ძირს ფაროსანა!
"ხსნარი N6" - ფაროსანას საწინააღმდეგო ქართული ბიოპრეპარატი
"ოპონენტები გვსაყვედურობენ, რომ ქიმიური პრეპარატების აკრძალვა გვინდა, მაგრამ ასე არ არის - უბრალოდ, მინიმუმამდე გვინდა დავიყვანოთ უარყოფითი მხარეები. მავნე მწერების საწინააღმდეგო პრეპარატი მაქსიმალურად ეფექტიანი უნდა იყოს და ეკოსისტემაც რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანოს. მოსახლეობას დაურიგეს ბიფენტრინის შემცველი ქიმიური პრეპარატები, რომლებსაც აწერია "ზომიერად ტოქსიკური", მაგრამ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის საშიშია"
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს. მისი ავტორი მეცნიერთა ჯგუფია, რომელიც მსგავს პრობლემებზე წლების განმავლობაში მუშაობს. როგორც ამბობენ, ეს არის ახალი თაობის მეტად ეფექტიანი წამალი, რომლის შექმნაზეც დიდი შრომა და ენერგია დაიხარჯა. მონდომებამ და თეთრად გათენებულმა ღამეებმა ნაყოფი გამოიღო და შეიქმნა პრეპარატი, რომელსაც "ხსნარიN N6" უწოდეს. გვესაუბრება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი არჩილ ჭირაქაძე.
არჩილ ჭირაქაძე: - პრეპარატის შექმნაზე 10-კაციანი ჯგუფი მუშაობდა. მსგავსი კვლევები საქართველოში დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ფაროსანას საკითხით პრობლემის გამწვავებისთანავე დავინტერესდით. ინიციატივა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილისგან მოდიოდა. ჩვენს უნივერსიტეტში საამისო ბაზა ნამდვილად არსებობს: აქ დიდი ხანია მუშაობენ კარგი სპეციალისტები სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის პრობლემებზე, მოქმედებს 3 ლაბორატორია...
ფაროსანა სწრაფად მრავლდება და შეგუების დიდი უნარი აქვს, საქართველოში მის გასანადგურებლად ბუნებრივი ფაქტორები თითქმის არ არსებობს.
- ვინ არიან "ხსნარი N6"-ის შემქმნელები და იდეის ავტორები?
- ეს რამდენიმე მეცნიერის იდეაა, მათ თავიანთი ვინაობის აფიშირება არ სურთ, თანაც ამ წამლის შექმნაში იმდენი ადამიანის შრომაა ჩადებული, რომ სწორი არ იქნება რამდენიმე მათგანისთვის მიწერა.
- რით გამოირჩევა სხვა პრეპარატებისგან?
- დღეს მსოფლიოში იყენებენ ზომიერი ტოქსიკურობის პრეპარატებს, ოღონდ სიტყვა "ზომიერმა" არ უნდა მოგვატყუოს: მათი სულ მცირე დოზის ჩაყლაპვაც საკმარისია ადამიანის დასაღუპავად. რა თქმა უნდა, ეს წამლები ბუნებას დიდ ზიანს აყენებს. გარდა ქიმიური წამლებისა, არსებობს ბიოლოგიური წამლები, რომლებიც ნაკლებად ეფექტიანია, თუმცა ზიანიც ნაკლები მოაქვს. მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ უფრო ეფექტიან ბიოლოგიურ ანუ ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებებზე. ოპონენტები გვსაყვედურობენ, რომ ქიმიური პრეპარატების აკრძალვა გვინდა, მაგრამ ასე არ არის - უბრალოდ, მინიმუმამდე გვინდა დავიყვანოთ უარყოფითი მხარეები. მავნე მწერების საწინააღმდეგო პრეპარატი მაქსიმალურად ეფექტიანი უნდა იყოს და ეკოსისტემაც რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანოს.
მოსახლეობას დაურიგეს ბიფენტრინის შემცველი ქიმიური პრეპარატები, რომლებსაც აწერია "ზომიერად ტოქსიკური", მაგრამ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის საშიშია. ხალხს არა აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, რომ ეს პრეპარატები სწორად გამოიყენონ. მათგან განსხვავებით, "ხსნარი N6" მაქსიმალურად უსაფრთხო და მარტივი გამოსაყენებელია.
აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბიფენტრინის შემცველ პრეპარატებს ახასიათებენ როგორც "ზომიერად ტოქსიკურს", მაგრამ ეს ტოქსიკურობის საკმაოდ მაღალი დონეა. დაკვირვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ პრეპარატებს ძალიან მძიმე შედეგი მოაქვს ისეთი სიცოცხლისუნარიანი არსებისთვის, როგორიც ვირთაგვაა - უზიანებს რეპროდუქციულ და ენდოკრინულ სისტემას. პრეპარატები, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო არიგებს, მეტად უარყოფითად მოქმედებს ფლორაზე, ფაუნასა და მთელ ჩვენს ეკოსისტემაზე. ბიფენტრინის შემცველ ბევრ პრეპარატს აწერია, რომ ჩაყლაპვის შემთხვევაში შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს, ამიტომ ოჯახში, სადაც ბავშვები არიან, მისი შენახვა მიზანშეწონილი არ არის. ამერიკაში ამ პრეპარატებს სერტიფიცირებული სპეციალისტის თანხლებით იყენებენ. ადრე გამოიყენეს თურქული წარმოების "ზონდერი", ახლა სხვა პრეპარატები უნდა გამოიყენონ. პრეპარატები როგორ არ არსებობს, მაგრამ თუ იმ დოზით გამოიყენე, რომ არ გაუფრთხილდი ადამიანს, ფუტკარს, რომელიც დამტვერვის პროცესში უდიდეს როლს ასრულებს და მცენარეული სამყაროსთვის შეუცვლელი არსებაა, არ გაუფრთხილდი სხვა სასარგებლო მცენარეებსა და ცხოველებს, ასეთი პრეპარატი ფაროსანასაც მოკლავს და ყველაფერს ზედ მიაყოლებს, რაც კი ბუნებაში არსებობს. შეიძლება ამ პრეპარატებმა ფუტკარი და სხვა ცოცხალი არსებები არ დახოცოს, მაგრამ მოწამლოს და ისე დააზიანოს, რომ გამრავლების უნარიც კი დააკარგვინოს.
