"ხანდახან მგონია, ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს, ადამიანები ფინანსურ მონებად აქციოს" - კვირის პალიტრა

"ხანდახან მგონია, ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს, ადამიანები ფინანსურ მონებად აქციოს"

"სააკაშვილის ტიპის ადამიანებს გაჩერება არ შეუძლიათ და საკუთარ მოღვაწეობას ტრაგიკულად ასრულებენ ხოლმე"

"გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულება არც მე მომწონს და მიმაჩნია, რომ წინა პირობები ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი იყო"

12 იანვარს ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთამ "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვა. პარტიიდან წავიდა თითქმის ყველა ლიდერი, ვინც ორგანიზაციაშიც და ქართულ პოლიტიკაშიც ამინდს ქმნიდა. ჯერჯერობით პარტიიდან "განდგომილები" "ევროპული საქართველოს" სახელით ცნობილ ორგანიზაციაში გადაბარგდნენ, რომელიც, როგორც გაირკვა, გიგი წერეთლის მამის დაარსებული ყოფილა და თავის დროზე, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთ ბლოკში გაერთიანდა.

სპეციალურ ბრიფინგზე თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შეიძლება ითქვას, კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა: "მიხეილ სააკაშვილი არის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა და თითოეული ჩვენგანისთვის ადამიანური ტკივილი". სააკაშვილის საპასუხო განცხადება მოზომილი იყო, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილებს წასულების მიმართ კრიტიკა არ დაუშურებიათ.

მაინც რა გახდა "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის მთავარი მიზეზი? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- მას შემდეგ, რაც 2012 წელს ახალი ხელისუფლება მოვიდა, ვამბობდი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხელი სისხლში არ აქვს გასვრილი, უნდა გაერიდოს ამ ჯალათურ პარტიას-მეთქი. მე თუ მკითხავთ, ამ ხალხს წასვლა დააგვიანდა კიდეც. თუ კარგად დააკვირდებით და გააანალიზებთ იმ ლიდერების ვინაობას, ვინც წავიდნენ, ნახავთ, რომ ეს ნორმალურად მოაზროვნე ხალხია და მათ შორის არიან აშკარა ლიდერები, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიურ სახეს. აქამდეც ყოველთვის ვამბობდი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მარტო პოლიტიკური მანქანა კი არ იყო, მას ჰქონდა თავისი სტატისტური იდეოლოგია, დღეს კი რა გამოვიდა? ის ადამიანები, ვინც ეს იდეოლოგი შექმნეს, პარტიიდან წავიდნენ.

დარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც სააკაშვილის ბელადობას უპირობოდ აღიარებენ, კვლავაც მოწიწებით შესცქერიან თავიანთ გურუს და მის ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებენ.

წავიდნენ ბევრი მიზეზის გამო. ვერ ვიტყვი, რომ ნამდვილად გაურიგდნენ ხელისუფლებას, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, ეს "ნაცმოძრაობის" უკვე ყოფილი ლიდერების განწყობისა და მისწრაფების სინერგიული იქნებოდა. მათ, კარგა ხანია, შეეტყოთ, რომ სურდათ, გარიდებოდნენ ადამიანს, რომელსაც უკან მიჰყავდა პოლიტიკური ორგანიზაციაც და კონკრეტული ადამიანებიც, რომლებიც ახალგაზრდები არიან და წინსვლა სურთ, მიხეილ სააკაშვილთან ერთად კი წინსვლას ნამდვილად ვერ მოახერხებდნენ. ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში შესვლა არ შეიძლება, რაც მათ ძალიან კარგად ესმით, განსაკუთრებით - გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას.

მიმაჩნია, რომ პარტიაში ვინც კი ნორმალური, მოაზროვნე და ზომიერი ადამიანი იყო, ყველა წამოვიდა. არ ვამბობ, რომ წასულები ანგელოზები და მისაღები პოლიტიკოსები არიან. მე მხოლოდ მათი გადაწვეტილების ანალიზს ვცდილობ. ჩემი აზრით, როგორც პარტიაში დარჩენილების, ასევე წასულების იდეოლოგია და ზნეობრივი პოზიცია მიუღებელია.

