"მას მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირები ამხელენ" - ექსკლუზიური ინტერვიუ სააკაშვილის საქმეების პროკურორთან
"სააკაშვილს მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირები ამხელენ, რაც დადასტურებულია მათი ჩვენებებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით. დაკითხულია 150 პირი და პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ბრძანება პირველი პირისგან, სააკაშვილისგან მოდიოდა"
ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. ჯერჯერობით ბრალის წარდგენას პროკურატურა არ ჩქარობს, რადგან ორი განაჩენი უკვე კანონიერ ძალაშია შესული. მართალია, ექსპრეზიდენტი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მაგრამ პროკურატურაში ირწმუნებიან, რომ ყველა ბრალდება მტკიცებულებებით არის გაჯერებული. უწყებაში აცხადებენ, რომ თავის დროზე ამ საქმეებზე საერთაშორისო ექსპერტებმაც იმუშავეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ საკმარისი მტკიცებულებებია... როგორც ირკვევა, ვალერი გელაშვილის საქმე, რომელზეც სააკაშვილს 6 წელი აქვს მისჯილი, თავის დროზე საერთაშორისო ექსპერტებმაც განიხილეს და გასცეს რეკომენდაცია, რომ საქმე სასამართლოში წარმართულიყო. "გვჯერა, რომ არსებული მასალები სამართლებრივად და ფაქტობრივად საკმარისია იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ განხორციელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა დანაშაულისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ვალერი გელაშვილის 2005 წლის 14 ივლისს განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფასთან. თქვენ უნდა განაგრძოთ გამოძიება და მიმართოთ სასამართლოს, სადაც ყველა დანარჩენი საკითხი განხილულ იქნეს შეჯიბრებით პროცესში... კმაყოფილებას გამოვხატავთ თქვენი პროკურორებისა და გამომძიებლების ამ საქმეებზე მუშაობასთან დაკავშირებით. შეხვედრების დროს ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათმა პატიოსნებამ და გულწრფელობამ. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გამოძიება ჩატარდა კეთილსინდისიერად და პროფესიულ დონეზე", - ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერენ ექსპერტები: პოლ კოფი, მოშე ლადორი და სერ ჯეფრი ნაისი.
რატომ გადაწყდა საქმეში უცხოელი სპეციალისტების ჩართვა და რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ორ საქმეზე (მათი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს), ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორი ლაშა ცქვიტარია გვესაუბრება.
- სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 4 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა, 2 საქმეზე უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. მას 3-წლიანი პატიმრობა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მიესაჯა - საქმე ეხება სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებას; სააკაშვილი დაუსწრებლად გასამართლდა ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზეც და საბოლოოდ 6 წელი მიესაჯა. ეს ორი საქმე შიდა ინსტანციის დონეზე გადასინჯვას აღარ ექვემდებარება!
კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვები გრძელდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგია, სამი მოსამართლის შემადგენლობით, იხილავს საქმეს, რომელიც ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დარბევას, შემდგომ ჯარის გამოყვანას, რაც გაგრძელდა რიყის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ მოხდა ტელეიმედში შეჭრა, ძალადობა ჟურნალისტებზე და მთაწმინდის პარკში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანა. ყველა ქმედება მიმართული იყო არკადი პატარკაციშვილის ოჯახის კუთვნილი ქონების დათმობისკენ. ამ საქმეზე დაკითხულია 150-ზე მეტი პირი და მიმდინარეობს წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა.
კიდევ ერთი სისხლის სამართლის, ე.წ. პიჯაკების საქმე, 9 მილიონის გაფლანგვას ეხება.
- 7 ნოემბრისა და ტელეიმედის დარბევის საქმეში სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებით, რა როლი ჰქონდა მას ამ დანაშაულში? - სააკაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს დანაშაულის ორ ეპიზოდზე, ერთი ეპიზოდი გულისხმობს უფლებამისილების გადამეტებას სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, ჩადენილს ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. პირადად სააკაშვილმა და შემდგომ მის დაქვემდებარებაში მყოფმა პირებმა არკადი პატარკაციშვილს მოსთხოვეს დაეთმო ტელეკომპანია "იმედი". საწყის ეტაპზე სთავაზობდნენ ტელეიმედის გაცვლას საქართველოს რკინიგზაში. მაშინ ყველა ტელევიზია ატარებდა სახელმწიფო პოლიტიკას და ერთადერთი ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზია იყო "იმედი". სააკაშვილსა და სხვა თანამდებობის პირებს სურდათ ხელში ჩაეგდოთ ეს ტელევიზია და იქაც ის საინფორმაციო პოლიტიკა გაეტარებინათ, რაც დადებითად წარმოაჩენდა მათ საქმიანობას.
