"ნუ გგონიათ, რომელიმე დანაშაული მიშას გარეშე მოხდა. რატომ ჩაალპო ჩემი 18 წლის შვილი მიწაში?" - კვირის პალიტრა

"ნუ გგონიათ, რომელიმე დანაშაული მიშას გარეშე მოხდა. რატომ ჩაალპო ჩემი 18 წლის შვილი მიწაში?"

"თქვენ იცით, რას ითხოვს ციხეში ახლა სააკაშვილი? - ნარკოტიკს, არაყს და დამაწყნარებელ წამლებს. ის არ არის ნორმალური ადამიანი. ესენი არიან ავადმყოფები, ესენი ადამიანებს სასიკვდილოდ წირავდნენ"

ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მიხეილ სააკაშვილის უმკაცრესად დასჯას ითხოვს და თვლის, რომ სამართლიანობა ქვეყანაში უნდა აღდგეს.

სოსო რობაქიძე:

- საქართველოში ჩამოვიდა კაცი, რომელიც არის ნომერ პირველი ჯალათი, ქართული ფაშიზმის დამფუძნებელი და ლიდერი. დააპატიმრეს ეს ადამიანი და ახლა მის განთავისუფლებას ითხოვენ. ნუ გგონიათ, რომელიმე დანაშაული მიშას გარეშე მოხდა. გაიხსენეთ მისი ფრაზები და გაგახსენდებათ რა დონის დამნაშავესთან გვაქვს საქმე. "ტყვია არ გვემეტება", "ყველანი ციხეში", "ნულოვანი ტოლერანტობა" და ასე შემდეგ, გაიხსენეთ აფრასიძეების საქმე, როგორ ჩაცხრილეს და ამოხოცეს ეს ოჯახი და როგორ იძახდა მიშა, მე გავეცი ბრძანებაო. მისი პრეზიდენტობის დროს ქუჩაში 175 ახალგაზრდა მოკლეს. როცა ამ ამბების დეტალებს ვიკვლევდით, უმოწყალოდ დახოცილ კიდევ 55 ახალგაზრდას მივაკვლიეთ. უმძიმესია იმ წლების სტატისტიკა, ამ ჯალათების მიერ 300 უდანაშაულო ადამიანია ქუჩაში დახოცილი და მათი ყველაზე დიდი ასაკი 24-დან 26 წლამდე იყო. ამ ხელისუფლებამ ქვეყანაში გენოციდი მოაწყო და ეს კაცი ახლა როგორ უნდა დაუძვრეს სამართალს, როგორ არ უნდა აგოს მან პასუხი ჩადენილი დანაშაულებისთვის? მაშინ გამოუშვან გარეთ და ერთი ერთში შევხვდები, პირობას ვიძლევი, რომ გავუსწორდები. ეს კაცი ქართველმა ერმა უნდა დასაჯოს. რატომ ჩააალპო ჩემი 18 წლის შვილი მიწაში, რატომ ჩაალპო ზურა, სანდრო, გიორგი და რომელი ერთი ჩამოვთვალო.

გეკითხებით, არ უნდა აგოს პასუხი? მეცოდება ის ქართველი, ვინც დღეს მის დამცველად გამოდის. ჩვენ ისეთ ჭკუაზე ვართ, ტელევიზიებში მიუვვარდეთ იმათ, ვინც მიშას იცავს და მის გამოშვებას ითხოვს. მითხარით, ქართველებს რატომ გავიწყდებათ მისი ჩადენილი დანაშაულები, რატომ გავიწყდებათ, რა გააკეთა ამ კაცმა და მისმა რეჟიმმა. ადამიანები მიდიან ციხესთან და ამბობენ, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. რატომ არ გიჩნდებათ ჟურნალისტებს კითხვა მათთან, რატომ თვლიან მიშას პოლიტპატიმრად, როცა ამდენი მაგალითი სახეზეა, ამდენი ახალგაზრდა დახოცეს. ნახეთ ვინ არის არჩევნების მეორე ტურში დღეს, "ოცნება" და "ნაცები", ხომ გამოჩნდა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია რეალურად "ნაცები" ყოფილა. ეს ხომ დადასტურდა. "ლელო" გინდა თუ - ნებისმიერი სხვა პარტია. რა ხდება, დაიწყოს ისევ ის სიტუაცია, რაც ხდებოდა 9 წლის წინ? ერთი თმა რომ ჩამოუვარდეს მათ რომელიმე შვილს, რა ამბავს ატეხენ. მოდი, მაშინ ნულოვანი ტოლერანტობა ისევ გამოვაცხადოთ და დავიწყოთ ახლა მათი შვილებით. პლასტმასის ტყვიებს ნუ შეადარებენ ნამდვილ ტყვიებს, ნეტავ, ჩემს შვილს მოხვედროდა პლასტმასის ტყვია და დღეს ცოცხალი მეყოლებოდა. გაიხსენეთ შვილმკვდარი მამა როგორ მცემეს ზუგდიდში, მაშინ მარტო ბიძინა გუჯაბიძე არ უცემიათ, მეც მცემეს. ჟურნალისტებს დაავიწყდათ ეს ყველაფერი?