- "სააკაშვილის გუნდს და უგულავა-ბოკერიას გუნდს ერთი და იგივე ამოცანა აქვთ - ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ მიზნისათვის ბრძოლის რეჟიმში ისინი არ შეიკრან, მაგრამ მათი მოქმედება კოორდინირებული იყოს ივანიშვილის ბასტიონებზე იერიშის მისატანად", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ფსიქოლოგმა ნოდარ სარჯველაძემ...

- ვნახე ეს ინტერვიუ და ძალიან მომეწონა, მაგრამ ვერ დავეთანხმები ბატონ ნოდარს, თიIთქოს შესაძლოა, ამ ორმა ჯგუფმა მომავალში კვლავ გამონახოს საერთო ენა. საქმე ის არის, რომ ეს ორივე გუნდი გამოირჩევა ნეოკომკავშირული განწყობებით, ანუ მათი დევიზია: "ვინც ჩემთან ერთად არ არის, ჩემი მტერია!" ამიტომ მათი შერიგების პერსპექტივას ვერ ვხედავ, თუმცა არ გამოვრიცხავ, არაერთი ადამიანი ვიხილოთ, რომლებიც ერთი ჯგუფიდან მეორეში გადაირბენ-გადმოირბენენ...

მოგეხსენებათ, უახლოესი მეგობრები შეურიგებელი მტრები ხდებიან ხოლმე. ვფიქრობ, ამ ორ ჯგუფს შორისაც ურთიერთობა სწორედ ასე წარიმართება.

- თქვენი აზრით, როგორ განაწილდება ის ამომრჩეველი, რომელმაც 2016 წლის არჩევნებზე ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" მისცა?

- არა მგონია, ის 500 000 თუ ცოტა ნაკლები ამომრჩეველი დღეს ბედნიერი იყოს. ეს ხალხი გაბრაზებული და იმედგაცრუებულია. "ნაცმოძრაობის" ამჟამინდელმა თუ უკვე ყოფილმა ლიდერებმა აჩვენეს, რომ თავიანთი პოლიტიკური კარიერა ყველაფერს ურჩევნიათ და ამომრჩევლის განწყობას არად დაგიდევენ. სოციოლოგი არ ვარ, ხელაღებით მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ორივე ჯგუფის რეიტინგი დღეს ნულის ტოლია და ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყონ. რა გამოუვათ, არ ვიცი... ჩემი შეფასებით, მათი მხარდაჭერის რეზერვი დღეს საქართველოს მოსახლეობის - და არა ბოლო არჩევნებზე მისულთა - 10%-ია. როგორ გაიყოფენ ამ 10%-ს, მომავალი გვიჩვენებს.

- მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა და შეინარჩუნა "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. პროლეტარიატის უპირობო ლიდერობა. რამდენად მოახერხებს ის დასუსტებული პოლიტიკური პარტიის მომძლავრებას ქვეყნის გარედან, მით უფრო, რომ უკრაინაშიც სერიოზულ პოლიტიკურ ბრძოლაშია ჩართული...

- სააკაშვილი ემოციური და სულსწრაფი ადამიანია, შესაბამისად, ხშირად აკეთებს ისეთ განცხადებებს, რასაც, როცა დაფიქრდება, დარწმუნებული ვარ, ნანობს. ამჯერად ის ძAალიან მოზომილი იყო. როგორც ჩანს, გაყოფას უკვე შეეგუა, მისთვის სიახლე არც უგულავას კრიტიკული განცხადებები აღმოჩნდა. მიმაჩნია, რომ ის ვერც უკრაინასა და ვერც საქართველოში მნიშვნელოვანს ვეღარაფერს მიაღწევს. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სააკაშვილის მატარებელი უკვე წასულია. ვფიქრობ, სახელმწიფოს შესაქმნელად და პარტიული ჯიბის გასასქელებლად მისი ხისტი, მწვავე და სასტიკი ქმედებები მოძველებული ინსტრუმენტია. ფერადი რევოლუციების დრო წავიდა. რევოლუციონერი პოლიტიკოსი ვერასდროს ხდება აღმშენებელი. გადახედეთ ისტორიას... რომელი ერთი გავიხსენოთ: მარატი, რობესპიერი... მათ შემდეგ მოდიოდნენ სხვები და აგრძელებდნენ სახელმწიფოს მშენებლობას. რაც მეტად იაქტიურებს, მით უარესი იქნება მისთვის, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სააკაშვილის ტიპის ადამიანებს გაჩერება არ შეუძლიათ და საკუთარ მოღვაწეობას ტრაგიკულად ასრულებენ ხოლმე.

