"მიშა 2-3 თვე რომ დატოვო სამარტოო საკანში, ჭკუიდან შეიშლება, თავს მოიკლავს"
"სააკაშვილს იმდენი ხალხი ჰყავს გამწარებული, ქუჩაში ვერც გაივლის..."
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას ედავებიან საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას, მათ შორის, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, ბრალი წარდგენილი აქვს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივი დარბევისა და ხელში ჩაგდების მიზნით ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის საქმეებზეც. ორ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერად ძალაში შესული განაჩენი უკვე არსებობს. 2018 წელს სააკაშვილს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, საქმე ეხება სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებას. იმავე წელს დაუსწრებლად გაასამართლეს პარლამენტის ყოფილ წევრ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ამნისტიით ეს სასჯელი შეუმცირდა და საბოლოო სასჯელად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ უცვლელად დატოვა.
საქმის მასალების თანახმად, 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ვალერი გელაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მოქმედი პრეზიდენტის მიმართ იმის გამო, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფრაზებით ისაუბრა სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზეც ოქრუაშვილისგან უარი მიიღო. ამის შემდეგ სააკაშვილმა ეს დავალება შს იმჟამინდელ მინისტრს, ივანე მერაბიშვილს მისცა. მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის, ერეკლე კოდუას ორგანიზებით სააკაშვილის დავალება ზედმიწევნით შეასრულა - 2005 წლის 15 ივლისს სოდ-ის ოპერატიული თანამშრომლები და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლები თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროს გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებითა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გელაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად ავტომანქანიდან გადმოიყვანეს, კონდახებით სასტიკად სცემეს და გაიტაცეს მისი კანონიერი იარაღი, 10.000 აშშ დოლარი და 50.000 ლარად ღირებული ბეჭედი. სააკაშვილის დავალებით განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად პარლამენტის წევრმა გელაშვილმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანება.
ამ თავდასხმის ფაქტზე სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია. გელაშვილის საქმეზე განაჩენი გამოტანილია მერაბიშვილის, კოდუასა და სირაძის მიმართაც.
ყოფილი პარლამენტარი, ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი "კვირის პალიტრასთან" იმ უმძიმეს ფაქტებს იხსენებს.
- ეს დღეებია, ატრიალებენ, პიჯაკების საქმეზეა ბრალდებულიო, რაც სასაცილოა, პიჯაკების საქმე სახსენებელიც არ იყო, ისეთიI მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. ჩემს საქმეზე გამოძიება წლების შემდეგ ჩატარდა, სააკაშვილი გასამართლებულია, ამნისტია შეეხო და საბოლოოდ 6 წელი დაუტოვეს.
- პირველად როდის გადაიკვეთა თქვენი გზები? - 1999 წლის ბოლოს და 2000 წლის დასაწყისში, როცა "მოქალაქეთა კავშირის" უმრავლესობის ლიდერი იყო. მე მაშინ ვახტანგ ქუთათელაძესთან დაპირისპირებული ვიყავი, ბიძაჩემი გატაცებული იყო, ბიძაშვილი - ციხეში. მაშინ მივედი სააკაშვილთან, როგორც უმრავლესობის ლიდერთან. მივედი იმისთვის, რომ ჩემი ბიძაშვილი ციხიდან გაეთავისუფლებინათ. მიშამ მითხრა, შენთან ნუგზარ შევარდნაძეა დაპირისპირებული და ამ საქმეში ვერ ჩავერევიო. მერე 2003 წელს შემომითვალა, თუ მასთან მივიდოდი, საპარლამენტო სიაში ჩემს ორ კაცს ჩასვამდა, მაგრამ უარი ვუთხარი.
