი რამ არ მომხდარა. რასაც ამ 200 0000-იან რუკაზე ამბობენ, არის დილეტანტური, გაუაზრებელი, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო აზროვნების ნაყოფი.
- თქვენ მიმართ ბრალდება ამაზეა აგებული და ყველა ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სწორედ ეს რუკაა. თქვენ საპირისპიროს ამტკიცებთ? - პროკურატურა გვაბრალებს, რომ თურმე ჩვენი ძირგამომთხრელი მოქმედების შედეგად საქართველოს კუთვნილი 35 კილომეტრამდე ტერიტორია საზღვრებს გარეთ აღმოჩნდა და ამას ასაბუთებს იმით, რომ იმ 200 000-იანი მასშტაბის რუკაზე ეს სხვანაირად არის გაკეთებული. ეს არასწორია. არც ერთ დოკუმენტში, არც მიწათსარგებლობის მასალებში არ ჩანს, რომ ის ტერიტორია, რომელსაც პროკურატურა გულისხმობს და რომელიც თითქოს კომისიების შეთანხმებით საქართველოსთვის იყო მიკუთვნებული და მერე მოხვდა საზღვრებს გარეთ, ოდესმე ჩვენი იყო.
- ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ 1938 წლის 1:200 000 რუკა უნდა გამოგეყენებინათ, რადგან იქ საზღვარი გადის ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ და არ დავზარალდებოდით, ეს რატომ არ გააკეთეთ? - მამუკა არეშიძეს პატივს ვცემ, მოაზროვნე კაცია და ასეთი საკითხები არ უნდა ეშლებოდეს. ამ რუკაზე ასახულია ობიექტები, გეოდეზიური ნიშნები ქედებზე, აღნიშნულია გზა, ხიდი, მდინარე და ა.შ. ეს გადმოტანილია ადგილიდან შემცირებული მასშტაბით და უნდა ასახავდეს იმას, რაც არის ადგილზე. ამ 200 000-იანი რუკით ხიდი რომ აღმოჩნდება სხვა ადგილას, სხვაობა არის, ვთქვათ, 400 მეტრი, მდინარე აღმოჩნდება 300 მეტრის დაშორებით, გეოდეზიური ნიშნული ადგილმდებარეობის ნაცვლად აღმოჩნდება სადღაც სხვაგან, სულ მცირე, ეჭვი უნდა შეგეპაროს, რამდენად სანდოა ეს რუკა და როცა ამ საზღვრის გაყოლებაზეც და სხვაგანაც უამრავ ასეთ ცდომილებას აღმოაჩენ, იმაზე მაინც უნდა დაფიქრდე, ამ რუკაზე დაფიქსირებული საზღვრის ხაზი შეესაბამება თუ არა რეალობას.
ვირეშმაკული ექსპერტიზა ჩაატარეს. მე ვითხოვ, მთლიან რუკას ჩაუტარონ ექსპერტიზა და მის შეუსაბამობაში იოლად დარწმუნდება ყველა კარტოგრაფი. როდესაც რუკაზე ასეთი შეცდომებია, მეორე მხარესთან იმის მტკიცება, რომ ეს არის მთავარი დოკუმენტი, სწორი არ არის.
- საერთოდ არ წარგიდგენიათ ეს რუკა? - ამ რუკას შევადარებ ყალბ 100-ლარიანს. ეს იგივეა, ყალბი ფული დაუდო მოპირდაპირე მხარეს და დაუწყო მტკიცება, რომ ეს არის ნაღდი.
- თქვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ სწორედ ეს არის ძირითადი რუკა და ამდენი წლის განმავლობაში შეთანხმებები 1938 წლის რუკით ხდებოდა. მაშინ რატომ არავინ აპროტესტებდა? თანაც ამაზე ექსპერტიზის დასკვნაც ხომ არსებობს? - ექსპერტის დასკვნა გამომდინარეობს მხოლოდ პროკურატურის დავალებიდან. ვირეშმაკული დავალება იყო. კი არ დაავალეს, რუკა გააანალიზეთ და ამის შედეგად იმსჯელეთო, პროკურატურამ ექსპერტიზის წინაშე კონკრეტულად დააყენა საკითხი - აიღეთ ამ რუკიდან საზღვრის ხაზი, შეადარეთ სხვა რუკებზე დატანილ საზღვრის ხაზს და სხვაობა გვითხარითო. ვიმეორებ, ეს რუკა იყო ყალბი, იმიტომ, რომ მასზე მოცემული ელემენტები, მათი ადგილმდებარეობობა არ შეესაბამება ადგილზე განლაგებულ ელემენტებს. აქ არის 400-500-მეტრიანი ცდომილებები და მეუბნებიან, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებაში მთავარ არგუმენტად ეს ყალბი რუკა გამოიყენეო.