- რა შეიძლება შეცვალოს "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფამ ოპოზიციურ ფლანგზე? ბოლოს და ბოლოს, მოხერხდება, რომ ჩამოყალიბდეს ძლიერი ოპოზიციური ძალა, რომლის მარგინალიზაცია არ მოხდება?

- გამიჭირდება იმის თქმა, რომ უახლოეს მომავალში რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვლება. 2010 წლის დასაწყისში ვერავის წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა, გაჩენილიყო ძალა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას დაუპირისპირდებოდა და შეცვლიდა, თუმცა გაჩნდა "ქართული ოცნება", თავისი მსოფლმხედველობრივი და იდეოლოგიური მრწამსით და რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ. ის, რომ ამომრჩევლის 50%-ზე მეტი არ მივიდა საარჩევნო ურნებთან, მოწმობს, რომ ელექტორალური სივრცე ხმების მოსაპოვებლად ძალიან დიდია, მაგრამ თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ "ელიტაში" ვერ ვხედავ ვერც ასეთ ძალას და ვერც პოლიტიკოსებს, ვინც უახლოეს მომავალში ამ თავისუფალი ნიშის დაკავებას შეძლებენ. მოკლედ, ჩვენში ამბიციები დიდია, იდეები კი - მწირი. ამ ნიშას "ნაცმოძრაობის" გაყოფას არ ვუკავშირებ. ის არსებობდა აქამდე და იარსებებს მანამ, სანამ არ გაჩნდება პოლიტიკოსი, რომელსაც გარდა იდეისა, ფულადი რესურსიც ექნება.

მე ამ პროცესში უფრო პრაგმატული იდეოლოგიის პარტიების ადგილს ვხედავ, თუმცა, ვნახოთ...

გადახედეთ ოპოზიციურ სპექტრს და გააანალიზეთ არჩევნებამდე მათი ქმედებები. თითქმის ყველამ არასწორი პოზიცია დაიკავა. ლამის ყველას იგივე ლოზუნგები ჰქონდა, რაც "ქართულ ოცნებას" - ეკონომიკური აღმავლობა, დემოკრატია, ევროპისკენ სვლა და ა.შ. გარდა ამისა, პარტიებმა, რომელთა იდეოლოგია, ფაქტობრივად, არ განსხვავდებოდა, ვერ მოახერხეს გაერთიანება. ვფიქრობ, აქაც თავი იჩინა ლიდერობისკენ დაუძლეველმა მისწრაფებამ. არსად არის იმდენი პარტია, რამდენიც საქართველოში, არადა, ასე არაფერი გამოვა. ამ პატარ-პატარა, ასე ვთქვათ, "ოჯახური" პარტიების დრო წასულია და აღარ დაბრუნდება. ქართველი საზოგადოება, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საკუთარ შეცდომებზე ბევრ რამეს სწავლობს, ამიტომ თუ არ მოხდა პოლიტიკური ძალების გამსხვილება, მათ მომავალი არ აქვთ!

- ჩვენში დიდი რეზონანსი გამოიწვია "გაზპრომთან" ახალი ხელშეკრულების პირობებმა. მოგეხსენებათ, სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის საფასურის ფორმა იცვლება. თუ აქამდე რუსული კომპანია საფასურს ნატურით, ანუ ბუნებრივი აირით იხდიდა, 2017 წელს - ნაწილობრივ, 2018 წელს კი სრულად ფულით აანაზღაურებს. ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის თქმით, ტრაფი თანამედროვე სტანდარტის შესაბამისია, თუმცა მას არ ასაჯაროებენ. არაერთმა ექსპერტმა, მათ შორის - ლადო პაპავამ, ეს შეთანხმება მკაცრად გააკრიტიკა.

