"ქართული მაფიის ქურდების ქსელის ლიკვიდაცია" - რას წერს ფრანგული გამოცემა?
ფრანგულ გაზეთ "ლე პარიზიენში" (Le Parisien) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ქართული მაფიის ქურდების ქსელის ლიკვიდაცია" (ავტორი - ტიბო შაფოტი), რომელშიც საუბარია საფრანგეთის პოლიციის მიერ 16-19 ნოემბერს, პარიზის რეგიონში ჩატარებული ოპერაციის დროს, შვიდი ეჭვმიტანილის დაკავებაზე.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ქურდობა ხდებოდა ქართული ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფის წევრების, ე.წ. კანონიერი ქურდების ხელმძღვანელობით.
ყველაფერი კი 2020 წლის მეორე ნახევარში დაიწყო, როცა ვალ-დუაზში ქურდობისა და ძარცვების სერია მოხდა. პოლიციამ საქმის გამოძიების დროს დაადგინა, რომ აღნიშნული ძარცვების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველი ეროვნების მქონე პირების ჯგუფთან იყო დაკავშირებული, რომელთა ნაწილი ვალ-დუაზშიც ცხოვრობდა.
მობილურ დამნაშავეობასთან მებრძოლი პარიზის ცენტრის თანამშრომლებმა, ვალ-დუაზში არსებულ უსაფრთხოების საუწყებო სამსახურთან ერთად, საეჭვო ჯგუფის წევრები გამოავლინეს. მათ თვალთვალი დაუწყეს და შემდეგ სპეციალური ოპერაცია ჩაატარეს მათი დაკავების მიზნით. გამოძიებამ ცხადჰყო, რომ დანაშაულში დაკავებული ეჭვმიტანილები, ძირითადად, იპარავდნენ [ავტომანქანების] კატალიტურ კონვერტორებს (გამონაბოლქვი გაზის ნეიტრალიზატორებს), ძარცვავდნენ ბინებს და მაღაზიებს.
მართალია, თითოეული ნივთის ღირებულება დიდი არ იყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მოპარული ნივთების საერთო რაოდენობამ მნიშვნელოვან თანხას მიაღწია. ქურდობა ხდებოდა ილ-დე-ფრანსის, ვალ-დუაზის, ენისა და ვენის რეგიონებში. მძარცველთა ჯგუფს დაკავებული შვიდი ეჭვმიტანილი ხელმძღვანელობდა. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