- ადრე ხომ იყენებდნენ ამ რუკას? მაშინ თუ ვარგოდა, ახლა რატომ გახდა უვარგისი? - ისინი ამბობენ რომ 1938 წლის დადგენილებაში მოხსენიებულია ზუსტად ეს რუკა, მაგრამ ასე არ არის, იქ მოხსენიებულია სხვა კონტექსტში და რომ სდომებოდათ და ეს რუკა უკეთესი ყოფილიყო, შეათანხმებდნენ, იმიტომ, რომ ეს უფრო მსხვილმასშტაბიანი და უფრო წესიერი მასალა იყო, ვიდრე 1: 500 000 მასშტაბის, რომლითაც საზღვარი შეათანხმეს. 200 000-იანით არ შეათანხმეს, ალბათ, იმიტომ, რომ უვარგისი იყო. არაპროფესიონალთან რომ დაჯდები "დასაბოლებლად", შეიძლება ეს რუკა მაშინ გამოდგეს და ჰგონიათ, რომ გამოიყენებენ.
- თქვენზე პირიქით ამბობენ, რომ დილეტანტებს ატყუებთ და ცდილობთ, საქმეში ჩაუხედავი ადამიანები სხვა რამეში დაარწმუნოთ... - როდესაც განსხვავებული აზრის ადამიანებს ვესაუბრებოდი, ვუთხარი, თუ გინდათ, ამ რუკის ანალიზი გააკეთეთ და მერე ვილაპარაკოთ-მეთქი. დილეტანტები ხართ-მეთქი, მაგათთვის პირდაპირ არ მითქვამს. თავიანთ ჩვენებებში აღნიშნავდნენ, დილეტანტები გვიწოდაო.
- გამოძიების ვერსიით, ეს რუკა დამალული გქონდათ... - ენას ძვალი არა აქვს... დამალული იყო და რისთვის? დაახლოებით 90-იანი წლების ბოლო იყო, როცა ეს რუკა განვიხილეთ. მომიტანა ნატალია ილიჩოვამ ერთ-ერთი არქივიდან. კიდევ ერთი ასლი იყო, ამ რუკის გაგრძელება. დავსხედით გახარებულები, მაგრამ ანალიზი რომ გავაკეთეთ და შევადარეთ, ბევრი რამ არ ემთხვეოდა. სხვადასხვა წლების გამოცემული რუკებია, მერე ეს ყველაფერი ადგილზე უნდა შეამოწმო. კარგად გვაქვს შემოწმებული ეს რუკა და რომ არ ვარგოდა, იმიტომ გადავდეთ გვერდზე. ისეთ რაღაცა არ უნდა დაუდო მეორე მხარეს, რაც, სულ მცირე, დროს დაგაკარგვინებს. მოლაპარაკება გაიწელება, ის გააკეთებს ანალიზს, მერე დაგიდებს უკან და გეტყვის, რა სიყალბეს მაჩეჩებო.
- გიცდიათ მისი გამოყენება? იქნებ არც გაეპროტესტებინათ? - შეიძლება სიყალბე სიმართლედ გაასაღო და აფერისტის სახელი დაირქვა, მერე კი თავი იმართლო, ეს ჩემი ქვეყნის ინტერესების გამო გავაკეთეო, მაგრამ ეს რუკა იმდენად შეუსაბამოა, ამით ვერაფერს მოიგებ. არანაირი საბუთი არა გაქვს და ხომ გეტყვის მეორე მხარე, ნორმალური ხარო? იმასაც თავი დავანებოთ, რას გეტყვის, შედეგად რას მიიღებ?