- "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულება არც მე მომწონს და მიმაჩნია, რომ წინა პირობები ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი იყო. ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნებაა და შესაძლოა, იყო საშუალება, უკეთესი შეთანხმებისთვის მიგვეღწია, თუმცა სამზარეულოს ცოდნის გარეშე რამის მტკიცება გამიჭირდება... ერთიცაა: ჩვენი მთავრობისგან განსხვავებით, "გაზპრომი" წინ მიდის და სწავლობს თავის შეცდომებზე. "გაზპრომი" გასულ წელს და ახლა, ვფიქრობ, სხვადასხვა წონითი კატეგორიის კომპანიებია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ში შეიცვალა ადმინისტრაცია. ამ კომპანიამ მოახდინა რესტრუქტუირება და ნელ-ნელა ახერხებს ეკონომიკური კოლაფსიდან გამოსვლას. ამიტომაც შარშანდელი და წლევანდელი მოლაპარაკებები, ვფიქრობ, ცასა და დედამიწასავით განსხვავებული იქნებოდა. მე ამის მხოლოდ ვარაუდი შემიძლია, რადგან არ ვიცით მოლაპარაკების პერიპეტიები. გარედან ლაპარაკი, რომ კარგი იქნებოდა, ძველის მსგავსი შეთანხმებისთვის მიგვეღწია, ადვილია, მაგრამ იყო კი ეს შესაძლებელი?!

- ერთ-ერთი ვერსიით, "გაზპრომი" მის მიერ შემოთავაზებული პირობების მიუღებლობის შემთხვევაში დაგვემუქრა, რომ საერთოდ შეწყვეტდა სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას საქართველოს გავლით და ამას ირანის გზით მოახერხებდა...

- არ მჯერა, რომ დღეს "გაზპრომს" შეეძლოს სომხეთისთვის გაზის ირანიდან მიწოდება. ამგვარი მუქარა, შესაძლოა, მართლაც იყო, მაგრამ კარგი იქნებოდა, ჩვენს მთავრობაში უკეთესად იცნობდნენ ირანის გაზსადენთა ინფრასტრუქტურას. სომხეთთან მას მხოლოდ 700-მილიმეტრიანი მილი აკავშირებს, რაც სრულად დატვირთულია, ამიტომ ახლა "გაზპრომი" ვერაფრით მოახერხებდა ირანიდან სომხეთისთვის დამატებითი გაზის მიწოდებას, თუმცა მას არაფერი შეუშლიდა ხელს, საქართველოსთან ძველი პირობებით ერთწლიანი ხელშეკრულება დაედო, ამ ერთი წლის განმავლობაში კი აეშენებინა ირანისა და სომხეთის დამაკავშირებელი ახალი გაზსადენი, რომელიც, როგორც ვიცი, მხოლოდ 70 თუ 80 მეტრზეა გასაყვანი. მოკლედ, ვინაიდან არ ვიცი მოლაპარაკების წყალქვეშა დინებები, თავს შევიკავებ მკაცრი კრიტიკისგან. ჩვენ, როგორც წესი, მხოლოდ აისბერგის წვერს, ანუ მოლაპარაკებების შედეგს ვხედავთ და არ ვიცით, რა ხდებოდა კულუარებში, რა მუქარა გაისმა ან რა ულტიმატუმი წამოგვიყენეს.

- რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის კლუბებში პროსტიტუციის თემაზე განცხადებები გააკეთა და ვითარების შესწავლა და სწრაფი გამოსწორება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

- ჩემი აზრით, ამ თემაზე არა მხოლოდ პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტმა და საზოგადოებამაც ერთად უნდა ვრეკოთ განგაშის ზარები! კვირიკაშვილმა მხოლოდ ვარდების მოედნის ქვეშ არსებული სივრცე ახსენა, მაგრამ მარტო ეს ხომ არ არის?! აღმაშენებელზე გაიარეთ, ნახეთ, რა ხდება! სხედან ფაშებივით საკუთარ კაფე-ბარებში და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. ყველა ეს ადგილი ძალიან მკაცრად არის შესამოწმებელი. იქ როგორ ხარობს პროსტიტუცია, მათ შორის - არასრულწლოვანთა პროსტიტუციაც, ყველასთვის ნათელია და ამას განსაკუთრებული კვლევა არ სჭირდება. სამართალდამცავები აქამდეც უნდა დაინტერესებულიყვნენ ამ საკითხით. ნახეთ, ბათუმში რა ხდება! ამ ყველაფერს მოვლა და ხისტი ქმედებები სჭირდება. ყველა, ვინც საქართველოში საროსკიპოს მსგავს სამიკიტნოებს ხსნის, მკაცრად უნდა დაისაჯოს, მიუხედავად იმისა, ვისია ეს დაწესებულება - ირანელის, არაბის, ქართველის თუ სომხის... და აქ კერძო ბიზნესში ჩარევაზე ლაპარაკი ზედმეტია.

