მგლის კენკრა - გოჯის "ჩვენებური ნათესავი"
"ჩინეთიდან საჩუქრად გამოგვიგზავნეს ათასამდე ნერგი, რომლებიც საგურამოში, ჯიღაურას საცდელ ნაკვეთებზე გავაშენეთ"
"გოჯის კენკრა საქართველოში ადვილად გამრავლდება, რადგან კლიმატური პირობებისადმი მომთხოვნი არ არის, ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოს ხრიოკ ადგილებში კარგად ხარობს. გოჯი ყინვასაც უძლებს და მაღალ ტემპერატურასაც"
ძველი ჩინური გადმოცემის მიხედვით, დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე ხანდაზმულ ადამიანს ლი ცინიუნი ერქვა და 256 წელიწადს იცოცხლა. ლი ცინიუნის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო იყო მცენარე, რომლის ნაყოფსაც იგი ყოველდღე ჭამდა. მას გოჯის კენკრა (იგივე გოჯი ბერი) ჰქვია.
მოგვიანებით, კანადელ-ამერიკელმა დიეტოლოგმა ელ მინდელმა შეისწავლა ამ კენკრის თვისებები და გამოსცა წიგნი, სადაც ჩამოთვლილია 33 მიზეზი, რის გამოც გოჯის ნაყოფი ყოველდღე უნდა მივიღოთ: ის ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ორგანიზმს აძლევს ძალას და მხნეობას, ამცირებს სიმსივნით დაავადების რისკს, არეგულირებს ქოლესტერინისა და შაქრის დონეს სისხლში, ხელს უწყობს წონის დაკლებას, ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მეხსიერებასა და ტვინის საერთო მდგომარეობას, განაყოფიერების პროცესს, აძლიერებს ნერვულ სისტემას. ჩინეთში გოჯის ნაყოფს დიაბეტის სამკურნალოდაც იყენებენ. ეს ამ მცენარის სარგებლიანობის არასრული სიაა...
ჩვენი სტუმარია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ელენე მაღლაკელიძე:
- გოჯის კენკრა ტიბეტური წარმომავლობისაა. ჩინელებს მისი ნაყოფი საუკუნეების განმავლობაში მოჰყავდათ. კომერციული დატვირთვა ამ მცენარემ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან შეიძინა, როცა ევროპასა და ამერიკაში გავრცელდა. დასავლეთის ქვეყნებში მისი უნიკალური თვისებები ახალი აღმოჩენილია, ხოლო ჩინელებმა გოჯის სიკეთის შესახებ დიდი ხნის წინ იცოდნენ. სხვათა შორის, ამ მცენარის ველური სახეობა საქართველოშიც არსებობს, მას მგლის კენკრას, ანუ თეთრ ეკალასაც ეძახიან. კულტურული სახით გოჯის კენკრა ძირითადად ჩინეთში გვხვდება, მათ გამოიყვანეს მცენარის არაერთი ჯიშიც.
- რა განაპირობებს გოჯის კენკრის უნიკალურ თვისებებს?
- უპირველესად, ეს მცენარე ბევრ ვიტამინსა და ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომლებიც მრავალი დაავადებისთვის არის სასარგებლო. რაც შეეხება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას, ეს მხოლოდ ერთი მცენარის მიღებაზე არ არის დამოკიდებული, არამედ ჯანსაღ საკვებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე და თვითონ ადამიანის ორგანიზმზეც.
გოჯის კენკრა საქართველოში ბიოქიმიურად არ გამოგვიკვლევია - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ძირითადად ამ მცენარის მოვლა-მოყვანაზე მუშაობს, მაგრამ იქ, სადაც გოჯის კენკრა კარგად შეისწავლეს, მის ღირსებებს ანტიოქსიდანტების მაღალ დონეს მიაწერენ.
- როგორც ვიცი, თქვენმა კვლევითმა ცენტრმა გოჯი საგურამოში მოაშენა.
- დიახ, ცალკეული სახეობები საგურამოში ჯერ კიდევ 2007 წელს დავრგეთ და იმ დღიდან ვაკვირდებით. შარშან კი ჩინეთიდან საჩუქრად გამოგვიგზავნეს ათასამდე ნერგი, რომლებიც საგურამოში, ჯიღაურას საცდელ ნაკვეთებზე გავაშენეთ და ვაპირებთ მის საფუძვლიანად გამოკვლევას. გოჯის კენკრა პირველ ნაყოფს დაახლოებით 2 წელიწადში იძლევა, 4-5 წლის შემდეგ კი უკვე სამრეწველო მსხმოიარობას იწყებს. ჯერჯერობით ნარგავებზე დაკვირვება გრძელდება.
- როგორ ფიქრობთ, ეს უცხო მცენარე საქართველოში გაიხარებს?
- ეს კულტურა საქართველოში ადვილად გამრავლდება, რადგან კლიმატური პირობებისადმი მომთხოვნი არ არის, ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოს ხრიოკ ადგილებში კარგად ხარობს. გოჯი ყინვასაც უძლებს და მაღალ ტემპერატურასაც. კალმით კარგად ფესვიანდება და მრავლდება, თუმცა ჯიღაურაში ჩვენ ნერგები დავრგეთ. ბუნებრივია, გოჯის ნერგებს მორწყვაც სჭირდება, გასხვლაც და სასუქის შეტანაც.
- როგორ გამოიყურება?
- გოჯი ხე ან ბუჩქია, საკმაოდ მაღალი იზრდება - 2-3 მეტრამდეც. მას ხშირად სხლავენ და ფორმას აძლევენ. გოჯის კენკრის მოსავლიანობა დიდია - 5-7 ტონა 1 ჰექტარზე. ცუდ პირობებშიც კი შეიძლება 1 ბუჩქიდან 1,5 კგ ნაყოფის მიღება. მისი ნაყოფი მაისიდან სექტემბრის ჩათვლით მწიფდება ან ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით - გააჩნია, რომელი ჯიშია და როდის შემოდის. საქართველოს კლიმატური პირობები მცენარის გასამრავლებლად შესანიშნავია. გოჯი ისეთ ქვეყნებშიც კი ხარობს, სადაც ჩვენისთანა რბილი და ზომიერი კლიმატი არ არის.
- ნედლი ნაყოფი უფრო სასარგებლოა თუ ხმელი?
- ძალიან სასარგებლოა გოჯის ჩირი, თუმცა მის ნედლ ნაყოფსაც სიამოვნებით მიირთმევენ. გოჯის დღიური ნორმა 1 სუფრის კოვზია. სხვათა შორის, ცნობილი გოჯის კრემის საფუძველი სწორედ გოჯის კენკრაა. დღეს ამ მცენარეს მრავალი ქვეყნის მეცნიერები სწავლობენ. შეიძლება ითქვას, გოჯის კენკრა თავისი უნიკალური თვისებებით მთელ მსოფლიოს აოცებს.
ხათუნა ჩიგოგიძე