- შევარდნაძე-ალიევის შეთანხმება ხომ 1938 წლის რუკას დაეფუძნა, თუ შეუსაბამო იყო, ამას ალიევი რატომ დაეთანხმა? - კომისიების შეთანხმების ოქმში ეწერა, საფუძვლად ავიღოთ 1938 წელს დამტკიცებული საზღვრის ხაზიო, რომელიც არის 500 000-იან რუკაზე, მაგრამ ის წვრილმასშტაბიანია და ცუდი სამუშაოა. ზუსტად ის არის გადმოტანილი ჩვენს ვარიანტში.
- მაშ, რატომ განსხვავდება ერთმანეთისგან 1938 წლის და დღევანდელი საზღვარი? - იმიტომ, რომ 1945 წელს დასხდნენ მხარეები და ხელი მოაწერეს დოკუმენტს, საზღვრის ხაზი ჩვენ შორის ასე გავიდესო. 1938 წლის საზღვრის ხაზი რაც იყო, გადახაზეს და თქვეს, ასეაო. 1945 წელს რაც გააკეთეს, ძალიან მიახლოებულია იმასთან, რა საზღვრის ხაზებიც საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში იყო.
1963 წელსაც ჩვენმა მხარემ - უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანმა ცალმხრივად მოაწერა ხელი საზღვრის ხაზს, რომელიც აპრიორი განსხვავდება 1938 წელს დამტკიცებული საზღვრის ხაზისგან ჩვენს საზიანოდ, თუმცა იქ დოკუმენტებში რაც გამართლებად უწერიათ, მიწათსარგებლობის საკითხი იყო...
- კომისიის წევრები ვისთან ათანხმებდით მნიშვნელოვან საკითხებს? - სამუშაო ვითარება იყო... კომისიები იქმნებოდა ერთი მხრიდან 11-12 ადამიანის შემადგენლობით. ჩვეულებრივ მიდის მსჯელობა, ყველა გამოთქვამს თავის აზრს... მიზანია, რომ დელიმიტაციის პროცესი წავიდეს წინ და სადაც შეიძლება შეთანხმება, იმ მონაკვეთზე მიდის მსჯელობა... ამას ყოველთვის ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ძირითადად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თუმცა იყო შემთხვევა, როცა საგანგებო დავალებათა ელჩიც ყოფილა ქართული მხარის კომისიის თავმჯდომარე. შეიძლება ყველამ მოაწეროს ხელი, შეიძლება მხოლოდ თავმჯდომარემ მოაწეროს. შესაბამის დოკუმენტებს ხელს აწერენ ექსპერტები. ფორმატი განისაზღვრება შეთანხმებულად. არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც...
- ფარულ ჩანაწერში ამბობთ, არ მინდოდა ხელის მოწერაო. ვინ გაიძულათ? ხომ შეგეძლოთ, არ მოგეწერათ ხელი და გაგეჭიანურებინათ პროცესი?
- კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა. გამოაქვეყნეს ჩანაწერის ფრაგმენტი... კომისიის თავმჯდომარესთან მიდის მსჯელობა, რაზე შეიძლება წავიდეთ და რაზე - არ წავიდეთ. მეორე მხარე არ ეთანხმება იმას, რაც შენ გსურს. ასეთ დროს რაზეც შეიძლება, უნდა ვიმსჯელოთ, ან გადავდოთ. ეს სამსახურეობრივი საუბარია, თორემ ყველა ადამიანი თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალია. მხოლოდ ეს აღვნიშნე ამ საუბარში. აქ თამაში არ არის, რასაც არ ეთანხმები, ხელს არ აწერ, რასაც მოაწერე ხელი, ესე იგი ეთანხმები.
- ჩანაწერში ჩანს, რომ რაღაცას შინაგანად არ ეთანხმებოდით და მაინც მოაწერეთ ხელი?
