დაუვიწყარი კესანები
"ქართლში კესანეს კონკიძველა დაარქვეს, ზემო იმერეთში - ციცინო, გურიაში - ხასიათა, რაჭაში - თიკნიყურა"
"როცა შეყვარებულები ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, მამაკაცი ქალს კესანეს ჩუქნიდა, რომ მათ ერთმანეთი არ დავიწყებოდათ. არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა: როცა ქალღმერთი ფლორა მცენარეებს სახელებს არქმევდა, კესანესთვის სახელის შერჩევა დაავიწყდა. მშვენიერი ყვავილი თვითონ ეახლა ფლორას, სთხოვა, არ დავიწყნოდა და ფლორამაც შეურჩია სახელი, რომელიც ბევრ ენაში ისმის, როგორც "არ დამივიწყო"
ერთგულებისა და სიყვარულის სიმბოლო, გაზაფხულის ლურჯთვალა მახარობელი - ამგვარი ეპითეტებით შეამკეს ადამიანებმა კესანე. ეს ყვავილი მრავალი ქვეყნის ბუნებას ამშვენებს და ის საქართველოშიც ხარობს. ჩვენი სტუმარი - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ბოსტნეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი ნატო კაკაბაძე ამ მშვენიერ ყვავილზე გვესაუბრება.
- კესანე ძალიან ლამაზი, ნაზი და გამორჩეული ყვავილია, მასზე საუკუნეების განმავლობაში არაერთი მითი ვრცელდებოდა. მაგალითად, როცა შეყვარებულები ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ და მამაკაცი ქალს კესანეს ჩუქნიდა, ეს იყო სიმბოლო, რომ მათ ერთმანეთი არ უნდა დავიწყებოდათ. არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა: როცა ქალღმერთი ფლორა მცენარეებს სახელებს არქმევდა, რატომღაც კესანესთვის სახელის შერჩევა დაავიწყდა. მშვენიერი ყვავილი თვითონ ეახლა ფლორას, სთხოვა, არ დავიწყნოდა და ფლორამაც შეურჩია სახელი, რომელიც ბევრ ენაში ისმის, როგორც "არ დამივიწყო". ბევრგან სჯერათ, რომ კესანეს დანახვაზე ყველას თავისი წარსული მოაგონდება. ხალხში გავრცელებულია რწმენა, რომ ვინც კესანეებისგან დაწნულ გვირგვინს საყვარელ ადამიანს კისერზე ჩამოაცვამს, იმას შეყვარებული არასოდეს დაივიწყებს.
- სად და როგორ პირობებში ხარობს ყვავილი, რომლის შესახებ ლეგენდები, ლექსები თუ სიმღერებია შექმნილი? - კესანე ბალახოვანი მცენარეების გვარს მიეკუთვნება. მისი გავრცელების არეალი ფართოა. ევრაზია, აფრიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ამერიკა - ეს იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც კესანე ხარობს. ჩვენს სამშობლოში გავრცელებულია 15-20 სახეობის კესანე. ძირითადად, ჭაობიან, ტენიან, დაჩრდილულ ადგილებში, ტყის პირებზე, ბუჩქნარებსა და მდელოს ნაპირებზე გვხვდება.
უპირველესად უნდა დავასახელო ალპური კესანე, რომელიც კავკასიაში, კარპატებსა და ალპებში ხარობს. ალპური კესანე საქართველოს ალპურ და სუბალპურ მდელოებზე გვხვდება. მას განათებული ადგილები მოსწონს, მომწვანო-მონაცრისფრო ფოთლები და მუქი ცისფერი, ლამაზი ყვავილები აქვს. ალპური კესანეს ყვავილობის პროცესი 6-7 კვირა მიმდინარეობს. რაც შეეხება ჭაობის კესანეს, ის, ძირითადად, გავრცელებულია კავკასიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და ციმბირში, მცირე რაოდენობით კი - მონღოლეთშიც. ჭაობის კესანეს მთელი ზაფხულის განმავლობაში შეუძლია ყვავილობა და კარგა ხანს ამშვენებს მდინარის პირებსა და ჭაობიან ადგილებს. მისი ღერო დატოტვილია, ხოლო ყვავილები - ვარდისფერი ან ცისფერი. ძალიან საინტერესო სახეობაა მინდვრის კესანე, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მინდვრის კესანე დაბალი ბუჩქია, რომელსაც პატარა, ცისფერი ყვავილები ამკობს. ის გავრცელებულია ევროპაში, აფრიკაში, ციმბირში და კანარის კუნძულებზე. მრავალწლიანი მცენარე ტყის კესანე, ძირითადად, კარპატებსა და ევროპის ქვეყნებშია გავრცელებული. მისი ღერო დაახლოებით 30-40 სმ სიმაღლისაა, ფოთლები ნაზი მწვანე და ოვალური ფორმისა აქვს, ყვავილები კი - ულამაზესი ღია ცისფერი. უნდა აღინიშნოს, რომ კესანეს ზოგიერთი სახეობა სარეველაა, ზოგიერთს კი დეკორატიული დანიშნულება აქვს.