- გაქვთ იმის მოლოდინი, რომ სააკაშვილი საქართველოში მოიხდის სასჯელს?

- ჩემი აზრით, საქართველოში მოიხდის მიხეილ სააკაშვილი სასჯელს და თუ არ მოიხდის სასჯელს, ის ხალხი, ვინც გამწარებულია, ფეხზე დადგება და მთელი საქართველო ქუჩაში გამოვა. მართალი ხალხის გვერდით დავდგებით. თქვენ კიდევ არ იცით, რამდენი ჭირისუფალი ვართ. პირობას გაძლევთ, 3 დღეში 100 000 კაცს მივიყვან იმ ციხესთან, ყველა გამწარებული მშობელი ჩამოვა თბილისში და მერე ვაჩვენებთ მთელ ქვეყანას, როგორ იქცეოდა მიშა სააკაშვილი. მიშა სააკაშვილი ექცეოდა ციხეში ხალხს ისე, როგორც ახლა უნდა მას მოექცნენ? მიშა სააკაშვილი საქართველოს ჯალათი, რომელმაც ამდენი დანაშაული ჩაიდინა, რატომ უნდა იყოს ციხეში ვიღაცაზე უკეთეს პირობებში? თუ ეს დავუშვით და მიშა ბოლომდე არ გავასამართლეთ, მოვა სხვა პრეზიდენტიც და სხვის შვილებსაც შეეხებიან. საქართველოში კიდევ დახოცავენ ბიჭებს და ვისი შვილი მოყვება კიდევ, კაცმა არ იცის. მან სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს ციხეში. თქვენ იცით, რას ითხოვს ციხეში ახლა სააკაშვილი? - ნარკოტიკს, არაყს და დამაწყნარებელ წამლებს. ის არ არის ნორმალური ადამიანი. ესენი არიან ავადმყოფები, ესენი ადამიანებს სასიკვდილოდ წირავდნენ.

მსხვერპლშეწირვა იყო საქართველოში. ავადმყოფები რომ არიან, ამას ვერ ხვდებით? როდესაც მიხეილ სააკაშვილზე იძახიან, პოლიტპატიმარია და არაფერი გაუკეთებიაო, არ რცხვენიათ? იქნებ ჩემი შვილი ცოცხალია, იქნებ სანდრო გირგვლიანი ცოცხალია, იქნებ ცინდელიანიც ცოცხალია, შვილის საფლავიც რომ არ აქვს დღეს ოჯახს და გაქრა საერთოდ ეს ადამიანი, იქნებ ეს ხალხი ყველა ცოცხალია და სიზმარში ვართ, - გამოგვაფხიზლონ. კაცის მკვლელია, ფაშისტია,  ხოცავდნენ საჯიშე ბიჭებს და დღეს მას იცავენ? ყველა ოჯახი ვიცი, ვინც მას იცავს და ყველა მათგანს ჩავაყენებთ ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ ვართ, მათ ვინც იძახის, რომ მიშა პოლიტპატიმარია და, თურმე, ის 30 ოქტომბრამდე ციხიდან უნდა გამოვიდეს. ვერ ნახეთ, რა დღეში იყო, ხელბორკილები რომ დაადეს? მისი გამომეტყველება ვერ ნახეთ? ვერ ხედავთ და არ იცით, ვისთან გვაქვს საქმე? ისევ ეს კაცი გინდათ, ხალხო? "ნაციონალური მოძრაობა" ვერასოდეს გაიმარჯვებს საქართველოში და ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან. ჩემთვის სამართლიანობა აღდგება მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" გამოცხადდება ფაშისტურ პარტიად და გასამართლდება რეჟიმი და ეს პარტია აიკრძალება საბოლოოდ, როგორც ფაშისტური პარტია და კომუნისტური პარტია აიკრძალა. ევროპაც გაიგებს და ამერიკაც, რომ ეს არის ფაშისტური პარტია. 21-ე საუკუნის ახალგაზრდობა ამოჟლიტა ამ კაცმა და მისმა ხელისუფლებამ და ვინ მიიღებდა ასეთ პრეზიდენტს? - ის ან ელექტროსკამზე იჯდებოდა ახლა, ან კენედივით "დაბრედილი" იქნებოდა. სააკაშვილი უნდა გასამართლდეს, ბოლომდე უნდა მოიხადოს სასჯელი, სხვანაირად არ გამოვა, სხვა შემთხვევაში, ყველანი გამოვალთ ქუჩაში.

(სპეციალურად საიტისთვის)