- შინაგანად, გარეგანად - ამას არ აქვს მნიშვნელობა. ვიღაც ეთანხმებოდა, ვიღაც - არა. კომისიის თავმჯდომარეები გეუბნებიან, მოდი, მაქსიმალურად შევათანხმოთ ის მონაკვეთები, რომლების შეთანხმებაც შესაძლებელიაო. როგორ არ იყო, იყო მცდელობა!.. მცდელობა იყო და ამის მასალაც არის, როგორ არის დაყენებული საკითხი... მოლაპარაკებები სწორედ იმიტომ შეჩერდა, რომ ორივე მხარე თავის აზრზე რჩებოდა და შეთანხმება ვერ მოხერხდა.
- დღევანდელი გადასახედიდან ხომ არ თვლით, რომ ის, რაზეც შეთანხმდით, სწორი არ იყო?
- იოტისოდენა ტერიტორია არ დაგვითმია...
- ამას თქვენ ამბობთ, მაგრამ ამ შეთანხმებით ვკარგავთ ჩიჩიხტურს და უდაბნოს მონასტერს...
- ამით არაფერს ვკარგავთ, არც - ჩიჩხიტურს, არც - უდაბნოს. ეს მონაკვეთები არ არის შეთანხმებული. ეს მთლიანი მონაკვეთი შეუთანხმებელია იმიტომ, რომ ქართულ მხარეს თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ვიღაცამ იძახოს, ეს მინდაო და მუშტი დაარტყას მაგიდაზე. დაკარგული მაქვს ტერიტორიაო და პრეტენზია წაუყენო მეორე მხარეს გაუაზრებელი, დაუსაბუთებელი რუკით?!
- დღეს დავითგარეჯის თემა ყველაზე მტკივნეულია, თქვენ ამტკიცებთ, რომ არცერთი მონასტერი არ ხვდება იმ მხარეს და ყველაფერი ჩვენ გვრჩება?
- დიახ, რაც ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, არ არის შეთანხმებული და ისევ მოლაპარაკების თემაა. თუ გინდათ მოლაპარაკებაში წარმატებას მივაღწიოთ, თავი უნდა დავანებოთ ამ ვირეშმაკულ განცხადებებს, რადგან, სამწუხაროდ, არსებობს მაგალითები, როცა მსგავსმა დაუფიქრებელმა განცხადებებმა უარყოფითად იმოქმედა შეთანხმების პროცესზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე.
- თქვენი განცხადებები მომავალში ქართულ მხარეს ხომ არ შეუშლის ხელს?
- ყველაფერი შეუშლის ხელს... რაც ჩვენთან ხდება, ამას მეორე მხარე ისმენს... ამიტომ ვამბობ - საჯარო სივრცეში გაკეთებული ურაპატრიოტული განცხადებები დაგვაზარალებს. პროკურატურამ რაც გააკეთა, ქვეყნისთვის არის საზიანო, თორემ. მელაშვილი თავს როგორმე დაიცავს, რადგან ბრალეულობის დამამტკიცებელი არაფერი არსებობს.
- პროკურატურა ამბობს, რომ თქვენ წინააღმდეგ უამრავი მტკიცებულებაა და შეიძლება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ელოდებით ვინმეს დაკავებას?
- რეალურად დამნაშავე პირების აღმოჩენას არ ველოდები, რადგან ბრალდება უაზრო და დაუსაბუთებელია. რაც არასოდეს შენი არ ყოფილა, რას დაკარგავდი?! არც ჩემს დაჭერას ველოდი, მაგრამ დამიჭირეს და გამომიშვეს. ახლა აცხადებენ, ვითომ რაღაც დამამტკიცებელი საბუთები აქვთ, არადა, არაფერი აქვთ. სასამართლოს ვაცალოთ, ვნახოთ, საქმე სადამდე მივა. ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ როცა დანაშაული არ მომხდარა, ვინ უნდა დაიჭირონ და რატომ?
- კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და სამსახურიდან წავიდა. ხომ შეგეძლოთ, არც თქვენ მოგეწერათ ხელი შეთანხმებაზე?