- ბადრი პატარკაციშვილს უშუალოდ სააკაშვილი დაემუქრა? - დიახ, სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების მხრიდანაც იყო მუქარა. პატარკაციშვილს შეუთვალეს, თუ ქონებას არ დათმობდა, მის წინააღმდეგ განხორციელდებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა, ჩამოართმევდნენ ტელევიზიას და სხვა აქტივებს. ბადრი პატარკაციშვილი არ დაემორჩილა ამ მოთხოვნას, რაც რეალიზდა "იმედში" შეჭრით, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობით. ამ საქმეში ჩართული იყო დავით კეზერაშვილი და მისი უახლოესი წრეც, როგორც სამეგობრო, ისე პოლიტიკური თანამოაზრეები...
კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით, რუსთაველის გამზირზე ჯარი გამოიყვანეს. შემდეგ დაარბიეს ტელეიმედი, სადაც გამოიყენეს როგორც შს სამინისტროს, ასევე ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სპეცდანაყოფები. ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები ცნობილია საზოგადოებისთვის და ამ ეპიზოდის გვირგვინი გახლდათ მაუწყებლობის გათიშვა. მთელი ერთი თვე ტელევიზია პარალიზებული იყო და ძალოვანებს ჰქონდათ აღებული. შემდგომ ამ ტელევიზიას სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, გიორგი არველაძე მოევლინა მმართველად.
ამ საქმის მეორე ეპიზოდიც ეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. აქ საუბარია იმაზე, რომ პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდგომ, მისი ძირითადი ქონება - ტელეიმედი, მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა - სააკაშვილის გავლენის მქონე პირების, მათ შორის, დავით კეზერაშვილის საკუთრებაში გადავიდა. ეს ქონებები კეზერაშვილის სახელზე რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანიებზე გადაფორმდა და ამ სქემაში გამოყენებულ იქნა ჯოზეფ ქეიც. საბოლოოდ ყველაფერი ამ გუნდის ხელში აღმოჩნდა...
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო კომისიაში წარადგინა - ითხოვდნენ წართმეული ქონების დაბრუნებას, ან 400 მილიონ დოლარს. როცა ამ საქმის წაგების რეალური საფრთხე დადგა, ანუ 400 მილიონის გადახდა ავტომატურად სახელმწიფოს დაეკისრებოდა, ხელისუფლება დათმობაზე წავიდა, მოურიგდა პატარკაციშვილის ოჯახს, რომ დააბრუნებდა ყველა ქონებას, გარდა ტელეიმედისა და 2011 წელს გაფორმდა მემორანდუმი. ტელევიზიის გარდა, სხვა ქონება ისევ გადაუფორმდა ოჯახს.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმე ემყარება როგორც მოწმეთა ჩვენებას, ვიდეო- აუდიომასალებს, ასევე ექსპერტიზის დასკვნებს. მოწმეები არიან ის პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც იმ დროისთვის გახლდნენ სააკაშვილის თანამოაზრეები.
- სააკაშვილს ყოფილი ჩინოვნიკები ამხელენ? - დიახ, ამხელენ, მათ შორის მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირები, რაც დადასტურებულია მათი ჩვენებებით და მოპოვებული მტკიცებულებებით. დაკითხულია 150 პირი და პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ბრძანება პირველი პირისგან, სააკაშვილისგან მოდიოდა. მმართველობის სისტემა იყო მკაცრად ცენტრალიზებული. ეს დადასტურებულია ცნობილი აუდიოჩანაწერითაც - პატარკაციშვილს ხვდებიან იმდროინდელი მაღალჩინოსნები. სააკაშვილის გარდა, ბრალდებული არიან: დავით კეზერაშვილი, გიორგი უგულავა, ივანე მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. სხდომა ჩანიშნულია ნოემბერში და სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს განხილვაში. რაც შეეხება მერაბიშვილსა და უგულავას, მათ ამ საქმეზე აღმკვეთი ღონისძიება არ აქვთ შეფარდებული, არ ესწრებიან სხდომებს, ესწრებიან მათი ადვოკატები. კეზერაშვილისა და ადეიშვილის მიმართ კი საქმე დაუსწრებლად განიხილება, მათი ადვოკატების მონაწილეობით.