- რატომ, ფულს გთხოვდათ სანაცვლოდ? - არა, დაფინანსება არ უთხოვია, როგორც ბიზნესმენი გვერდით ვჭირდებოდი, უნდოდა საზოგადოებისთვის დაენახებინა, რომ ცნობილი ბიზნესმენები მასთან მიდიოდნენ. ბოლოს გადავიკვეთეთ პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის გამო. 2003 წლის ბოლოს ჩემს სახლში შევიდა სანდრა რულოვსი თავის ნათესავებთან ერთად, ჩემი მარანი გახსნეს და ღვინო დააჭაშნიკეს. რამდენიმე დღეში დამირეკეს, შენი სახლი გვინდაო. რეზიდენციის წინ იდგა ჩემი სახლი. 2004 წლის 3 იანვარი იყო. ამ საკითხზე ჩემს სახლში შევხვდი დავით კეზერაშვილს და ადმინისტრაციის უფროს ირაკლი ჩუბინიშვილს. ითხოვდნენ სახლი მათთვის დამეთმო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გენერალური მოიჯარე მე ვიქნებოდი რეზიდენციის მშენებლობაში, ჩემს სახლს გადავცემდი მათ და სამაგიეროდ მივიღებდი სამოსახლო ადგილს სხვაგან. მშენებლობა სწრაფად ვერ მიდიოდა. გავაფრთხილე მიხეილი, რეზიდენციის მშენებლობა ასე მალე და ასე ადვილად არ დამთავრდება-მეთქი. მერე მთხოვა, გენერალური მოიჯარეობიდან გავსულიყავი, დიდი სიამოვნებით გავალ-მეთქი, ვუთხარი, რადგან პერსპექტივა ვერ დავინახე, ოღონდ ვთხოვე, ჩემი კომპანიისთვის ჩემი ფული გადაეხადათ. ფულის გადახდას არ აპირებდნენ, არც სახლის ფულს მაძლევდნენ და გაბრაზებული ისე მოვექეცი, როგორც ისინი მოექცნენ ჩემს ოჯახს. ამის მერე იყო ჩემზე თავდასხმა, ეს იყო ანგარიშსწორება იმის გამო, რომ პროტესტი გამოვხატე. მისი დაკვეთა იყო, სამაგალითოდ დავესაჯე, როგორც დეპუტატი, როგორც ბიზნესმენი, რომ მერე სხვებისთვის ეს მაგალითი ყოფილიყო.
- დავით კეზერაშვილი ახსენეთ, მას რა როლი ჰქონდა ამ საქმეში?
- როგორც მახსოვს, მაშინ ის იყო პირად დაცვაში და შუამავლის როლს ასრულებდა. მოვიდა და ჩემი სახლი ნახა. ავლაბარში რეზიდენციის წინ რომ აგურის სახლია, ის იყო ჩემი საკუთრება და დავთმე რეზიდენციის მშენებლობის გამო ისიც და 2300 კვმ მიწაც. შევთანხმდით, ამ სახლში უნდა გადაეხადათ 1.400.000 დოლარი და მიწა უნდა გაეცვალათ, რომ მეორე სახლის მშენებლობა დამეწყო. ეს ფული არ გადამიხადეს, ამან გამოიწვია კონფლიქტი.
- თავდასხმის დღეს როგორ გაიხსენებთ?
- გზაზე დამხვდნენ, მანქანა დამიბლოკეს, კონდახი ჩამარტყეს თავში და წიხლები მირტყეს. ვინც კონდახი ჩამარტყა, მითხრა, ამის შემდეგ მაინც ვერაფერს დაწერ პრეზიდენტზეო. მიშას მაშინ ბევრი აგინებდა, მაგრამ არავინ უცემიათ. ეს იყო დაშინება ბიზნესის, პოლიტიკოსების, რომ მათ წინააღმდეგ არავის გაელაშქრა.
- ბიზნესშიც ხელის შეგიშალეს?
- რა თქმა უნდა. მაშინ ფოთის გემთმშენებლის აქციონერი ვიყავი, 55%-იანი წილი მქონდა. გემთმშენებელი დამიყადაღეს და საბოლოოდ ის გაკოტრდა. 6 მილიონი დოლარი მქონდა გადახდილი. სასამართლო დავა წავაგე, გემთმშენებელი დავკარგე და ამაშიც მიშა იყო გარეული. მეორე სახლის მშენებლობა დავიწყე, მაგრამ ისიც დავკარგე. ახლა ის სახლი რომან ფიფიასია. 2007 წელს ჩემს კომპანიაში საფინანსო სამსახური შემოვიდა, რამდენიმე თვე იყვნენ, ბოლოს კი მაიძულეს ის სახლი გამეყიდა, არადა, კარკასი აშენებული მქონდა... ყველაფერს აკეთებდა, რომ გავკოტრებულიყავი.
- ცემის შემდეგ დიდხანს გადიოდით რეაბილიტაციას? - ფუძის ძვლის მოტეხილობის შემდეგ 100%-ით რეაბილიტაცია შეუძლებელია. დღესაც გაბრუებული მაქვს ერთი მხარე, დღემდე მაქვს იარა და ეს დარჩება სიცოცხლის ბოლომდე. მათ სასიკვდილოდ გამიმეტეს, სასწაული იყო ჩემი გადარჩენა. ოპერაციიდან ორ თვეში საქართველოში დავბრუნდი. მერე პარლამენტშიც დავდიოდი.
