"ჩვენი ყველი ჩვენი მთებივით სუფთაა და ვინ დაგვიწუნებს!"
"დღეში 500 ლიტრი რძე შემოგვდის, 60 კგ-მდე ყველი ამოგვყავს და მეტიც რომ გვქონდეს, გაუყიდავი არ დაგვრჩება"
"ჩვენს ქვეყანასა და მის დაცარიელებულ სოფლებს, მშრომელი კაცის გარდა, ხსნა არავისგან უწერია. სამწუხაროდ, ასეთები ჯერჯერობით ცოტა გვყავს, თუმცა, თანდათან ჩნდებიან და სწორედ მათ შორის არის ავთანდილ პავლიაშვილი - თიანეთელი კაცი, რომელმაც ხევსურთსოფელში კოოპერატივი ჩამოაყალიბა და რძის საწარმოც შექმნა. დღეს თიანეთის რამდენიმე სოფელი რძეს ამ საწარმოს ადგილზევე აბარებს და გლეხს არც ტრანსპორტირებისთვის სჭირდება თანხის გახარჯვა და არც გადამყიდველებთან ბრძოლა.
- გადამყიდველები გლეხის ნაოფლარს ჩალის ფასად იგდებდნენ ხელში და 2-3-ჯერ ძვირად ყიდდნენ. ასე რატომ უნდა ყოფილიყო! ამან მაიძულა, მეფიქრა რძის პროდუქტის წარმოებაზე. შინ, სამშვილიან ოჯახში, ერთადერთი ძროხა მყავდა და მისი რძეც კი მაძლევდა ცოტაოდენ შემოსავალს. თუ ამ საქმეს გეგმაზომიერად გავაგრძელებდი, მოგებაც მეტი მექნებოდა, მით უფრო, რომ პირუტყვის რჩენა არ გამიჭირდებოდა - როცა 90-იან წლებში სახელმწიფომ გაუდაბურებული, დაუმუშავებელი მიწები იაფად დაარიგა, 7 ჰექტარი მიწა ვიყიდე.
თავდაპირველად ამ მიწაზე კუსტარულად ვშრომობდით, მერე ნაჭირნახულევით ტრაქტორიც ვიყიდე და სათიბი მანქანაც. საჭეს თავად ვმართავდი და ზოგჯერ კომბაინზე სწრაფადაც კი ვმუშაობდი, არადა, კომბაინი ბევრად მეტ მარცვლეულს იღებს ერთ ჯერზე, ვიდრე ჩემი სათიბი.
- ესე იგი, მუდამ მუშაობდით.
- შედეგი მხოლოდ მუხლჩაუხრელ შრომას მოაქვს. ხორბლის ნათესებიც მქონდა და მაქვს, ლობიოსიც, სიმინდისაც (თიანეთში საუკეთესო სიმინდი მოდის), დღეს შვრიასაც ვთესავ. მერე პირუტყვიც შევიძინე. კაცი კაცით არის და ამ საქმეში უკვე გამოცდილმა ხალხმა დამაკვალიანა. მაგალითად, ერთმა კუმისელმა კაცმა მასწავლა, თუ გინდა, პირუტყვმა მოგება მოგცეს, უპირველესად საუკეთესო ბუღა უნდა შეიძინო ჯიშის გასაუმჯობესებლადო. სხვა რაღაცებიც მასწავლეს. გავიჩინე 20 სული პირუტყვი, რძის ნაწარმსაც 11 კვმ-იან, მაგრამ ძალიან სუფთა სათავსში ვამზადებდი - ავტოფარეხი გადავაკეთე საწარმოდ. საუკეთესო ყველი კი ჩემს მეუღლეს, იას ამოჰყავდა, რომელსაც ჩვენი შვილები ეხმარებოდნენ და ასე გაგვქონდა თავი. მერე გამოჩნდა პროგრამა "აწარმოე საქართველოში" და განაცხადი შევიტანე. პროგრამის წარმომადგენელმა მკითხა, რა საფუძველი გაქვს დასაფინანსებლადო. 40 სული ღორი მყავდა. გაოცდა - ნუთუ ეს ყველაფერი შენიაო და რძის საწარმოს დაფინანსებაც მომცა - 70% სახელმწიფომ, 30% კი ჩემმა ოჯახმა გაიღო.
