"არის ვერსია, რომ სწორედ აკო იყო კილერი, გიორგი კი თანამონაწილე" - ვენდეტა ოცი წლის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"არის ვერსია, რომ სწორედ აკო იყო კილერი, გიორგი კი თანამონაწილე" - ვენდეტა ოცი წლის შემდეგ?

"დიდი ალბათობით, შურისძიებასთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, მტრები გიას რომ ვერ მისწვდნენ, შვილით იძიეს შური"

"მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი.

მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია. უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინც ნიკოს მკვლელი გაზარდა"…- ასე გადმოსცემს 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას დედის იზა ომაძის, სიტყვებს ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია.

15 სექტემბერს, დღის 4 საათზე, ვერაზე 22 წლის ნიკა კვარაცხელია მოკლეს. გავრცელებული ვერსიით, ახალგაზრდა ქურდული შურისძიების მსხვერპლი გახდა. გამოძიება თავდაპირველად მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით აღიძრა, თუმცა შემდეგ განზრახ მკვლელობის დანაშაულად დაკვალიფიცირდა.

გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელი ნიკა კვარაცხელიას ფიქრის გორაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა. კილერმა ნიკას 9 ტყვია ავტომანქანიდან გადმოსვლისას ესროლა. სამართალდამცველებმა ვიდეოთვალის ჩანაწერები ამოიღეს, რომელზეც ახალგაზრდის მკვლელობაა ასახული. ფირზე გარკვევით ჩანს ფეხით მომავალი თავდამსხმელი, რომელსაც ახურავს კეპი, უკეთია პირბადე და თითქოს ტელეფონზე ლაპარაკობს. როგორც კი კვარაცხელია ავტომანქანიდან გადმოდის, კილერი სროლას იწყებს და შემდეგ ავტომანქანით მძღოლთან ერთად უჩინარდება. არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობა "მაკაროვის" მარკის ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა.

ნიკა კვარაცხელია გავლენიანი "კანონიერი ქურდის", გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა ბიჭს კრიმინალთან შეხება არ ჰქონია. "მომავლის ახალგაზრდა" - ასე ახასიათებენ მას თანამშრომლები და ნაცნობ-მეგობრები. ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში მუშაობდა და დააარსა ონლაინ-მედია Fეედც - ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ხალხს მსოფლიო მასშტაბით ინფორმაციის გაცვლის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს. ეს სოციალური ქსელი რამდენიმე სატელევიზიო და შემეცნებით არხს აერთიანებდა და 250 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ნიკა კვარაცხელიამ განათლება საფრანგეთის საუკეთესო ბიზნესსკოლა SKEMA Business School-ში მიიღო. ქართველი დეველოპერის გამოგონების შესახებ წერდა უცხოური პრესაც...

გამოძიება მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთ ვერსიად შურისძიება სახელდება და ის ქურდულ სამყაროში არსებულ ე.წ. სოხუმურ კლანს უკავშირდება, რომელთანაც ნიკას მამა, გია კვარაცხელია იყო დაპირისპირებული. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელი გამოძიებას იდენტიფიცირებული ჰყავს და ის "კანონიერი ქურდის", დავით კაკულიას ("დათო ტბილისკის") შვილებთან დაახლოებული პირია. დავით კაკულია 2001 წელს მოსკოვში საკუთარ ავტომანქანაში ხელნაკეთი ყუმბარით ააფეთქეს.

ნიკოლოზ კვარაცხელიაზე თავდასხმას თვითმხილველებიც ჰყავს. სწორედ მათი დახმარებით აღმოჩნდა დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში.

ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება: "სროლიდან 1 წუთში გავედი გარეთ. ბიჭი ავტომობილის ღია კართან იწვა და რამდენიმე შემავალი ჭრილობა ჰქონდა - მუცელთან, მენჯთან, ზურგში... გონზე იყო და სასწრაფოს ითხოვდა. ვუთხარი, რომ უკვე გამოძახებული გვყავდა. მერე ერთმა დაიყვირა, ექიმი ვარო და დაჭრილი მისი მანქანითვე წავიყვანეთ საავადმყოფოში. დაჭრილს გზაში ვინაობა ვკითხეთ და ისიც, თავდამსხმელს თუ იცნობდა. გვითხრა, აზრზე არა ვარ, ვინ იყო და რა უნდოდაო. ტკივილი აწუხებდა, ტკივილგამაყუჩებელს ითხოვდა".

