ტარიელ ონიანმა ესპანეთის საპატიმრო დატოვა - რა გეგმები აქვს "ქუთაისური" კლანის ერთ-ერთ ლიდერს - კვირის პალიტრა

ტარიელ ონიანმა ესპანეთის საპატიმრო დატოვა - რა გეგმები აქვს "ქუთაისური" კლანის ერთ-ერთ ლიდერს

საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, ქართველმა "კრიმინალურმა ავტორიტეტმა", 63 წლის ტარიელ ონიანმა 6 ოქტომბერს ციხე დატოვა. ქართველი "კანონიერი ქურდი" სასჯელს ესპანეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა. როგორც ცნობილია, "ტარომ" ქვეყანა გათავისუფლებისთანავე დატოვა.

ტარიელ ონიანმა სასჯელი 2009 წლიდან ჯერ რუსეთში ბიზნესმენის გატაცებისთვის მოიხადა, შემდეგ მასზე საერთაშორისო ძებნა ესპანეთის მხარემ გამოაცხადა და ონიანი 2019 წელს კოლონიის დატოვებისთანავე დააკავეს. მას დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი სახსრების ლეგალიზებაში სდებდნენ ბრალს. ამ საქმეზე 2005 წელს ესპანეთის, რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის 25 მოქალაქე დააკავეს, დაბლოკეს 800-ზე მეტი საბანკო ანგარიშიც.

ახლა უკვე ტარიელ ონიანი თავისუფალია და ფიქრობენ, რომ "ქუთაისური" კლანის ერთ-ერთი ლიდერი, კრიმინალურ სამყაროში პირველობისთვის იბრძოლებს.

როგორც ამბობენ, ონიანის დაკავება იმ ომის შედეგი იყო, რომელიც მან წლების წინ "დედ ჰასანის" კლანს გამოუცხადა. ამბობენ, რომ "დედ ჰასანის" კლანის წევრები "იაპონჩიკზე" თავდასხმაში სწორედ ტარიელ ონიანს ადანაშაულებენ და სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს.

თავიდან ფიქრობდნენ, რომ ონიანს ამ ყველაფერს აბრალებდნენ, რადგან ზოგიერთ "კანონიერ ქურდს" მისი, როგორც ძლიერი მოთამაშის მოშორება სურდა, თუმცა 12 წლის შემდეგ ამ დასკვნამდე რუსი სამართალდამცავებიც მივიდნენ, როცა ონიანი-ჯანგველაძის კლანმა ილია სიმონიას ქურდის სტატუსი აღუდგინა.

2021 წლის აგვისტოში რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერდნენ, რომ აფხაზეთში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა სპეცოპერაციისას ასტამურ ბუტბა დააკავეს. როგორც თავიდან იყო ცნობილი, ბუტბა ბანკზე შეიარაღებული თავდასხმის გამო დააკავეს, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის გავლენიანი "კანონიერი ქურდის" - "იაპონჩიკის", იგივე ვიაჩესლავ ივანკოვის მკვლელობის გამო იყო ბრალდებული.

"იაპონჩიკი" 2009 წლის 28 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით რესტორანთან, გზატკეცილზე მძიმედ დაჭრეს. ის 2009 წლის 9 ოქტომბერს ამ ჭრილობების გამო გარდაიცვალა. ითვლება, რომ სნაიპერული გასროლით "კრიმინალური ავტორიტეტი" სწორედ ბუტბამ მოკლა. როგორც ცნობილია, მასთან ერთად იმ დროს ნუგზარ პაპავა იმყოფებოდა, რომელსაც "კალაშნიკოვის" ავტომატი ჰქონდა თან, სამართალდამცავთა დადევნების შემთხვევაში, ისინი მომზადებულები იყვნენ, რომ საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ. სამართალდამცავების ცნობით, ამ მკვლელობის უკან "კრიმინალური ავტორიტეტი" ილია სიმონია, იგივე "მახო" იდგა. ორი "კანონიერი ქურდი" ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში მტრობდა. (წყარო)

იხილეთ ასევე: "ქართველები ჩემი ბედისწერააო" - ვინ არის "იანპონჩიკის" მკვლელობის საქმეზე დაკავებული და ვინ იდგა გახმაურებული მკვლელობის უკან?

მოამზადა ნიკა გულუამ