კარგი წყვილი
იხილეთ დასაწყისი: დაკარგული კოცნა
როცა სიკვდილის მოლოდინი არ ამართლებს, სიცოცხლეზე იწყებ ფიქრს, სიცოცხლის აუცილებელი პირობა კი სიყვარულია.
დერეკი ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს ცოტაა საიმისოდ, რომ ცოლად გავყვე, არადა, ძალიან ბრაზობს.
ათასჯერ მაინც ავუხსენი, რომ ჩემს ქვეყანაში ქალისა და მამაკაცის მეგობრობა სწორედ ისეთია, როგორიც მე და დერეკს გვაქვს: ურთიერთზრუნვა სექსის გარეშე. დერეკი კათოლიკე ინდოელია და ამით საოცრად ამაყობს, რადგან თვლის, რომ საინტერესო ვერ იქნები, თუკი მილიარდზე მეტი შენი თანამემამულის მსგავსად ილოცებ, მათსავით იფიქრებ ან შეიმოსები. ფიქრობს, რომ თავისი რწმენის, მოხდენილად ჩაცმის წყალობით, ინდოელთა შორის მაინც, უმცირესობაშია. ჰო, მისთვის უმცირესობაში ყოფნა პრივილეგიაა.
ისე, ოდნავ გულს მაინც რომ მიჩქროლებდეს მისი სიახლოვე, არაჩვეულებრივი წყვილი ვართ. მეც კომპლექსები მაქვს და მასაც. მე დიდი სახელმწიფოს მიერ ოკუპირებული პატარა სახელმწიფოს შვილის კომპლექსები მმართავს, დერეკი კი გამუდმებით იმაზე ლაპარაკობს, როგორი სიღარიბე და სიძაბუნეა მის უზარმაზარ ქვეყანაში. არც ჩემი ქვეყანაა მდიდარი, მაგრამ მე ამაზე არასდროს ვლაპარაკობ. ნეტავ რომელი უფრო დიდი კომპლექსია? როდესაც წუხხარ და ამას ამბობ, თუ როდესაც წუხხარ და ამას მალავ?
საბოლოოდ დერეკი არც კათოლიკეა და არც ინდუსი. ის რელიგიასა და ცოდნას შორის დაკარგული პატარა ინდოელია, საკუთარი გარეგნობისთვის სრულიად შეუფერებლად შემოსილი ფრანტი. მისთვის მეც შანსი ვარ, რომ ამითაც გამოირჩეს - უცხოელი შეირთოს ცოლად. არა, დერეკი ჩემი მონათესავე სულია და არა ვნების ობიექტი. ჰოდა, ბრაზობს, მე კი მესმის მისი.
- ისევ დერეკს ხვდები?- მეკითხება მამიდაჩემი თითქმის ყოველ საღამოს.
- არ ვხვდები, ვმეგობრობთ!
- ქართველი მამაკაცები იტყუებიან, როდესაც ქალს მეგობრობას ეფიცებიან, - მიტევს მამიდა.
შესაძლოა მამიდა მართალიც იყოს? არა, ჩემი ჭოჭმანი ჩვევაა. ჩვევა, რომელიც ძვალ-რბილში მაქვს გამჯდარი, არ შევეწინააღმდეგო მის აზრს, რადგან ერთადერთი ადამიანი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე ფიქრობს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მამიდაჩემია. სხვათა შორის, ეს სიტყვა, "ძვალ-რბილში", რომელიც ძალიან მომწონს, ვერაფრით მოვაწონე დერეკს, როგორც ჩანს, მთარგმნელად არ ვვარგივარ, ან დერეკს აქვს დიდი წარმოსახვა და როცა ამ გამოთქმის ახსნას ვცდილობ, მას თვალწინ ადამიანის სისხლიანი ძვლები წარმოუდგება. არადა, სად არის ამ სიტყვაში სისხლი?
- შენ ტრადიციაზე ლაპარაკობ! - ყვირილს იწყებს დერეკი, როდესაც ვეუბნები, რომ დილით ჩაის ვერ დავლევ, რადგან ძვალ-რბილში არა მაქვს გამჯდარი ჩაის სმა.
- არა, ტრადიცია უფრო დიდი სიტყვაა, ვიდრე უბრალო ჩვევა, შენ თუ ჩაის სმას ტრადიციას დაარქმევ, ამით გააუბრალოებ ისეთ დიდ ტრადიციებს, რომლებიც ჩვენს ერებს აქვთ.
დერეკი წვნიანს ხვრეპს. ჩვენ დღეს ჩემს კარგად ყოფნას მისებურად ვზეიმობთ. ის არასდროს მიირთმევს სტარტერს, მაგრამ ამ პატარა ფრანგული რესტორნის მიმტანს მისთვის მთავარი კერძის მიტანამდე ყოველთვის მოაქვს თბილი თეთრი პური და შეზავებული კარაქი. დერეკს არ ესმის, რატომ უნდა მიირთვას კარაქიანი პური წვნიანის დახვრეპამდე, ამ რესტორნის არაჩვეულებრივ დესერტს კი მხოლოდ ჩემთვის უკვეთს. შევეჩვიე მისებური ზრუნვის ამ რიტუალს. შეხვრეპს წვნიანს, სიამოვნებისგან თუ იმ ცხარე წიწაკის წყალობით, რომელსაც ყოველთვის ამატებს, ოფლით დაეცვარება ცხვირი, თეთრი, დაქარგული ცხვირსახოცით მოიწმენდს სახეს, მე კი მისი კანისფერ კექსს შევექცევი, რომელიც ცხელი შოკოლადით არის სავსე. მერე ის მორჩილად ზის, ტელეფონს საქმიანად ჩაჰკირკიტებს, მწარე ყავას სვამს და ჩემი თვალთვალით ერთობა.
- საშინელი შეცდომა დაუშვი, როცა მაგ ბიჭთან ერთად ერთ ჭერქვეშ დასახლდი! - მრისხანებს მამიდაჩემი.
ასეთ დროს არ ვდაობ. რა საჭიროა?! ეს რიტორიკაა. ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ მარტო დარჩენის მეშინია. ეს არცთუ ნათელი მხარეა ჩემი ხასიათის, მაგრამ ვერაფრით წარმომიდგენია, როგორ უნდა გავხდე გრიპით ავად, თუკი დერეკი ლიმონიან ჩაის არ გამიკეთებს ან მეათასედ დაკარგულ თერმომეტრს ხელახლა არ მიყიდის.
ჩვენ ყოველ დილით ერთად გამოვდივართ სახლიდან. საბედნიეროდ, კულტურული მეზობლები მყავს, ამიტომ მხოლოდ ზურგს უკან მეძახიან ინდოელის ხასას. მაინც საიდან გაიხსენეს ეს სიტყვა?! ჩვენ ერთ სახლში ვცხოვრობთ. დერეკი უბრალოდ ჩემი მდგმურია. გაგრძელება: ფეისბუქის კაცი