ანონიმური წყარო წალენჯიხიდან "კვირის პალიტრას" უამბობს:

"გია კვარაცხელია ქურდულ სამყაროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მისი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია. მას ორი უმაღლესი აქვს დამთავრებული და ძალზე განათლებული კაცია... კვარაცხელიაც და კაკულიაც წალენჯიხელები არიან. აქ ყველას ახსოვს მათი 20 წლის წინანდელი დაპირისპირება, თუმცა რის გამო, ეს საიდუმლოებითაა მოცული.

გია კვარაცხელია 2003 წლის შემდეგ ევროპაში ცხოვრობდა. წალენჯიხაში უზარმაზარი სახლი ჰქონდა, რომელიც საპატრიარქოს უსაჩუქრა. 2007 წელს სააკაშვილის მთავრობამ სახლი საპატრიარქოს ჩამოართვა და მასში პოლიცია გახსნა. ერთი წელია, რაც წალენჯიხის პოლიცია ახალაშენებულ შენობაში გადავიდა. ამჟამად შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

ნიკას მკვლელობას რაც შეეხება, ხალხი მომხდარს კაკულიასთან დაპირისპირებით და წლების შემდგომ შვილების შურისძიებით ხსნის. გია მუდმივად ეხმარებოდა ეკლესიას. ჯგალში, მშობლიურ სოფელში ტაძარიც ააშენა. სხვა ტაძრების მშენებლობაშიც მონაწილეობდა.

დიდი ალბათობით, შურისძიებასთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, მტრები გიას რომ ვერ მისწვდნენ, შვილით იძიეს შური. ცნობილია, რომ ქურდები ერთმანეთს შვილებით არ უსწორდებიან, ამიტომ ძალიან გვიკვირს. გიამ ნიკა ყველაფერს გაარიდა, ბევრს ეცადა, შვილი მამის კვალსა და ქურდულ ცხოვრებას არ ზიარებოდა, ძალიან ზრუნავდა მის განათლებასა და მომავალზე. ნიკას დედა იტალიიდან ჩამოვიდა, მასთან ერთად ვგლოვობთ ამ საოცარ ახალგაზრდას. იყო საუბარი იმაზე, რომ ნიკა წალენჯიხაში დაეკრძალათ, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ მას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ"

არაოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის მთავარ მოტივად 20 წლის წინანდელი მკვლელობისთვის შურისძიებას განიხილავს. ვერაზე მომხდარი მკვლელობის შემსრულებელი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყანაში დაქირავებული კილერია. ამ ტრაგედიას, დიდი ალბათობით, კავშირი აქვს 20 წლის წინ მოსკოვში მომხდარ მკვლელობასთან, როცა საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ყუმბარით ქართველი "კანონიერი ქურდი" დავით კაკულია, მეტსახელად, "დათო ტბილისკი" ააფეთქეს.

შსს-მ საქმე გახსნილად გამოაცხადა და დაადგინა მკვლელობაში მონაწილე პირები აკო (ალეკო) ჭელიძე და გიორგი კავილაძე. მათ პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

ვინ არის გია კვარაცხელია?

გაიოზ (გია) კვარაცხელია 1963 წლის 22 ივლისს დაიბადა წალენჯიხაში, სოფელ ჯგალში. 2003 წელს მან დატოვა საქართველო და პერიოდულად მოსკოვსა და კიევში ცხოვრობდა. კვარაცხელია "კანონიერ ქურდად" 24 წლის ასაკში, 1988 წელს აკურთხეს ე.წ. კანონიერმა ქურდებმა: გოგი ჩიქოვანმა, პაატა ჩლაიძემ ("პაატა ბალშოი") და რომეო ბულიამ. გია კვარაცხელია ხშირად მონაწილეობდა ქურდულ "სხადნიაკებში"და კრიმინალურ წრეებში საკმაოდ გავლენიანი იყო. შემდგომში მას კონფლიქტი ჰქონდა ე.წ. სოხუმის კლანის წევრებთან, მათ შორის ძმებ კაკულიებთან. გია კვარაცხელია რამდენიმეჯერ ნასამართლევია საქართველოში, მოსკოვსა და კიევში. თურქეთის მიერ ძებნილი 2009 წელს უკრაინელმა სამართალდამცველებმა ასევე "კანონიერ ქურდ" ემზარ ჯაფარიძესთან ("კვატია") ერთად დააკავეს (58 წლის ჯაფარიძე გასულ წელს კორონავირუსით გარდაიცვალა), ხოლო 2013 წელს კვარაცხელია თურქეთში გაარეპორტეს.