- ხომ არ გიცდიათ, სააკაშვილთან გაგერკვიათ, რატომ გაგწირათ სასიკვდილოდ?
- რა უნდა გამერკვია, მიზეზი ისედაც გასაგები იყო! ბიზნესიც და წილებიც ჰქონდათ მათ, ვინც "ნაცმოძრაობასთან" იყო ახლოს, სხვებს არაფერი არ უნდა ჰქონოდათ, ყველას ატერორებდნენ.
- წლების შემდეგ დაიწყო თქვენი საქმის გამოძიება. დღეს განაჩენი გამოტანილია. ელოდით, რომ ბრალდებულები დაისჯებოდნენ? - სასამართლო პროცესებზე დავდიოდი. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ექვს წელს მიუსჯიდნენ სააკაშვილს, თუ ორს, მთავარი იყო, სასჯელი გამოეტანათ და მას პასუხი ეგო. მე შემსრულებლების დასჯა არც მომითხოვია, ყველას ვაპატიე, რადგან მათ ბრძანება შეასრულეს. სასამართლო პროცესზე ყველაფერი აღიარეს. ამოიღეს ჩანაწერებიც და გაირკვა, რომ მიხეილ სააკაშვილი სატელეფონო საუბრებშიც მონაწილეობდა.
- "ნაცმოძრაობაში" ამბობენ, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და ის დღეს არ აღიარებს არც ერთ დანაშაულს. - პოლიტიკური დევნილია მიშა? სასაცილოა! ვინ აღიარებს ამას?
- ვის პასუხისმგებლობას ხედავთ იმაში, რომ სააკაშვილი დღემდე დაუსჯელია? - ამაზე გავჩუმდები, არ გიპასუხებთ...სააკაშვილი მაქსიმუმ 2-3 ათასი ადამიანი დაუდგეს გვერდით, იმდენი ხალხი ჰყავს გამწარებული, ქუჩაში ვერც გაივლის...
- თქვენ რომ დღეს ქუჩაში შეგხვდეთ, რას ეტყვით? - ბევრჯერ ვცადე ვილნიუსში დამეჭირა, მაგრამ ვერ დავიჭირე. მინდოდა შური მეძია და მაგრად მეცემა. ჯერ ერთი, კურდღელია - რომ დამინახავდა, გაიქცეოდა, მაგრამ სადმე რომ შემხვედროდა, აუცილებლად ვცემდი! მიშა ფსიქიკურად დაავადებული ადამიანია. სახეზე შეხედეთ! რა დიდი ამოცნობა ამას უნდა! ახლა არც იმაზე ვილაპარაკებ, ვისი პასუხისმგებლობაა, რომ დღეს ისევ "ნაცმოძრაობაა" მთავარი პოლიტიკური ძალა და ამდენს ალაპარაკებენ. ეჭვი არც იმაში მეპარება, რომ უცხოელები ხელისუფლებას აიძულებენ, ის შეიწყალოს და, თუ დააკავებენ, გამოუშვას, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მიშა ციხეში ვერ გაჩერდება, ვერ გაძლებს. 2-3 თვე რომ დატოვო სამარტოო საკანში, ჭკუიდან შეიშლება, თავს მოიკლავს და მისთვის ტრაგიკულად დასრულდება ყველაფერი. მისი ფსიქიკა ჩაკეტილ სივრცეს ვერ გაუძლებს.
- თქვენ აზრი რომ გკითხონ მის შეწყალებაზე, დასთანხმდებით? - ჩემთვის საკმარისია, ერთი წელი მაინც ჩაჯდეს, მერე ალბათ, დავთანხმდები...
- ამ თავდასხმამდე სააკაშვილს თქვენ მიმართ აგრესია თუ გამოუხატავს? - ადრე ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. ეტყობა, მის გარემოცვას არ მოსწონდა ეს და გააღიზიანეს. ისიც ვიცი, რომ ჩემზე თავდასხმის შემდეგ მან სკამები ესროლა თავის გარემოცვას, რადგან მიხვდა, რაც ჩაიდინეს, თუმცა უკვე გვიანი იყო - მათ სასიკვდილოდ გამიმეტეს.