"ქართველები ჩემი ბედისწერააო" - ვინ არის "იანპონჩიკის" მკვლელობის საქმეზე დაკავებული და ვინ იდგა გახმაურებული მკვლელობის უკან? - კვირის პალიტრა

"ქართველები ჩემი ბედისწერააო" - ვინ არის "იანპონჩიკის" მკვლელობის საქმეზე დაკავებული და ვინ იდგა გახმაურებული მკვლელობის უკან?

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აფხაზეთში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა სპეცოპერაციისას ასტამურ ბუტბა დააკავეს. როგორც თავიდან იყო ცნობილი, ბუტბა ბანკზე შეიარაღებული თავდასხმის გამო დააკავეს, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის გავლენიანი "კანონიერი ქურდის" - "იაპონჩიკის", იგივე ვიაჩესლავ ივანკოვის მკვლელობის გამო იყო ბრალდებული.

"იაპონჩიკი" 2009 წლის 28 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით რესტორანთან, გზატკეცილზე მძიმედ დაჭრეს. ის 2009 წლის 9 ოქტომბერს ამ ჭრილობების გამო გარდაიცვალა. ითვლება, რომ სნაიპერული გასროლით "კრიმინალური ავტორიტეტი" სწორედ ბუტბამ მოკლა. როგორც ცნობილია, მასთან ერთად იმ დროს ნუგზარ პაპავა იმყოფებოდა, რომელსაც "კალაშნიკოვის" ავტომატი ჰქონდა თან, სამართალდამცავთა დადევნების შემთხვევაში, ისინი მომზადებულები იყვნენ, რომ საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ.

"პაპავა კილერს ეფარებოდა და მზად იყო, "კალაშნიკოვის" ავტომატით ნებისმიერ დროს ცეცხლი გაეხსნა".

"იაპონჩიკის" მკვლელობის შემდეგ, ბუტბამ და პაპავამ რუსეთის ტერიტორია დატოვეს და აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ. მათ რუსეთში მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ ტარების მუხლით, დაუსწრებლად შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები საერთაშორისო მასშტაბით იძებნებოდნენ.

როგორც საინფორმაციო საშუალებები წერენ, ამ გახმაურებული მკვლელობის უკან "კრიმინალური ავტორიტეტი" ილია სიმონია, იგივე "მახო" იდგა. სწორედ მან შეუკვეთა "იაპონჩიკის" მკვლელობა. ორი "კანონიერი ქურდი" ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში მტრობდა.

ცნობილია ისიც, რომ რუსეთის მხარემ ასტამურ ბუტმასა და ნუგზარ პაპავას ექსტრადაცია მოითხოვა, თუმცა, როგორც INTERFAX-ი წერს, აფხაზურმა მხარემ უარი განაცხადა მათი რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემაზე. გამოცემის ცნობით, აფხაზეთის პროკურატურის განცხადებით, მათ არ აქვთ უფლება, მოქალაქე რუსეთის მხარეს გადასცენ. ბუტბასა და პაპავას ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, ისინი რუსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეები არიან.

ვინ იყო "იაპონჩიკი"?

ვიაჩესლავ ივანკოვი 1940 წლის 2 იანვარს დაიბადა. ოჯახში არასახარბიელო სიტუაციის გამო, ის მთელ დღეებს ქუჩასა და სპორტულ დარბაზში ატარებდა.

მისი კერპი 20-იანი წლების ოდესელი ბანდიტი მიშკა "იაპონჩიკი" გახლდათ.

ცნობილია, რომ "იაპონჩიკი" ქართველ "კანონიერ ქურდებს" ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა, მათ ქურდებად არ ცნობდა, თუმცა მის ცხოვრებაში ქართველებს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავათ, ამ ფაქტს კი ბედის ირონიად მიიჩნევდა. "ქართველები ჩემი ბედისწერააო", - იტყვის ერთხელ ივანკოვი.

1992 წლის ერთმა დღემ მის ცხოვრებას განსაკუთრებული დაღი დაასვა. იმ დღეს კანონიერი ქურდი ივან ნიკიფოროვი, მეტსახელად - კალინა მოკლეს. ეს უკანასკნელი "იაპონჩიკის" შვილი იყო, რომელიც მას სოხუმელი ქალისგან ჰყავდა. როგორც ივანკოვის ახლობლები ამბობენ, ის ქალი ივანკოვს დიდხანს უყვარდა. როგორც გაირკვა, "იაპონჩიკის" შვილის მკვლელობაში, ასევე, კანონიერი ქურდის - სერგეი ტიმოფეევის, მეტსახელად -  სილვესტრის ხელი ერია.

სილვესტრი საკუთარ "მერსედესში" ააფეთქეს. მალე "იაპონჩიკმა" დატოვა რუსეთი და ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა. "იაპონჩიკმა" რუსეთს სახელი ამერიკულ კრიმინალურ სამყაროშიც გაუთქვა. იგი წლების განმავლობაში რუსულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს აკონტროლებდა ნიუ-იორკში. მიუხედავად იმისა, რომ "რუსული მაფიის მამა" ბევრ მძიმე დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი, მისი დაკავება, მტკიცებულებათა არქონის გამო, ვერ ხერხდებოდა.

როგორც ცნობილია, სოჭის ოლიმპიადის გამართვისას, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებში ძალაუფლების გადანაწილების სურვილის გამო, სიტუაცია დაიძაბა, სწორედ ამიტომ 2009 წლის 23 ივლისს "იაპონჩიკი" რუსეთში ჩავიდა, რათა ამბიციური ქართველები ჭკუაზე მოეყვანა. ეს ერთი ვერსიით, ტარიელ ონიანს ეხებოდა, თუმცა 28 ივლისს ივანკოვს რესტორან "ტაისკი სლონთან" ესროლეს, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

მოამზადა ნიკა გულუამ