- თუ რამეს არ დავეთანხმებოდი, არ მოვაწერდი ხელს... სადაც ხელმოწერები შედგა, იქ გოგი მანჯგალაძის ხელმოწერაც არის. კომისიაში განხეთქილება არ მომხდარა. ამ საქმეს წერტილი უნდა დაესვას, გაირკვეს მტყუან-მართალი და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. ვისურვებდი, იმას მიეზღოს სათანადოდ, ვინც ეს სიტუაცია შექმნა. ეს იყო პოლიტიკური, საარჩევნო ფოკუსი. აღარ არსებობს დაკავების საფუძველი. პროკურატურა თვითონ შევიდა შუამდგომლობით, გავუშვათო. სასამართლო დარბაზში მომხსნეს ხელბორკილი და გამომიშვეს.
- არ შეიძლებოდა არანაირ შეთანხმებაზე ხელი არ მოგეწერათ? იმ მონასტრებში ახლა ვერავინ მიდის, რადგან იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. ფაქტია, რომ საზღვარი იქ 2006 წლიდან ამოსწიეს...
- არა, ბატონო, ცრუობს მამაო, როცა ამას ამბობს. ალბათ, დაავიწყდა, რომ იყო პერიოდები, როცა ამოდიოდნენ და აზერბაიჯანი პასუხობდა ჩვენს მხარეს, მესაზღვრე შეიცვალა, არ იცოდა შეთანხმების ამბავი და ამიტომ ამოვიდა იქ ერთი კვირითო... მაშინ სასაზღვრო უწყებებს შორის ჯენტლმენური შეთანხმება მოქმედებდა, რომ იქ მომლოცველებისთვის ხელი არავის შეეშალა. იქ ჯარისკაცები მას შემდეგ ამოვიდნენ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უაპელაციო განცხადებები გააკეთა.
- თქვენი განცხადებები აზერბაიჯანის წისქვილზე ხომ არ ასხმას წყალს?
- ჩემი განცხადებები არის მხოლოდ და მხოლოდ გამოხმაურება მეორე მხარის განცხადებებზე - პასუხი გავცე პროკურატურას და მათ, ვინც მე მადანაშაულებს. ბრალი შეთხზულია პოლიტიკური მიზნით და არის ყალბი. ამ გზით პოლიტიკური ურთიერთობები ფუჭდება მეზობელ ქვეყანასთან და ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან, ამით საქმეს ავნებენ. ურაპატრიოტული განცხადება ჩაივლის, მაგრამ კომისიას ხელი შეეშლება. დავითგარეჯასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია არის პრინციპული - რომ ჩვენს მხარეს აღმოჩნდეს ბერთუბნიანად, ქედის სამხრეთ კალთაზე განლაგებული თავისი კელიებით. ამის გამო იბრძოდა და მუშაობდა კომისია და დღევანდელ კომისიასაც მინდა წარმატება ვუსურვო, მაგრამ ეს წარმატება ვერ მიიღწევა ცილისმწამებლური ბრალდებებით.
- დავითგარეჯა საქართველოა?
- რა თქმა უნდა, დავითგარეჯა საქართველოა, ვინ იცის ჩემზე უკეთ. მეცნიერებმა იციან, რომ დავითგარეჯა არის დიდ ტერიტორიაზე განთავსებული დაახლოებით 16-17 სამონასტრო კომპლექსი, რომელიც არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი, დავით გარეჯელიდან მოყოლებული. ამ მონასტრის პატარა ნაწილზე საბჭოთა დროს გაატარეს საზღვარი, მოხვდა მეორე მხარეს და იმის დაბრუნებისკენ ვისწრაფოდით. ახლაც მინდა ამისკენ ისწრაფოდეს ქვეყანა, მაგრამ ამას მოლაპარაკების გზით უნდა მივაღწიოთ.
ჩემი წუხილი ის არის, რომ ვიღაცამ ვერ გაიგო კარგად, რაც ვთქვი. ქართველი ვარ, მართლმადიდებელი, ჩემი ქვეყნის პატრიოტი. ვისაც გსურთ, ჩემზე დიდი პატრიოტები იყავით, ოღონდ ეს ურაპატრიოტიზმში ნუ აგერევათ. იმას ნუ გააკეთებთ, რაც ქვეყნისთვის საზიანოა. ვინც ჩემი მისამართით იტყვის რამეს, ღმერთმა მიუტევოს, ლოცვაში მოვიხსენიებ, მაგრამ ქვეყნის საწინააღმდეგოს ნუ იტყვის და ნუ გააკეთებს.