- მინდა გირგვლიანის საქმესაც შევეხოთ, განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული, მაგრამ ადვოკატები ამბობენ, რომ ეს არის უკანონო განაჩენი, რადგან პრეზიდენტს ჰქონდა ნებისმიერი პირის შეწყალების უფლებამოსილება. - დაცვის მხარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, თითქოს სააკაშვილი გასამართლდა შეწყალების უფლების რეალიზებისთვის. ეს ასე არ გახლავთ. გამოძიებითა და, რაც მთავარია, სამი ინსტანციის განაჩენით დადგენილია, რომ სააკაშვილი დანაშაულის ჩადენის ეტაპიდან ჩართული იყო ამ საქმეში. მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სანდრო გირგვლიანის მიმართ განხორციელებული ძალადობა, საწყის ეტაპზევე უშუალოდ სააკაშვილისგან მიიღეს გარანტია იმ პირებმა, რომლებიც შემდგომ ფორმალურად გაასამართლეს, რომ მსჯავრდების შემდგომ სასჯელს სრულად არ მოიხდიდნენ. დუმილის სანაცვლოდ მიიღებდნენ შეწყალებას, რაც შემდგომში რეალიზებულ იქნა. სააკაშვილი გასამართლდა წინასწარ დაპირებული ქმედების რეალიზებისთვის. მთავარი შეთანხმება იყო, რომ ბრალდებულ პირებს არ დაესახელებინათ დათა ახალაია, თაკო სალაყაია და ის მაღალჩინოსნები, რომლებიც ფიგურირებდნენ სანდრო გირგვლიანის უმძიმეს დანაშაულში. ბრალდებულებმა თავიდანვე დუმილის უფლება გამოიყენეს, შეეცადნენ საქმიდან ამ პირების გვერდზე გაწევას. სანაცვლოდ მიიღეს ფულადი გასამრჯელოც და დაპირებაც, რომ გამოტანილ განაჩენს არ მოიხდიდნენ. რაც მთავარია, როგორც სააკაშვილი, პრეზიდენტის ინსტიტუტი, ისე ყველა უწყება - შს სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო - ერთსულოვანი იყო ამ მსჯავრდებაში და მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად. ეს დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და მათ გადაწყვეტილებაში შავით თეთრზე წერია, რომ ამ ყოველივემ მათი აღშფოთება გამოიწვია. იმდენად ხილული იყო ეს შეთანხმებული მოქმედება, რომ ტექსტში დაახლოებით 10-ჯერ არის ნახსენები სიტყვები - სასამართლო აღშფოთებულია, სასოწარკვეთილია...
- რაც შეეხება ე.წ. პიჯაკების საქმეს, რომელიც ასევე განხილვის საგანია, ამბობენ, სხვა ბრალი ვერ მოუძებნეს სააკაშვილსო... - ეს საქმე არ გახლავთ ე.წ. პიჯაკების საქმე, როგორც ამას მისი ადვოკატები უწოდებენ. სამწუხაროდ, დაცვის მხარემ შეძლო საზოგადოებამდე მიეტანა იმგვარად, რომ თითქოს პიჯაკებისთვის სამართლდება სააკაშვილი. არადა, ის სამართლდება 9 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვისთვის. მოგეხსენებათ, პრეზიდენტს კანონმდებლობით ისედაც გამოყოფილი ჰქონდა წარმომადგენლობითი ხარჯები, რაც უნდა დაეხარჯა მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შესაბამისი აქტივობებისთვის. ეს თანხა გაწერილი იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მხრიდან. სახსრები გამოიყოფოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
2009 წლის მარტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილის მოწვევით საქართველოში ჩამობრძანდა მასაჟისტი დოროტი შტეინი, რომელიც დოქტორ დოტის სახელით არის ცნობილი. მან სააკაშვილს შესაბამისი დახმარება გაუწია და სოლიდური გასამრჯელოც მიიღო. ამ საქმის შესწავლის დროს ის არამიზნობრივი ხარჯები გამოვლინდა, რასაც პრეზიდენტი პირადი კომფორტისთვის იყენებდა. მან შეიმუშავა სქემა, რომლის მიხედვითაც მსგავს ხარჯებს გრიფი "საიდუმლო" მიენიჭა. ამ ხარჯებში გაიწერა სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და მათი ოჯახის წევრების საზღვარგარეთ მოგზაურობისა და დასვენების, ავტომობილებით მომსახურების, ბარების, რესტორნების, კოსმეტიკური მომსახურებების ხარჯები. ასევე მათი შვილების სწავლის, კვებისა და ა.შ. უამრავი არამიზნობრივი ხარჯი. ყველა ეს თანხა გამოიყოფოდა საიდუმლო დოკუმენტაციით. თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ხარჯები საჯაროა და ექვემდებარება შემოწმებას, გრიფით "საიდუმლო" ხარჯები ვერ მოწმდება. 3 წლის განმავლობაში პირადი კომფორტისთვის ჯამში დახარჯულია 9 მილიონზე მეტი, ეს იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციამ და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ 20 მილიონი წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის ისედაც გასწია. 20 მილიონი არ აღმოჩნდა საკმარისი სააკაშვილისთვის და დამატებით 9 მილიონი დახარჯა, რაც წმინდა წყლის პირად კომფორტზე იყო გათვლილი და ემსახურებოდა სააკაშვილისა და მისი მეგობრების კეთილდღეობას. ამ საქმეზე ბრალდების მხარეს ფაქტობრივად დასრულებული აქვს მტკიცებულებების გამოკვლევა და გადასულია დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაზე. ამ საქმეზე განაჩენი უახლოეს პერიოდში იქნება.
