"ვინც იაკს გაიჩენს, თავსაც დაირჩენს
წლების წინ ყაზბეგში, სოფელ სნოში, იორამ ღუდუშაურმა იაკების მცირერიცხოვანი ჯოგი გაიჩინა. მეპატრონე ამბობს, რომ ისინი ზედგამოჭრილია მთის მკაცრი პირობებისთვის, პირუტყვი მეტი ამტანობით გამოირჩევა, მას არც საკვების მიწოდება-მომარაგება უნდა და მტაცებელიც ვერას აკლებს სქელი ქურქის გამო.
- მთაში ვინც იაკს გაიჩენს, თავსაც დაირჩენს, სულ ადვილად შეიძლება გაშლილ იალაღებზე მათთვის სახლიდან გაუსვლელად ყურისგდება. ერთხელ რომ გავრეკავ, ხან კვირაობით რჩებიან მთაში.
6 სული მეზობელი სოფლის მწყემსებს გამოვართვი, თავად ჩრდილო კავკასიიდან სულ ჩვილები წამოეყვანათ, იქაურებს სასაკლაოსთვის ჩაუბარებიათ, მაგრამ დასაკლავად რომ არ ღირდნენ, ჩვენებურებისთვის მოუყიდიათ. ასე მოხვდნენ ჩემს ხელში ხბორები, ახლა კი ხარები უკვე 4-5 წლის არიან და ლამის ტონამდე აღწევენ.
ჩამოათოვს თუ არა მთა-ხევებს, ცხვარ-ძროხას ბალახობა უჭირს, იაკი კი თოვლის ქვეშაც მშვენივრად პოულობს ნოყიერ საზრდოს. რამდენჯერაც ნადირი მიეტანა, იმდენჯერ დამფრთხალი უკუიქცა. მათი მტერი, ძირითადად, მგელი და დათვია, იშვიათად ჯიქი და ფოცხვერი თუ წაეტანება, თუმცა ეს მტაცებლები განცალკევებულად მდგომ მოზარდებზე იწევენ, ზრდასრულ იაკებზე თავდასხმას ვერ ბედავენ. საფრთხის დროს იაკები არ გარბიან, წრეს კრავენ, მოზარდებსა და მეძუძურ დედებს შიგნით აქცევენ და გამეტებით იცავენ თავს. მოგერიებულ მტერს მთელი ჯოგი უკან მისდევს ღმუილით.
დაახლოებით 60-70 წლის წინ, მას შემდეგ, რაც კავკასიური დომბა ამოწყდა საქართველოში, თუ სწორად მახსოვს, ჯავის რაიონში შემოიყვანეს იაკები გასამრავლებლად, მაგრამ დიდი შედეგი არ მოჰყოლია. ჰიმალაის მთებში, ტიბეტში, აზიის მთიანეთში მოსახლეობას ოჯახის მარჩენლად ჰყავს სახლში ერთი-ორი სული, დღემდე მთის საიმედო ტრანსპორტი ეს არის. ერთ სულს 300-400 კილოგრამი სუფთა ხორცი გამოუდის. მათი რძე-მაწონიც მარგებელია და ყველიც გემრიელი ამოდის. მოყვანის დღიდან ამათთვის არა მიჭმევია რა, ავრეკავ ხოლმე ჩვენს მდელოებზე და თუ ვინიცობაა ამინდი ძალიან გაფუჭდა, თავადვე ბრუნდებიან უკან. აი, სოფელს რომ ჩამოჰყურებს, იმ მთაზე ძოვენ, ქვამარილის დაყრა სჭირდებათ ზოგჯერ.
დაცარიელებულ სოფლებს გამოაცოცხლებდა იაკი. აქამდე თუ ცხვარ-ძროხის მოვლა-პატრონობა ჭირდა, განსაკუთრებით ზამთარში, იაკების მოშენებით ეს პრობლემაც რამდენადმე მოგვარდება.
- შორ მანძილზე თუ წავლენ, ფეხმარდი ცხენი და თოფიც დასჭირდება კაცს, მოუკითხავი საქონლის გადარეკვის საფრთხეც იქნება...
- ისედაც დაცარიელებულ მთაში ყველა ყველას იცნობს, არც ჩრდილოკავკასიელები იკადრებენ ამას, ნეტავ იმდენი მომრავლდეს, დასატაცებლად დაგვიდგეს საქმე. ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანა ის უნდა იყოს, რომ მთიელ კაცს ხელი შეეწყოს მეურნეობის აწყობაში, რათა სხვაგან არ ეძიოს სარჩო-საბადებელი. სადაც მთა და მდელოა, ყველგან არის მათი გამრავლების პირობები. იქნებ ჩემი წადილი მაგალითად იქცეს მთის მოსახლეობისთვის, მე უამათოდაც არ ვაპირებდი არსად წასვლას, მაგრამ დაცარიელებული მთის საფიქრალმა თავისი გაიტანა და ამდროულა კაცს მწყემსობისთვის მომაკიდებინა ხელი.
კახა მჭედლიშვილი