- როგორც ვიცი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე კესანეს სხვადასხვა სახელი ჰქვია... - დიახ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კესანეს სხვადასხვა სახელს ეძახიან. მაგალითად, ქართლში მას კონკიძველა დაარქვეს, ზემო იმერეთში - ციცინო, გურიაში - ხასიათა, ხოლო რაჭაში - თიკნიყურა. კესანეს დიდი წარმატებით იყენებენ ლანდშაფტურ დიზაინში, ბაღების, სკვერებისა და აივნების გასალამაზებლად. ჭაობის კესანე კარგად იზრდება ხელოვნურ წყალსატევებთან ახლოს. ეს პატარა ყვავილი ტიტების, შროშანებისა და გვირილების გვერდით ძალიან ლამაზად გამოიყურება და ყველანაირ ლანდშაფტს უხდება. კესანე საოცრად უხდება თაიგულებს, თუმცა მისი თაიგული ცალკეც მშვენიერია.
- კესანეს მოვლა და გახარება რთულია? - კესანეს მოვლა-მოყვანა ნიადაგის მომზადებით უნდა დავიწყოთ. მიწის მოხვნა და მასში მინერალური თუ ორგანული სასუქების შეტანა შემოდგომით უნდა დავასრულოთ, ადრე გაზაფხულზე კი ნიადაგის დაფარცხვა, კულტივაცია და კვლების გაკეთებაა საჭირო. კვლები ერთმანეთისაგან 10 სანტიმეტრით უნდა იყოს დაშორებული, ხოლო ძირები - 2-3 სანტიმეტრით. ნერგები დაახლოებით ორ კვირაში აღმოცენდება. როგორც კი პირველ ფოთლებს განივითარებს, აუცილებელია მათი გამოხშირვა და გამოხშირული მცენარეების სხვა ნაკვეთზე გადარგვა, ერთმანეთისგან ხუთი სანტიმეტრის დაშორებით. ასე დარგული მცენარე მაისიდან ყვავის და დიდხანს ყვავილობს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კესანეს ძალიან უყვარს განათებული, კარგად განოყიერებული და ტენიანი ნიადაგი. თუ მცენარე ჩრდილში მოყვება, ზომიერი მორწყვა სჭირდება, თუმცა გაზაფხულზე მორწყვა საჭირო არ არის, რადგან ამ დროს ნიადაგი ისედაც დატენიანებულია. მზის გულზე კესანეს მეტი წყალი სჭირდება, რათა ფოთლები უფრო მკვრივი და ხასხასა ჰქონდეს.
- კესანეს ნერგებისთვის სასუქი აუცილებელია? - დარგვიდან ორ კვირაში კესანეს მინერალური სასუქებით გამოკვება სჭირდება, შემოდგომაზე მინერალური და ორგანული სასუქები უნდა მივაშველოთ, ხოლო გაზაფხულზე - ტორფი და ნეშომპალა. მიწას, სადაც კესანე ხარობს, რეგულარული გაფხვიერება სჭირდება, რომ ნიადაგიდან საკვები შეითვისოს და ადვილად განვითარდეს. მისი გამრავლება შეიძლება არა მარტო თესლით, არამედ ტოტითაც. ამისათვის ივნისში 4-5 სმ სიგრძის მწვანე ზედა ტოტები უნდა მოვჭრათ და დავრგოთ. ასე გახარებული კესანე იმავე სეზონზე ხანმოკლე დროით, მაგრამ მაინც აყვავდება. კესანეს ძალიან ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს, რომელიც ნიადაგს კარგად ეგუება. მისი ფესვი მიწაში ჩადის და სხვა მცენარეებს შორის კესანეს ახალი ნერგები სწრაფად აღმოცენდება. ამ ნერგების გადარგვა და გახარება სხვა ადგილზეც შეიძლება. როცა კესანეს რომელიმე მავნებელი, მწერი ან დაავადება შეეჩვევა, სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ პრეპარატები, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებული და მიღებულია.
- ქოთანში როგორ ხარობს? - ძალიან კარგად, ოღონდ შესაბამისი გრუნტი უნდა მომზადდეს, ქოთანი კი განათებულ, მზიან ადგილას უნდა დავდგათ და წყალი არ მოვაკლოთ. ტენის გარეშე კესანე ვერ ვითარდება.
- დასასრულ, რატომ უწოდებენ კესანეს გაზაფხულის მახარობელს? - ალბათ, იმიტომ, რომ გაზაფხულზე ყვავის. მართალია, იასა და ენძელას ვერ ასწრებს, მაგრამ შემდეგ მთელი ზაფხულის განმავლობაში ყვავილობს და საოცრად ამშვენებს ჭაობიან, ტენიან და ნეშომპალიან ადგილებს. ამ ფონზე კესანეს სილამაზე უფრო თვალში საცემი და შთამბეჭდავია.
ხათუნა ჩიგოგიძე