- ამ დაფინანსებისთვის კოოპერატივის შექმნა დაგჭირდებოდათ.
- დიახ, 22 თანამოაზრე გამომიჩნდა და კოოპერატივიც შევქმენით. ეს ხალხი სხვადასხვა სოფელში ცხოვრობს, მათ სოფლებში მანქანა მიდის და რძე საწარმოში მოაქვს. რძეს ვამოწმებთ, რამდენად ჯანმრთელია და ყველს მაშინვე ვიყვანთ, რასაკვირველია, ჰიგიენური ნორმების დაცვით. 4 კაცი გვყავს საწარმოში დასაქმებული, ერთ-ერთი - ჩემი მეუღლეა, რომელსაც ყველი ამოჰყავს.
- ალბათ გაყიდვას არ უჩივით.
- არც არავინ იწუნებს. ჩვენი ყველის მთავარი "დიზაინერები" ჩემი ქალიშვილები არიან - სულგუნის ლამაზ ფორმებს აკეთებენ და ლამაზად წნავენ. დღეში 500 ლიტრი რძე შემოგვდის, 60 კგ-მდე ყველი ამოგვყავს და მეტიც რომ გვქონდეს, გაუყიდავი არ დაგვრჩება.
ჩვენი ყველი ჩვენი მთებივით სუფთაა და ვინ დაგვიწუნებს! ის კი არა, ნადუღსაც ხელიდან გვტაცებენ - მე თვითონ ვყიდი.
- რაც გაქვთ, მართლაც მუხლჩაუხრელი შრომით გაქვთ.
- უცხო ადამიანი ალბათ ძნელად დაინახავს, რამდენი შრომა გვჭირდება. მხოლოდ ვაჭრობის დოკუმენტაციის მოგვარებაც კი ხანდახან ქანცს გიწყვეტს. სხვათა შორის, ამან დამანახა, რომ საწარმოთა დოკუმენტაციის საწარმოებლად ცალკე კადრებია აღსაზრდელი. ამის გარდა, რეალიზატორიც თავად ვარ და ვეტექიმიც. სამწუხაროდ, არც ვეტერინარიაში გვყავს კადრები - კოოპერატივში 151 სული ძროხაა, რომელიმეს რამე რომ ემართება, მე მირეკავენ - რა ვუშველოთო. მეც ვკარნახობ. არადა, პროფესიით ინჟინერი ვარ. მაგრამ როცა დავინახე, რომ ვეტერინარიაში ადგილზე პროფესიონალი კადრი არ იყო, ლიტერატურას ჩავუჯექი. თან გამოცდილებაც ხომ მაქვს.
საერთოდ, განათლების ნაკლებობაა ჩვენი ტრაგედია, იმიტომაც გვჭირს, რაც გვჭირს.
შრომაც ალბათ იმიტომ ეზარება ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას, რომ განათლება არ აქვს, ვერ მოიაზრებს, როგორ შეიძლება ისე იშრომოს, რომ მოგება მიიღოს. ასეთები თიანეთშიც ბლომად არიან - ბევრი წუწუნებს, სამუშაო არ გვაქვსო, მაგრამ როცა პატარა საქმე მინდა დავავალო და გასამრჯელოსაც ვაძლევ, არ მიდიან - ეზარებათ, სხედან მთელი დღე უქმად შარაზე. ყოველი ჩავლისას დავუძახებ ხოლმე, - აბა, მეფე ერეკლე უნდა იყოს მიწაში და თქვენ კიდევ მიწის ზემოთ-მეთქი? გაიცინებენ.
ღმერთმა კარგად ამყოფოს ყველა, განა გულით ვეუბნები, მაგრამ ასე უსაქმურად ცხოვრება განა ისეც ზეზეულად არ კლავს კაცს?
ეთერ ერაძე