- საქართველოს პრეზიდენტმა ონლაინსესხების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა, შესაბამისად, ცვლილებები უკვე დღეიდან შევიდა ძალაში. დაიწყო როგორც გალარების, ასევე ონლაინსესხებისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედების პროცესი.

- ამ ცვლილებებს მხოლოდ მივესალმები. აქამდეც მითქვამს, რომ კრედიტების დოლარით გაცემა ანტიკონსტიტუციურია, შესაბამისად, არ მომწონს, რომ 100 000 ლარის ზემოთ კრედიტის დოლარით გაცემა ისევ შესაძლებელი იქნება. მე, ხელისუფლების ადგილას, მთლიანად ეროვნულ ვალუტაზე გადავიდოდი. ჩემი აზრით, გალარების პროცესი ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციაზე ირიბად იმოქმედებს, თუმცა რამდენად ძლიერი იქნება ამის შედეგი, კიდევ საკითხავია. რაც შეეხება ონლაინსესხებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, მიმაჩნია, რომ ეს რეგულაციები უფრო ხისტი უნდა იყოს. ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ ავკრძალავდი ამ ორგანიზაციებს.

როგორც რამდენიმე დღის წინ გვითხრეს, თურმე საქართველოში გაცემულია 400 მილიონი ერთეული ონლაინსესხი. გამოდის, ჩვენი მოსახლეობის 80% ამ საკრედიტო ხაფანგშია გაბმული. ალბათ, ყოფილხართ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში. სადმე შესაძლებელია ონლაინსესხის მიღება? თითქმის არსად. სესხი თუ გჭირდება, არსებობს ბანკები და მათი მომსახურებით უნდა ისარგებლოთ. მევახშეობა დასაძრახი საქმიანობაა. ეს ორგანიზაციები კი წმინდა წყლის პირამიდები, ანუ ფულის მკეთებელი მანქანებია, რომლებიც არანაირ პროდუქტს არ ქმნიან. ვიმეორებ,

ონლაინსესხები უნდა აიკრძალოს! ეს ლარის კურსზეც ახდენს უარყოფით გავლენას. ამ მევახშე ორგანიზაციების წყალობით ზედმეტი ლარია ბრუნვაში. ხანდახან მგონია, ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს, ქვეყნის მთელ მოსახლეობას დაუგროვოს უიმედო დავალიანებები და ადამიანები ფინანსურ მონებად იქციოს. პასუხისმგებლობა მართებთ მოქალაქეებსაც. როდესაც ონლაინსესხის ან ბანკიდან კრედიტის აღებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, რა სახსრებით აპირებთ მის გასტუმრებას.

- 20 იანვარს აშშ-ში ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება, თუმცა მის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალებს ისეთი პირი უჩანს, ამერიკაში კარგა ხანს ვერ შეეგუებიან ტრამპის პრეზიდენტობას. ექსპერტთა თქმით, ასეთი რამ, რაც დღეს ხდება, აშშ-ის ისტორიას არ ახსოვს...

- რაღა დაგიმალოთ და, ამერიკის ისტორიას არც ასეთი პრეზიდენტი ახსოვს...

ტრამპის პრეზიდენტობისგან კარგს არაფერს ველი. ის აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი პოლიტიკური ფიგურაა და თვითონ არ იცის, რისი გაკეთება უნდა. ვფიქრობ, ტრამპი თავის ოთხწლიან ვადას ბოლომდე ვერ მიიყვანს და ერთ ან მაქსიმუმ - ორ წელიწადში მისი იმპიჩმენტის საკითხი დადგება. საბედნიეროდ, აშშ-ში ინსტიტუტები ძალიან მძლავრია და ჩემი აზრით, ამ ინსტიტუტების მეშვეობით მოხერხდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დაბალანსება. უფრო საინტერესოა, რას მოიმოქმედებს საშინაო პოლიტიკაში. რა მოხდება, თუ მართლაც დაიწყო იმ დაპირებული კედლის მშენებლობა, ან თუ მართლაც შეწყვიტა ნატოს დაფინანსება?

ნათია დოლიძე