- რისგან არის თქვენი პრეპარატი დამზადებული?
- ჯერ გეტყვით, "ხსნარი N6" რატომ დავარქვით: სულ 12 პრეპარატის გამოცდა მიმდინარეობდა, მაგრამ მათ შორის ყველაზე კარგი ეფექტი მეექვსეს ჰქონდა. როცა დაპატენტდება, ნამდვილ სახელსაც დავარქმევთ. ხსნარი მხოლოდ ბუნებრივი, მცენარეული ექსტრაქტებისგან არის დამზადებული. მოგეხსენებათ, ფაროსანა თითქმის ყველაფერს ჭამს, მაგრამ ზოგიერთ მცენარეს არ ეკარება. სწორედ ამ მცენარეებზე დაყრდნობით შეიქმნა "ხსნარი N6", რომელშიც ქიმიური ნაერთები არ შედის. მოასხამთ მას ფაროსანას გავრცელების ადგილას და მწერი განადგურდება, თანაც პრეპარატი მინიმალურ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე. რა თქმა უნდა, მსოფლიოში სხვა ბიოლოგიური პრეპარატებიც არსებობს, მაგალითად, "ბოვერია ბასიანა", რომელიც ზრდასრულ ფაროსანას ვერ კლავს, მაგრამ ახალგაზრდას 100%-იანი შედეგით ანადგურებს. თუ ჩვენ იმ ხანძარსა და საშიშროებას ჩავაქრობთ, რომელიც გვემუქრება, მერე უკვე ამ პრეპარატის გამოყენებაც შეიძლება. უბრალოდ, არ გვსურს ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი იმდენი გამოიყენონ, რომ ამან ეკოლოგიასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე კატასტროფულად იმოქმედოს. ჩვენს ქვეყანაში ატმოსფერო და წყალი ისედაც დაბინძურებულია და ბიფენტრინის დამატება აღარ არის საჭირო.
- "ბოვერია ბასიანასთან" შედარებით რამდენად ეფექტიანია ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი პრეპარატი?
- მთავარია, მომწამვლელი არ არის და "ხსნარი N6" თითქმის ისეთივე ეფექტის მომტანია, როგორიც ქიმიური პრეპარატები. დავუშვათ, ქიმიური საშუალების გამოყენებისას ფაროსანას სიკვდილიანობა 97%-ია, ამ პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება იყოს 94-95%. ის ფუტკრისთვის ათჯერ უფრო უსაფრთხოა, ხოლო ადამიანისთვის - პრაქტიკულად უსაფრთხო.
- ცნობილია, რომ ფაროსანას ბუნებრივი მტერიც ჰყავს - იაპონური კრაზანა...
- იაპონურ კრაზანას ამერიკელები 1998 წლიდან აკვირდებიან, მაგრამ ვერაფრით გადაწყვიტეს მისი აშშ-ში შეყვანა. ის სხვა მწერებსაც ანადგურებს და შეიძლება იმხელა ზიანი მოუტანოს ბუნებას, რომ ფაროსანა მასთან შედარებით უვნებელ და უმწეო არსებად მოგვეჩვენოს.
- როგორც ვიცი, ტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნილ პრეპარატს დაბრკოლებები შეექმნა.
- ქართველ მეცნიერებს ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში მონაწილეობა თითქმის არ მიუღიათ. მონაწილეობდნენ უცხოელი ექსპერტები და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები. უცხოელი ექსპერტები კარგი სპეციალისტები არიან, მაგრამ საქართველოშიც გვყავს ხალხი, რომელიც მათ არაფრით ჩამოუვარდება, თანაც, ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა უფრო კარგად იციან. სურსათის ეროვნულ სააგენტოს წლების განმავლობაში გარიყული ჰყავდა ქართველ მეცნიერთა კორპუსი. ბოლო პერიოდში თითქოს ყინული დაიძრა, მაგრამ მისცემენ თუ არა გასაქანს ჩვენს პრეპარატს, ჯერ არ ვიცით. მით უმეტეს, საამისოდ არც თანხაა გამოყოფილი და ეს საკითხი სამოქმედო გეგმაშიც არ არის ნახსენები. არადა, ცოტა ხანში გაზაფხული მოვა და ისევ გამოიყენებენ ტოქსიკურ პრეპარატებს. ჩვენი მეცნიერები ამ პრობლემის გადასაწყვეტად ღამეებს ათენებენ, მაგრამ მათ შრომას არავინ აფასებს.
ხათუნა ჩიგოგიძე