- კანონით, როცა ძებნილი პირის დაკავება ხდება, მას შეუძლია სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მოითხოვოს. ამ უფლებით რატომ ვერ ისარგებლებს სააკაშვილი გელაშვილისა და გირგვლიანის ბრალდების საქმეებზე? - სააპელაციო სასამართლოში შესაძლებელი იყო არსებითი წესით განხილვა იმ შემთხვევაში, თუკი განაჩენი არ იქნებოდა გასაჩივრებული ზემდგომ ინსტანციებში. მაგრამ ამ შემთხვევაში მისი თანხმობით გაასაჩივრეს ადვოკატებმა ყველა ინსტანციაში და იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ ევროპულ სასამართლოში დროულად წარედგინათ შესაბამისი სარჩელი. ამიტომ ორ საქმეზე განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული და ის უნდა აღსრულდეს! სასჯელთა შთანთქმის პრინციპი მოქმედებს, ამიტომ 6 წელი აქვს მოსახდელი.
ტელეიმედის საქმეზეც სააკაშვილს შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა და განაჩენის გამოტანამდე, ყოველ ორ თვეში სასამართლომ უნდა იმსჯელოს პატიმრობაში დატოვებს თუ არა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, რადგან ორ საქმეზე სააკაშვილს უკვე მისჯილი აქვს პატიმრობა და ის ციხეში უნდა იჯდეს!
ყველა ის მტკიცებულება, რაც მოპოვებულია სასამართლოს მიერ, მიჩნეულია კანონიერად, გადაცემულია არსებითი განხილვისთვის და ექვემდებარება საბოლოო შეფასებას. გირგვლიანის საქმის გარდა, სამივე სისხლის სამართლის საქმეზე მოვიწვიეთ მტკიცებულებათა სტანდარტის შესაბამისად უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტები:
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, რომელიც ჰააგის ტრიბუნალში იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს უძღვებოდა და ასევე, დიდი ბრიტანეთის დედოფლის ადვოკატია. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.
- რატომ მოიწვიეთ საერთაშორისო ექსპერტები? - ეს განაპირობა მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა როგორც ქვეყნის შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე. პროკურატურისთვის, როგორც სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ნეიტრალური გარანტისთვის, მნიშვნელოვანი იყო უდიდესი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტების შეფასება მიმდინარე გამოძიების თაობაზე, მათი თვალით დანახული პერიპეტიები. საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები სამივე საქმეზე ცალ-ცალკე გაიცა. მათი შეფასებითაც სამივე სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა მტკიცებულებათა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად და, რაც მთავარია, საქმის სასამართლოში წარსადგენად. ექსპერტთა მიერ საქართველოში დაიგეგმა არაერთი ვიზიტი. 2014-15 წლებში ხსენებული ექსპერტები დეტალურად გაეცნენ ყველა სისხლის სამართლის საქმის მასალას. ამ მასალებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გასცეს ის დასკვნა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ექსპერტების შეფასებით გამოძიება ჩატარდა უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე და კეთილსინდისიერად. მათივე შეფასებით გამოძიება იყო ნეიტრალური და ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენას. მათ პირდაპირ ჩაწერეს საკუთარ დასკვნებში, რომ საქმის გამომძიებელთა გულწრფელმა და პატიოსანმა თანამშრომლობამ მოახდინა მათზე უდიდესი შთაბეჭდილება. შეისწავლეს როგორც მტკიცებულებები, ასევე გააანალიზეს საქართველოს კანონმდებლობა და სწორედ ამ გამოკვლევებზე დაყრდნობით, სამივე საქმეზე მოგვცეს რეკომენდაცია. ეს ბრალდებები იყო მტკიცებულებებით გაჯერებული, საქმე სასამართლოში გაგრძელებულიყო. ასევე მნიშვნელოვანია დასკვნა, რაც გაფლანგვის ნაწილში წაყენებულ ბრალს ეხება, სადაც 9 მილიონზე ვსაუბრობთ. ამ ექსპერტებმა სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ სქემას, შენიღბვის იმ გზას, რასაც ის საკუთარი კეთილდღეობისთვის მიმართავდა, კორუმპირებული და დანაშაულებრივი უწოდეს.
- როცა უკრაინას სთხოვდით სააკაშვილის ექსტრადირებას, იქ გაგზავნილ მასალებს უცხოელი ექსპერტების დასკვნები ერთვოდა?
- ყველა მასალა იყო წარდგენილი, მაგრამ სააკაშვილს მალევე მიენიჭა უკრაინის მოქალაქეობა. შესაბამისად, ცხადია, არ არსებობდა გონივრული მოლოდინი, რომ უკრაინის სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეს საქართველოს გადმოსცემდა.