დავით კაკულია, იგივე "დათო ტბილისკი"

დავით კაკულია, რომელიც კრიმინალურ წრეებში "დათო ტბილისკის" სახელითაა ცნობილი, 1963 წლის 9 სექტემბერს დაიბადა თბილისში. ის "კანონიერ ქურდად" 1991 წელს აკურთხეს. მისი "ნათლიები" ავთანდილ ჩიხლაძე ("კვეჟო"), რობერტ კალანდაძე ("რობერტა"), ნოდარ ფარიზიანი ("ნონო"), პაატა ჩლაიძე ("პაატა ბალშოი") და არსენ მიქელაძე ("არსენა") იყვნენ.

"დათო ტბილისკი" პირველად 1993 წელს მოსკოვში დააკავეს - სასტუმრო "მოსკოვში" ე.წ. კანონიერი ქურდები აიყვანეს და ცხრაკაციან კრიმინალურ დაჯგუფებაში კაკულიასთან ერთად იყვნენ ტარიელ ფოცხვერია, ავთანდილ ჩიხლაძე (კვეჟო), დავით მელქაძე ("დათო პოტინსკი)", ნიკოლოზ თუთბერიძე (მაცი), მალხაზ მინდაძე, გოჩა ცაგარეიშვილი და სხვები. მათ ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში დასდეს ბრალი. დავით კაკულია რამდენიმეჯერ ნასამართლევია და სასჯელს როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ციხეებში იხდიდა. პატიმრობის დროს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ერთხანს თბილისის "რესბალნიცაშიც" იწვა, საიდანაც 2001 წელს გათავისუფლდა. დავით კაკულია გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი იყო და ხშირად მონაწილეობდა "სხადნიაკებში.

დავით კაკულიას 2001 წლის 25 აგვისტოს მოსკოვში კილერმა ავტომანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა, ხელნაკეთი ყუმბარა შეუგდო და ააფეთქა. მკვლელობა დღის 1 საათზე მოხდა, როდესაც კაკულია ავტომანქანაში ჯდებოდა. კაკულია მძიმედ დაშავდა - სახე და თვალები დაეწვა, გარდა ამისა, მარცხენა ხელ-ფეხის მოტეხილობა მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გონს მოუსვლელად გარდაიცვალა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა 200 გრამი ტროტილით ( TNT) და ლურსმნებით იყო სავსე.

თავის დროზე, რუსული მედიასაშუალებები წერდნენ, რომ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ "კანონიერი ქურდი" დედაქალაქისთვის ჩვეული განგსტერული ჩხუბის მსხვერპლად ჩათვალა. სამართალდამცველებმა მისი სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს ჩანთა ასაფეთქებელი მოწყობილობით (200 გრამი ტროტილით და ელექტროდეტონატორით), რამაც გააჩინა ეჭვი, რომ კაკულიას დაპირისპირებულმა მხარემ დაასწრო.

"კვირის პალიტრამ" მკვლელობასთან დაკავშირებული დეტალები გაარკვია

როგორც სანდო წყარო გვიყვება, ნიკა კვარაცხელიას მკვლელი "დათო ტბილისკის" ვაჟების მეგობარია. სავარაუდოდ, კაკულიას ვაჟები ამჟამად სომხეთში იმყოფებიან და მათ იქ დაიქირავეს კილერი. როგორც წყარო საგამოძიებო ორგანოდან გვიყვება, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ეჭვმიტანილი სომხეთში იყო გადასული. ის არ არის ქურდული სამყაროს წევრი, მაგრამ ახალგაზრდას ქურდობა სწადია და სავარაუდოდ სწორედ ამ მოტივით ჩაიდინა ეს დანაშაული.

გამოძიება ამ ეტაპზე მკვლელობაში მონაწილე ორ პირს - 21 წლის აკო (ალეკო) ჭელიძეს და 22 წლის გიორგი კავილაძეს ეძებს, რომლებიც ნიკა კვარაცხელიას საქმის ფიგურანტები არიან. არის ვერსია, რომ სწორედ აკო იყო კილერი, გიორგი კი თანამონაწილე. მკვლელობის მოტივად კაკულია-კვარაცხელიას ოჯახებს შორის ბიზნესწილებზე დავა განიხილება. არსებობს ეჭვი, რომ ძებნილებმა საქართველო უკვე დატოვეს.